არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შიშის მარწუხებში

შიშის მარწუხებში

შიშის მარწუხებში

„კრინტი არ დაძრა, თორემ ყელს გამოგჭრი!“.

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვას მოწმე 17 წლის ჯეინი * ვირჯინიის (აშშ) ერთ-ერთ პარკში გორგოლაჭებით დასეირნობდა. მოულოდნელად შენიშნა, რომ პარკი თითქოს დაცარიელდა და თვითონაც წასვლა გადაწყვიტა. როდესაც გორგოლაჭების მოსახსნელად თავიანთ ავტოფურგონთან ჩაიმუხლა, ვიღაც უცნობი მიუახლოვდა. ზემოთ მოყვანილი სიტყვებით დაემუქრა, ხელი ჩაავლო და გაუპატიურების მიზნით ავტოფურგონში შეთრევა დაუპირა. გოგონამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხმამაღლა იკივლა, მაგრამ ამას თავდამსხმელი არ შეუჩერებია.

„თავი სრულიად უმწეოდ, გალიაში მომწყვდეული ჩიტივით, ვიგრძენი, — იხსენებდა მოგვიანებით ჯეინი, — მაგრამ კივილსა და ბრძოლას მაინც განვაგრძობდი. ბოლოს ღმერთს ხმამაღლა მოვუხმე და ვთხოვე: იეჰოვა, გთხოვ, ნუ დაუშვებ ამას!“. როგორც ჩანს, ამან თავდამსხმელი შეაშინა. მან მოულოდნელად ხელი უშვა თავის მსხვერპლს და თვალს მიეფარა.

როგორც კი მოძალადე თავის მანქანაში შეხტა, აცახცახებული ჯეინი ავტოფურგონში ჩაიკეტა. ხელი სტაცა მობილურ ტელეფონს და შეეცადა, საკუთარი თავი ხელში აეყვანა. დაურეკა პოლიციას და დაწვრილებით აღუწერა ეჭვმიტანილის მანქანა; აგრეთვე ჩააწერინა ამ მანქანის ნომერი, რისი წყალობითაც თავდამსხმელი რამდენიმე წუთში დააკავეს.

დასრულდა ამით ყველაფერი?

დიახ, მაგრამ არა მაშინვე. ჯეინის ტანჯვა სწორედ მაშინ დაიწყო. თუმცა პოლიცია და გაზეთები აქებდნენ მას კრიტიკულ მდგომარეობაში სხარტი და საღი აზროვნების შენარჩუნებისთვის, მაგრამ პირველი შოკის თანდათანობით გავლის შემდეგ ჯეინი სრულიადაც არ გრძნობდა, რომ საღი აზროვნება ჰქონდა. „რამდენიმე კვირის შემდეგ ვიგრძენი, რომ თითქოს ემოციურად დაცლილი ვიყავი, — ჰყვება ის, — გამუდმებით შინაგან დაძაბულობას ვგრძნობდი, რაც ძილს მიფრთხობდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ ისე გამომფიტა, რომ სწავლა ან გონების კონცენტრირება აღარ შემეძლო. აგრეთვე დროდადრო პანიკაში ვვარდებოდი. ერთხელ სკოლაში მხარზე ხელი დამადო თანაკლასელმა, რომელიც ოდნავ წააგავდა ჩემს თავდამსხმელს და დრო მკითხა, მე კი შიშისგან თითქმის გავთავდი“.

ჯეინი ამბობს: „საცოდავ მდგომარეობაში ჩავვარდი. მეგობრებთან ურთიერთობა გავწყვიტე, მარტოობამ კი დეპრესია უფრო გამიღრმავა. მომხდარში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და სინანულით ვიხსენებდი იმ დროს, როდესაც ბედნიერი და მიმნდობი ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის ჯეინი აღარ ვიყავი“.

ჯეინს პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის (პტსა) დამახასიათებელი ზოგი ტიპიური სიმპტომი აღენიშნებოდა. რა არის პტსადა რა შეიძლება გაკეთდეს მისი სიმპტომებით დატანჯულ ადამიანთა დასახმარებლად? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.