არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იწვევს პრობლემას?

რა იწვევს პრობლემას?

რა იწვევს პრობლემას?

„ბევრი მარილი არ არის კარგი!“ — აბობს დედამთილი. „უმარილოდ კი საჭმელი უგემურია!“ — დაჟინებით უმტკიცებს რძალი და, როგორც კი დედამთილი შებრუნდება, ერთ მწიკვ მარილს კიდევ უმატებს საჭმელს.

რადგან დათმობაზე არ მიდიან, ორივე ისეთ საჭმელს ჭამს, რომელიც არც ერთს არ მოსწონს. მაგრამ შედეგები შეიძლება გაცილებით სერიოზულიც იყოს. რძალ-დედამთილის უთანხმოებამ შეიძლება გონებრივ და ემოციურ მოშლილობამდეც მიიყვანოს ადამიანი და ამან წლების მანძილზეც კი გასტანოს.

ზოგს ამგვარი უთანხმოებები გარდაუვლად ეჩვენება. „თუმცა შეიძლება ჩანდეს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთში კარგად არიან, რძალ-დედამთილს შორის უთანხმოება მაინც არსებობს“, — წერს იაპონიის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ასოციაციის თავმჯდომარე დოქტორი შიგეტა საიტო. მაგრამ პრობლემა მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებით არ შემოიფარგლება.

ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი იტალიიდან იტყობინება, რომ „ის წეს-ჩვეულება, რომ დაქორწინდე და ცოლისა თუ ქმრის მშობლებთან გადახვიდე საცხოვრებლად, ბევრ ოჯახში პრობლემების მიზეზი ხდება და ბევრი ახალგაზრდა ცოლი იტანჯება დედამთილის, ხშირად, აბეზარი და მბრძანებლური დამოკიდებულების გამო“.

როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები სავსეა რჩევებით რძალ-დედამთილს შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებასთან დაკავშირებით. მაშ, რა შეიძლება იყოს პრობლემების მიზეზი?

ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები?

როდესაც სამზარეულოში ორი ქალი ტრიალებს, ხშირად წამოიჭრება კითხვა: ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები? „ჩვენი გემოვნება და ჩვენებური მომზადების მეთოდები განსხვავდებოდა და ყოველთვის მაღიზიანებდა ამის გამო კამათი“, — ამბობს ქალი, რომელიც 12 წელზე მეტი ხანის განმავლობაში ცხოვრობდა დედამთილთან ერთად.

„პირველი 10 წელი ყველა წვრილმანზე ვკამათობდით“, — აღიარებს სხვა რძალი. უთანხმოებები შეიძლება ისეთ უმნიშვნელო რამეებზე მოგივიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, როგორ გაჰკიდოთ პერანგი სარეცხ თოკზე. ქალები ერთ სახლში რომც არ ცხოვრობდნენ, ვითარება მაინც შეიძლება შემაწუხებელი იყოს. დედამთილის სტუმრობა, რომელიც ისეთ სიტყვებს გაგონებს, როგორიცაა, „ჩემს შვილს ასე მომზადებული ხორცი არ უყვარს“, — შეიძლება მთელი ცხოვრება ცუდ მოგონებად გაგყვეს. მაგრამ დგება საკითხი, თუ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვისთვის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოჩანამისუს ქალთა უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტი საოჯახო მეურნეობის დარგში ტოკაკო სოდეი ამბობს: „დედა რძალ-ვაჟთან ცხოვრობს თუ თავის ქალ-სიძესთან, ოჯახი ვერ შეითვისებს, თუ ორი ქალი ერთმანეთს ეცილება დიასახლისობაში. აუცილებელია, რომ ცალკე საცხოვრებელი ჰქონდეთ ან ისე მოაგვარონ ვითარება, რომ სახლში ერთი მთავარი დიასახლისი იყოს, ხოლო მეორე კი დამხმარე“. ორივე თაობის წარმომადგენლები გონივრულ შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ ხანდაზმულის ფიზიკური, გონებრივი მდგომარეობის, ახალგაზრდების გამოცდილების ან გამოუცდელობის გათვალისწინებით.

განმარტოების საკითხი

როდესაც ერთ ჭერქვეშ ორი თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ოჯახის წევრებმა თავიანთი განმარტოების ხანგრძლივობა სხვების კეთილდღეობას, გარკვეულწილად, უნდა შესწირონ. მაგრამ შესაძლებელია, ოჯახის თითოეული წევრი სხვადასხვაგვარად უყურებდეს ამ საკითხს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ალბათ, უფრო განმარტოება სურს, მაშინ როდესაც ხანდაზმულებს ურთიერთობა და საუბარი ენატრებათ.

მაგალითად, ტოკიოს მახლობლად მცხოვრები ერთი რძალი ფიქრობდა, რომ დედამთილი მათი ოჯახის საქმეში ერეოდა. ეს როგორ? დედამთილი რძლის და თავისი ვაჟის სარეცხს იღებდა, კეცავდა და სადაც რძალი ინახავდა, იქ მიჰქონდა. მას არ მოსწონდა, რომ დედამთილი ასეთ რამეებს აკეთებდა. დედამთილი ტოკიკო კი ძალიან დამწუხრდა, როდესაც რძალმა სახლი დაალაგა და ის ნივთები გადაყარა, რომლებსაც ტოკიკო წლების მანძილზე თავს ევლებოდა.

