მრავალი მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერა და თანაგრძნობა
მრავალი მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერა და თანაგრძნობა
შეერთებული შტატების ყველა კუთხიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ დასახმარებლად მოხალისეები. ერთ-ერთი ასეთი მოხალისე იყო 29 წლის მეხანძრე ტომი (სურათზე ზემოთ) ოტავადან (კანადა). მან მოუთხრო „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტებს: „ეს მოვლენები ტელევიზიით ვიხილე და ნიუ-იორკელი მეხანძრეებისთვის მორალური მხარდაჭერის სურვილი გამიჩნდა. ნიუ-იორკში პარასკევს ჩავედი, შაბათს კი უკვე ტრაგედიის ადგილზე ვიყავი, რომ ხალხს მივხმარებოდი. შევუერთდი ჯგუფს, რომლის წევრებიც ჩამწკრივებულიყვნენ და ერთმანეთს ხელიდან ხელში ნამსხვრევებით სავსე ვედროებს აწვდიდნენ.
ნამსხვრევებს საგულდაგულოდ ვამოწმებდით, რომ აღმოგვეჩინა ისეთი რამ, რაც რომელიმე დაღუპული მეხანძრის ამოსაცნობად გამოგვადგებოდა. მე კარის შესამტვრევი ინსტრუმენტი და შლანგის შემაერთებელი დეტალი ვიპოვე. საკმაოდ შრომატევად საქმეს მოვკიდეთ ხელი. მასში დაახლოებით 50 მოხალისე იღებდა მონაწილეობას და მიუხედავად ამისა, ერთი ნაგვის მანქანის გავსებას ორი საათი მოვანდომეთ.
ორშაბათს, 17 სექტემბერს ნანგრევებიდან რამდენიმე მეხანძრის გვამი გამოვათრიეთ, რომლებიც წინა სამშაბათს პირველები შეცვივდნენ შენობაში. არასოდეს დამავიწყდება ეს სცენა — მაშველებიდან ყველამ შეწყვიტა მუშაობა, ჩაფხუტები და მუზარადები მოიხადეს და დადგნენ — ჩვენი დაღუპული კოლეგების პატივისცემის ნიშნად.
როდესაც ვიდექი და იქაურობას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რამდენად მყიფე და წამიერია ჩვენი სიცოცხლე. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩემს ცხოვრებაზე, სამსახურსა და ოჯახზე. რისკის მიუხედავად ძალიან მადლიანი სამუშაო მაქვს — შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო და ბევრის სიცოცხლეც კი იხსნა“.
მოწმეები პრაქტიკულ დახმარებას სწევენ
ტრაგედიის პირველ ორ დღეს დაახლოებით 70-მა ადამიანმა შეაფარა თავი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოს. ზოგიერთს, ვინც სასტუმროს დანგრევის შედეგად ღამის გასათევი ადგილი და ბარგი დაკარგა, ადგილი მიუჩინეს და ტანსაცმლით უზრუნველყვეს, მათ დაპურებაზეც იზრუნეს, და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილმა ქრისტიანმა უხუცესებმა ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
იეჰოვას მოწმეებმა უბედურების ადგილას მომუშავე სამძებრო-სამაშველო რაზმს საჭირო აღჭურვილობა და ხელსაწყოებიც გაუგზავნეს. მოწმეებმა სახანძრო დეპარტამენტს ტრანსპორტის გამოყენება შესთავაზეს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეხანძრეების მიყვანა იმ ტერიტორიამდე, სადაც სამაშველო საქმე მიმდინარეობდა. 39 წლის მოწმემ, რიკარდომ (მარჯვნივ, ზემოთ), რომელიც სანიტრად მუშაობს, სხვა ასობით ადამიანთან ერთად გამწმენდ სამუშაოებში თავისი წვლილი შეიტანა. ყოველდღიურად ტონობით ნამსხვრევები გაჰქონდათ. რიკარდომ
მოგვითხრო: „შემზარავი სანახაობა იყო, განსაკუთრებით კი მეხანძრეებისთვის, რომლებიც თავიანთ დაღუპულ მეგობრებს ეძებდნენ. დავინახე, როგორ გამოიყვანეს ნანგრევებიდან ერთი ჯერ კიდევ ცოცხალი მეხანძრე; სხვა — ჩამოვარდნილ სხეულს მოუკლავს. ბევრი მეხანძრე ქვითინებდა; მეც პირქვე დავემხე და ავტირდი. მათზე მამაცი იქ არავინ მეგულებოდა“.„დრო და შემთხვევა“
ათასობით ადამიანი დაიღუპა ამ კატასტროფის დროს. მათ შორის სულ მცირე, 14 მოწმეა, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე ან მის მახლობლად იმყოფებოდნენ. 65 წლის ჯოის კამინგზი, რომელიც წარმოშობით ტრინიდადიდანაა, კბილის ექიმთან უნდა მისულიყო, რომლის კაბინეტიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარეობდა. სამწუხაროდ, მისი იქ ყოფნა თითქმის იმ დროს დაემთხვა, როდესაც უბედურება დატრიალდა. როგორც ჩანს, იგი კვამლში გაეხვია, რის შემდეგაც ახლომდებარე საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად ჯოისი „დროისა და შემთხვევის“ მსხვერპლი გახდა (ეკლესიასტე 9:11). ჯოისი გულმოდგინე მახარობელი იყო.
