არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთზე მინდობამ გაჭირვება ამატანინა

ღმერთზე მინდობამ გაჭირვება ამატანინა

ღმერთზე მინდობამ გაჭირვება ამატანინა

მოგვითხრო რეიჩელ საქსიონი-ლევამ

როდესაც ნაცისტური ბომბდამშენების ნაწილების გაკეთებაზე უარის თქმის გამო ზედამხედველმა ხელმეორედ გამარტყა სახეში, მეორე გუშაგმა უთხრა: „თავი დაანებე. „ბიბელფორშერები“ თავიანთი ღმერთისთვის სიკვდილს არჩევენ კომპრომისზე წასვლას“.

ეს მოხდა 1944 წლის დეკემბერში ქალთა შრომა-გასწორების კოლონიაში, რომელიც ბანდორფში, ჩრდილოეთ გერმანიაში მარილის მაღაროების მახლობლად მდებარეობდა. ნება მომეცით მოგითხროთ, როგორ მოვხვდი იქ და როგორ გადავურჩი სიკვდილს მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში.

დავიბადე 1908 წელს ამსტერდამში (ნიდერლანდი), ებრაელების ოჯახში. ჩემს მშობლებს სამი ქალიშვილი ჰყავდათ და შუათანა მე ვიყავი. მამაჩემი, როგორც II მსოფლიო ომამდე ამსტერდამში მცხოვრები ბევრი ებრაელი, ალმასის დამწახნაგებელი იყო. ჯერ 12 წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა და ჩვენთან საცხოვრებლად პაპა გადმოვიდა. პაპაჩემი მართლმორწმუნე ებრაელი იყო და ცდილობდა, რომ ებრაული ტრადიციებისამებრ აღვეზარდეთ.

მე მამაჩემის კვალს გავყევი და ალმასის დამუშავება ვისწავლე. 1930 წელს კი თანამშრომელზე გავთხოვდი. მალე ორი ბავშვი შეგვეძინა: სილვანი — ცოცხალი და გაბედული ბიჭუნა და კარი — საყვარელი და მშვიდი გოგონა. სამწუხაროდ, ოჯახი მალე დაგვენგრა. 1938 წელს, განქორწინებიდან სულ რამდენიმე ხანში, ლუი საქსიონის გავყევი ცოლად, რომელიც აგრეთვე ალმასის დამმუშავებელი იყო. 1940 წელს კი ქალიშვილი იოჰანა შეგვეძინა.

თუმცა ლუი ებრაელი იყო, ებრაულ ტრადიციებს არასდროს იცავდა. ასე რომ, აღარ აღვნიშნავდით ებრაულ დღესასწაულებს, რომლებიც ბავშვობისას ძალიან მიყვარდა. მე, რა თქმა უნდა, მათ ნაკლებობას განვიცდიდი, მაგრამ გულში მაინც მწამდა ღმერთი.

რელიგიის გამოცვლა

1940 წლის დამდეგს, როდესაც გერმანიამ ნიდერლანდის ოკუპირება დაიწყო, ერთმა მანდილოსანმა მომაკითხა სახლში და ბიბლიაზე მესაუბრა. მისი ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ლიტერატურას ყოველთვის ვიღებდი, როცა მოდიოდა. თუმცა არასდროს ვკითხულობდი იმას, რასაც მიტოვებდა, რადგან არავითარი საერთო არ მინდოდა მქონოდა იესოსთან. ჩანერგილი მქონდა, რომ ის განდგომილი ებრაელი იყო.

ერთ დღეს კი ერთი მამაკაცი მოადგა ჩვენს კარს, რომელსაც შემდეგი შინაარსის კითხვები დავუსვი: „რატომ არ შექმნა ღმერთმა სხვა ადამიანები, ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ? რატომ არის ამდენი ტანჯვა? რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი და ერთმანეთის წინააღმდეგ ომობენ?“ მან მომიგო, რომ, თუ მოთმინება მეყოფოდა, ბიბლიის მეშვეობით მიპასუხებდა ჩემს კითხვებზე. ასე რომ, ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

თუმცა ჯერ კიდევ არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ იესო მესია იყო. მაგრამ მალე, ამ საკითხზე ლოცვის შემდეგ, ბიბლიაში მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების კითხვა დავიწყე და მათ სულ სხვა თვალით შევხედე (ფსალმუნი 21: 8, 9, 19; ესაია 53:1—12). იეჰოვამ დამანახა, რომ ეს წინასწარმეტყველებები იესოზე შესრულდა. ჩემს მეუღლეს არ აინტერესებდა რას ვსწავლობდი და არც ხელი შეუშლია, რომ იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი.

