არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიამოვნო ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან

სასიამოვნო ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან

სასიამოვნო ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან

გატანჯულმა რძალმა, ფუჯიკომ, რომელიც პირველ სტატიაში მოვიხსენიეთ, ბოლოს და ბოლოს, დაითანხმა მეუღლე, რომ მშობლებისგან გადასულიყვნენ და მეზობლად დასახლებულიყვნენ. მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. მეუღლის მშობლები მაინც ერეოდნენ მის ცხოვრებაში და კვლავ დაღონებული იყო. ერთხელ ვიღაც უცნობმა ქალბატონმა მიაკითხა.

ამ ვიზიტმა ფუჯიკოს აზროვნება და თვისებები შეაცვლევინა, რამაც სხვებთან ურთიერთობა გააუმჯობესებინა. მან იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. დროთა განმავლობაში მისი დამოკიდებულება ისე ძლიერ შეიცვალა, რომ მის მამამთილს შესწავლაზე დასწრების სურვილი გაუჩნდა, რათა გაეგო, როგორი რელიგია იყო ის, რომელმაც ასე შეცვალა მისი რძალი.

ახალი კავშირის აღიარება

ბიბლია ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ ნათელ სურათს გვიხატავს. პირველი წყვილის შექმნისა და ერთად დასახლების შემდეგ ღმერთმა შემდეგი პრინციპი დაადგინა: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბადება 2:24). ასე რომ, ახალდაქორწინებულებმა უნდა გაითვითცნობიერონ, რომ სრულიად ახალ კავშირში შედიან. და ისინი ერთმანეთს ისე უნდა „მიეწებნენ“, როგორც ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი, მაშინაც კი, როდესაც მშობლებთან ცხოვრობენ.

მაგრამ დედისა და მამის „მიტოვება“ იმას არ ნიშნავს, რომ დაქორწინებულმა შვილებმა ზურგი აქციონ და აღარ სცენ პატივი. „დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ“, — გვაფრთხილებს ბიბლია (იგავნი 23:22). მაინც, ქორწინების მერე ოჯახურ ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებები ხდება. თუკი ეს კარგად ესმის ოჯახის თითოეულ წევრს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შეუძლია მშობლების გამოცდილებისა და გონიერებისგან სარგებლობის მიღება.

კარგი რეპუტაციის ახალგაზრდა ტიმოთე, რომელიც პავლემ მისიონერული მოგზაურობისას გაიყოლა, ებრაელმა დედამ, სახელად ევნიკემ, გაზარდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მის ჩამოყალიბებაში ბებიამისმა, ლოისმაც, დიდი წვლილი შეიტანა (2 ტიმოთე 1:5; 3:15). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბებიებს ბავშვის აღზრდაში ჩარევისა და მშობლების წესებისგან განსხვავებული წესების დადგენის უფლება აქვთ. სასურველი ის იქნება, თუ ხანდაზმულები, გონივრულობის ფარგლებში, დაეხმარებიან ახალგაზრდებს ბავშვების აღზრდაში (ტიტე 2:3—5).

„ბრძენი დედაკაცი“

თუ ორი თაობის წარმომადგენლები ისეთ საფრთხილო საკითხში თანამშრომლობენ, როგორიცაა ბავშვის აღზრდა, გონიერების გამოვლენა მართებთ. „ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, — ამბობს ბიბლიური იგავი, — ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას“ (იგავნი 14:1). როგორ შეუძლია ქალს სახლის აშენება? ტომიკო ამბობს, რომ რძალთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მასთან საუბარი დაეხმარა. „თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება“, — გვარიგებს ბიბლია (იგავნი 15:22).