კალვინ დოუსონი (იხილეთ ჩარჩო) სამხრეთი კოშკის 84-ე სართულზე მდებარე საბროკერო ფირმაში მუშაობდა. ის თავის ოფისში იმყოფებოდა, როდესაც შემსკდარი თვითმფრინავის მიერ ხვრელგაჩენილი ჩრდილო ცათამბჯენი დაინახა. მისმა დამსაქმებელმა, რომელიც იმჟამად ოფისში არ იმყოფებოდა, დაურეკა, რომ გაეგო, რა მოხდა. აი, რა მოგვითხრო მან: «კალვინი ეცადა იმის თქმას, რასაც ხედავდა. მან მითხრა: „ხალხი ფანჯრებიდან ხტება!“. ვუთხარი, რომ ყველას დაეტოვებინა იქაურობა და გამოქცეულიყვნენ». კალვინმა ამის გაკეთება ვეღარ მოახერხა. მისმა უფროსმა განაგრძო: „კალვინი შესანიშნავი ადამიანი იყო. მას ყველა აფასებდა, ისინიც კი, ვინც მორწმუნეები არ იყვნენ. ჩვენ აღტაცებული ვიყავით მისი ღვთისმოსაობითა და ჰუმანურობით“.
კიდევ ერთი მოწმე, რომელიც დაიღუპა, ჯეიმზ ამატო (მარჯვნივ დაბლა, წინა გვერდზე), ოთხი შვილის მამა და ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის კაპიტანი იყო. ისინი, ვინც მას იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ის იმდენად გულადი იყო, რომ „ალში გახვეულ
შენობაში მაშინაც კი უშიშრად შევარდებოდა ხოლმე, როცა ხალხი იქიდან გამორბოდა“. ჯეიმზს სიკვდილის შემდეგ ბატალიონის მეთაურის წოდება მიენიჭა.სხვა მოწმე, რომელსაც მეხანძრედ მუშაობის შვიდი წლის სტაჟი ჰქონდა, ჯორჯ დიპასკვაილი იყო. მას ჰყავდა მეუღლე, მელისა, და ორი წლის ქალიშვილი, ჯორჯია როუზი. ის უხუცესად მსახურობდა კუნძულ სტატენის იეჰოვას მოწმეთა კრებაში. სამხრეთი კოშკის ჩამოქცევისას ჯორჯი ამავე შენობის მე-10 სართულზე იმყოფებოდა. ის სხვების გადარჩენას ეცადა, მაგრამ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ესენი არიან მხოლოდ ორნი იმ ასობით მეხანძრის, პოლიციელისა და სასწრაფო დახმარების მუშაკთაგან, რომლებიც დაიღუპნენ იმ დროს, როცა ვაჟკაცურად ცდილობდნენ ხალხის გამოხსნას. მათი სიმამაცე შეუძლებელია არ აღინიშნოს. მოგვიანებით, ქალაქ ნიუ-იორკის მერმა რუდოლფ ჯულიანიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა მეხანძრეების ჯგუფს: „თქვენი მზადყოფნა, რომ უაღრესად რთულ ვითარებებში უკან არ დაგეხიათ, ყოველ ჩვენგანს აღაფრთოვანებს. . . და არავის არ გამოუვლენია იმაზე მეტი სიმამაცე, ვიდრე ქალაქ ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტს“.
მსახურება ნუგეშსაცემად
ტრაგედიის მომდევნო დღეებში შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა თითქმის 900 000-მა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა მთელ სახელმწიფოში მგლოვიარეთა სანუგეშოდ გამართულ კამპანიაში. მოყვასისადმი სიყვარულმა აღძრა ისინი, რომ დამწუხრებულები ენუგეშებინათ (მათე 22:39). მსახურებისას ისინი იმასაც ცდილობდნენ, რომ ადამიანების ყურადღება იმ ერთადერთი ნამდვილი იმედისკენ მიეპყროთ, რომელიც დამწუხრებული კაცობრიობისთვის არსებობს (2 პეტრე 3:13).
მოწმეები დიდი თანაგრძნობით ესაუბრებოდნენ ხალხს. მათი მიზანი იყო, ბიბლიის გამოყენებით ენუგეშებინათ ხალხი და მიებაძათ ქრისტესთვის, რომელმაც შვების მომცემი მაგალითი დაგვიტოვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).