ვიმალებით, მაგრამ მაინც ვქადაგებ

გერმანელების მიერ ნიდერლანდის ოკუპაციის პერიოდი ჩემთვის ძალზე საშიში იყო. არა მარტო იმიტომ, რომ ებრაელი ვიყავი, რომლებსაც გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში ყრიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, იმ რელიგიის წარმომადგენელი, რომლის განადგურებასაც ცდილობდნენ ნაცისტები. მიუხედავად ამისა, მაინც ვაქტიურობდი და თვეში საშუალოდ 60 საათს ვესაუბრებოდი სხვებს ახლად შეძენილ ქრისტიანულ იმედზე (მათე 24:14).

1942 წლის დეკემბრის ერთ საღამოს ჩემი ქმარი სამუშაოდან არ დაბრუნდა. როგორც გაირკვა, თურმე, თანამშრომლებთან ერთად დაეპატიმრებინათ. მე ის აღარასოდეს მინახავს. თანაქრისტიანებმა მირჩიეს, რომ ბავშვებიანად სადმე დავმალულიყავი და ამიტომ ერთ თანაქრისტიან დასთან გადავედი ამსტერდამის სხვა რაიონში. რადგან ოთხივეს ერთ სახლში დარჩენა საშიში იყო, ბავშვები სხვა მოწმეებთან დავარიგე.

ხშირად დაპატიმრებას ძლივძლივობით ვაღწევდი თავს. ერთ საღამოს ერთმა თანაქრისტიანმა სხვა დასამალ ადგილზე წამიყვანა ველოსიპედით. ველოსიპედზე შუქი არ ჰქონდა, რის გამოც ჰოლანდიელმა პოლიციელებმა გაგვაჩერეს. მე სახეში ფანარი მომანათეს და მიხვდნენ, რომ ებრაელი ვიყავი. საბედნიეროდ, მათ მხოლოდ ეს გვითხრეს: „მალე გასცილდით აქაურობას — ოღონდ ფეხით“.

დაპატიმრება

1944 წლის მაისის ერთ დილას, როდესაც მსახურების დაწყებას ვაპირებდი, დამაპატიმრეს, მაგრამ არა როგორც იეჰოვას მოწმე, არამედ როგორც ებრაელი. ამსტერდამის ციხეში წამიყვანეს, სადაც ათი დღე დამტოვეს. შემდეგ მატარებლით სხვა ებრაელებთან ერთად ნიდერლანდის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვესტერბორკის ბანაკში გადაგვიყვანეს, საიდანაც სხვა ბანაკებში ანაწილებდნენ პატიმრებს. აქედან ებრაელებს გერმანიაში აგზავნიდნენ.

ვესტერბორკში ჩემს მაზლსა და მის ვაჟს შევხვდი, რომლებიც აგრეთვე დაეპატიმრებინათ. ამ ებრაელებს შორის მე იეჰოვას ერთადერთი მოწმე ვიყავი და ყოველთვის მას ვთხოვდი ძალებს, რომ გამეძლო. ორი დღის შემდეგ ჩემი მაზლი, მისი ვაჟი და მე საქონლის გადასაყვან მატარებელში ჩაგვსვეს, რომლებიც პოლონეთში, ოსვენციმის ან სობიბორის სიკვდილის ბანაკებში მიგვიყვანდა. მოულოდნელად ჩემი გვარი დაიძახეს და სხვა ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებელში გადამიყვანეს.

ვაგონში ჩემი ყოფილი კოლეგები, ალმასის დამმუშავებლები, იყვნენ. ალმასის დაახლოებით ასამდე დამმუშავებელი მიგვიყვანეს გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბერგენ-ქელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა, რადგან იმ ებრაელებს, რომლებიც ოსვენციმისა და სობიბორის ბანაკებში მიჰყავდათ, დაუყოვნებლივ გაზის კამერებში ყრიდნენ. ასე მოექცნენ ჩემს მეუღლესა და ორ შვილს სხვა ნათესავებთან ერთად. თუმცა იმ დროს ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.

