არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

სამედიცინო ანკეტები ტელევიზორის ყურების ჩვევის შესახებ მონაცემებსაც უნდა შეიცავდეს?

ბავშვების სამედიცინო ანკეტები ტელევიზორის ყურების ჩვევის შესახებ მონაცემებსაც უნდა შეიცავდეს, — გვირჩევს ესპანელ პედიატრთა გარკვეული ჯგუფი. ერთ-ერთი ესპანური გაზეთის თანახმად, ექიმები ფიქრობენ, რომ მათ უნდა იცოდნენ, რამდენ საათს ატარებს პაციენტი ბავშვი ყოველდღიურად ტელეეკრანთან, რა პროგრამებს უყურებს და ვისთან ერთად („Diario Médico“). რისთვის არის ეს საჭირო? პედიატრების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ტელევიზორის ყურების შედეგად ბავშვი, უმეტესწილად, პასიური ცხოვრების წესს ეჩვევა, უფრო აგრესიული ხდება, უჩნდება რაც შეიძლება მეტის ყიდვის სურვილი, სკოლაში სულ უფრო ცუდად სწავლობს და, შესაძლებელია, ტელევიზორს ვერც მოაცილო. „პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ არ დადგან ტელევიზორი ბავშვების საძინებელ ოთახში ან ისეთ ადგილას, სადაც [ისინი] თავისუფლად შეძლებენ სატელევიზიო პროგრამების ყურებას, — აღნიშნულია ცნობაში. — გარდა ამისა, უნდა მოერიდონ სადილობისას ტელევიზორის ყურებას; აგრეთვე მშობლებმა ბავშვებს უნდა შეუზღუდონ ტელეეკრანებთან გატარებული საათების რაოდენობა ისე, რომ ეს დრო დღეში ორ საათზე ნაკლები იყოს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ბავშვებს ტელევიზორისთვის დღეში ერთ საათზე ნაკლები დაეთმოთ“.

ჩინეთის მოსახლეობა იზრდება

„ჩინეთის მოსახლეობამ 1,26 მილიარდს მიაღწია; ხანდაზმულთა რაოდენობამ იმატა, ხალხიც უფრო განათლებული ხდება და ურბანიზაციის მაჩვენებელიც იზრდება, — აღნიშნავს ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო („abcNEWS.com“). სტატისტიკის ეროვნული ბიუროს დირექტორის, ჟუ ჟიქსინის, სიტყვების თანახმად, 1990 წლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა 132,2 მილიონით გაიზარდა. მოსახლეობის ზრდის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც წლიურად 1,07-ს შეადგენს, XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან ჩინეთში მხოლოდ ერთი შვილის ყოლის შესახებ გატარებულმა პოლიტიკამ განაპირობა. მაგრამ სახელმწიფო მოხელეები საგონებელში ცვივიან, რადგან 1999 წლის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ყოველ 117 ახალშობილ ბიჭზე 100 გოგონა მოდის, რაც, შესაძლოა, იმით იყოს განპირობებული, რომ აბორტს უფრო გოგონებზე ორსულობის შემთხვევაში იკეთებენ, ვიდრე ბიჭებზე. „სოციოლოგებს აღელვებთ ის ფაქტი, რომ ქალ-ვაჟების შობადობაში პროპორციის დარღვევას საცოლეების ნაკლებობა მოჰყვება, რაც ხელს შეუწყობს პროსტიტუციასა და ბავშვების მოტაცებას, აგრეთვე ქალების გათხოვებაში ფულის აღებას“, — იუწყება ცნობა.

