არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რელიგიური ნივთების მოპარვა

„მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ევროპაში რელიგიური ნივთების მოპარვა და შემდეგ მათი გაყიდვა არ შემცირებულა“, — აღნიშნულია ფრანგულ კათოლიკურ გაზეთში „კრუა“. მოპარულ ნივთებში შედის ჯვრები, ავეჯი, ოქროსა და ვერცხლის საგნები, ქანდაკებები, ნახატები და საკურთხევლებიც კი. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში ჩეხეთის რესპუბლიკაში 30 000—40 000, ხოლო იტალიაში 88 000-ზე მეტი რელიგიური ნივთი მოიპარეს. საფრანგეთის 87 საკათედრო ტაძარიც ქურდების მთავარი სამიზნეა. 1907—1996 წლებში საფრანგეთის რელიგიური ინსტიტუტებიდან დაახლოებით 2 000 „ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებად“ მიჩნეული ნივთი მოიპარეს, რომელთა მხოლოდ 10 პროცენტზე ნაკლები დაიბრუნეს. ასეთი ქურდობების აღკვეთა ძნელია, რადგან ეკლესიებში შესვლა ადვილია და ისინი კარგად არ არის დაცული.

„სინამდვილეში არც ისეთი განსაკუთრებულები“

«ჩვენ ასე არასდროს დავმცირებულვართ — აღნიშნულია „ნიუ-საიენტისტში“. — თუმცა ვულოცავთ ერთმანეთს, რომ გენომის გაშიფვრა შევძელით, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, თავად ეს გაშიფრული გენები ცხადყოფს, რომ არც ისეთი განსაკუთრებულები ვართ, როგორც სინამდვილეში გვგონია. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მხოლოდ ხუთჯერ მეტი გენი გვაქვს ბაქტერიებზე, სამჯერ მეტი — ჭიაყელაზე და დაახლოებით ორჯერ მეტი — ბუზზე». გარდა ამისა, „ჩვენი გენების დაახლოებით 40 პროცენტი ნემატოდის (მრგვალი ჭიის) გენების მსგავსია, 60 პროცენტი — დროზოფილას (ხილის ბუზის), ხოლო 90 პროცენტი — თაგვის“. იმავე ჟურნალში ნათქვამია, რომ ადამიანის გენომის გაშიფვრის შედეგად მიღებული ცოდნა ეროვნებებზე შექმნილ წარმოდგენასაც გვიცვლის. შეიძლება ორი ადამიანი ერთმანეთს ჰგავდეს და ერთი და იმავე ეროვნების წარმომადგენელი იყოს, მაგრამ გენეტიკურად უფრო მეტად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ვიდრე ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სტანფორდის უნივერსიტეტში მომუშავე ლუიჯი კავალი-სფორცა ამბობს: „ერთი და იმავე ეროვნების ადამიანებს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ აბსურდულია, იფიქრო ეროვნულ სხვაობებზე ან, საერთოდ, ეროვნების არსებობაზეც კი.

ონკანის წყალი თუ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი?

„ბოთლებში ჩამოსხმული წყალი იმდენად კარგად იყიდება, რომ 700-ზე მეტი სახეობის წყალს ამზადებენ მთელ მსოფლიოში“, — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. მაგრამ „ხშირ შემთხვევაში ბოთლებში ჩამოსხმულ ძვირადღირებულ წყალსა და ონკანის წყალს მხოლოდ ბოთლი განასხვავებს“. როგორც „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი“ აღნიშნავს, „ბევრ ქვეყანაში ბოთლებში ჩამოსხმული წყალი, მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ უფრო ძვირი ღირს, ონკანის წყალზე უვნებელი ან სუფთა შეიძლება არ იყოს“. ონკანის წყლით სარგებლობა არა მხოლოდ თანხებს ზოგავს, არამედ გარემოს დაბინძურებისგანაც გვიცავს, რადგან ყოველწლიურად ბოთლების დასამზადებლად 1,5 მილიონი ტონა პლასტმასა გამოიყენება; „მათი წარმოებისა და გადამუშავების დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებებიდან თავისუფლდება აირები, რომლებიც კლიმატური პირობების შეცვლას იწვევენ“. „ბუნების მსოფლიო ფონდის დაცვის სუფთა წყლის საერთაშორისო პროგრამის“ ხელმძღვანელის, დოქტორ ბიკშამ გუჯეს, თქმით, „დღესდღეობით ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ონკანის წყლის დასარეგულირებლად უფრო მეტი წესია შემუშავებული, ვიდრე ბოთლებში ჩამოსასხმელი წყლის საწარმოებლად“.

პორნობიზნესი

«დღესდღეობით პორნოგრაფია უფრო შემოსავლიანია, ვიდრე პროფესიონალური ფეხბურთი, კალათბურთი და ბეისბოლი ერთად აღებული. ამერიკაში ყოველწლიურად ხალხი უფრო მეტ ფულს პორნოგრაფიაში იხდის, ვიდრე კინოს ბილეთებში და ყველა წარმოდგენასა და შოუში ერთად აღებული, — აღნიშნულია ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“, — ამერიკის შეერთებულ შტატებში პორნობიზნესი ყოველწლიურად მთლიანობაში 10 მილიარდი დოლარიდან 14 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული; მასში შედის პორნოგრაფიული არხები, საკაბელო და სატელიტური ტელევიზიით და სასტუმროს ნომრებში გაშვებული პორნოგრაფიული ფილმები, ინტერნეტის ვებ-საიტებზე არსებული პორნოგრაფიული მასალა, სექსი ტელეფონით, „სექსსათამაშოები“და... პორნოგრაფიული ლიტერატურა». სტატიაში შემდეგ ნათქვამია: „თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პორნოგრაფია 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ბროდვეიზე განლაგებული თეატრების შემოსავალი 600 მილიონს აღწევს, მაშინ პორნოგრაფია მეორეხარისხოვანი კი არა, უმთავრესი ბიზნესია“. მაგალითად გასულ წელს ჰოლივუდში 400 ახალი ფილმი გადაიღეს, მაშინ როცა პორნობიზნესის მწარმოებლებმა — 11 000 პორნოგრაფიული ვიდეოფილმი. მაგრამ ამერიკაში ძალიან ცოტა თუ აღიარებს, რომ პორნოგრაფიას უყურებს. «დღეს პორნობიზნესისნაირი ბიზნესი არ არსებობს, — აღნიშნულია „ტაიმზში“, — მას არავინ უყურებს, მაგრამ მისი ჩვენება არასდროს წყდება».

„გჯერათ ანგელოზების არსებობის?“

ზემოთ მოცემული კითხვა კვებეკში (კანადა) მცხოვრებ 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს და მათგან 66 პროცენტმა მასზე დადებითი პასუხი გასცა. როგორც კანადის „ჟურნალ დე მონრეალი“ იუწყება, ერთ-ერთი მკვლევარი ამ პროვინციაში ზებუნებრივი ძალებისადმი ასე ფართოდ გავრცელებულ რწმენას არა მხოლოდ რომის კათოლიციზმს მიაწერს, არამედ ბუდიზმის ძლიერ გავლენასაც. მაგრამ სოციოლოგი მარტან ჟოფრუა გაოცებულია იმით, რომ გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი აღიარებს ეშმაკის არსებობას. „შემაშფოთებელია, — აცხადებს ის, — ეს პოზიტიურობა. ანგელოზების არსებობის გვწამს, მაგრამ ეშმაკის — არა. ჩვენ უგულებელვყოფთ უარყოფითს“.