არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რძალ-დედამთილის ტრადიციად ქცეული შეხლა-შემოხლა

რძალ-დედამთილის ტრადიციად ქცეული შეხლა-შემოხლა

რძალ-დედამთილის ტრადიციად ქცეული შეხლა-შემოხლა

„აღარ შემიძლია შენი დანახვა!“ — უყვირა ფუჯიკომ დედამთილს, ტომიკოს. ფუჯიკო დაღალა იმან, რომ ყველაფერზე მითითებებს აძლევდნენ. თუმცა მას აქამდე გარეგნულად შეეძლო სიმშვიდის შენარჩუნება, სინამდვილეში, გული უსივდებოდა. „გამწარებული ვიყავი, — ამბობს ის. — ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. ყელში ამომივიდა ყოველდღე ასეთ დღეში ცხოვრება“.

იაპონიაში მცხოვრები მარტოხელა ქალი ამბობს: „ჩემმა ვაჟმა და რძალმა მიმატოვეს. ახლა აღარაფერი მაქვს სადარდებელი. ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. ოღონდ მზის ჩასვლის შემდეგ მარტოობის გრძნობა მაწუხებს“.

რძალ-დედამთილის ტრადიციად ქცეული შეხლა-შემოხლის „სენი“ მთელ ქვეყანას არის მოდებული. „სამწუხაროა, — აღნიშნავს ერთ-ერთი ავსტრალიური ჟურნალის რედაქტორი დულსიე ბოულინგი, — ზოგიერთი დედა ყოველთვის ეჭვიანობს თავის რძალზე. . . სხვა გზა არა გაქვს, ასეთი რამ უნდა აიტანო“. აღმოსავლეთის ქვეყნებში ლეგენდებიც კი არის გავრცელებული იმის შესახებ, რომ ცოლების წაქეზებით შვილებმა თავიანთი მოხუცი დედები მთებში წაიყვანეს და იქ მიატოვეს.

დღესდღეობით ასეთი დავიდარაბები უფრო რთულ ფორმებში მიმდინარეობს, ვიდრე ოდესღაც. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, ოჯახებში წევრთა რაოდენობა მცირდება, ხოლო მამაკაცებსა და ქალებს შორის სიკვდილიანობის სხვაობა სწრაფად იზრდება. რა მოსდევს ამას? რაც უფრო მეტი ქალი აღწევს 70—80 წლის ასაკს, რძალ-დედამთილის „საასპარეზო“ ას მეტრიანი დისტანცია მით უფრო ქანცგამომცლელი მარათონის სახეს იღებს.

რას ითხოვენ უფროსები?

კონფლიქტებს რომ თავი დავანებოთ, როგორი მოვლა მოსწონთ ხანდაზმულ მშობლებს, როდესაც მათ ამის არჩევის საშუალება აქვთ? „ორ ათეულ წელზე მეტია, — ამბობენ დემოგრაფები ჯეკობ სიჯელი და სინთი ტეუბერი, — რაც მეუღლის დაკარგვის შემთხვევაში ქალებსა თუ მამაკაცებს სულ უფრო ნაკლებად სურთ სხვებთან ცხოვრება“. „საზოგადოებრივი მომსახურების დეპარტამენტის“ ყოფილი დირექტორი ელენ ბროუდი დასძენს, რომ შეერთებულ შტატებში „ხანდაზმულები მარტო ცხოვრებას ამჯობინებენ“. ხშირად მათი შვილები ახლოს ცხოვრობენ, ინახულებენ და ზრუნავენ მათზე.

აღმოსავლეთში კი სხვა რამეს ამჯობინებენ. იაპონიის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, იაპონიასა და ტაილანდში ხანდაზმულთა უმრავლესობას თავიანთ ახლობლებთან სურთ ცხოვრება. გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ტაილანდში ხანდაზმულთა 61% ხოლო იაპონიაში 51% ცხოვრობს კიდეც მათთან.

რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებშიც აკეთებენ ასეთ არჩევანს. საკმაოდ ხანდაზმული ან ლოგინად ჩავარდნილი მშობლები ხშირად ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან. საფრანგეთში 75 წელს გადაცილებული მშობელი, რომელმაც ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა, ერთ-ერთ შვილთან ცხოვრობს.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

როდესაც ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობის წარმომადგენელი ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული სარგებლობა მოაქვს. ხანდაზმულები თავს უფრო მშვიდად გრძნობენ და მარტოობაც სულ უფრო ნაკლებად აწუხებთ. ახალგაზრდებს უფროსების გამოცდილებიდან სწავლა შეუძლიათ, ხანდაზმულებს კი ეკონომიკურადაც არ უჭირთ.

მეორე მხრივ კი, ერთად ცხოვრებამ შეიძლება რძალ-დედამთილის ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო გაამწვავოს. მაგალითად, იაპონიაში, სადაც ისეთი ტრადიციაა, რომ ხანდაზმულმა მშობლებმა უფროსი ვაჟის ოჯახში უნდა იცხოვრონ, რძალ-დედამთილს შორის შეხლა-შემოხლა საყოველთაოდ არის ცნობილი.

თუ თქვენც იგივე ვითარებაში ხართ, რის გაკეთება შეგიძლიათ? გუილფორდის კოლეჯის პროფესორი სოციოლოგიის დარგში, პაულ ზოფი, თავის წიგნში, „ამერიკის ხანდაზმული მოსახლეობა“, ამბობს: „ოჯახებს კონფლიქტის წარმოქმნაც შეუძლიათ და მისი მოგვარებაც. კონფლიქტის გაკონტროლება და ოჯახის უფროს წევრებთან სასარგებლო ურთიერთობა, შესაძლოა ის მეთოდი იყოს, რომელიც უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ასე რომ, დადებითი აზროვნება განივითარეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ოჯახური დავიდარაბების მოგვარებას ისწავლით, ალბათ, უკეთესად გაართმევთ თავს სხვა უფრო რთულ ვითარებებს. ჩათვალეთ, რომ პრობლემასთან გაქვთ საქმე და უფრო ადვილად დააღწევთ თავს. ახლა კი განვიხილოთ ის პრობლემები, რომლებიც მეუღლის მშობლებთან ცხოვრებისას წარმოიქმნება და ვნახოთ, როგორ შეიძლება მათი მოგვარება. თუ ამჟამად ასეთ ვითარებაში არ ცხოვრობთ, ამ საკითხთან დაკავშირებული პრინციპების გათვალისწინებით მაინც შეგიძლიათ სარგებლობის მიღება.

[ჩარჩო 15 გვერდზე]

უფრო მეტი მშობელი, ვიდრე შვილი

დემოგრაფ სამუელ პრესტონის სიტყვების თანახმად, დღეისათვის, ისტორიაში პირველად, საშუალოდ, დაქორწინებულ წყვილებს უფრო მეტი მშობელი ჰყავთ, ვიდრე შვილი. დღეს ბევრი დაქორწინებული წყვილის წინაშე ის ამოცანა დგას, რომ ერთმანეთის მშობლებზე როგორმე იზრუნონ.