არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი სამაგიეროს გადახდაში?

რა არის ცუდი სამაგიეროს გადახდაში?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა არის ცუდი სამაგიეროს გადახდაში?

„მან შეურაცხყოფა მომაყენა“ (15 წლის ქოუნილი, რომელიც მკვლელობის გამო ზის ციხეში).

14 წლის ენდრიუმ, რომელმაც სკოლაში ცეკვის საღამოზე მასწავლებელი მოკლა, თქვა, რომ ვერ იტანს ვერც მასწავლებლებს, ვერც თავის მშობლებს; იმ გოგონებზეც გაცოფებულია, რომლებიც ზედაც არ უყურებენ.

ჟურნალი „ტაიმზი“ ამ მოვლენას „საყოველთაოდ გავრცელებულ საშინელებას“ უწოდებს. განრისხებულ ახალგაზრდას სკოლაში მალულად შეაქვს იარაღი და თავის სკოლელებსა და მასწავლებლებს ცეცხლს უხსნის. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები შეერთებულ შტატებში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენის სახეს იღებს, რომ სატელევიზიო ახალ ამბებში მას „ძალადობის აღზევებად“ მოიხსენიებენ.

საბედნიეროდ, სკოლაში ცეცხლის გახსნა მსოფლიოში ჯერ კიდევ იშვიათი მოვლენაა. თუმცა, ახლო წარსულში გააფთრებით ჩადენილმა მრავალმა ბოროტმოქმედებამ დაგვანახვა, თუ რამდენად დაბოღმილია ზოგი ახალგაზრდა. რა იწვევს ყოველივე ამას? ამ ახალგაზრდებიდან ზოგი, ეტყობა, იმის გამო გაშმაგდა, რომ გარკვეულ უსამართლობას წააწყდნენ ან იმან გააცეცხლა, რომ საკუთარ თავზე იწვნია ვიღაცის მიერ ბოროტად გამოყენებული ძალაუფლება. სხვები, როგორც ჩანს, იმიტომ გამწარდნენ, რომ თანატოლები ყოველთვის მასხრად იგდებდნენ. ერთ 12 წლის ბიჭს — რომელმაც ჯერ თანაკლასელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა — თავისი ზედმეტი წონის გამო დასცინოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების უმეტესობას, ალბათ, სერიოზულად არასოდეს უფიქრია მსგავსი საშინელი ბოროტმოქმედების ჩადენაზე. მიუხედავად ამისა, როდესაც ადამიანი რასიზმის, შევიწროებისა და საშინელი დაცინვის მსხვერპლი ხდება, განაწყენებისა და ტკივილის გრძნობის ჩახშობა არც ისე იოლია. სკოლის პერიოდის გახსენებისას ბენი აღნიშნავს: „მე ჩემი თანატოლი ბავშვების უმეტესობაზე ყოველთვის უფრო დაბალი ვიყავი. თავიც ყოველთვის გადაპარსული მქონდა. ამიტომაც ბავშვები გამუდმებით დამცინოდნენ და თავზე წამდაუწუმ მიტყაპუნებდნენ. ეს ბოღმით მავსებდა. საქმე იმანაც გაართულა, რომ, როცა დახმარებისთვის უფლებამოსილ პირებს მივმართე, მათ ჩემი თხოვნა ბანზე ააგდეს. ამან მთლად გამაცოფა! ერთადერთი, რამაც იარაღის აღებისა და ამ ხალხის დაცხრილვისგან მიხსნა, ის იყო, რომ იარაღი ვერ ვიშოვე“, — თქვა ბენმა.

რას ფიქრობ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ცდილობენ, სამაგიერო გადაუხადონ მათ, ვისგანაც გამწარდნენ? რა უნდა ქნა, თუ შენ თვითონ გეპყრობიან ცუდად? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, მოდი განვიხილოთ, თუ რას გვეუბნება ღვთის სიტყვა.

საკუთარი თავის ხელში აყვანა სიძლიერის ნიშანია!

ცუდად მოპყრობა და უსამართლობა ახალი რამ არ არის. ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა ასეთი რჩევა მოგვცა: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნი 36:8). საკმაოდ ხშირად მრისხანებისას ადამიანი წონასწორობას კარგავს და არც კი ფიქრობს იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება ასეთ მოქმედებას. თუ ‘გავმძვინვარდებით’, შეიძლება ამან საშინლად გაგვაფიცხოს! რას მოგვიტანს ეს?