მანჰეტენის ადგილობრივი კრების უხუცესებს დართეს იმის ნება, რომ ტრაგედიის ადგილზე მისულიყვნენ და ნუგეშისცემის მიზნით მაშველებს დალაპარაკებოდნენ. ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი, ვინც მონაწილეობდა ამ მსახურებაში, იხსენებს: „მამაკაცებს თვალზე ცრემლი მოადგათ, როდესაც ბიბლიური მუხლები ამოვუკითხეთ“. მაშველი რაზმის წევრები ღამეს ნავსადგურში გაჩერებულ გემებზე ათევდნენ. „ამ მამაკაცებისთვის მომხდარის ხილვა იმდენად აუტანელი იყო, რომ თავი ჩაეღუნათ და სახეზე ტანჯვა აღბეჭდოდათ. გვერდით ჩამოვუსხედით და ბიბლიიდან რამდენიმე მუხლი წავუკითხეთ. მათ დიდი მადლობა გადაგვიხადეს მოსვლისთვის და გვითხრეს, რომ ნამდვილად ესაჭიროებოდათ ეს ნუგეში“.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ადამიანებს ხშირად რაიმე მანუგეშებლის წაკითხვა სურდათ. მათ ათასობით ბროშურა მიიღეს. აი ზოგიერთი მათგანი: „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“, „იარსებებს ოდესმე მსოფლიო ომის გარეშე?“ და „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა „გამოიღვიძეთ!“-ის ორი ნომრის გარეკანზე წარმოდგენილ თემებს: „ტერორიზმის ახალი სახე“ (2001 წლის 22 მაისი) და „როგორ გავუმკლავდეთ პოსტტრავმულ სტრესს“ (2001 წლის 22 აგვისტო [ქართულად გამოიცა 8 დეკემბერს]). მოწმეები თანამოსაუბრეებს ძირითადად აღდგომის შესახებ ბიბლიურ იმედზე უმახვილებდნენ ყურადღებას (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). ალბათ, მილიონობით ადამიანის ყურამდე მიაღწია ამ მანუგეშებელმა ცნობამ.
ამან კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს
ქალაქ ნიუ-იორკში მომხდარი ტრაგედიის მსგავსმა მოვლენებმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. მხოლოდ პირადი ეგოისტური მიზნებისკენ ვისწრაფვით, თუ ვცდილობთ, რომ სხვებს ბედნიერება მივანიჭოთ? წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით [„მოკრძალებით“, აქ] სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8). მოკრძალებამ უნდა აღგვძრას, რომ ღვთის სიტყვას მივმართოთ, რათა მისი მეშვეობით გავიგოთ, თუ რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის, და რომ მალე ღმერთი დედამიწაზე სამოთხის პირობებს აღადგენს. თუკი ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირებების შესახებ მეტის გაგება გსურთ, გთხოვთ, თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდით (ესაია 65:17, 21—25; გამოცხადება 21:1—4).
[ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]
ტატიანას ლოცვა
კალვინ დოუსონის ქვრივმა, ლენამ, მოგვითხრო იმ ლოცვის შესახებ, რომელიც მისმა შვიდის წლის გოგონამ წარმოთქვა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც გაიგო, რომ მამამისი შინ აღარ დაბრუნდებოდა. ლენამ რომ ილოცა, მერე ტატიანამ ჰკითხა: „დედი, შეიძლება ვილოცო?“. დედა დაეთანხმა. ტატიანამ ილოცა: „იეჰოვა, ჩვენო ზეციერო მამავ, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საჭმლისთვის და სიცოცხლის ამ დღისთვის. და კიდევ გვინდა გთხოვოთ, რომ შენი სულით იყო ჩემთან და დედასთან, რომ უფრო გავძლიერდეთ. და კიდევ გვინდა გთხოვოთ, რომ შენი სულით იყო მამასთან, ისიც ძლიერი რომ იყოს, როცა დაბრუნდება. და როცა დაბრუნდება, იქნება ლამაზი, ძლიერი, ბედნიერი და ჯანმრთელი და ჩვენც ისევ ვნახავთ მას. იესოს სახელით. . ., და კიდევ არ დაგავიწყდეს დედას გაძლიერება. ამინ“.
ლენა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ტატიანას ესმოდა ყველაფერი. დედამ უთხრა გოგონას: „ტატიანა, რა კარგად ილოცე. მაგრამ, საყვარელო, არ იცოდი, რომ მამა აღარ დაბრუნდება?“. ტატიანას აღელვებისგან უცებ სახე ეცვალა. „აღარ დაბრუნდება?“ — იკითხა მან. „არა, — უთხრა დედამ, — მგონი გითხარი ამის შესახებ. მეგონა, მიხვდი, რომ მამა აღარ დაბრუნდება“. ტატიანამ უთხრა: „აკი ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ის ახალ ქვეყნიერებაში დაბრუნდებაო!“. ახლა კი ლენა მიხვდა, რასაც გულისხმობდა ბავშვი და უთხრა: „მაპატიე, ტატიანა, არასწორად გაგიგე. მეგონა, თითქოს ფიქრობდი, რომ მამა ხვალ დაბრუნდებოდა“. ლენამ აღნიშნა: „მესიამოვნა, რომ ახალი ქვეყნიერების ნამდვილად სჯერა“.