საუბარში ის არ იგულისხმება, რომ ადამიანმა სხვის გრძნობებს ანგარიში არ გაუწიოს და რაც კი ენაზე მოადგება, ყველაფერი წინდაუხედავად წამოროშოს. სწორედ აქედან ჩანს, ბრძნულად მოქმედებს თუ არა კაცი. ‘ბრძენი ისმენს’, რას ლაპარაკობენ სხვები. ზოგჯერ შეიძლება მეუღლის მშობლებს რაღაცის თქმა სურდეთ, მაგრამ ყოყმანობენ და გულის გადაშლას ვერ ახერხებენ. გამოავლინეთ გამჭრიახობა და ‘ამოხაპეთ მათი აზრები’. შემდეგ, სანამ რამეს იტყოდეთ, ‘აწონ-დაწონეთ’ (იგავნი 1:5; 15:28; 20:5).

დროის შერჩევა დიდად მნიშვნელოვანია. „მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია“, — ამბობს ბიბლიური იგავი (იგავნი 25:11). ტოკიკო და მისი რძალი ამბობენ, როდესაც ერთიმეორისთვის რაიმე ჰქონდათ მისათითებელი, ამისთვის შესაფერის დროს ელოდნენ, რათა ერთმანეთი არ გაეღიზიანებინათ. „ვცდილობდი, სანამ ჩემს რძალს რამეზე მივუთითებდი, ჯერ დავფიქრებულიყავი, — ამბობს ტოკიკო. — სათქმელს ვიმახსოვრებდი და მაშინ ველაპარაკებოდი, როდესაც კარგ ხასიათზე იყო და, ამავე დროს, დანაყრებული. დიახ, შეიძლება ადვილად გაღიზიანდე, როდესაც მშიერი ხარ“.

გონიერი ქალი თავისი მეუღლის მშობლებზე ცუდის თქმას მოერიდება. „დედამთილები ვართ თუ რძლები, უნდა გვახსოვდეს, რომ, რასაც კი ცუდს ვიტყვით ერთმანეთის შესახებ, საბოლოოდ, ეს მათ ყურამდე მივა“, — ამბობს ერთ-ერთი იაპონელი მწერალი სუმი ტანაკა, რომელიც თავის დედამთილთან 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა. პირიქით, ის გვირჩევს, რომ მეუღლის მშობლებზე კარგი ვილაპარაკოთ, იქნება ეს პირისპირ თუ ზურგს უკან.

მაგრამ რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ისინი თქვენს მცდელობებზე არ რეაგირებენ?

იყავით შემნდობი

სერიოზული პრობლემები მეუღლის მშობლებთან ხშირად ისეთ რამეს მოჰყვება ხოლმე, რაც საპრობლემო არ გახდებოდა, თუ ამას სხვა ვინმე გააკეთებდა ან იტყოდა. რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ და ‘სიტყვით ვცდებით’, ხანდახან შეიძლება ჩვენი ‘გესლიანი ენა [„დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა“, აქ] მახვილივით ჩხვლეტდეს’ (იაკობი 3:2; იგავნი 12:18). მაგრამ გონივრულია, რომ ყველა დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვაზე არ ავნერვიულდეთ.

მათ, ვინც ასეთი პრობლემები მოაგვარეს, ბიბლიური რჩევა გაითვალისწინეს: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს“ (კოლასელთა 3:13). მართალია, არ არის ადვილი, მოუთმინო მეუღლის მშობლებს და აპატიო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი იწვევენ უთანხმოებას. მაგრამ, თუ მივუტევებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც მოგვიტევებს ღმერთი ჩვენივე შეცდომებს (მათე 6:14, 15).

აღმოსავლეთის იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ხალხი, ტრადიციისამებრ, ბუდიზმს, ტაოიზმს, კონფუციანელობას და სინტოიზმს მისდევს, ბევრმა შეისწავლა ბიბლია. მათ დააფასეს ჭეშმარიტება ჩვენი კეთილმოსურნე შემოქმედის შესახებ. ასეთი დაფასება ამ ადამიანებს, ერთი შეხედვით, იმ გადაულახავი გრძნობების დაძლევაში დაეხმარა, რომლებიც ტკივილის მიყენების მეტს არაფერს ემსახურებოდა.

