არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისტორიულ ციხეში გაღვივებული რწმენის შემთხვევები

ისტორიულ ციხეში გაღვივებული რწმენის შემთხვევები

ისტორიულ ციხეში გაღვივებული რწმენის შემთხვევები

იეჰოვას მოწმეთაგან მოხალისეები მთელ მსოფლიოში ციხეებს ინახულებენ, რომ გულწრფელად დაინტერესებულ პატიმრებს ღმერთთან დაახლოებაში დაეხმარონ. 20 წელზე მეტია, რაც წარმატებით ვატარებთ ასეთ ბიბლიურ საგანმანათლებლო პროგრამას ატლანტის (ჯორჯიის შტატი, აშშ) ფედერალურ ციხეში. ციხეში ბიბლიის სწავლება ადვილი საქმე არ არის. ჩვენ ბანკის მძარცველებთან, გამომძალველებთან, მკვლელებთან, ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან, თაღლითებთან და მოძალადეებთან გვიხდება ურთიერთობა. როგორ ვეხმარებით ასეთ ადამიანებს?

აალბათ, გაინტერესებთ, პირველად როდის შეაბიჯეს იეჰოვას მოწმეებმა ამ ციხეში. ეს იყო 1918 წლის 4 ივლისს. რვა გამოჩენილი ქრისტიანი მსახურისგან შემდგარმა ჯგუფმა დაცვასთან ერთად ფედერალური ციხის 15-საფეხურიანი კიბე აიარა. თუ მათ იმ დროს არსებული წესისამებრ მოექცნენ, ალბათ, ბორკილდადებული იყვნენ ისე, რომ მაღლა ხელის აწევა არ შეეძლოთ; ფეხებზეც ხუნდები ჰქონდათ დადებული. ეს ახალმოსულები სულიერად გამოცდილი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარებს (დღევანდელ იეჰოვას მოწმეებს) უწევდნენ ხელმძღვანელობას. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთი წელიც კი არ გავიდოდა მანამდე, სანამ დადგინდებოდა, რომ მათი დაპატიმრება უხეში სასამართლო შეცდომა იყო. 1919 წლის მარტში კი ამ რვა მოწმემ ჩამოიარა ციხის ზემოხსენებული კიბის საფეხურები, მაგრამ ამჯერად ბორკილების გარეშე. მოგვიანებით კი მათ ყველანაირი ბრალდება მოეხსნათ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათი საქმე დაეხურა *.

ატლანტაში პატიმრობის დროს ეს ქრისტიანი მამაკაცები ბიბლიის შესწავლებს ატარებდნენ. ამ რვიდან ერთ-ერთი, ა. მაკმილანი, მოგვიანებით იხსენებდა, რომ ციხის ზედამხედველის მოადგილე თავდაპირველად მტრულად იყო განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ ბოლოს უთხრა: „ეს გაკვეთილები, რომლებსაც [პატიმრებთან] ატარებთ, შესანიშნავია!“

დღეს, 80 წლის შემდეგ, ბიბლიის ასეთი საფუძვლიანი შესწავლები კვლავ წარუშლელ გავლენას ახდენს ამავე ციხეში მყოფ ადამიანებზე. რამდენჯერმე ციხის ხელმძღვანელობამ იეჰოვას ზოგიერთ მოწმეს განსაკუთრებული მადლობა და საპატიო ჯილდოებიც კი გადასცა. იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო პროგრამის ეფექტურობის შესახებ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს გაზეთშიც კი დაიწერა (Volunteer Today).

ბიბლიის შესწავლის პროგრამის ერთ-ერთი სასარგებლო მხარე, პატიმრების ყოფაქცევის საოცარი გაუმჯობესებაა, რის შედეგადაც ზოგიერთი დროზე ადრე გაათავისუფლეს. ზოგმა შეიძლება ცინიკურად აღნიშნოს, რომ მსჯავრდებულები ბიბლიას მხოლოდ ამ მიზნით სწავლობენ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს მართლაც ასე იყო, გამოცდილება ხშირად საპირისპირო რამეს გვიჩვენებს. ხშირად გვიხარებს გულს იმის გაგება, რომ ისინი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, ციხიდან გამოსვლის შემდეგაც წლების მანძილზე ინარჩუნებენ ქრისტიანისთვის შესაფერის თვისებებს. ქვემოთ მოცემულია იმ უამრავი შემთხვევიდან რამდენიმე, რომლებიც ჩვენს თვალწინ ამ ისტორიული ციხის კედლებს მიღმა მოხდა.