ბერგენ-ქელზენში ალმასის დამწახნაგებლები განსაკუთრებულ ბარაკში მოგვათავსეს. ისინი ჩვენს ხელებს უფრთხილდებოდნენ, რომლითაც ფაქიზ სამუშაოს ვასრულებდით, სხვა საქმის გაკეთებას არ გვთხოვდნენ. ჯგუფში მხოლოდ მე ვიყავი იეჰოვას მოწმე და თამამად მოვუყევი ჩემს ახლად შეძენილ რწმენაზე სხვა ებრაელებს. მაგრამ ისინი როგორც განდგომილს ისე მიყურებდნენ, სწორედ ისე, როგორც მოციქულ პავლეს — პირველ საუკუნეში.

არ მქონდა ბიბლია და სულიერი საზრდო მაკლდა. ბანაკში ერთ ებრაელ ექიმს ჰქონდა ბიბლია და რამდენიმე ნაჭერ პურში და კარაქში გამიცვალა. ბერგენ-ქელზენის ამ „ალმასის ჯგუფში“ შვიდი თვე დამტოვეს. ჩვენ შედარებით კარგად გვექცეოდნენ, რის გამოც დანარჩენი პატიმარი ებრაელები ბოროტად გვიყურებდნენ. ბოლოს გაირკვა, რომ დასამუშავებელი ალმასი აღარ იყო. ასე რომ, 1944 წლის 5 დეკემბერს 70-მდე ებრაელი ქალი გადაგვიყვანეს ბენდორფის ქალთა შრომა-გასწორების კოლონიაში.

იარაღის დამზადებაზე უარს ვამბობ

ბანაკის მახლობლად მდებარე მაღაროებში, რომელიც 400 მეტრის სიღრმეზე იყო, პატიმრებს ბომბდამშენების ნაწილები უნდა გაეკეთებინათ. როდესაც ამ სამუშაოს შესრულებაზე უარი ვთქვი, სახეში რამდენიმეჯერ ძლიერ გამარტყეს (ესაია 2:4). ზედამხედველმა დამიყვირა, რომ მეორე დღისთვის კარგად მოვმზადებულიყავი.

მომდევნო დღეს სიის ამოკითხვაზე არ წავედი და ბარაკში დავრჩი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დახვრეტა არ ამცდებოდა და იეჰოვას შევთხოვდი, არ დაევიწყებინა ჩემი რწმენა. გამუდმებით ვიმეორებდი ბიბლიიდან ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ღმერთს მივენდე — არ მეშინია; რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნი 55:12).

ბარაკები გაჩხრიკეს და მიპოვეს. აი სწორედ მაშინ მირტყამდა ზედამხედველი და მიყვიროდა: „ვინ არ გაძლევს ამ სამუშაოს გაკეთების უფლებას?!“. მე კი ვუმეორებდი, რომ ღმერთი. მაშინ უთხრა მეორე დარაჯმა მას: «თავი დაანებე. „ბიბელფორშერები“ * თავიანთი ღმერთისთვის სიკვდილს არჩევენ კომპრომისზე წასვლას». მისმა სიტყვებმა დიდად გამაძლიერა.

რადგან ტუალეტების ხეხვა დასჯად ითვლებოდა და ძალიან ჭუჭყიან სამუშაოდ ვთვლიდი, შევთავაზე რომ ამას გავაკეთებდი. ძალიან გამიხარდა, როდესაც ეს სამუშაო მომცეს, რადგან ამ სამუშაოს სუფთა სინდისით შევასრულებდი. ერთ დილას ბანაკის ზედამხედველი, ვისიც ყველას ძალიან ეშინოდა, მოვიდა, წინ გამიჩერდა და მითხრა:

— ესე იგი, შენ ხარ ის ებრაელი, რომელსაც მუშაობა არ გინდა?

— როგორც ხედავთ, ვმუშაობ, — ვუპასუხე მე.

— მაგრამ ომის მხარდასაჭერად არ იმუშავებ, არა?

— არა, — ვუპასუხე მე. — ეს ღმერთს არ სურს.

— მაგრამ ამ სამუშაოს შესრულებით ხომ არ კლავ ვინმეს?

მე ავუხსენი, რომ, თუ იარაღის დამზადებაში მონაწილეობას მივიღებდი, ჩემი ქრისტიანულად განსწავლილი სინდისის წინააღმდეგ წავიდოდი.