კანის კიბოს შემთხვევების გახშირება

სატელეგრაფო სააგენტოს („El Pais Digital“) ცნობით, კანის უსერიოზულესი სიმსივნის, მელანომას, შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება. XX საუკუნის 50-იან წლებში 1500 ადამიანიდან 1-ს ჰქონდა მელანომა. მაგრამ 2000 წლისთვის — 75-დან 1-ს, რაც, ძირითადად, გარუჯული კანის მოდურობით არის განპირობებული. ერთ-ერთი ონკოლოგიური საზოგადოების პროფესორმა ჯონ ქირქუიდმა განაცხადა, რომ მელანომას შემთხვევათა 40 პროცენტი გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მაშინ როდესაც 60 პროცენტი მზის ჭარბი აბაზანების მიღების შედეგია. ეს დაავადება, უმეტესწილად, 23-დან 50 წლამდე ასაკის ქალებს ემართებათ. პროფესორ ქირქუიდის განმარტების თანახმად, ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში მზის სხივების მოქმედების შედეგად შეიძლება კანის პიგმენტური უჯრედების გარდაქმნა მოხდეს, მაგრამ კიბო მრავალი წლის შემდეგ გამოვლინდეს. „კანს ახსოვს მიღებული დასხივება“, — აღნიშნავს ქირქუიდი.

შაქრის პლასტმასად გარდაქმნა?

ბრაზილიის ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიების ახალი სახეობა, რომლებიც შაქარს პლასტმასად გარდაქმნიან. ადრე მათ აღმოჩენილი ჰქონდათ სახეობები, რომლებიც შაქრის მონელებასა და გარდაქმნას შაქრის უფრო მარტივ მოლეკულებად დაშლის შემდეგ ახდენდნენ, მაგრამ „[ამ ახლად აღმოჩენილი ბაქტერიების] დიდი პოტენციალი იმაში მდგომარეობს, რომ მათ უშუალოდ შაქრის გარდაქმნა შეუძლიათ“, — ამბობს სწავლული კარლოს როსელი. შაქრის ზომაზე მეტი „ჭამის“ შემთხვევაში ბაქტერია ზედმეტი შაქრისგან მალფუჭებად პლასტმასის ძალიან პატარა მარცვლებს ამზადებს; ამ მარცვლებს მეცნიერები, გარკვეული გამხსნელის გამოყენებით აცალკევებენ ერთმანეთისგან. როგორც მკვლევარები ამბობენ, „სამი კილოგრამი შაქრისგან ერთი კილოგრამი პლასტმასის მიღებაა შესაძლებელი“, — აღნიშნავს ერთ-ერთი გაზეთი („O Estado de S. Paulo“).

ჭარბცხიმიანი საკვები გონებას აქვეითებს

„ჭარბცხიმიანმა საკვებმა შეიძლება დაახშოს როგორც თქვენი ტვინის, ისე კორონარული (გვირგვინოვანი) სისხლძარღვების ფუნქციონირების უნარი“, — აღნიშნავს ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“. კანადელმა მკვლევარებმა, იმის გასაგებად, თუ რა გავლენას ახდენს ტვინზე საკვებში ჭარბი ცხიმის შემცველობა, „ერთთვიანი ვირთაგვები ოთხი თვის ასაკამდე ცხოველური ან მცენარეული ცხიმებით მდიდარი საკვებით კვებეს“. ერთ ჯგუფს ნაკლებად ცხიმიან საკვებს აძლევდნენ. შემდეგ ორივე ჯგუფს გარკვეული დავალება მისცეს. როგორი იყო შედეგი? იმ ვირთაგვებმა, რომლებსაც ჭარბცხიმიან საკვებს აძლევდნენ, „ბევრად უფრო ცუდად შეასრულეს დავალება, ვიდრე მჭლე ვირთაგვებმა“. მკვლევარმა გორდონ ვინოკურმა თქვა: „ჭარბცხიმიანი საკვების მიღება თითქმის ნებისმიერი ფუნქციის დაქვეითებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ პირველი ჯგუფის ცხოველები ძალზე დასუსტდნენ“. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ „ცხიმი ტვინს ხელს უშლის გლუკოზის ათვისებაში, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ცხიმი ჩაერიოს ინსულინის მოქმედებაში; ინსულინი კი სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს“.