იმიგრანტი პატიმარი იმედს პოულობს

XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ჩვენ, ვინც ატლანტას ციხეში ვქადაგებდით, ბევრ იმიგრანტ პატიმარს ვეხმარებოდით. ზოგიერთ პიროვნებაში მომხდარი ცვლილებები მართლაც საოცარი იყო.

რაული * გავიცანით, როგორც განსაკუთრებით საშიში პატიმარი. ის და მისი მეგობარი პროფესიული დამნაშავეები იყვნენ და ახლა სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდნენ. უხუცესების თქმით, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ, ისინი თავზეხელაღებული ადამიანები იყვნენ. რაულს დაუძინებელი მტრები ჰყავდა. ერთ მამაკაცს დაფიცებული ჰქონდა, რომ მოკლავდა მას, რაულსაც იგივე აღთქმა ჰქონდა დადებული. რაულს თავზარი დაეცა, როდესაც გაიგო, რომ მისი ეს მოსისხლე მტერი ატლანტას ციხეში გადმოიყვანეს. ადრე თუ გვიან, ისინი, ეზოში, სასადილოში ან ციხის შენობაში გადაეყრებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის სწავლის შემდეგ, რაულმა საოცრად შეიცვალა აზროვნება, ქცევა და გარეგნობა. როდესაც საბოლოოდ ეს ორი პიროვნება ერთმანეთს ციხის ეზოში შეხვდა, რაულის მტერმა ვერც კი იცნო იგი! სისხლიანი შეხვედრა, რომელიც ერთი შეხედვით გარდაუვალი ჩანდა, არ შემდგარა!

როდესაც რაულმა გადაწყვიტა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მონათლულიყო, საჭირო იყო შესაფერისი აუზი. ციხის კაპელანმა (ციხის მღვდელი) გამოსავალი იპოვა და წყლის ავზად შავი კუბო შესთავაზა. ეს კუბო წყლით აავსეს, მაგრამ რაული შიგ ვერ ეტეოდა. ასე რომ, ორი უხუცესი კარგად გაწვალდა, რომ რაული სრულიად დაფარულიყო წყლით, როგორც ამას ბიბლია მოითხოვს (ლუკა 3:21, აქ, სქოლიო). დღეს რაული თავისუფალია და იეჰოვასადმი მსახურებას ერთგულად განაგრძობს.

1987 წელს გამოვიდა ბრძანება იმიგრანტი პატიმრების დეპორტირების შესახებ, რასაც ძალიან ცუდი შედეგები და ამბოხება მოჰყვა. ეს მოვლენები ფართოდ გაშუქდა. მოჯანყეებმა აიყვანეს მძევლები. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ გაიგო იმ იმიგრანტი პატიმრების ამბავი, რომლებმაც აჯანყებაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო თავი საფრთხეში ჩაიგდეს. ისინი ბიბლიას სწავლობდნენ და ერთ დროს თავზეხელაღებული ეს მამაკაცები ნეიტრალურები დარჩნენ — არ მიიღეს მონაწილეობა ამ ძალადობასა და აჯანყებაში. როგორი შესანიშნავი მტკიცებაა, რომ ბიბლიას სასტიკი ბოროტმოქმედების მშვიდობის მოყვარულ ქრისტიანებად გარდაქმნის ძალაც კი შესწევს (ებრაელთა 4:12).

პატიება

სხვა დაუვიწყარი შემთხვევა კი ჯეიმზს ეხება. ის ადრე იეჰოვას მოწმე იყო, მაგრამ სულიერად დასუსტდა. მალე ცდუნებამ დასძლია და ბანკში თაღლითობა დაიწყო. ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა და შემდეგ ატლანტის ფედერალურ ციხეშიც მოხვდა. მოგვიანებით მან გვითხრა: „ცხოვრებაში ყველაზე საცოდავ მდგომარეობაში მაშინ ვიყავი“.

