არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა მიიღონ თუ არა ქრისტიანებმა მონაწილეობა საახალწლო დღესასწაულში?

უნდა მიიღონ თუ არა ქრისტიანებმა მონაწილეობა საახალწლო დღესასწაულში?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა მიიღონ თუ არა ქრისტიანებმა მონაწილეობა საახალწლო დღესასწაულში?

„ახალი წლის წინა დღეს, ნაშუადღევს უჩვეულო სიწყნარეა ხოლმე, — ამბობს ბრაზილიელი ექიმი, ფერნანდო, — ღამით კი, 11 საათისთვის, საავადმყოფოს ზღვა ხალხი აწყდება — ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილთა, ავტოკატასტროფაში მოყოლილ მოზარდთა თუ ნაცემი ცოლების ნაკადს ბოლო არ უჩანს. ამ უბედურებების გამომწვევი მიზეზი თითქმის ყოველთვის ალკოჰოლია“.

თუ გავითვალისწინებთ ზემოხსენებულს, ალბათ არ გაგაოცებთ ის, რომ ერთ-ერთმა ბრაზილიურმა ჟურნალმა წლის პირველი დღე ნაბახუსევთა საერთაშორისო დღედ მოიხსენია. ევროპის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ: „საახალწლო დღესასწაული განცხრომის დროა, — შემდეგ დასძენს, რომ ეს არის — ადამიანსა და ალკოჰოლს შორის მარადიული ბრძოლის კიდევ ერთი რაუნდი“.

უნდა აღინიშნოს, რომ საახალწლო ზეიმის დროს ყველა არ სვამს უზომოდ და ყველა არ ავლენს ძალადობას. ბევრს კარგი მოგონებები აკავშირებს ამ დღესასწაულთან. «ჩვენ, ბავშვები მოუთმენლად ველოდით ხოლმე ახალი წლის წინა დღეს, — ყვება ზემოხსენებული ფერნანდო. — ამ დღეს ძალიან ბევრს ვთამაშობდით, გვქონდა ნაირ-ნაირი საჭმელები და უალკოჰოლო სასმელები. შუა ღამისას ერთმანეთს ვეხვეოდით, ვკოცნიდით და „ბედნიერ ახალ წელს“ ვუსურვებდით!»

დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ საახალწლო დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებით ცუდს არაფერს აკეთებს. მაგრამ ქრისტიანებისთვის არ იქნებოდა ურიგო, გამოეკვლიათ ამ პოპულარული დღესასწაულის დასაბამი და დღევანდელი მნიშვნელობა. ეწინააღმდეგება საახალწლო დღესასწაულები ბიბლიურ სწავლებებს?

წარსულის მოვლენები

საახალწლო დღესასწაულები ახალი არ არის. ძველი ჩანაწერები აჩვენებს, რომ იგი ბაბილონში ძვ. წ. მესამე ათასწლეულში უკვე აღინიშნებოდა. იმ დღესასწაულს, რომელიც მარტის შუა რიცხვებში იმართებოდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. „მაშინ ღვთაება მარდუქი განსაზღვრავდა ქვეყნის მომავალი წლის ბედ-იღბალს“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. ბაბილონელები საახალწლო დღესასწაულს 11 დღე ზეიმობდნენ; სწირავდნენ შესაწირავებს და ასრულებდნენ ნაყოფიერების რიტუალებს.

რომაელებიც მარტიდან იწყებდნენ ახალ წელს. მაგრამ ძვ. წ. 46 წელს იმპერატორმა იულიუს კეისარმა დაადგინა, რომ ახალი წელი 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. ეს დღე უკვე დასაბამის ღმერთის, იანუსისადმი იყო მიძღვნილი და ახლა რომაელთა ახალი წლის პირველი დღეც მისადმი უნდა მიეძღვნათ. ასე რომ, თარიღი შეიცვალა, მაგრამ საკარნავალო განწყობა დარჩა. „მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ პირველ იანვარს ხალხი „ხმაურიან და წარმართულ დღესასწაულებს მართავდა“.

