არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი სხეულის მიკროსკოპული „სატვირთო მანქანები“

ჩვენი სხეულის მიკროსკოპული „სატვირთო მანქანები“

ჩვენი სხეულის მიკროსკოპული „სატვირთო მანქანები“

სულ ხუთიოდე დღის წინათ ის ბირთვის მქონე უჯრედი იყო, მაგრამ მომწიფებისა და გამრავლების ინტენსიური პერიოდის გავლის შემდეგ, ძლიერი შეკუმშვის შედეგად, თავისი ბირთვი გამოაძევა. ახლა კი რეტიკულოციტია. ეს რაღა არის? რეტიკულოციტი არის ახალგაზრდა, მოუმწიფებელი, სისხლის წითელი უჯრედი, რომელიც მზად არის სისხლის ნაკადში გადასასვლელად. 2—4 დღის შემდეგ ის მთლიანად მომწიფებულ სისხლის წითელ უჯრედად იქცევა.

ეს პატარა უჯრედი ძალიან ჰგავს სატვირთო მანქანას. „ტვირთის გადამზიდი“ არის ჰემოგლობინი, ცილა, რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახდენს. გამოთვლილია, რომ თავისი ოთხთვიანი არსებობის განმავლობაში, ეს „სატვირთო მანქანა“ ორგანიზმში დაახლოებით 250 კილომეტრს გადის. თქვენს სხეულში დაახლოებით 10 მილიარდი კაპილარია (ძალიან პატარა სისხლძარღვი). თუ ამ კაპილარებს ერთმანეთს მივაბამდით, ისინი ორჯერ შემოსწვდებოდნენ დედამიწას. ორგანიზმის ყველა ნაწილისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად ტრილიონობით ერითროციტია (სისხლის წითელი უჯრედები) საჭირო.

ეს ერთი ბეწო „სატვირთო მანქანა“ თქვენი სისხლის ნაკადში თითქმის ყოველთვის მოძრაობს. მისი სიჩქარე მდგომარეობაზეა დამოკიდებული. უჯრედი უმაღლეს სიჩქარეს, დაახლოებით 120 სანტიმეტრს წამში, გულიდან გამომავალ სისხლის „მთავარ მაგისტრალში“, აორტაში, ავითარებს. სხეულის „მეორე ხარისხოვან გზებზე“ მისი სიჩქარე თანდათანობით ეცემა და პერიფერიის კაპილარებში 0,3 მმ/წმ-მდე დადის.

სად ჩნდება სისხლის წითელი უჯრედები?

ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების უმეტესობა ძვლის ტვინში წარმოიქმნება. ყოველდღიურად თქვენი ძვლის ტვინი სხეულის ყოველ კილოგრამზე 2,5 მილიარდ წითელ უჯრედს, 1 მილიარდ გრანულოციტს (თეთრ უჯრედებს) და 2,5 მილიარდ თრომბოციტს წარმოშობს. ამით ხდება ყოველდღიურად ორგანიზმის მიერ დაკარგული უჯრედების კომპენსირება. ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ყოველ წამში მილიონობით წითელი უჯრედი იშლება და იცვლება ახლით.

ძვლის ტვინიდან სისხლის ნაკადში მოსახვედრად მოუმწიფებელი წითელი უჯრედი ძვლის ტვინის პატარა სისხლძარღვის (სინუსოიდის) გარეთა კედელს უახლოვდება, ძვრება ვიწრო ნაპრალში და სისხლში გადადის. დაახლოებით სამი დღის განმავლობაში მასში იქმნება ჰემოგლობინი. მაგრამ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, უკვე მომწიფებული სისხლის წითელი უჯრედი, ანუ ერითროციტი, წყვეტს ჰემოგლობინის წარმოქმნას.

სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე

მე-17 საუკუნეში ექიმებმა დაადგინეს, რომ არსებობს სისხლის მიმოქცევის ორი წრე. სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში თქვენი ორგანიზმის მიკროსკოპული „სატვირთო მანქანები“, წითელი უჯრედები, გულის მარცხენა ნაწილიდან გამოდიან და ქსოვილებამდე აღწევენ. ქსოვილებში ისინი ტოვებენ ჟანგბადს და ნახშირორჟანგით იტვირთებიან. ამ პროცესს შინაგანი სუნთქვა ეწოდება. შემდეგ წითელი უჯრედები გულში ბრუნდებიან. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის დროს, „სატვირთო მანქანები“ ფილტვებისკენ მიემართებიან. აქ ისინი ტოვებენ თავიანთ ტვირთს (ნახშირორჟანგს) და ჟანგბადით იტვირთებიან. ასე რომ, სისხლის მიმოქცევის მცირე წრე თქვენს ორგანიზმს სუნთქვის საშუალებას აძლევს.

რა ხდება სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობის დროს?

ზოგჯერ სისხლში წითელი უჯრედების შემცველობა ნორმაზე დაბალია. ამას ექიმები ანემიას უწოდებენ. ანემიის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, მათ შორისაა: 1) სისხლის წითელი უჯრედების წარმოშობისა და მომწიფების პროცესის დარღვევა, 2) ამ უჯრედების გაძლიერებული დაშლა და 3) სისხლის დაკარგვა. ანემია შეიძლება ქრონიკული ანთებით ან სიმსივნითაც იყოს გამოწვეული.

პრობლემას შეიძლება სისხლში ზომაზე მეტი ან ნაკლები რკინის შემცველობაც იწვევდეს. როდესაც რკინის შემცველობა ძალზე დაბალია, შეუძლებელია წითელი უჯრედების ნორმალურად მომწიფება. ამის გამო უჯრედები შეიძლება ჩვეულებრივზე პატარები და მკრთალები იყოს. ხშირ შემთხვევაში რკინით მკურნალობა მდგომარეობას ასწორებს. ზოგჯერ სისხლში რკინის შემცველობა ძალიან მაღალია. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც დაზიანებული წითელი უჯრედები იშლება და იქ არსებული რკინის რაოდენობა სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის. თანდათანობით ეს მთელ ორგანიზმში ვრცელდება. განსაკუთრებით საშიშია ასეთნაირად გულის დაზიანება. ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები თითქმის ყოველთვის გულის ქრონიკული უკმარისობით იღუპებიან.

მრავალი წიგნი დასჭირდებოდა ყველა იმ ფუნქციის აღწერასა და ახსნას, რომელსაც სისხლის წითელი უჯრედები თქვენს სხეულში ასრულებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აქ მხოლოდ ნაწილობრივ აღწერილი მათი საოცარი სირთულე გვიჩვენებს, თუ რამდენად ბრძენია ამ უჯრედებისა და სიცოცხლის შემოქმედი. ამ დიდებულ და გონიერ შემოქმედზე ერთმა, ძველი დროის მისმა თაყვანისმცემელმა, თქვა: „მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ“ (საქმეები 17:28).