ზოგჯერ კი შეიძლება უარესიც მოხდეს. ტომი და მისი ცოლი საშინლად წუხდებოდნენ, როდესაც ტომის მოხუცებული დედა, რომელთანაც ისინი ცხოვრობდნენ, შუაღამისას საძინებელ ოთახში თავზე დაადგებოდა ხოლმე. მაინც რა უნდოდა? „მინდოდა მენახა, რომ ტომი კარგად იყო“, — თქვა დედამ. ეს პრობლემა მანამდე ვერ მოაგვარეს, სანამ ორსართულიან სახლში არ გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მოხუცს მეორე სართულზე ასვლა აუკრძალეს.

თუმცა ბევრ ოჯახში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც მესამე თაობის წარმომადგენელი ემატებათ.

ბავშვების აღზრდა

დღეისათვის ახალგაზრდა დედა ბავშვის მოსავლელად რჩევებისთვის სხვადასახვაგვარ წიგნებს მიმართავს. ბებია კი, რომელსაც ბავშვების აღზრდის გამოცდილება აქვს, ბუნებრივია, ფიქრობს, რომ რჩევისთვის მას უნდა მიმართონ. მაგრამ ამ რჩევას ხშირად კრიტიკად იღებენ და უთანხმოება ვარდება მათ შორის.

ერთხელ ტაკაკოს ასეთი რამ შეემთხვა, როდესაც თავის პატარა ბიჭს სჯიდა. ქმრის დედა და ბებია ოთახში მის გასაჩერებლად შეცვივდნენ და მტირალ ბავშვზე ხმამაღლა ატეხეს წივილ-კივილი. შეშინებულმა ტოკაკომ ბავშვის დასჯას თავი დაანება. შემდეგ კი, როდესაც გაანალიზა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დასჯა, გადაწყვიტა, განეგრძო (იგავნი 23:13; ებრაელთა 12:11).

ერთ-ერთ დედასაც, რომელიც იოკოჰამაში ცხოვრობდა, ბავშვების დაბადების შემდეგ დედამთილთან ჩხუბი მოსდიოდა. დედას აღიზიანებდა ის, რომ ბებია შვილიშვილებს ყოველთვის სხვა რაღაცას აჭმევდა და თავიანთ საჭმელს აღარ ჭამდნენ.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით დოქტორი საიტო ამბობს: „[პაპა-ბებია] შვილიშვილებს ტკბილეულით უმასპინძლდება და თან სახარჯოდ ფულსაც ჩუქნის ხოლმე. ისინი ანებივრებენ მათ და ბავშვები ეგოისტებად ყალიბდებიან“. ის ახალგაზრდა დედებს რჩევას აძლევს, ყველას აუხსნან, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავლენ.

პაექრობა სიყვარულისთვის

რძალ-დედამთილს შორის შეხლა-შემოხლას კიდევ რაღაც, საკმაოდ არალოგიკური რამ, განაპირობებს. „ფსიქოლოგიიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, — განმარტავს საიტო, — დედამთილს ჰგონია, რომ რძალმა შვილი წაართვა. რა თქმა უნდა, ის ამას პირდაპირ არ აბობს, რადგან ეს სავსებით ბავშვურად ჟღერს, მაგრამ ქვეცნობიერად იგი ფიქრობს, რომ შვილის სიყვარულში ეცილებიან“. საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება ორ პიროვნებას შორის მეტოქეობის სულს თუ არ აღვივებს, ურთიერთობას მაინც ძაბავს.

როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია ძლიერდება, რადგან მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა კლებულობს. რაც უფრო ნაკლებ ბავშვზე ზრუნავს დედა, მით უფრო მეტად უახლოვდება თავის ვაჟს. რადგან წლების მანძილზე ერთად ცხოვრობენ, კარგად იცის, რა მოსწონს და რა — არა მის ვაჟს. თუმცა ახალი რძალი ცდილობს, რომ მეუღლეს ასიამოვნოს, ყველაფერი ისე არ იცის, როგორც თავისმა დედამთილმა, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც. ამიტომ პაექრობის სული შეიძლება ადვილად გაჩნდეს რძალ-დედამთილს შორის ერთსა და იმავე მამაკაცის სიყვარულისთვის.

ტრაგიკული ცვლილება

ძველად იაპონიაში კონფუციანური ფილოსოფიის გავლენით, როდესაც ოჯახში ასეთი შეხლა-შემოხლა ხდებოდა, რძალს სახლიდან აგდებდნენ. ეს იყო ამ საკითხის მოგვარების ერთადერთი გზა. დღეს კი სხვაგვარი ვითარებაა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალგაზრდა თაობამ იგდო ხელთ ოჯახის მართვის სადავეები, უფროსი თაობა კი თავის გავლენასა და უფლებებს ნელ-ნელა კარგავს. თანდათანობით ვითარება უარესდება. მოხუცებულებს საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა სახლებში აბარებენ. რაოდენ ტრაგიკულია ასეთი სავალალო მდგომარეობის ხილვა საზოგადოებაში, რომელშიც ხანდაზმულთა პატივისცემა უწინ აუცილებლობას წარმოადგენდა!

როგორ გამოვასწოროთ ასეთი სავალალო მდგომარეობა? შეუძლია თუ არა ორ ქალს ერთ ჭერქვეშ მშვიდობიანი ცხოვრება?

[სურათი 17 გვერდზე]

იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს, გონივრულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.