ციხის ცხოვრება მძიმე იყო. „მარტოობისა და სასოწარკვეთილების გრძნობა მაწუხებდა“, — იხსენებს ჯეიმზი. მაგრამ ვიწრო საკანში გატარებული დრო თვითანალიზის გაკეთებაში დაეხმარა. ის ყვება: „ციხეში ყველაზე მეტად ცუდი პირობების გამო კი არ ვიტანჯებოდი, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ზეციერი მამის მოლოდინი არ გავამართლე“. რამდენიმე თვის შემდეგ ერთი პატიმარი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას, მივიდა ჯეიმზთან და ბიბლიის შესწავლაზე დაპატიჟა. ჯეიმზს სინდისი ქენჯნიდა და უარი თქვა. მაგრამ ეს ახალგაზრდა არ მოეშვა და ჯეიმზი ბოლოს და ბოლოს კვირადღეს ჩატარებულ შეხვედრას დაესწრო.

მასზე დიდად იმოქმედა იმის დანახვამ, თუ როგორ სიყვარულს ავლენდნენ მოწმეები შემსწავლელთა მიმართ. მოგვიანებით მასზე კიდევ ერთმა რაღაცამ მოახდინა დიდი გავლენა. ჯეიმზს ეგონა, რომ მათ, ვინც პატიმრებს რელიგიურ შეხვედრებს უტარებდნენ, ამ სამსახურისათვის კარგად უხდიდნენ. მაგრამ თავისდა გასაოცრად გაიგო, რომ მათ ამ სამსახურისთვის არაფერს უხდიდნენ (მათე 10:8).

ჯეიმზი მოუთმენლად ელოდა ხოლმე კრების შეხვედრებს. მან ნახა, რომ ის ძმები, რომლებიც კრებებს ატარებდნენ, კეთილები და გამამხნევებლები იყვნენ. მას განსაკუთრებით ერთი უხუცესი მოსწონდა. „მომავალ შეხვედრამდე დარჩენილ დღეებს ვითვლიდი ხოლმე, — იხსენებს ჯეიმზი, — რადგან მან ღვთის სიტყვის შესახებ ჭეშმარიტება ჩემთვის გააცოცხლა; მისი სულისკვეთება მეც გადამედო. მან გამაგებინა, თუ როგორი აუცილებელი იყო ღვთის სიტყვის კითხვა და გამოკვლევა მისი ნამდვილი მნიშვნელობის გაგებისთვის — რომ ნამდვილად გამეთავისებინა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქრისტეს აზროვნება განმევითარებინა“.

ჯეიმზს არ სჯეროდა, რომ ღმერთი შეცდომებს აპატიებდა. რა დაეხმარა ამის დაჯერებაში? „ღვთის მიმტევებლობა კარგად ჩანდა ერთგული და თავდაუზოგავი მამაკაცების მიერ ჩვენს მოპყრობაში *. ერთი რამ საკმაოდ ნათელი გახდა: მიუხედავად ჩემი საშინელი ცოდვისა, ძმები არც კი მაგრძნობინებდნენ, რომ ღმერთი არასდროს მაპატიებდა. იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. ის ხედავდა, რომ გულწრფელად ვინანიებდი და გულშიც კი აღარ ვივლებდი ადრინდელ უგუნურ და თაღლითურ აზრებს. ღმერთმა უხვად მაკურთხა“. ბოლოს, ჯეიმზი ქრისტიანულ კრებაში აღადგინეს. ის თითქმის ათი წელი იჯდა ციხეში. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი კვლავ აქტიურად და ენთუზიაზმით განაგრძობს მსახურებას. თავის მეუღლესა და ოჯახს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ ახლა ჯეიმზი სამსახურებრივი თანაშემწეა და ახლახან პირველი საჯარო მოხსენებით გამოვიდა კრებაში.

გზის პოვნა

ჯანის 90-იანი წლების დასაწყისში შევხვდით. მის ოჯახს იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა კავშირი, მაგრამ სულიერად არ იყვნენ იმდენად ძლიერები, რომ ჯანის დახმარებოდნენ მოზარდობის წლებში, როდესაც მას სულიერი და მორალური ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდა. ამიტომ ის კრიმინალურ სამყაროში გაეხვია და ერთ დღესაც ატლანტას ციხის მახლობლად მდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა მიუსაჯეს. აქ ყოფნის დროს შეიტყო, რომ ჩვენ ბიბლიის შესწავლებს ვატარებდით და დასწრება გადაწყვიტა.

