მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ციმბირში გადასახლება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ფიოდორ კალინის ისტორიისთვის, რომელიც დაიბეჭდა სტატიების სერიაში „რელიგია რუსეთში — რა ელის მას მომავალში?“ (8 მაისი, 2001). გული ამიჩუყა იმის წაკითხვამ, თუ როგორ გადაასახლეს მისი ოჯახი ციმბრიში, მაგრამ მაინც როგორი ერთგულნი და სიხარულით აღსავსენი დარჩნენ ყველაზე გაუსაძლის პირობებშიც კი. რამდენიმე წლის წინათ შესაძლებლობა მქონდა, ვწვეოდი მოლდავეთში მცხოვრებ ჩვენს ძმებს და არასდროს დამავიწყდება ციმბირში გადასახლებასთან დაკავშირებული მათი ისტორიები. იეჰოვაზე მათმა მინდობამ და რწმენამ მეც წამახალისა, რომ ერთგული დავრჩენილიყავი.
ჯ. ფ. (შვედეთი).
ყრუ-მუნჯი. გმადლობთ ჯანის ადამსის ბიოგრაფიის — „სიბრმავემ და სიყრუემ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნაში არ შემიშალა ხელი“ — დაბეჭვდისთვის (22 აპრილი, 2001 [რუს.]). ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ყრუ-მუნჯი ადამიანი ასე გამამხნევებდა. მე და ჩემს ქმარს უამრავ დაავადებასთან გვიხდება ბრძოლა, ფიზიკური იქნება ეს თუ ემოციური. ასეთი სტატიები კი რწმენას გვიმტკიცებს, რომ ბოლომდე გავუძლოთ.
ფ. ჯ. (შეერთებული შტატები).
ხშირად არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და, შესაძლოა, ქრისტიანული კრების შეხვედრებს უბრალოდ თავის ტკივილის გამო ვაცდენთ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანისს სახლში დარჩენის მიზეზი ჰქონდა — დეპრესიითა და ცუდი მოპყრობით იტანჯებოდა — იეჰოვას ენდობოდა, რომ ის სულიერად აქტიური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭირო ძალებს მისცემდა.
ს. დ. (იტალია).
მე კარგი ჯანმრთელობა მაქვს და ჩემი შემთხვევა ჯანისის შემთხვევისგან განსხვავდება. მაგრამ იმის გამო, რომ სკოლაში სწავლისას მჩაგრავდნენ და მამცირებდნენ, ხშირად დეპრესიაში ვვარდები. ტირილით ვიკლავ თავს და საშინელი გრძნობები მეუფლება. თანაქრისტიანები მამხნევებენ და მშობლებიც მხარში მიდგანან. დიდ მადლობას გიხდით ჯანის ადამსის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისთვის. ამ ბიოგრაფიამ გამბედაობა შემმატა.
მ. ტ. (იაპონია).
პაპა-ბებია. გმადლობთ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ დაბეჭდილი სტატიისთვის „რატომ უნდა გავიცნო უკეთ ჩემი პაპა და ბებია?“ (8 მაისი, 2001). მე და ბებიას განსაკუთრებული, ახლო ურთიერთობა გვქონდა. როდესაც ჩემი მშობლები განქორწინებას აპირებდნენ, ბებიას ვეკითხებოდი ყველაფერს და მასთან ვტიროდი. ბებია ყოველთვის გვერდში მედგა. მას დავყავდი საქადაგებლად და მსახურებისადმი სიყვარულიც მანვე ჩამინერგა. ის ჩემთვის მაგალითი იყო და ოთხი წლის წინათ მის მსგავსად, მეც სრული დროით მქადაგებელი გავხდი. მას შემდეგაც კი, რაც ალცჰეიმერით დაავადდა და ვეღარ მცნობდა, თვალები უბრწყინავდა ხოლმე, როდესაც სამოთხის შესახებ ვუკითხავდი ბიბლიიდან მუხლებს. ის 2000 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს პაპა-ბებიის დაფასებას ასწავლით.
კ. რ. (შეერთებული შტატები).
უკვე ათი წელია, რაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. რადგან დედაჩემს ვუცხადებდი სოლიდარობას, მამაჩემის ოჯახთან კავშირი გავწყვიტე. მაგრამ ამ სტატიამ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა პაპა-ბებიასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ახლა უკვე ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები მაქვს, რომ ეს ურთიერთობა აღვადგინო.
ჯ. ვ. (შეერთებული შტატები).
თუმცა ჩემი პაპა-ბებია, როგორც დედის მხრიდან, ისე მამის მხრიდან, ქრისტიანები არ არიან, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კრებაშიც მყავს ერთი „ბებია“ — ქრისტიანი და — რომელიც 60-ზე მეტი წლისაა. როდესაც პრობლემები მაქვს, ის ბიბლიას მიკითხავს და მამხნევებს. ზოგჯერ უბრალოდ ჩამკიდებს ხოლმე ხელს ან გადამეხვევა. ხანდახან არც კი იგრძნობა, რომ თანატოლები არა ვართ.
მ. კ. (იაპონია).