არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პოსტტრავმული სტრესი დავიწყებას მიეცემა!

პოსტტრავმული სტრესი დავიწყებას მიეცემა!

პოსტტრავმული სტრესი დავიწყებას მიეცემა!

შეიძლება თქვენ ომის ვეტერანი ხართ და ღამით კოშმარები გაწუხებთ; გონებაში ცოცხლად გეხატებათ ომის სურათები, თითქოს თქვენთვის ომი კვლავაც გრძელდება. შესაძლოა, ძალადობის, მაგალითად, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ხართ და ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ განცდილის გამო თითქოს ის ადრინდელი პიროვნება უკვე აღარა ხართ. შესაძლებელია თქვენთვის ძალზე ძვირფასი პიროვნება სტიქიური უბედურების ან სხვა რაიმე უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა და უიმისობა ძალზე გიჭირთ.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ გრძნობებისგან ოდესმე გათავისუფლდეთ? დაბეჯითებით გპასუხობთ, რომ შეიძლება! დროთა განმავლობაში ყველას, ვინც რაიმე ტრავმის გადატანის შედეგად იტანჯება, შეუძლია ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ნუგეშის პოვნა.

ტრავმის გადატანაში დახმარების გაწევა

დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ, მოციქულ პავლეს არაერთი საშინელი შემთხვევის ატანა მოუწია; მისი სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა. ამ შემთხვევებიდან ზოგი ბიბლიაშია აღწერილი. „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, — წერდა მოციქული პავლე, — რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო. ხოლო ჩვენ თვით გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი“ (2 კორინთელთა 1:8, 9).

ცნობილი არ არის, თუ რა მოხდა მაშინ, მაგრამ ცხადია, რომ ეს საკმაოდ ტრავმული შემთხვევა იყო (2 კორინთელთა 11:23—27). როგორ გაუმკლავდა პავლე ამას?

აზიაში ატანილ განსაცდელებზე ფიქრისას მან დაწერა: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3, 4).

დიახ, ტრავმული შემთხვევებით დაზარალებულთათვის დახმარების მიღება შესაძლებელია და ეს დახმარება „მოწყალების მამისა და ყოველი ნუგეშის ღვთისგან“ მომდინარეობს. როგორ შეგიძლიათ ამგვარად ინუგეშოთ თავი?

როგორ მივიღოთ დახმარება

პირველ რიგში — ითხოვეთ დახმარება. თუ ემოციურად დაძაბუნებული ხართ, იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არა ხართ გამონაკლისი. ისინი, ვინც მსგავს გრძნობებს სძლია, ჩვეულებრივ, მზად არიან სხვების დასახმარებლად. მოციქულ პავლეს მსგავსად ისინი ხშირად გრძნობენ, რომ ნუგეში, რომელიც განსაცდელის ჟამს თავად მიიღეს, „ყოველგვარ გასაჭირში“ მყოფ სხვა ადამიანებსაც უნდა გაუზიარონ. ნუ მოგერიდებათ იეჰოვას რომელიმე მოწმესთან მისვლა — ნებისმიერთან, ვისთანაც თავს თავისუფლად გრძნობთ — და თხოვნა, რომ იეჰოვასგან, „ყოველგვარი ნუგეშის მამისგან“, დახმარების მისაღებად მხარში ამოგიდგეს.

გამუდმებით ილოცეთ. თუ რაღაცით ძალიან აფორიაქებული ხართ და ამიტომ გიჭირთ, თავად მიმართოთ ღმერთს, სთხოვეთ ვინმეს, სულიერად მოწიფულ პიროვნებას, ილოცოს თქვენთან ერთად (იაკობი 5:14—16). იეჰოვასთან ლაპარაკისას არ დაგავიწყდეთ, „თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდოთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). საღვთო წერილი არა ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ღმერთი ზრუნავს თავის თითოეულ მსახურზე.

როგორც ჩანს, 93-ე ფსალმუნის დამწერმა საკუთარ თავზე გამოსცადა ძალზე ტრავმული შემთხვევა, რადგან წერდა: «უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში. თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. როცა [„ამაღელვებელი“, აქ] ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს» (ფსალმუნი 93:17—19).

ტრავმული სტრესის ზოგ მსხვერპლს განსაკუთრებით „ამაღელვებელი ფიქრები“ აწუხებს; ამ ფიქრებს ისინი ზოგჯერ საშინელ პანიკამდე ან გააფთრებამდე მიჰყავს. მაგრამ ამ გრძნობების განელებამდე გულითადი ლოცვები „გაგამაგრებთ“. იფიქრეთ იეჰოვაზე როგორც მოსიყვარულე მშობელზე და საკუთარ თავზე როგორც შვილზე, რომელიც მამას უყვარს და მფარველობს. გახსოვდეთ ბიბლიური აღთქმა: „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:7).

გამოჯანსაღება, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქიკური თუ სულიერი, თანდათანობითი პროცესია. ამიტომ არარეალური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ლოცვა მყისვე შინაგან სიმშვიდეს დაუბრუნებდა ადამიანს, ვისაც ტრავმამ სერიოზული ზიანი მიაყენა. მაგრამ გამუდმებით ლოცვა ერთობ მნიშვნელოვანია. ის დაზარალებულს დაეხმარება, რომ არ შთანთქოს მოზღვავებულმა პოსტტრავმულმა ემოციებმა.

იკითხეთ ღვთის სიტყვა და წაკითხულზე იფიქრეთ. თუ გონების კონცენტრირება გიჭირთ, ვინმეს სთხოვეთ მანუგეშებელი ბიბლიური ადგილების წაკითხვა. შეიძლება ისეთი ბიბლიური მონაკვეთების კითხვა არჩიოთ, სადაც იეჰოვას მიერ თავისი ერთგული მსახურების მიმართ (მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად გულდამძიმებული თუ სასოწარკვეთილი იყვნენ ისინი) გამოვლენილი დიდი მზრუნველობა ჩანს.