მან ხელიდან გამომტაცა შვაბრა და მითხრა: „განა არ შემიძლია ახლავე მოგკლა ამით?“

— რა თქმა უნდა, — ვუპასუხე მე, — მაგრამ შვაბრა ამისთვის არ არის გაკეთებული, თოფი კი არის.

შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე, რომ იესო ებრაელი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მეც ებრაელი ვიყავი, იეჰოვას მოწმე გავხდი. როდესაც ის წავიდა, სხვა პატიმრები შემომეხვივნენ და უკვირდათ, რომ ბანაკის ზედამხედველთან ასე მშვიდად საუბარი გავბედე. მე ავუხსენი მათ, რომ აქ გამბედაობა არაფერ შუაში იყო და, ამის გაკეთება იმიტომ შევძელი, რომ ჩემმა ღმერთმა მომცა ძალა.

ომის ბოლო დღეებსაც გადავურჩი

1945 წლის 10 აპრილს, როდესაც ბენდორფს მოკავშირეთა ძალები უახლოვდებოდნენ, მთელი დღე ეზოში დაგვაყენეს და სიის ამოკითხვას ველოდით. მოგვიანებით 150-მდე ქალი ყოველნაირი საკვებისა და წყლის გარეშე საქონლის გადასაყვან მატარებლებში შეგვყარეს. ეს მატარებელი გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და რამდენიმე დღე ფრონტის ხაზებს შორის წინ და უკან დადიოდა. ზოგმა პატიმარმა სხვების დახრჩობა დაიწყო, რომ უფრო მეტი ადგილი ჰქონოდათ ვაგონში; ბევრმა ვერ აიტანა ეს და, ამის შედეგად, ნერვები გაუფუჭდათ. ყველაფერი ეს იეჰოვაზე მინდობამ გადამატანინა.

ერთ დღეს ჩვენი მატარებელი მამაკაცების ბანაკთან გაჩერდა და გადმოსვლის ნება დაგვრთეს. რამდენიმეს ვედრო მოგვცეს, რომ ბანაკიდან წყალი მოგვეტანა. ონკანთან რომ მივედი, ჯერ ხარბად დავეწაფე წყალს და შემდეგ ვედრო ავავსე. როდესაც მატარებელში დავბრუნდი, ქალები ველური მხეცებივით დამესივნენ და მთელი წყალი დააქციეს. ესესელები (ჰიტლერის ელიტური დაცვის წევრები) იდგნენ და იცინოდნენ. თერთმეტი დღის შემდეგ, ჰამბურგის გარეუბანში მდებარე იდელსთითის ბანაკში გავჩერდით. მგზავრობისას აუტანელი პირობების გამო ჩვენი ჯგუფიდან ნახევარი დაიღუპა.

იდელსთეთში ყოფნისას ერთ დღეს რამდენიმე ქალს ბიბლიას ვუკითხავდი. უცაბედად ფანჯარაში ბანაკის ზედამხედველი აისვეტა. ძალიან შეგვეშინდა, რადგან ბანაკში ბიბლიის ქონა აკრძალული იყო. ზედამხედველი შემოვიდა, აიღო ბიბლია და თქვა: „ესე იგი, ეს ბიბლიაა, არა?“. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც წიგნი დამიბრუნა და მითხრა: „თუ რომელიმე ქალი მოკვდება, ამ წიგნიდან ხმამაღლა მოგიწევს რაიმეს წაკითხვა“.

ვხვდები სხვა მოწმეებს

განთავისუფლებიდან 14 დღის შემდეგ, წითელმა ჯვარმა მალმეს (შვედეთი) ერთ-ერთ სკოლაში წაგვიყვანა. იქ ერთი ხანობა კარანტინში ვიყავით. ერთ-ერთ მომვლელს ვკითხე, თუ შეეძლო იეჰოვას მოწმეებისთვის შეეტყობინებინა, რომ მე ლტოლვილთა თავშესაფარში ვიყავი. რამდენიმე დღეში დამიძახეს. როდესაც ჩემს სანახავად მოსულ მანდილოსანს ვუთხარი, რომ მოწმე ვიყავი, აქვითინდა. ისიც მოწმე იყო! დამშვიდების შემდეგ, მომიყვა, რომ შვედი მოწმეები ყოველთვის ლოცულობდნენ იმ ქრისტიან ძმებსა და დებზე, რომლებიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ.