„სიყვარული არასოდეს მთავრდება“

რძალ-დედამთილის კარგ ურთიერთობას მტკიცე საფუძველი სჭირდება. მოხუცებული ან ავადმყოფი დედამთილის მოვლა მოვალეობის მოხდის მიზნით ყოველთვის არ ქმნის კარგი ურთიერთობის საფუძველს. ჰარუკომ ეს გაიგო, როდესაც დედამთილი კიბოთი უკდებოდა. ის მთელ დღეებს საავადმყოფოში ატარებდა და დედამთილს უვლიდა, ამასთანავე ოჯახზეც ზრუნავდა. ამის გამო იმდენად ძლიერი სტრესი ჰქონდა, რომ ბოლოს თმა თითქმის მთლიანად გასცვივდა.

ერთ დღეს, როდესაც დედამთილს ფრჩხილებს აჭრიდა, უნებლიედ ერთი ფრჩხილი სწრაფად მოაჭრა. „არ მივლი კარგად!“ — მყისვე უსაყვედურა დედამთილმა.

ამ უმადურებით გაოგნებულმა ჰარუკომ ცრემლები ვერ შეიკავა. იგი მიხვდა, რომ მისი სიტყვები იმიტომ მოხვდა ასე მწარედ გულზე, რომ დედამთილს ყველაფერს მოვალეობის მოხდის მიზნით უკეთებდა. შემდეგ მან გადაწყვიტა, ყოველთვის ხსომებოდა, რომ დედამთილს სიყვარულით მოქცეოდა (ეფესელთა 5:1, 2). ამან შეაძლებინა ჰარუკოს, გულისტკივილი დაევიწყებინა და დედამთილთან, მის გარდაცვალებამდე, კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

მართლაცდა, ისეთი სიყვარული, რომლის გამოვლენასაც ბიბლია გვასწავლის ფენომენია, რომელიც ოჯახში უთანხმოებებს აგვარებს. წაიკითხე, მოციქული პავლე რას ამბობს ამის შესახებ და დაინახავ, თუ არ დაეთანხმებით ამას: „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, — დაწერა მან. — არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს“. არ არის გასაკვირი, რომ პავლე დასძენს: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:4—8). როგორ შეგვიძლია ასეთი სიყვარულის განვითარება?

ბიბლიაში „სიყვარული“ ღვთის სულის „ნაყოფებს“ შორის არის მოხსენიებული (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ ასეთი სიყვარულის განვითარებისთვის ჩვენს ძალისხმევასთან ერთად ღვთის სულიწმიდის დახმარებაც მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, შეგიძლიათ სთხოვოთ იეჰოვას, ბიბლიის ავტორს, რათა დაგეხმაროთ, რომ თქვენს თვისებებს ისეთივე სიყვარული შესძინოთ, როგორიც მას აქვს (1 იოანე 4:8). რა თქმა უნდა, ყოველივე ამისათვის საჭიროა თავად მას, მისივე სიტყვის, ბიბლიის, შესწავლის მეშვეობით გაეცნოთ. ამაში იეჰოვას მოწმეები დიდი სიხარულით გაგიწევენ დახმარებას, როგორც ეს ფუჯიკოსა და სხვა მრავალი ადამიანის შემთხვევაში გააკეთეს.

როდესაც იმას, რასაც ბიბლიიდან სწავლობთ, ცხოვრებაში გამოიყენებთ, დაინახავთ, რომ მარტო ღმერთთან ურთიერთობას კი არ გაიუმჯობესებთ, არამედ — თქვენს გარშემო მყოფებთან, მათ შორის — მეუღლის მშობლებთანაც. საკუთარ თავზე გამოსცდით ბიბლიურ დაპირებას, სახელდობრ, „ღვთის მშვიდობა... ყოველგვარ გონებას აღემატება“ (ფილიპელთა 4:6, 7).

