არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის პოსტტრავმული სტრესი?

რა არის პოსტტრავმული სტრესი?

რა არის პოსტტრავმული სტრესი?

წლების წინათ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (პტსა), ჩვეულებრივ, ომის შედეგად განვითარებულ ნევროზს ან ომის დროს მიღებულ ფსიქიკურ ტრავმას უწოდებდნენ და, ძირითადად, მას ყოფილ სამხედრო პირთა მკურნალობისას ეცნობოდნენ. დღეისათვის ბევრი რამ შეიცვალა და პტსა-ს დიაგნოზის დასასმელად, სულაც არ არის აუცილებელი სამხედრო პირი იყოთ; საკმარისია, რაიმე ტრავმულ შემთხვევას გადაურჩეთ.

შემთხვევა შეიძლება იყოს ყველაფერი: ომიდან დაწყებული, გაუპატიურების მცდელობითა თუ ავტოკატასტროფით დამთავრებული. შეერთებული შტატების პტსა-ს ეროვნული ცენტრიდან მიღებული საინფორმაციო ფურცელი ასეთ ცნობას გვაწვდის: „პტსა-ს დიაგნოზს უსვამენ ადამიანს, რომელმაც ტრავმული შემთხვევა გადაიტანა“. და ამ შემთხვევაში „უნდა შედიოდეს რაიმე სახის რეალური ზიანი, თავდასხმა ან ფიზიკური ზიანის მიყენებისა თუ თავდასხმის საშიშროების წინაშე აღმოჩენა“.

წინა სტატიაში მოხსენიებული ჯეინი ყვება: „გავიგე, რომ მოულოდნელი ძლიერი შიში სისხლში გარკვეული ჰორმონების შემცველობის სწრაფ მატებას იწვევს; ეს ჰორმონები კი საშიშროებისადმი მეტისმეტი სიფრთხილის გრძნობას უჩენს ადამიანს. ჩვეულებრივ, საშიშროების ჩავლის შემდეგ სისხლში ჰორმონების შემცველობა ნორმალურ დონეს უბრუნდება, მაგრამ პტსა-ს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება“. არასასიამოვნო შემთხვევამ უკვე ჩაიარა, მაგრამ განცდილი შიში თითქოს სამუდამოდ დამკვიდრდა ჯეინის გონებაში და დაუპატიჟებელი სტუმარივით წასვლა აღარ უნდოდა.

თუ მსგავსი ტრავმის გადატანა მოგიწიათ და ამან თქვენზე შემდგომში მსგავსი გავლენა მოახდინა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არა ხართ გამონაკლისი. სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებით დაწერილ თავის წიგნში მწერალი ლინდა ლიდრეი განმარტავს, რომ პტსა-ს განცდა „ნორმალურია იმ ადამიანისთვის, რომელიც შემაძრწუნებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შექმნილ სიტუაციაში ვერაფერს გახდებოდა“.

მაგრამ პტსა-სთვის ნორმალურის წოდება იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე უბედურ შემთხვევას გადარჩენილ ნებისმიერ მსხვერპლს განუვითარდება ეს პათოლოგიური მდგომარეობა. ლიდრეი აღნიშნავს: „1992 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთა 94 პროცენტს პტსა-ს ტიპიური სიმპტომები აღენიშნებოდა, ხოლო 12 კვირის შემდეგ — 47 პროცენტს. 1993 წელს იმ ქალების 50 პროცენტი, რომლებმაც მინეაპოლისში Sexual Assault Resource Service-ს მიმართა მომსახურებისთვის, თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგაც აღმოაჩნდათ პტსა-ს სიმპტომები“.

ასეთი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ პტსა იმაზე მეტად გავრცელებული აშლილობაა, ვიდრე ხალხს აქვს გათვითცნობიერებული. ეს აშლილობა შეიძლება დაემართოს ყველანაირ ადამიანს და მისი გამომწვევი მიზეზი კი მრავალი სხვადასხვაგვარი შემთხვევა იყოს. ავტორები: ალექსანდრე მაკფარლენი და ლარს ვაისატი აღნიშნავენ: „ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრავმის გამომწვევი შემთხვევები მოქალაქეებს როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობის პერიოდში ხვდებათ და მრავალს, ვინც მსგავს მოვლენებს გადაურჩა, პტსა უვითარდება“. ზოგს სამედიცინო პროცედურების გავლისა თუ გულის შეტევის გადატანის შემდეგაც კი უვითარდება პტსა.

