არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებას

ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებას

ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებას

„XX საუკუნის ბოლოსაც კი ვერ აღმოიფხვრა სისხლისღვრა და დევნა-შევიწროება, რომელთა გამოც ადამიანები იძულებული არიან, გაქცევით უშველონ თავს. ათობით მილიონი ადამიანი ახალ ათასწლეულს ლტოლვილთა ბანაკებსა და სხვა დროებით ნაშენებ თავშესაფრებში შეხვდა. მათ ეშინიათ, რომ სახლში დაბრუნებას თუ გაბედავენ, მოკლავენ“

(ბილ ფრელიკი, შეერთებული შტატების ლტოლვილთა კომიტეტის წევრი).

იაკობს ერთი ნატვრა ჰქონდა. ის ოცნებობდა ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებდნენ, სადაც ბომბების ჩამოგდების შედეგად ოჯახს პირუტყვი არ დაეხოცებოდა, და სადაც ის სკოლაში სიარულს შეძლებდა.

თანაქალაქელებმა უთხრეს, რომ ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს, თუმცა კი ძალიან შორსაა. მამამ კი აუხსნა, რომ მგზავრობა ძალზე სახიფათო იყო, რადგან ზოგიერთები გზაში უწყლობითა და შიმშილით იხოცებიან. მაგრამ როდესაც მეზობელი, რომელსაც ქმარი მოუკლეს, ორ ბავშვთან ერთად გზას გაუდგა, იაკობმაც გადაწყვიტა, მარტო წასულიყო.

იაკობს არც საჭმელი წაუღია გზაში და არც ტანსაცმელი. პირველ დღეს ის მხოლოდ გარბოდა და გარბოდა. მისთვის სანუკვარ უსაფრთხოებამდე მიმავალი გზა გვამებით იყო მოფენილი. მომდევნო დღეს მას თანაქალაქელი ქალი შეხვდა, რომელმაც თავისთან და თავის თანამგზავრებთან ერთად გაყოლა შესთავაზა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდნენ და გზად მიტოვებული სოფლები გაიარეს. ერთხელ დანაღმული მინდვრის გადაკვეთა მოუწიათ, სადაც აფეთქების შედეგად ჯგუფიდან ერთი კაცი დაეღუპათ. ეს ქანცგაწყვეტილი მგზავრები ფოთლებით იკვებებოდნენ.

ათი დღის შემდეგ შიმშილისა და დასუსტების გამო მოსვრა დაიწყო. არცთუ დიდი ხნის შემდეგ, თვითმფრინავებმა მგზავრებს ბომბები დაუშინეს. ბოლოს, იაკობმა როგორც იქნა საზღვარი გადაკვეთა და ლტოლვილთა ბანაკამდე ჩააღწია. ახლა ის სკოლაში დადის და თვითმფრინავების გრუხუნი მეტად აღარ აშინებს. ყველა თვითმფრინავს, რომელსაც ახლა ხედავს, ბომბების ნაცვლად საკვები გადააქვს. მაგრამ მას თავისი ოჯახი ენატრება და სახლში დაბრუნება უნდა.

მსოფლიოში მილიონობით ასეთი „იაკობია“. ბევრი მათგანი ომის შედეგად ინვალიდდება და შიმშილითა და უწყლობით იტანჯება. ცოტა თუ დაიკვეხნის ნორმალური ოჯახური ცხოვრებით, ბევრი კი ვერასოდეს დაბრუნდება სახლში. მსოფლიოს ღარიბთა შორის ისინი უღარიბესნი არიან.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ასეთ საშინელ დღეში ჩავარდნილ ხალხს ორ ჯგუფად ყოფს. ლტოლვილებად თვლიან მათ, ვინც დევნისა თუ ძალადობის ღრმად გამჯდარი შიშის გამო ტოვებს ქვეყანას. ადგილნაცვალ პირებად ანუ დევნილებად კი მიიჩნევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ომისა თუ მსგავსი სერიოზული საშიშროების გამო თავიანთი ქვეყნის შიგნით არიან იძულებით გადაადგილებული *.

