არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?

რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?

რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?

ზოგი სპეციალისტის აზრით, ქალების მოკვლის შემთხვევები თავიანთი მეუღლეების მიერ უფრო ხშირია, ვიდრე — ერთად აღებული — ყველანაირი ბოროტმოქმედის მიერ. ცოლ-ქმრული ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, არაერთი გამოკვლევა ჩატარდა. რა ტიპის მამაკაცი აყენებს ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას? როგორი იყო მისი ბავშვობა? ავლენდა თუ არა ძალადობას მაშინ, როდესაც ქორწინებამდე მომავალ მეუღლესთან მეგობრობდა? ექვემდებარება თუ არა მოძალადე მკურნალობას?

მკვლევარები ერთ დასკვნამდე მივიდნენ — ყველა მოძალადე ერთნაირი არ არის. ერთნი იშვიათად სცემენ ცოლებს. არ იყენებენ იარაღს და მეუღლეებზე გამუდმებით არ ძალადობენ. ასეთი მამაკაცებისთვის ძალადობა ხასიათის ნაწილი არ არის და, როგორც ჩანს, გარეშე ფაქტორებითაა განპირობებული. მეორენი უკვე ჩამოყალიბებული მოძალადენი არიან. მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი ცოლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და, ამავე დროს, სინანულის მცირე ან თითქმის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობათ.

დიახ, შეურაცხმყოფელნი სხვადასხვაგვარნი არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის ისეთი ფორმები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს არც ისე სერიოზულ შეურაცხყოფად. ნებისმიერ ფიზიკურ ძალადობას შეიძლება სხეულის გარკვეული დაზიანება ან თვით სიკვდილიც კი მოჰყვეს. ამიტომ ის ფაქტი, რომ ერთი მამაკაცის მიერ გამოვლენილი ძალადობა ნაკლები სიხშირითა და ინტენსივობით გამოირჩევა, ვიდრე მეორის, არ ამართლებს პირველის მოქმედებას. არ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის „მისაღები“ ფორმები. მაგრამ რა უბიძგებს მამაკაცს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს ქალს, რომელსაც აღუთქვა, რომ მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებდა?

ოჯახის გავლენა

გასაკვირი არ არის, რომ შეურაცხმყოფელი მამაკაცებიდან მრავალი თავადაც ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. „შეურაცხმყოფელთა უმეტესობა ისეთ ოჯახურ გარემოშია აღზრდილი, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავდა“, — წერს მიშელ გროეჩი, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი მიუძღვნა მეუღლეთა შორის ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. «ბავშვობა მათ მტრულ გარემოში გაატარეს, სადაც ემოციური და ფიზიკური ძალადობა „ნორმალურად“ ითვლებოდა». ერთ-ერთი მკვლევარის აზრით, მამაკაცი, რომელიც ასეთ ატმოსფეროში გაიზარდა, „ცხოვრების გზის დასაწყისშივე შეიძლება მამისგან ქალებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება ისწავლოს. ბიჭი სწავლობს, რომ მამაკაცმა ყოველთვის უნდა იბატონოს ქალზე და ეს მათი დაშინებით, ტკივილის მიყენებითა და დამცირებით უნდა გააკეთოს. ამავე დროს სწავლობს, რომ ერთ-ერთი საშუალება, რითაც უდავოდ მოიპოვებს მამის კეთილგანწყობას, მისი მაგალითის გათვალისწინებაა“.

ბიბლია ცხადყოფს, რომ მშობლების მაგალითს ბავშვზე მნიშვნელოვანი, დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია (იგავნი 22:6; კოლასელთა 3:21). რა თქმა უნდა, გასამართლებელი საბუთი არ არის ის, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ადამიანი, მაგრამ ეს გვეხმარება ძალადობის მიზეზის ახსნაში.

კულტურის გავლენა

ზოგ ქვეყანაში ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღებად და ნორმალურადაც კი ითვლება. „მრავალ საზოგადოებაში ადამიანებს ღრმად სწამთ, რომ ქმარს მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ან დაშინების სრული უფლება აქვს“, — აღნიშნულია გაეროს ცნობაში.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მსგავსი რამ მიუღებელია, მრავალი მაინც ასე იქცევა. გამაოგნებელია ამ საკითხში ზოგი მამაკაცის არაგონივრული აზროვნება. სამხრეთ აფრიკის „უიქლი მეილ ენდ გარდიანის“ თანახმად, კეიპტაუნსა და კეთილი იმედის კონცხს შორის მდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად შემდეგი რამ დადგინდა: იმ მამაკაცთა უმეტესობა, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ცოლებზე არ ძალადობდნენ, ფიქრობენ, რომ ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღებია და ეს ძალადობად სულაც არ ითვლება.

როგორც ჩანს, აზროვნების ასეთი დამახინჯება ხშირად ბავშობიდან იწყება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 11—12 წლის ბიჭების 75 პროცენტისთვის კაცების მიერ ქალების ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღები იყო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი მოახდენდა ამის პროვოცირებას.

შეუძლებელია ფიზიკურ შეურაცხყოფას გამართლება მოვუძებნოთ

ზემოთ მოყვანილი ფაქტორები ალბათ ხსნის მეუღლეების ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზს. მაგრამ ამით არ მართლდება ეს საქციელი. დავიწყოთ უბრალოდ იქიდან, რომ მეუღლის ფიზიკური შერაცხყოფა ღვთის თვალში დიდი ცოდვაა. მის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩვენ ვკითხულობთ: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას“ (ეფესელთა 5:28, 29).