„პტსა საკმაოდ გავრცელებული აშლილობა აღმოჩნდა“, — აღნიშნავენ ზემოთ მოხსენიებული ავტორები. შემდეგ კი დასძენენ: „1 245 ამერიკელი მოზარდის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი 23 პროცენტი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ან სხვების მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედების მოწმე იყო. ამ მოზარდებში ხუთიდან ერთს პტსა განუვითარდა. აღნიშნული მონაცემის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეერთებულ შტატებში დღესდღეობით დაახლოებით 1,07 მილიონ მოზარდს აქვს პტსა“.

თუ ეს სტატისტიკური მონაცემი ზუსტია, გამოდის, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაში ძალიან ბევრი მოზარდი იტანჯება ამგვარი აშლილობით! რის გაკეთება შეიძლება მათ და მთელ მსოფლიოში იმ სხვა მილიონთა დასახმარებლად, რომლებსაც ეს აშლილობა აწუხებთ?

რის გაკეთებაა შესაძლებელი?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან რომელიმე თქვენს ნაცნობს პტსა აქვს, ქვემოთ მოყვანილი რჩევები კარგ დახმარებას გაგიწევდათ.

ეცადეთ, კვლავ მიჰყვეთ სულიერი ცხოვრების რეჟიმს. „ადგილობრივ სამეფო დარბაზში შეხვედრებს არასოდეს ვაცდენდი — ყვება ჯეინი, — მაშინაც კი, როდესაც მთელი გულისყურით ვერ ვისმენდი კრების შეხვედრაზე გამოთქმულ აზრებს, ვიცოდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც იეჰოვა ღმერთს სურდა, რომ ვყოფილიყავი. კრების წევრები, მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში, დიდ სიყვარულს ავლენდნენ და მხარში მედგნენ. ეს ძალზე ბევრს ნიშნავდა ჩემთვის“. შემდეგ დასძენს: „ძალიან დამეხმარა ფსალმუნების კითხვაც. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ გულდამწუხრებული ფსალმუნმომღერლები გარკვეულწილად ჩემს სათქმელს ამბობდნენ. მაშინ, როდესაც ლოცვაში ვერ ვახერხებდი აზრების გამოთქმას, მხოლოდ ამინს ვამბობდი“.

ნუ მოგერიდებათ, გაამხნევეთ დაზარალებული. თუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს რაიმე ტრავმული შემთხვევით გამოწვეული შემაძრწუნებელი მოგონება აწუხებს, იცოდეთ, რომ მისი რეაქცია გადაჭარბებული არ არის ან ის განზრახ არ ამუქებს თავისი მდგომარეობის სურათს. ემოციურად მოდუნების, წუხილის ან რისხვის გამო პტსა-ს მსხვერპლი შეიძლება ისე ვერ გამოეხმაუროს თქვენს მცდელობებს მათ მხარდასაჭერად, როგორც ამას თავად ისურვებდით. მაგრამ ფარ-ხმალს ნუ დაყრით! როგორც ბიბლია ამბობს: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).

დაზარალებულმა უნდა გაიაზროს და მოერიდოს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მდგომარეობას უფრო გაუმწვავებდა. ამაში შედის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება. თუმცა ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა შეიძლება დროებით შვება მოჰგვაროს ადამიანს, მათი გამოყენების შედეგად მალე მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება. ჩვეულებრივ, მათი გავლენის შედეგად ადამიანი საზოგადოებას გაურბის, არ იღებს დახმარების მსურველთაგან მხარდაჭერას, მთლიანად ეფლობა სამუშაოში, ადვილად რისხდება, ძალიან ბევრს ან ცოტას ჭამს ან რაღაც ისეთს აკეთებს, რითაც საკუთარ თავს ვნებს.

