შრომა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა მოსკოვში
შრომა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა მოსკოვში
ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტ წელს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის მიზნით სამოქალაქო სარჩელი იქნა შეტანილი მოსკოვის გოლოვინსკის რაიონის მუნიციპალურ სასამართლოში. მაგრამ შეიძლება გაგაოცოთ იმ ფაქტმა, რომ ახლახან გოლოვინსკის რაიონის ადმინისტრაციამ მოწმეები შეაქო.
რატომ შეაქეს მოწმეები მოსკოვში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ, როდესაც ზოგიერთები მათი საქმიანობის აკრძალვას ცდილობენ ამ ქალაქში? ამაზე იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის მოკლე მიმოხილვა გაგცემთ პასუხს.
იეჰოვას მოწმეები მოსკოვში
გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვი მსოფლიოს იმ რამდენიმე დედაქალაქთაგან ერთ-ერთი იყო, სადაც არც ერთი იეჰოვას მოწმე არ ცხოვრობდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან, მოსკოვიდანაც გაასახლეს ისინი. სად გადაასახლეს ეს ხალხი? უმეტესობა ციმბირის შრომა-გასწორების კოლონიებში გააგზავნეს.
გადიოდა წლები და იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების მეშვეობით, რომლებიც იმ დროს რუსეთში აკრძალული იყო, მოსკოველები ბიბლიის შესწავლას იწყებდნენ. 70-იან წლების შუა პერიოდში უკვე იეჰოვას მოწმედ მონათლული რამდენიმე ადამიანი ბიბლიის შესასწავლად მოსკოვში მურატ შაკიროვის ბინაში იკრიბებოდა. 80-იან წლებში კი ამ პატარა ჯგუფმა ბიბლიის შესწავლით ბევრი დააინტერესა.
1991 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა კანონიერად ცნეს, მოსკოვში მოწმეთა დიდმა კრებამ საჯაროდ
დაიწყო ფუნქციონირება. ათასობით ადამიანი იყო მონდომებული, გაეგო, რატომ დევნიდნენ მოწმეებს და თუ რას ასწავლიდა სინამდვილეში ბიბლია. ასე რომ, 1991 წლის აგვისტოში კიევში გამართულ კონგრესზე მოსკოვიდან 2 000 დელეგატი ჩავიდა. ამ კონგრესზე მოინათლა 1 843 ადამიანი, რომელთაგანაც მრავალი სწორედ მოსკოველი იყო.1993 წელს მოსკოვის ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ იეჰოვას მოწმეთა დიდ საერთაშორისო კონგრესს 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 23 743 ადამიანი დაესწრო. იმავე წლის ბოლოსთვის მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა კრებების რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დღეისათვის კი, თითქმის 8 წლის შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე 104 კრებაა.
გასული წლის ივნის—ივლისში მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა ოთხ საოლქო კონგრესს 18 292 ადამიანი დაესწრო; 546 მათგანი მოინათლა. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვის ასეთმა ზრდამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლების გულისწყრომა გამოიწვია; ისინი ცდილობენ, მთავრობის წარმომადგენლებზე მოახდინონ გავლენა და მოსკოვში მოწმეების საქმიანობა ააკრძალვინონ.
1998 წლის გაზაფხულზე იეჰოვას მოწმეების ასაკრძალავად აღძრული სასამართლო საქმე გოლოვინსკის სასამართლოში ირჩეოდა. ბოლოს, 2001 წლის 23 თებერვალს, მოსამართლემ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეებს ცრუ ბრალდებები ჰქონდათ წაყენებული. ამის შემდეგ, მოსკოვში მოწინააღმდეგეებმა ზემდგომ სასამართლოში აპელაცია შეიტანეს და საქმე ხელმეორედ გადასახედად კვლავ გოლოვინსკის სასამართლოში დააბრუნეს.
მაინც რატომ შეაქო მოწმეები მოსკოვის გოლოვინსკის რაიონის ადმინისტრაციამ მაშინ, როცა ზოგიერთები მათი საქმიანობის აკრძალვას ცდილობენ?
ახალი შესაკრებელი
1998 წლის დეკემბერში მოწმეებმა მიხალკოვსკის პარკთან მდებარე დიდი, ორსართულიანი შენობა შეისყიდეს. ამ შენობაში ადრე კულტურის ცენტრი იყო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოწმეებმა ამ შენობის რესტავრირება დაიწყეს. ამ შენობაში იეჰოვას მოწმეთა 22 კრებისთვის ხუთი სამეფო დარბაზია, ანუ შეხვედრების ადგილი.