თავდაპირველად ჯანი ძლივ-ძლივობით კითხულობდა. მაგრამ ისე ძლიერ იყო მონდომებული, იეჰოვასა და იესო ქრისტეს შესახებ უფრო მეტი გაეგო, რომ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კითხვას სწავლობდა (იოანე 17:3). ჩვენი გაკვეთილები ხშირად ეხმარება პატიმრებს ამ საკითხში, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება გასაგებად და ხმამაღლა კითხვას. ჯანი ისე ბეჯითად მეცადინეობდა, რომ სხვების თვალში პატივისცემა დაიმსახურა და მათთვის ბიბლიის სამაგალითო შემსწავლელი გახდა.

თვეების შემდეგ ჯანი ტალადუგში (ალაბამის შტატი) არსებული ფედერალური ციხის შენობაში გადაიყვანეს, რომ ნარკოტიკების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამას დასწრებოდა. იქ ჩასვლისთანავე დაიწყო იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. ის აქტიურად განაგძობდა მსახურებას; ხოლო მას შემდეგ, რაც მისთვის ციხის კარი გაიღო, ჯანიმ დრო არ დაკარგა და თავის პატარა ქალაქში მაშინვე მოძებნა მოწმეები. მათ თბილად მიიღეს ყოფილი პატიმარი, ხოლო მან სწავლა და სულიერად წინსვლა განაგრძო.

ჯანის ენთუზიაზმმა და ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი სიყვარულმა დედამისიც აღძრა, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიეღო კრების საქმიანობაში. ახლა ჯანი ძალიან ეხმარება და მხარს უჭერს დედას. ახლახან კი ის იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა და ქრისტიანულ მსახურებაში კვლავ აქტიურად მონაწილეობს.

უხვი მოსავალი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ატლანტას ციხეში მყოფ 40-ზე მეტ პატიმარს დაეხმარნენ, რომ იეჰოვას მონათლული მოწმეები გამხდარიყვნენ; 90-ზე მეტმა პატიმარმა დიდი სარგებლობა მიიღო ბიბლიის ყოველკვირეული სწავლიდან. სხვა პატიმრები კი ციხიდან გამოსვლის ან სხვა ციხეში გადაყვანის შემდეგ მოინათლნენ.

ჩვენ ყოველკვირა ვინახულებთ იმ პატიმრებს, რომლებიც ჭეშმარიტად ინანიებენ და კმაყოფილი ვართ ამ უნიკალური ქრისტიანული მსახურებით (საქმეები 3:19; 2 კორინთელთა 7:8—13). ამ უღიმღამო, სათვალთვალოებით, გისოსებითა და ბასრი მავთულებით გარშემორტყმულ ციხეში სიხარულით მივიჩქარით იმ პატიმრების სანახავად, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრება, პატიოსანი მოქალაქეები და ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები გახდნენ (1 კორინთელთა 6:9—11) (გამოგზავნილია).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოქვეყნებული წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 647—656.

^ აბზ. 9 პატიმართა სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 17 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ (რუს.) ქრისტიან უხუცესებს მოუწოდებდა, მოენახულებინათ ქრისტიანული კრებიდან გარიცხულები. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ ამ ადამიანებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმარონ (2 კორინთელთა 2:6—8).

[ჩარჩო⁄სურათები 20, 21 გვერდებზე]

„თქვენ ჩემს საუკეთესო მეგობრებს მასპინძლობდით“

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ფრედერიკ ფრენცი, 1983 წლის აპრილში, ატლანტის ციხეს ესტუმრა. მას ძალიან სურდა, რომ უშუალოდ ეს ციხე მოენახულებინა. შენობაში შესვლისთანავე ფოიეში საწერ მაგიდასთან მჯდომ დარაჯს ხმამაღლა მიმართა: „იცით, თქვენ აქ ჩემს საუკეთესო მეგობრებს მასპინძლობდით!“ საგონებელში ჩავარდნილ გუშაგს სიტყვა არ დაუძრავს. ვინ ჰყავდა მხედველობაში ფრენცს?