რჩევის მისაღებად მიმართეთ კვალიფიცირებულ სპეციალისტს. შეიძლება მსხვერპლს სულაც არ ჰქონდეს პტსა, მაგრამ თუ აქვს კიდეც, მის განსაკურნავად ეფექტური საშუალებები არსებობს *. თუ პროფესიულ დახმარებას იღებთ, გულწრფელი იყავით და ითხოვეთ დახმარება ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ჩვევის დასაძლევად.

გახსოვდეთ, პირველ რიგში ფიზიკური ჭრილობები იკურნება, მაგრამ მათ, ვისაც პტსა აწუხებს, მრავალგვარი ჭრილობა აქვთ: ფიზიკური, გონებრივი და ემოციური. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სხვა საშუალებები, რომლებიც გამოჯანსაღების პროცესისთვის ხელშეწყობაში დაეხმარება როგორც დაზარალებულთ, ისე მის გარშემო მყოფთ. აგრეთვე საუბარი იქნება იმ იმედის შესახებ, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ყველას, ვინც პოსტტრავმული შოკის მსხვერპლი გახდა.

[სქოლიო]

^ აბზ. 15 იეჰოვას მოწმეების მიზანი არ არის, მხარი დაუჭირონ ან რეკომენდაცია გაუწიონ მკურნალობის რომელიმე კონკრეტულ მეთოდს, იქნება ეს წამლების თუ ფსიქიატრების დახმარებით.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

პოსტტრავმული სტრესის სიმპტომები

მრავალ ტრავმაგადატანილს გონებაში ხშირად ამოუტივტივდება ხოლმე განცდილი ტრავმა. მათ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ კონტროლი გაუწიონ ასეთ მდგომარეობას ან საერთოდ თავიდან ამოიგდონ უსიამოვნო მოგონება. შედეგად შეიძლება ქვემოთ მოყვანილი სიმპტომები განუვითარდეთ:

• წარსული ტრავმის გონებაში კვლავ ცოცხლად აღდგენა — შეგრძნება, რომ თითქოს ტრავმული შემთხვევა ისევ მეორდება.

• ცუდი სიზმრები და კოშმარები.

• უცაბედი შეშინება ხმაურზე ან მოულოდნელად უკნიდან ვინმეს მოახლოებაზე.

• ემოციური არასტაბილურობა და ოფლიანობა.

• გულისცემის გაძლიერება ან სუნთქვის გაძნელება.

• ხედვით, სმენით, ყნოსვით, გემოთი და სხვა შეგრძნებებით, განცდილი ტრავმის გახსენება, რითაც მსხვერპლს კვლავ გუნება-განწყობილება უფუჭდება.

• აფორიაქება ან შიში — ისეთი შეგრძნება, თითქოს საშიშროება კვლავ უნდა გამეორდესო.

• ტრავმის ნებისმიერ შეხსენებაზე მოულოდნელად აფორიაქების, განრისხების ან გუნების გაფუჭების გამო, საკუთარი ემოციების მოთოკვის პრობლემა.

• სირთულეები გონების კონცენტრირებასთან ან საღად აზროვნებასთან დაკავშირებით.

• პრობლემები ჩაძინებასთან ან ძილის პროცესთან დაკავშირებით.

• მღელვარება და გამუდმებით საშიშროების მოლოდინი.

• ემოციურად დათრგუნვა ან ინდიფერენტულობა.

• სხვების მიმართ სიყვარულის განელება ან საერთოდ გრძნობების გამოხატვაში ინერტულობა.

• ისეთი შეგრძნება, თითქოს გარშემომყოფნი უცხონი ან არარეალური ადამიანები არიან.

• იმ საქმეებისადმი ინტერესის დაკარგვა, რომლებიც ადრე საინტერესო იყო.

• ტრავმული სიტუაციიდან მნიშვნელოვანი მომენტების გახსენების პრობლემა.

• ირგვლივ არსებული სამყაროსა და მოვლენებისაგან გარიყულობის გრძნობა.

[სურათები 5 გვერდზე]

პტსა შეიძლება მრავალგვარმა ტრავმულმა შემთხვევამ გამოიწვიოს.