გასული წლის 15 აპრილს გოლოვინსკის რაიონის ადმინისტრატორმა მოწმეებს სთხოვა, რომ 21 აპრილს მიხალკოვსკის პარკი გაესუფთავებინათ. რუსეთში მოსახლეობა და ცალკეული დაწესებულებები თუ ჯგუფები გაზაფხულობით პარკებსა და გზატკეცილებს ასუფთავებენ. 17 აპრილს
მოწმეები სამუშაოს დასაგეგმად შეიკრიბნენ. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საჭირო იყო 700-მდე კაცის ხელი.სამუშაოს თავს წარმატებით ართმევენ
18 აპრილს, როდესაც მოწმეებმა გოლოვინსკის რაიონის წარმომადგენლობას შეატყობინეს, რამდენი ფოცხი და სხვა სამუშაო იარაღი დასჭირდებოდათ, მათ არ დაიჯერეს, ამ წინადადებას 700-მდე კაცი რომ გამოეხმაურებოდა. მაგრამ 21 აპრილს დილით, ათის ნახევრისთვის, როდესაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები პარკში მივიდნენ, ასობით მოწმე დავალების შესასრულებლად იყო მზად, მათ კი სულ რაღაც 200 ცალი სამუშაო იარაღი მოუტანეს მოხალისეებს; მალე დაუმატეს კიდევ 200 ფოცხი. ისინი კი, ვისაც სამუშაო იარაღები არ ჰქონდა, უბრალოდ, ხელით აგროვებდნენ ნაგავს და ცელოფნის პარკებში ყრიდნენ. მოწმეებმა სათევზაო ჩექმები და ნავიც კი მოიტანეს, რათა ტბა გაესუფთავებინათ.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწმეების შესრულებულმა საქმემ განაცვიფრა. მათ დაინახეს, რომ ხალხი ისეთი სიხარულითა და ენთუზიაზმით მუშაობდა, თითქოს საკუთარ ეზოებს ასუფთავებდნენ. იეჰოვას თითქმის ათასმა მოწმემ მიიღო მონაწილეობა მიხალკოვსკის პარკის დასუფთავებაში და 250 ტონაზე მეტი ნაგავი გაიტანეს ამ ტერიტორიიდან. ახლომახლო მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ ეს პარკი დიდიხანია, ასეთი სუფთა არ უნახავთ.
როგორც ამ სტატიის დასაწყისშიც ავღნიშნეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეების მიერ შესრულებულმა საქმემ და მათ ეს დააფასეს. გოლოვინსკის რაიონის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა დაწერა: „მოსკოვის ჩრდილოეთ-ადმინისტრაციული რეგიონის გოლოვინსკის რაიონის წარმომადგენლობა მადლობას უხდის იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას მიხალკოვსკის პარკის დასუფთავებაში
მონაწილეობის მიღებისთვის“. მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმაც მსგავსი აზრი გამოთქვა: „ამ კეთილშობილურ და აუცილებელ საქმეს პარკის თითოეული სტუმრისთვის დიდი სარგებლობა და სიხარული მოაქვს“.თუმცა იეჰოვას მოწმეები სიხარულით ალამაზებენ თავიანთ გარშემო არსებულ ტერიტორიას — და ისეთ სამუშაოებს ასრულებენ, რომლებიც ამ სტატიაშია აღწერილი — მათი ძირითადი საქმიანობა დღეს ხალხისთვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარებაა იმ მმართველობის შესახებ, რომელიც მთელ დედამიწაზე სამოთხეს დაამყარებს (მათე 24:14). მიხალკოვსკის პარკის დასუფთავებისას, ზოგიერთს აღუნიშნავს, რომ ეს კარგი რეპეტიცია იყო არმაგედონის შემდგომ დედამიწის გასალამაზებელი სამუშაოების წინ (გამოცხადება 16:14, 16).
მართლაცდა, ბიბლიის თითოეული მოყვარული მოელის იმ დროს, როდესაც მთელ დედამიწაზე იქნება პარკის მსგავსი ლამაზი ადგილები, სწორედ ისეთი, როგორსაც ღმერთი დაჰპირდა ადამიანთა პირველ წყვილს (დაბადება 1:28; 2:8, 9, 15; გამოცხადება 21:3, 4).
[სურათი 15 გვერდზე]
მათი ხელახალი შეხვედრა, რომლებიც 70 -იანი წლების შუა ხანებში მურატ შაკიროვის სახლში იკრიბებოდნენ.
[სურათები 16 გვერდზე]
გასულ წელს მოსკოვში ჩატარებულ ოთხ კონგრესს 18 292 ადამიანი დაესწრო.
[სურათები 17 გვერდზე]
ყოფილ კულტურის ცენტრს რესტავრირება გაუკეთდა. ამ შენობაში ახლა ხუთი სამეფო დარბაზია.
[სურათები 18 გვერდზე]
250 ტონაზე მეტი ნაგავი იქნა გატანილი