64 წლის წინათ ჯოზეფ რუტერფორდი და მისი 7 თანამსახური არასწორად იქნა მსჯავრდადებული. რუტერფორდი და ფრენცი მოგვიანებით დამეგობრდნენ და ერთადაც მუშაობდნენ. ახლა, რუტერფორდის სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ — როდესაც ფრენცი თვითონ 90 წლის იყო — კმაყოფილი დარჩა იმ ადგილის მონახულებით, სადაც დიდი ხნის წინათ მისი მეგობარი იყო დაპატიმრებული. უეჭველია ის ფიქრობდა იმ სამსახურზე, რომელიც რუტერფორდმა და მისმა თანამშრომლებმა გასწიეს აქ, ამ კედლებს მიღმა. რა სამსახური იყო ეს?

ციხეში მოხვედრიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, რუტერფორდს და მის მეგობრებს უფროსის მოადგილემ ჰკითხა: „სამუშაოს შესრულება უნდა დაგავალოთ და ვის რა გეხერხებათ?“.

— უფროსო, — უპასუხა ა. მაკმილანმა, რვიდან ერთ-ერთმა, — ცხოვრებაში ქადაგების მეტი არაფერი გამიკეთებია. დამავალებთ აქ ასეთ რამეს?

— არავითარ შემთხვევაში ბატონო! ამის გულისთვის ხართ დაპატიმრებული და გაფრთხილებთ, რომ არ გავიგო ასეთი რამ.

გადიოდა კვირები. თითოეულ პატიმარს კვირაობით სამლოცველოში მსახურებაზე დასწრება ევალებოდა, რის შემდეგაც ბევრი საკვირაო სკოლაზე რჩებოდა. ამ რვა მამაკაცმა კი გადაწყვიტა, რომ თავიანთი კლასი ჩამოეყალიბებინან, რომელსაც რიგრიგობით ჩაატარებდნენ. „ზოგიერთი ცნობისმოყვარე პატიმარი მოდიოდა ხოლმე, ზოგჯერ კი უფრო მეტიც ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს“, — თქვა მოგვიანებით რუტერფორდმა. მალე შეხვედრებს 8-ის ნაცვლად 90 კაცი ესწრებოდა!

როგორ ეხმაურებოდნენ პატიმრები ბიბლიის შესასწავლ შეხვედრებს? ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „72 წლის კაცი ვარ და თურმე ციხეში უნდა მოვმხვდარიყავი, ჭეშმარიტება რომ მომესმინა. ამიტომ მიხარია, რომ ამ ციხეში მოვხვდი“. მეორემ კი აღნიშნა: „ჩემი პატიმრობის დრო მთავრდება და გული მწყდება, რომ მივდივარ. . . შეგიძლიათ მითხრათ, აქედან რომ გავალ, სად შემიძლია ვიპოვო თქვენნაირი ხალხი?“

წინა ღამეს, სანამ ციხიდან გამოვიდოდნენ, ამ რვა პატიმარმა, ერთ-ერთი იმ ახალგაზრდისგან მიიღო წერილი, რომელიც მათ შეხვედრებს ესწრებოდა. ის წერდა: „მინდა გითხრათ, თქვენ ჩემში გააღვიძეთ სურვილი, რომ უკეთესი, კარგი ადამიანი ვიყო, თუკი ეს შეიძლება ისეთი გარყვნილი არარაობისთვის, როგორიც მე ვარ. . . ძალიან, ძალიან სუსტი ვარ და არავინ არ მიცნობს ისე კარგად, როგორც მე ვიცნობ საკუთარ თავს, თუმცა ვეცდები და თუ საჭიროც იქნება, საკუთარ თავს შევებრძოლები კიდეც, რათა გავაღვივო ის თესლი, რომელიც თქვენ ჩემს გულში ჩათესეთ. ასე რომ, შეიძლება მარტო ჩემს თავს კი არა, ჩემს გარშემო მყოფთაც დავეხმარო. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ჩემგან, მაგრამ ჩემი თითოეული სიტყვა გულწრფელია; ეს სიტყვები გულის სიღრმიდან მოდის“.

დღეს, 80 წელზე მეტი ხანის შემდეგ, იეჰოვას მოწმეები კვლავაც თესავენ ბიბლიური ჭეშმარიტების თესლს ატლანტას ციხეშიც ისევე, როგორც სხვა ციხეებშიც (1 კორინთელთა 3:6, 7).