ბიბლია დიდი ხნის წინათ წინასწარმეტყველებდა, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ მრავალნი „მოძულენი“ და „სასტიკნი“ იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1—3). მეუღლეზე ძალადობის ასე ფართოდ გავრცელება იმის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ სწორედ იმ დროს ვცხოვრობთ, რომელზეც ამ წინასწარმეტყველებაშია ლაპარაკი. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად? არსებობს რაიმე იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ მოძალადენი საქციელს შეიცვლიან?

[ჩანართი 5 გვერდზე]

საკუთარ ცოლზე ხელის აღმართვა სისხლის სამართლის ისეთივე დანაშაულია, როგორიც უცხოზე ხელის აღმართვაა („როდესაც კაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალს“).

[ჩარჩო 6 გვერდზე]

მამაკაცების აგრესიულობა გლობალური პრობლემა

როგორც ქვემოთ მოყვანილი ცნობა გვიჩვენებს, იმ ამაყი მამაკაცების საქციელი, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, მსოფლიო პრობლემად იქცა.

ეგვიპტე: ალექსანდრიაში სამი თვის მანძილზე საფუძვლიანად ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქალების ტრავმირება, ძირითადად, ოჯახში ძალადობის შედეგად ხდება. ამიტომაც ტრავმატოლოგიური პუნქტების პაციენტთა 27,9 პროცენტი ქალები არიან (ქალთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის მე-5 რეზიუმე).

ტაილანდი: ბანკოკის უდიდეს გარეუბანში გათხოვილ ქალთა 50 პროცენტს ქმრები რეგულარულად სცემენ (ქალთა ჯანდაცვის წყნარი ოკეანის ასოციაცია).

ჰონგკონგი: „იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ მეუღლეები სცემენ, გასულ წელს 40 პროცენტზე მეტით გაიზარდა (South China Morning Post, 2000 წლის 21 ივლისი).

იაპონია: თავშესაფრის მძებნელ ქალთა რიცხვი 1995 წელს 4843-დან 1998 წელს 6340-მდე გაიზარდა. ამ ქალების „დაახლოებით ერთმა მესამედმა თქვა, რომ თავშესაფარს ქმრების მოძალადეობრივი საქციელის გამო ეძებდნენ“ (The Japan Times, 2000 წლის 10 სექტემბერი).

დიდი ბრიტანეთი: „მთელ ბრიტანეთში გაუპატიურება, ცემა ან ცივი იარაღით დაჭრა სახლში ან გარეთ ყოველ ექვს წამში ხდება. სკოტლან-იარდის ცნობის თანახმად, „სახლში მომხდარი ძალადობის მსხვერპლთაგან პოლიცია ყოველდღიურად 1300 შეტყობინებას იღებს, რაც წელიწადში 570000-ს აღემატება. მსხვერპლთაგან 81 პროცენტი ის ქალები არიან, რომლებსაც ოჯახში მეუღლეები ესხმიან თავს („ტაიმზი“, 2000 წლის 25 ოქტომბერი).

პერუ: პოლიციისთვის ცნობილ ბოროტმოქმედებათა 70 პროცენტი ქმრების მიერ ცოლების ცემაა (ქალთა ჯანდაცვის წყნარი ოკეანის ასოციაცია).

რუსეთი: „წელიწადში რუსეთში ქმრების მიერ ცოლების მოკვლის 14500 და დასახიჩრების ან მძიმე ტრავმის მიყენების 56400 შემთხვევა აღინიშნება“ (გარდიანი).

ჩინეთი: „ეს ახალი პრობლემაა, რომელიც თანდათანობით იზრდება, განსაკუთრებით კი ურბანიზებულ ტერიტორიებზე“, — აღნიშნავს პროფესორი ჩენ იეიუნი, ჯინგლიუნის საოჯახო ცენტრის დირექტორი. „მეზობლების რიდი უკვე ვეღარ აკავებს ოჯახში ძალადობას“ (გარდიანი).

ნიკარაგუა: „ქალებზე ძალადობათა რიცხვი ნიკარაგუაში ელვის სისწრაფით იზრდება. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ გასულ წელს ნიკარაგუელი ქალების 52 პროცენტი გახდა ოჯახში ქმრებისგან ძალადობის მსხვერპლი“ (ბი-ბი-სი ნიუსი).

[ჩარჩო 7 გვერდზე]

რისკ-ფაქტორები

როუდ-აილენდის (აშშ) უნივერსიტეტის მიერ რიჩარდ ჯელის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ოჯახში ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას შემდეგი რისკ-ფაქტორები განაპირობებს:

1. მამაკაცი ამა თუ იმ სახით ადრეც იყო ოჯახში ძალადობის მონაწილე.

2. უმუშევარია.

3. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც იღებს ნარკოტიკებს.

4. ბავშვობისას ხედავდა, თუ როგორ ურტყამდა მამა დედას.

5. წყვილი დაქორწინებული არ არის; ისინი საყვარლები არიან.

6. თუ მუშაობს, ანაზღაურება დაბალი აქვს.

7. არა აქვს საშუალო განათლება.

8. 18-დან 30 წლამდე ასაკისაა.

9. დედა ან მამა, ან ორივე, შვილებზე ძალადობდნენ.

10. შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია.

11. მამაკაცი და ქალი სხვადასხვა კულტურის ქვეყნებში აღიზარდნენ.

[სურათი 7 გვერდზე]

ოჯახში ძალადობას შეუძლია ბავშვებზე სერიოზული გავლენა იქონიოს.