წინა სტატიებში მოხსენიებული ჯეინისთვის ფსალმუნებიდან მრავალი ბიბლიური მონაკვეთი იყო მანუგეშებელი. ამ ფსალმუნებში შედიოდა: ფსალმუნი 3:1—9; 6:7—9; 9:10, 11; 10:1—7; 17:6, 7; 22:1—6; 26:7—9; 29:12, 13; 30:13, 20—23; 31:7, 8; 33:19, 20; 35:8—11; 54:6—10, 23; 55:9—12; 62:7—9; 83:9—11; 129:1—6. ნუ ეცდებით ერთბაშად მეტისმეტად ბევრი ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვას. ნაცვლად ამისა, იფიქრეთ წაკითხულზე და ილოცეთ.

უპრეცედენტო გასაჭირი

სამწუხაროდ, დღეს არავისთვის არის გასაკვირი გაუპატიურების, მკვლელობის, ომისა და უაზრო ძალადობის მომრავლება. რატომ? იმიტომ რომ, იესო ქრისტემ ჩვენი დრო დაახასიათა როგორც ჟამი, როდესაც იქნებოდა: „უკანონობის გამრავლება“ (აქ). აგრეთვე დასძინა: მრავალს გაუნელდება სიყვარული“ (მათე 24:7, 12).

გასულ წლებში ტრავმული სტრესი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ხშირად ეს სწორედ იმ მოვლენების შესრულების შედეგად, რომლებიც იესომ იწინასწარმეტყველა. ბიბლიაში, მათეს 24-ე, მარკოზის 13-ე და ლუკას 21-ე თავში, იესომ თქვა, რომ ამ წუთისოფლის აღსასრულის ჟამს იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის ომები, სტიქიური უბედურებები, ხოლო უკანონობის გამრავლება და სიყვარულის განელება ყველასთვის შესამჩნევი გახდებოდა. დიახ, იესომ ისიც შენიშნა, რომ ხსნის დრო შორს არ არის.

ახლა, როდესაც უკვე განვიხილეთ მთელ მსოფლიოს მოდებული ტრავმული ეპიდემიის საკითხი და „დიდი გასაჭირის“ დასაწყისი, კარგად დაუკვირდით, თუ რისი კეთების აუცილებლობაზე მიუთითებს იესო ხალხს: „გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (მათე 24:21—31; ლუკა 21:28). დიახ, როდესაც ვხედავთ მსოფლიო მდგომარეობის გაუარესებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ მწუხარების გამომწვევ სისტემაში — როდესაც დიდი გასაჭირი კულმინაციას მიაღწევს — ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღება და დასაბამს აიღებს სამართლიანი ახალი სისტემა (1 იოანე 2:17; გამოცხადება 21:3, 4).

ჩვენ არ უნდა გაგვაკვირვოს იმ ფაქტმა, რომ ხსნა მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როდესაც ბოროტება და ძალადობა ზენიტს მიაღწევს. წარსულში, ნოეს დროინდელი წუთისოფლისა თუ სოდომისა და გომორის გახრწნილი მოსახლეობის განადგურებისას, ღვთის მსჯავრი ადამიანებს სწორედ ასეთ სიტუაციაში დაატყდათ თავს. წარსულში მომხდარი ეს ღვთიური სასჯელები გვიჩვენებს, თუ რა მოხდება მომავალში (2 პეტრე 2:5, 6).

ტრავმული სტრესს ბოლო მოეღება

თუ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) გაქვთ, ალბათ გაინტერესებთ, გათავისუფლდებით თუ არა ოდესმე მტკივნეული მოგონებებისგან. ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გათავისუფლდებით! ესაიას 65:17-ში იეჰოვა ღმერთი აცხადებს: „რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“. შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ წარსული ტრავმით გამოწვეული ფსიქიკური ზიანი ყოველთვის დაგრჩებათ, მაგრამ საღვთო წერილი ამ მუხლით გვარწმუნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი მტანჯველი ძალა მთლიანად გაქრება.

მას შემდეგ, რაც სქესობრივი ძალადობის მიზნით ჯეინს თავს დაესხნენ, ერთი წელი გავიდა. ის დღეს კვლავ იეჰოვას მოწმეა და პიონერად (სრული დროით მქადაგებლად) მსახურობს; ახლახან მან თქვა: „მხოლოდ ჩემს თავდამსხმელზე სასამართლო პროცესის დამთავრებისა და მისი დაპატიმრების, ესე იგი თავდასხმიდან 8 თვეზე მეტის გასვლის, შემდეგ ვიგრძენი თავი ნამდვილად მშვიდად. შარშან ამ დროს ვერც კი წარმომედგინა, რომ ერთი წლის მერე თავს ასე მშვიდად ვიგრძნობდი და ბედნიერი ვიქნებოდი. დიდად მადლობელი ვარ იეჰოვასი მარადიული სიცოცხლის შესახებ შესანიშნავი იმედისა და ამ იმედის სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობის მოცემისთვის (ფსალმუნი 26:14).

თუ პტსა-ს გამო სასოწარკვეთილი და ემოციურად დაძაბუნებული ხართ, ეს იმედი აუცილებლად შეგმატებთ ძალებს.

[სურათი 8 გვერდზე]

ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება პათოლოგიურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად საჭირო ძალას შეგმატებთ.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ღვთის სიტყვის კითხვა და ლოცვა პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

[სურათი 10 გვერდზე]

მალე ყოველგვარი ტრავმა დავიწყებას მიეცემა.