მას შემდეგ ყოველდღე მოდიოდა ეს და ჩემთან და ყავა და ტკბილეული მოჰქონდა. ლტოლვილთა ამ თავშესაფარის დატოვების შემდეგ, გეტებორგის მახლობლად გადამიყვანეს. მოწმეები აქ შეხვედრას მიწყობდნენ ხოლმე შუადღეობით. თუმცა მე მათი ენა არ ვიცოდი, სასიხარულო იყო კვლავ ძმებისა და დების გარემოცვაში ყოფნა.

გეტებორგში ყოფნისას ერთ-ერთი ამსტერდამელი მოწმისგან წერილი მივიღე, რომელიც მატყობინებდა, რომ ჩემი შვილები სილვანი და კარი, ასევე ყველა ნათესავი წაეყვანათ და უკან აღარ დაბრუნებულან. მხოლოდ ჩემი გოგონა იოჰანა და უმცროსი და გადარჩენილიყვნენ. მოგვიანებით ჩემი ქალ-ვაჟის სახელი იმ ებრაელთა სიაში ვნახე, რომლებიც ოსვენციმისა და სობიბორის გაზის კამერებში დახოცეს.

ომის შემდგომი საქმიანობა

ამსტერდამში იოჰანასთან დაბრუნებისთანავე, რომელიც მაშინ ხუთი წლის იყო, მსახურებას შევუდექი. ზოგჯერ ჰოლანდიელ სოციალისტურ-ეროვნული მოძრაობის ანუ იმ პოლიტიკური პარტიის წევრებს ვხვდებოდი, რომლებიც ადრე გერმანელებთან თანამშრომლობდნენ. ფაქტობრივად, მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი ოჯახის ამოწყვეტაში. მათ მიმართ უარყოფითი გრძნობის დაძლევა დამჭირდა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გამეცნო მათთვის. ვფიქრობდი, რომ იეჰოვა ყველას გულს ხედავს და, საბოლოოდ, ის განსჯის ყველას და არა მე. ო, რაოდენ დიდი კურთხევები მომიტანა ამან!

მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე ერთ ქალთან, რომლის მეუღლეც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ციხეში იჯდა. ერთხელ, როდესაც მათთან მივდიოდი, კიბეებზე მეზობლების ლაპარაკი შემომესმა: „ნახე, ნახე! ეს ებრაელი კვლავ ეროვნული მოძრაობის ხალხთან მოდის“. მაგრამ, მიუხედავად ციხეში მჯდომი ანტისემიტი მეუღლისგან სერიოზული წინააღმდეგობისა, ეს ქალი და მისი სამი გოგონა იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

ძალიან გამიხარდა, როდესაც მოგვიანებით ჩემმა ქალიშვილმა, იოჰანამ თავი იეჰოვას მიუძღვნა. მალე ჩვენ იქ გადავედით საცხოვრებლად, სადაც სამეფოს შესახებ მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ჩვენ უამრავი სულიერი კურთხევა გვქონდა. ახლა მე ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სადაც კრებასთან ერთად შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობ ქადაგებაში. წარსულის გახსენებისას, შემიძლია მხოლოდ ის დავინახო, რომ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. ყოველთვის ვგრძნობ, რომ იეჰოვა და მისი საყვარელი ძე, იესო, ჩემთან არიან ყველაზე უსაშინლეს დროსაც კი.

ომის დროს ქმარი, ორი შვილი და ნათესავების უმეტესობა დავკარგე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მათ კვლავ ვიხილავ. როდესაც მარტო ვრჩები და ვიხსენებ იმას, რაც თავს გადამხდა, სიხარულითა და მადლიერებით მევსება გული ფსალმუნმომღერლის სიტყვებზე: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“ (ფსალმუნი 33:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 25 ამ სახელით იცნობდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს გერმანიაში.

[სურათი 20 გვერდზე]

ებრაელები ვესტერბორკის ბანაკიდან გერმანიაში მიჰყავთ.

[საავტორო უფლება]

Herinneringscentrum kamp Westerbork

[სურათი 21 გვერდზე]

მე და ჩემი შვილები, კარი და სილვანი, რომლებიც ჰოლოკაუსტში, ებრაელთა გენოციდში, დამეღუპნენ.

[სურათი 22 გვერდზე]

შვედეთში კარანტინის დროს.

[სურათი 22 გვერდზე]

სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დროებითი პირადობის მოწმობა.

[სურათი 23 გვერდზე]

მე და ჩემი ქალიშვილი იოჰანა დღეს.