ფუჯიკომ და სხვებმა, რომლებიც ამ სტატიებში მოვიხსენიეთ, ასეთი მშვიდობა ჰპოვეს — ასევე შეგიძლიათ თქვენც. დიახ, იეჰოვა ღმერთზე მინდობითა და მის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული რჩევების გამოყენებით, თქვენც შეგიძლიათ განავითაროთ და შეინარჩუნოთ თბილი ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

ქმარი მშვიდობისმყოფელი თუ განხეთქილების მიზეზი?

როდესაც ერთ ჭერქვეშ ორი-სამი თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ოჯახში მშვიდობის შესანარჩუნებლად ქმრის როლი არ უნდა დავივიწყოთ. კიუშუს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი, სოციოლოგი, ტოჰრუ არიჩი საკუთარი პასუხისმგებლობებისგან თავის ამრიდებელი ქმრის შესახებ წერს:

„როდესაც ოჯახი [დედამთილთან ერთად] ცხოვრობს, დედა გრძნობს, თუ რა სჭირდება მის ვაჟს და უყოყმანოდ უკეთებს ყველაფერს. შვილიც დაუფიქრებლად იღებს ასეთ დახმარებას. თუ ქმარი თავისი ცოლის მდგომარეობის შესახებ ცოტა მეტს დაფიქრდებოდა და დედას არ მისცემდა ჩარევის უფლებას, პრობლემა მოგვარებული იქნებოდა. სამწუხაროდ, და საკმაოდ ხშირად, ქმრები ამას ვერ აცნობიერებენ“.

მაშ, როგორ შეუძლია ქმარს, ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებაში მთავარი როლის შესრულება? იაპონელი მამაკაცი, სახელად მითსუჰარუ, ამბობს, რომ მის ოჯახს მის მიერ ბიბლიური პრინციპების დაცვა დაეხმარა. „დედასა და ვაჟს შორის ურთიერთობა ძალიან მჭიდროა მაშინაც კი, როდესაც ის სრულწლოვანი ხდება, — აღიარებს ის, — ამიტომ მან, გონივრულობის ფარგლებში, ძალები არ უნდა დაიშუროს იმისათვის, რომ ‘მიატოვოს დედ-მამა და მიეწებოს თავის დედაკაცს’“. ის იყენებდა ამ პრინციპს, როდესაც ბავშვის მოვლასა და აღზრდასთან დაკავშირებით მხოლოდ თავის მეუღლესთან მსჯელობდა და თავის ცოლსა და დედას ერთმანეთს არასდროს ადარებდა საოჯახო საქმეების შესრულებაში. „ახლა, — დასძენს ის, — ჩვენ და ჩემი მშობლები ერთმანეთს პატივს ვცემთ. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, როდის შეიძლება ჩარევას წყენა მოჰყვეს და როდის იქნება დახმარება და თანამშრომლობა მართებული“.

გარდა იმისა, რომ ‘თავის დედაკაცს მიეწებოს’, მამაკაცი დედისა და ცოლის შემრიგებელიც უნდა იყოს (დაბადება 2:24). ის იმდენად კარგი მსმენელი უნდა იყოს, რომ ორივემ თავისუფლად გადაუშალოს გული (იგავნი 20:5). ერთი მამაკაცი, რომელმაც ისწავლა, თუ ტაქტიანად და წარმატებით როგორ გაართვას თავი სხვადასხვა სიტუაციას, ჯერ იმას არკვევს, თუ რას გრძნობს მისი ცოლი. შემდეგ ცოლის თანდასწრებით დედას ელაპარაკება გარკვეული უთანხმოებების შესახებ. თავისი როლის, როგორც მშვიდობიმყოფელის, შესრულებით ქმარს შეუძლია ოჯახში ორ საყვარელ ქალს შორის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნას.

[სურათი 19 გვერდზე]

მოუსმინე და ელაპარაკე.

[სურათი 20 გვერდზე]

ვალდებულების გრძნობა კი არა, სიყვარული აყალიბებს კარგ ურთიერთობას.