განვიხილოთ კაენისა და აბელის ბიბლიური მაგალითი. „ძალზე გამწარდა კაენი“ თავის ძმა აბელზე. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ, „როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა“ (დაბადება 4:5, 8). დაუოკებელი რისხვის გამოვლენის სხვა მაგალითს მეფე საული წარმოადგენს. მეფე იმდენად იყო შურით შეპყრობილი იმის გამო, რომ ახალგაზრდა დავითი კარგი მეომარი იყო, რომ შუბი არა მარტო დავითს, არამედ საკუთარ შვილსაც, იოანათანსაც, ესროლა! (პირველი მეფეთა 18:11; 19:10; 20:30—34).

მართალია, ზოგჯერ მართებულია გაბრაზება, მაგრამ ამ დროსაც კი, სამართლიანმა აღშფოთებამ — თუ დაუოკებელი გახდა — შეიძლება ბოროტებას მისცეს დასაბამი. მაგალითად, სიმონსა და ლევის, როდესაც გაიგეს, რომ შექემმა მათ დას, დინას, ნამუსი ახადეს, ნამდვილად ჰქონდათ გაცეცხლების მიზეზი. იმის მაგივრად, რომ დაშოშმინებულიყვნენ, რისხვით აენთნენ, რაც მათ სიტყვებშიც ჩანს: „როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?“ (დაბადება 34:31). როდესაც მეტისმეტად გამძვინვარდნენ, „ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს [სადაც შექემი ცხოვრობდა] და ამოხოცეს ყველა მამრი“ (დაბადება 34:25—27). მათი რისხვა გადამდები აღმოჩნდა, რადგან ‘იაკობის [„სხვა“ აქ] ვაჟიშვილებიც’ აჰყვნენ მათ (დაბადება 34:25—27). წლების შემდეგაც კი, სიმონისა და ლევის მამამ, იაკობმა, დაწყევლა მათი ზღვარდაუდებელი რისხვა (დაბადება 49:5—7).

აქედან ერთ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: დაუოკებელი რისხვა სიძლიერის კი არა, სისუსტის ნიშანია. იგავნის 16:32-ში ნათქვამია: „სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი — ქალაქის ამღებს“.

სამაგიეროს გადახდა უგუნურებაა

ამგვარად, საღვთო წერილი გვირჩევს: „ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო“ (რომაელთა 12:17, 19). ძალადობითა თუ მხოლოდ მწარე სიტყვებით სამაგიეროს გადახდა ღმერთს არ მოსწონს. ამავე დროს, ასეთი შურისძიება, უბრალოდ, არაპრაქტიკული და არაგონივრულია. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალადობას, ჩვეულებრივ, უფრო მეტი ძალადობა მოჰყვება (მათე 26:52). მწარე სიტყვებს კი — უფრო მწარე სიტყვები. აგრეთვე გახსოვდეს, რომ ხშირად რისხვას გამართლება არა აქვს. მაგალითად, შეგიძლია თუ არა დანამდვილებით იცოდე, რომ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, ბოროტი განზრახვა ამოძრავებდა? იქნებ ის, უბრალოდ, დაუფიქრებლად ლაპარაკობდა? იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტყვები ოდნავ ღვარძლიანი იყო, განა სამაგიეროს გადახდა სწორი იქნებოდა?

განვიხილოთ ეკლესიასტეს 7:21, 22-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გაგინებს. რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს“. ნამდვილად არასასიამოვნოა, როდესაც ვიღაც ცუდს ლაპარაკობს შენზე, მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ეს ყოველდღიურობის ნაწილია. განა შენც არ გითქვამს ვინმეზე ისეთი რამ, რაც უკეთესი იყო, არ გეთქვა? მაშ, რატომ უნდა გაწიწმატდე, როდესაც იგებ, რომ ვიღაც არცთუ გულის მაამებელ რამეს ამბობს შენზე? ხშირად, როცა დაგცინიან, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, უბრალოდ, ყურადღება არ მიგექცია ამისთვის.

ასევე არაგონივრულია გაბრაზება მაშინ, როდესაც გეჩვენება, რომ ცუდად მოგექცნენ. ერთი მოზარდი, სახელად დეივიდი, იხსენებს, თუ რა მოხდა, როცა ერთხელ თანაქრისტიანებთან კალათბურთს თამაშობდა. „მოწინააღმდეგე გუნდიდან ვიღაცამ ბურთი მდრუზა“, — ამბობს დეივიდი. მან მაშინვე დაასკვნა, რომ ეს განგებ გაუკეთეს და თვითონაც უთავაზა ბურთი სხვა მოთამაშეს. „მართლა გავბრაზდი“, — აღიარებს დეივიდი. მაგრამ, ვიდრე მდგომარეობა უფრო დაიძაბებოდა, ლოცვით მიმართა იეჰოვას. მან საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: „რას ვაკეთებ? მინდა ქრისტიან ძმას ვეჩხუბო?“. შემდეგ ბიჭებმა ერთმანეთს მოუბოდიშეს.

