რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ანტივირუსული ჩაი
წინასწარმა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ „ჩაის უდიდესი ასორტიმენტი ვირუსებს ან უმოქმედოს ხდის, ან კლავს“, — იუწყება რეიტერის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტო. რამოდენიმე სახეობის მწვანე და შავი ჩაი, იქნებოდა ეს ცხელი თუ ყინულით, ისეთი ვირუსებით დაავადებული ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენეს, როგორიცაა ჰერპესის პირველი და მეორე ფორმა და ბაქტეროფაგი. ნიუ-იორკის ფეისის უნივერსიტეტის მკვლევარის, დოქტორ მილტონ შიფენბაუერის სიტყვების თანახმად „გაყინული თუ ცხელი ჩაი სულ რამდენიმე წუთში ანადგურებს ან უმოქმედოს ხდის ჰერპესის გამომწვევ ვირუსებს“. ჩაიმ ანალოგიური შედეგი გამოიღო ბაქტეროფაგის ვირუსთანაც. მიუხედავად იმისა, რომ მთლად გასაგები არ არის, თუ როგორ ერევა ჩაი ამ ვირუსებს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძალიან სუსტი ჩაიც კი ეფექტურია. აღმოჩნდა, რომ შავ ჩაის უფრო მეტი ანტივირუსული მოქმედების უნარი აქვს, ვიდრე მწვანე ჩაის.
სატელეფონო ვალებში ჩავარდნა
ავსტრალიაში 18 წლამდე ასაკის „ახალგაზრდები მობილური ტელეფონის მაღალი ტარიფების გამო ვალებში არიან ჩავარდნილი“, — ნათქვამია გაზეთ „სანდეი ტელეგრაფში“. რადგან მათზე ძლიერ ზეგავლენას რეკლამა ახდენს და კრედიტი სატელეფონო საუბრებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია, ზოგი ახალგაზრდის სატელეფონო გადასახადი ათასობით დოლარს აღწევს. ახალგაზრდებში ასეთი ტენდენციის ზრდასთან დაკავშირებით ავსტრალიის პატიოსანი ვაჭრობის მინისტრმა, ჯონ უოთკინზმა თქვა: „ზოგი ახალგაზრდა სკოლას ვალებით ამთავრებს, არასახარბიელო საკრედიტო რეიტინგით. ეს კი ახალი ცხოვრების არც თუ ისე კარგი დასაწყისია“. ასეთ ხაფანგში რომ არ გაებნენ, ახალგაზრდებისთვის ამ გაზეთში შემდეგი რჩევებია მოცემული: აუცილებლად გაიგეთ, რა ეღირება თქვენი სატელეფონო საუბარი. გამოიყენეთ ისეთი მობილური ტელეფონები, რომელთა სარგებლობის ფასსაც წინასწარ გადაიხდით, რომ აღარ დაგიგროვდეთ გადასახადები. ეცადეთ, მაშინ დარეკოთ, როდესაც საუბარი იაფი ღირს.
ფარული საშიშროება საფრანგეთში
როგორც გაზეთი „ფიგარო“ იუწყება, ვარაუდობენ, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 1,3 მილიონი ტონა საბრძოლო მოწყობილობაა საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩაფლული. ეს ყოფილი ფრონტის ხაზი სავსეა ბომბებითა და ჭურვებით, რაც საშიშროებას უქმნის ხალხსა და გარემოს. ბევრი ერთ დროს დაუსახლებელი ტერიტორია ახლა დასახლებულია. ამიტომ ნაღმის გაუვნებლების ჯგუფი ყოველწლიურად ათასობით გამოძახებას იღებს. მიუხედავად ამისა, ასობით ინციდენტი მოხდა და 1945—1985 წლებში; 600-ზე მეტი სპეციალისტი დაიღუპა თავიანთი დავალების შესრულების დროს. თუ ასე გაგრძელდა, სპეციალისტების აზრით, ამ არსენალის გაუვნებელყოფას 700 წელი დასჭირდება!
წყალი ტურისტებისთვის?
„მსოფლიოს უამრავი კურორტი ვერ უძლებს ტურისტების უწყვეტ ნაკადს, რომელთა მოთხოვნილებები — უფრო მეტი საცურაო აუზი და გოლფის სათამაშო მოედანი — ამცირებს მათი წყლის მარაგს“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „გარდიანი“. „ეს ძალიან სერიოზული და გლობალური ხასიათის პრობლემაა, — ამბობს ტურისტული ფირმის წარმომადგენელი თრიშა ბარნეტი, — აფრიკის ზოგიერთ სოფელში მარტო ერთი ონკანია, მაშინ, როდესაც თითოეულ სასტუმროს ყოველ ოთახს ონკანი და შხაპი აქვს“. მსოფლიო დაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ესპანეთში ერთი ტურისტი 880 ლიტრ წყალს ხარჯავს დღეში, როდესაც ადგილობრივი მოსახლე — მხოლოდ 250 ლიტრს. 18-ხვრელიანი გოლფის სათამაშო მოედანმა უწყლო ქვეყანაში, შეიძლება იმდენივე წყალი წაიღოს, რამდენიც 10 000 კაციანმა ქალაქმა. გაერთიანებული ერების სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ის წყალი, რომელსაც 100 ტურისტი იყენებს 55 დღის განმავლობაში, 15 წლის განმავლობაში სოფელში მცხოვრები 100 ადამიანის სამყოფ ბრინჯს მოიყვანდა.
თამბაქოს წევასთან დაკავშირებული საშიშროებები
„ფილტვების კიბოთი დაღუპული ყოველი რვა არამწევლიდან ერთის სიკვდილის მიზეზი პასიური მწევლობა იყო“, — ამბობს ნაოჰიტო იამაგუჩი, რომელიც მუშაობს „იაპონიის კიბოს ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში“. მეცნიერებმა ეს დასკვნა იმ 52 000 ადამიანის გამოკვლევის შემდეგ გამოიტანეს, რომლებიც ფილტვების კიბოთი დაიღუპნენ. გარდა ამისა, „ხანგრძლივმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნახშირბადის მონოქსიდი და კანცეროგენი მწევლის გარშემო მყოფებზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე თვითონ მასზე“, — ნათქვამია გაზეთ „ასაჰი სიმბუნში“. 1999 წელს იაპონიაში მთავრობის მიერ ჩატარებული 14 000 ადამიანის გამოკვლევამ ცხადყო, რომ მათგან 35 პროცენტს სამსახურში ან სკოლაში და 28 პროცენტს სახლში თამბაქოს კვამლის სუნთქვა უხდებათ. „თამბაქოს მწევლებმა უნდა გაითვითცნობიერონ, რომ ასეთ დიდ ზიანს აყენებენ არამწევლებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ორი ჯგუფი ერთად არ იყოს“, — ამბობს იამაგუჩე.