დღესაც კი ასრულებენ წარმართულ რიტუალებს საახალწლო დღესასწაულებზე. სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ მხარეში ბევრი მარჯვენა ფეხზე მდგომი ხვდება ახალ წელს; სხვები საყვირს აყვირებენ და შუშხუნებს ისვრიან; ჩეხური ადათ-წესის თანახმად ახალი წლის წინა დღეს ოსპის სუპს მიირთმევენ; სლოვაკეთში კი ფულს ან თევზის ქერცლს მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ დებენ ხოლმე. ასეთ რიტუალებს იღბლიანობისა და კეთილდღეობის გარანტიად მიიჩნევენ; უბრალოდ, უკვდავყოფენ უძველესი დროიდან შემორჩენილ რწმენას, რომ თითქოს ახალი წელი ბედის შემობრუნების დროა.

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია ქრისტიანებს აფრთხილებს «მოიქცნენ თავდაჭერილად, . .  არა მსუნაგობით [„თავაშვებული ღრეობით“, აქ] და ლოთობით» * (რომაელთა 13:12—14; გალატელთა 5:19—21; 1 პეტრე 4:3). ამიტომ, რადგან საახალწლო ზეიმებზე ხშირია თავაშვებულობა, რასაც ბიბლია განსჯის, ქრისტიანები არ მონაწილეობენ მასში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოსაწყენ, უსიცოცხლო ცხოვრებას ეწევიან. პირიქით, ბიბლია ჭეშმარიტი ღვთის მსახურებს მოუწოდებს, იხარონ, რადგან საამისოდ უამრავი მიზეზი აქვთ (მეორე რჯული 26:10, 11; ფსალმუნი 31:11; იგავნი 5:15—19; ეკლესიასტე 3:22; 11:9). ბიბლიაში ისიც კია ნათქვამი, რომ პურის ჭამასა და სმას მხიარულება და სიხარული სდევს თან (ფსალმუნი 103:15; ეკლესიასტე 9:7ა).

როგორც დავინახეთ, საახალწლო დღესასწაულებს ფესვები წარმართულ ადათ-წესებში აქვს გადგმული, ცრუ თაყვანისცემა კი იეჰოვა ღმერთის თვალში სისაძაგლეა და უწმინდურება. ამიტომ ქრისტიანები ყველანაირ ჩვეულებას, რომელთაც დასაბამი წარმართული ადათ-წესებიდან აქვს აღებული ერიდებიან (მეორე რჯული 18:9—12; ეზეკიელი 22:3, 4). მოციქულმა პავლემ დაწერა: „რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?“ შემდეგ სამართლიანად დასძინა: „უწმიდურს ნუ მიეკარებით“ (2 კორინთელთა 6:14—17ა).

ქრისტიანებმა ისიც იციან, რომ ცრურწმენაზე აგებულ რიტუალებში მონაწილეობას ბედნიერება და კეთილდღეობა არ მოაქვს. უფრო მეტიც, ასეთ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებას ღმერთი განსჯის (ეკლესიასტე 9:11; ესაია 65:11, 12). გარდა ამისა ბიბლია ქრისტიანებს აფრთხილებს, რომ ზომიერი და თავშეკავებული იყვნენ (1 ტიმოთე 3:2, 11). რა თქმა უნდა, შეუფერებელი იქნებოდა მისთვის, ვინც აცხადებს, რომ ქრისტეს სწავლებების მიხედვით ცხოვრობს, მონაწილეობა მიეღო თავაშვებულ ღრეობებში.

როგორ თვალისმომჭრელად და მიმზიდველადაც უნდა მოგვეჩვენოს საახალწლო დღესასწაულები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ბიბლიის რჩევა: „უწმიდურს ნუ მიეკარებით“, ‘განიწმიდეთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან’. ვინც ამ რჩევისამებრ იქცევა, იეჰოვა მათ პირობას აძლევს: „მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი“ (2 კორინთელთა 6:17—7:1). მართლაცდა, იეჰოვა მარადიულ კურთხევასა და კეთილდღეობას ჰპირდება თავის ერთგულ ადამიანებს (ფსალმუნი 36:18, 28; გამოცხადება 21:3, 4, 7).

[სქოლიო]

^ აბზ. 12 პავლეს სიტყვები: „თავაშვებული ღრეობა და ლოთობა“ შეიძლება იმასაც გულისხმობდეს, რაც რომში ახალი წლის პოპულარულ დღესასწაულებზე ხდებოდა I საუკუნეში.