ასეთ დროს კარგი იქნებოდა იესო ქრისტეს გახსენება. მას „ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა“ (1 პეტრე 2:23). დიახ, იმის მაგივრად, რომ დაძაბულ მდგომარეობაში სამაგიეროს გადახდაზე იფიქრო, ღმერთს მიმართე ლოცვით და თავშეკავების შენარჩუნება სთხოვე. ღმერთი დიდსულოვნად „მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). როდესაც ვინმე გაწყენინებს, სამაგიეროს გადახდის ნაცვლად, უკეთესი იქნება, მიხვიდე მასთან და ესაუბრო (მათე 5:23, 24). ან, თუ რაღაც გამუდმებით გაღიზიანებს — ვთქვათ, სკოლაში რომელიმე ჩხუბისთავმა პირდაპირ სიცოცხლე გაგიმწარა — ნუ ფიქრობ ძალადობითვე სამაგიეროს გადახდაზე. ამას ის აჯობებდა, რომ საკუთარი თავის დასაცავად რაღაც პრაქტიკული ზომები მიგეღო *.

ახალგაზრდები, რომლებმაც რისხვა დაიოკეს

მრავალმა ახალგაზრდამ გამოიყენა ბიბლიური პრინციპები, რასაც კარგი შედეგები მოჰყვა. მაგალითად, ქათრინი ბავშვობაში გააშვილეს. ის ამბობს: „რისხვა ლამის მაგიჟებდა, რადგან არ მესმოდა, თუ რატომ მიმატოვა საკუთარმა დედამ. ასე რომ, მთელ ჩემს ღვარძლსა და ბოღმას დედობილზე ვანთხევდი. მე სულელს მეგონა, რომ, თუ მას გავამწარებდი, ამით ასე თუ ისე დედაჩემზე ჯავრს ამოვიყრიდი. ამიტომ არაფერს ვთაკილობდი — დედობილს უხეში სიტყვებით გულს ვუსივებდი, ფეხებს ვუბაკუნებდი და ყველანაირად ვამწარებდი. კარის გაჯახუნ-გამოჯახუნება ჩემი უსაყვარლესი საქმე იყო. გარდა ამისა, დედობილს ხშირად ვეუბნებოდი: „ვერ გიტან!“ — და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ მეტისმეტად გაშმაგებული ვიყავი. ახლა ვერც კი წარმომიდგენია, რომ ერთ დროს ასეთი ვიყავი“.

რა დაეხმარა ქათრინს რისხვის მოთოკვაში? ის გვპასუხობს: „ბიბლიის კითხვა! ეს ხომ ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იეჰოვამ იცის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს“. ქათრინისთვის დამაშოშმინებელი იყო ოჯახთან ერთად „გამოიღვიძეთ!“-იდან თავიანთი ოჯახური მდგომარეობისათვის შესაფერისი სტატიების კითხვაც *. „ყველას შეგვეძლო, ერთად დავმსხდარიყავით და გული გადაგვეშალა ერთმანეთისთვის“, — იხსენებს ქათრინი.

შენც შეგიძლია რისხვის დაოკება. როდესაც გაბრაზებენ, გავიწროებენ თუ სხვაგვარად გექცევიან ცუდად, გახსოვდეს ბიბლიაში, კერძოდ კი, ფსალმუნის 4:5-ში, ჩაწერილი სიტყვები: „აღელდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ“ (აქ). ეს სიტყვები დაგეხმარება, არ აგიყოლიოს გამანადგურებელმა რისხვამ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 18 მასწავლებლების მხრიდან უსამართლოდ მოქცევის შემთხვევებთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ რამდენად გონივრული მოქმედებაა საჭირო მასთან, ვინც სკოლაში აბუჩად გიგდებს ან სხვაგვარად გავიწროებს, პრაქტიკული რჩევები მოცემულია წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, თავები მე-18 და მე-19.

^ აბზ. 21 იხილეთ სტატიათა სერია „შვილის აყვანა — სიხარული და სირთულეები“ 1996 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში [რუს.].

[სურათი 29 გვერდზე]

ხშირად დაცინვასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება, უბრალოდ, მასზე თვალის დახუჭვაა.