დაზუსტებით არავინ იცის, რამდენ ლტოლვილსა და დევნილს გააქვს ძლივ-ძლივობით თავი დროებით მოწყობილ ბანაკებში, ან უსაფრთხოების ძიებაში რამდენი დაეხეტება უმწეოდ ერთი ადგილიდან მეორეზე. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით მათი სრული რიცხვი 40 მილიონამდე უნდა აღწევდეს, აქედან ნახევარი ბავშვებია. რამ განაპირობა ხალხის ამ მდგომარეობაში ჩავარდნა?

ჩვენი დროის პრობლემა

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ლტოლვილთა პრობლემა ახალ, უფრო დიდ ფაზაში გადაიზარდა. ომის შემდეგ იმპერიები დაიშალა და ეთნიკური უმცირესობები დევნილნი აღმოჩნდნენ. ამის გამო მილიონობით ევროპელმა სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი. მეორე მსოფლიო ომი — რომელიც თავის წინამორბედზე კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა — გახდა იმის მიზეზი, რომ სახლები მილიონობით ადამიანმა მიატოვა. 1945 წლის შემდეგ ომებმა უფრო ლოკალური ხასიათი შეიძინა, მაგრამ ისინი არანაკლებ დარტყმას აყენებენ ომის ქარცეცხლში აღმოჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას.

«მართალია, ომის შედეგად ყოველთვის ჩნდებოდნენ ლტოლვილები, მაგრამ მხოლოდ მეოცე საუკუნეში მომხდარი საერთაშორისო კონფლიქტები შეეხო ამ კონფლიქტებში ჩაბმული ქვეყნების მთელ მოსახლეობას, — ხსნის გილ ლოშერი 1993 წელს გამოცემულ თავის წიგნში „ქველმოქმედება საკმარისი როდია. საერთაშორისო თანამშრომლობა და ლტოლვილთა გლობალური კრიზისი“, — მებრძოლ მხარესა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული განსხვავების აღმოფხვრამ ლტოლვილთა დიდი რიცხვის წარმოშობა განაპირობა. ეს უკანასკნელნი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდნენ იმის გამო, რომ უმისამართო ძალადობის საშინელი შედეგებიდან თავის დაღწევა არ შეეძლოთ».

გარდა ამისა, დღევანდელი კონფლიქტების უმეტესობა სამოქალაქო ომებია, რომლებიც ძვირად უჯდებათ არა მხოლოდ გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებს, არამედ ქალებსაც და ბავშვებსაც. ზოგ კონფლიქტს, რომელსაც საფუძვლად ეთნიკური და რელიგიური სხვაობით განპირობებული ღრმად ფესვგადგმული სიძულვილი უდევს, დასასრული არ უჩანს. აფრიკის ერთ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი უკვე 18 წელია გრძელდება, ოთხი მილიონი დევნილია, ასობით ათასზე მეტი კი საზღვარგარეთ გაიქცა.

ომით გატანჯულ მოსახლეობას ისღა დარჩენია, რომ ძალადობის თავიდან ასაცილებლად სახლები მიატოვონ. „ლტოლვილები სამშობლოდან გარბიან და სხვა ქვეყანაში შესვლის უფლების მიღება უნდათ არა იმიტომ, რომ კეთილმოწყობის სურვილი ამოძრავებთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ“, — ნათქვამია წიგნში „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში — 1997-1998 წლები“. მაგრამ ჩვენს დროში სხვა ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიღება არც ისე იოლია.

90-იან წლებში ლტოლვილთა რიცხვი მსოფლიოში დაახლოებით 17 მილიონიდან 14 მილიონამდე შემცირდა. თითქოს გაუმჯობესება ჩანს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. იგივე ათწლეულში დევნილთა რიცხვმა ზოგიერთი შეფასებით 25-30 მილიონს მიაღწია. რაშია საქმე?

ადამიანისთვის ლტოლვილის სახელის ოფიციალურად მინიჭება სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო გაძნელდა. სხვა ქვეყნებს შეიძლება არ სურდეთ ლტოლვილების მიღება ერთი მხრივ იმიტომ, რომ ადამიანების მასიურ მოზღვავებასთან თავის გართმევის საშუალება არა აქვთ, ან იმიტომ, რომ შიშობენ, ლტოლვილთა დიდი რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება. ზოგჯერ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას არც საჭმელი აქვს, არც ფული და არც ძალ-ღონე საიმისოდ, რომ საზღვრამდე მიმყვან გრძელ გზას გაუდგეს. მათ ისღა დარჩენიათ, რომ გასაქცევი თავისივე ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ადგილას ეძებონ.

ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადასახლებულთა მოზღვავება

მილიონობით ნამდვილი ლტოლვილის გარდა არსებობენ სხვა გაღატაკებული მილიონები, რომელთაც თავიანთი ხვედრის შეცვლა სურთ და ამისათვის მათთვის ცნობილ ერთადერთ საშუალებას მიმართავენ — იმ ქვეყანაში გადასვლას, სადაც საცხოვრებელი პირობები გაცილებით უკეთესია.

2001 წლის 17 თებერვალს ძველი, ჟანგმოკიდებული სატვირთო გემი წყალში თავთხელზე დარჩა და საფრანგეთის სანაპიროს ვერ მიადგა. მასზე დაახლოებით ათასი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იყო. ზღვაში ყოფნისას, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, პირში ლუკმა არ ჩასვლიათ. ამ სახიფათო მგზავრობის განსახორციელებლად თითოეულმა 2 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ამასთანავე, მათ არც კი იცოდნენ, რომელი ქვეყნისკენ მიემართებოდნენ. გემის ნაპირთან მისვლისთანავე კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, შეშინებული მგზავრები სხვებმა გადაარჩინეს. საფრანგეთის მთავრობა დაჰპირდა, რომ თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე მათ თხოვნას განიხილავდა. მათ მსგავსად ყოველწლიურად მილიონები ცდილობენ მსგავსი მოგზაურობის წამოწყებას.

ეკონომიკური პირობების გამო გადასახლებულთაგან ბევრს გამოსავალი არ რჩება და ურიგდება სასტიკ გაჭირვებას, და არც იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე. ისინი ძლივძლივობით აგროვებენ გასამგზავრებელ ფულს, რადგან მათ ქვეყანაში არსებული სიღატაკე, ძალადობა, დისკრიმინაცია ან სასტიკი რეჟიმი — და ზოგჯერ ყოველივე ეს ერთად — სიცოცხლეს უმწარებთ.

ბევრს ძალიან ძვირად უჯდება უკეთესი ცხოვრების ძიების მცდელობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 3 500 ადამიანი დაიხრჩო ან დაიკარგა გიბრალტარის სრუტის გადაკვეთისას, როდესაც აფრიკიდან ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. 2000 წელს ორმოცდათვრამეტი ჩინელი მგზავრი გაიგუდა სატვირთო მანქანაში, რომლითაც ბელგიიდან ინგლისში მალულად უნდა ჩაეღწიათ. გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება საჰარაში წყურვილისგან, როდესაც მათი გადატვირთული, მინჯღრეული სატვირთო მანქანები შუა უდაბნოში ფუჭდება.

საშიშროების მიუხედავად ეკონომიკური მიზეზების გამო გადასახლებულ პირთა რიგები მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება. ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იპარება ევროპაში, ხოლო 300 000 — შეერთებულ შტატებში. 1993 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოთქმული ვარაუდით, მსოფლიოში 100 მილიონი მიგრანტი უნდა ყოფილიყო, რომელთაგანაც მესამედზე მეტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში დასახლდა. იმ დროიდან ეს რიცხვი საგრძნობლად იზრდება.

ამ მიგრანტებიდან ბევრი ვერასოდეს პოულობს უსაფრთხოებას. ცოტას თუ ღირსებია მუდმივი, მშვიდი თავშესაფრის ნახვა. ეს მგზავრები ძალიან ხშირად ერთი გაჭირვებიდან მეორეში ცვივიან ხოლმე. მომდევნო სტატიაში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ზოგ მათგანს და მათ გამომწვევ მიზეზებზე გვექნება საუბარი.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 სტატიათა ამ სერიაში, სადაც ადგილნაცვალი პირების შესახებ მოგითხრობთ, არ მოვიხსენიებთ იმ 90-დან 100 მილიონამდე ადამიანს, რომლებიც საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა პროგრამების გამო იძულებით გადაასახლეს. ამ პროგრამათა რიცხვს მიეკუთვნება კაშხლების მშენებლობა, სამთო საქმე, მეტყევეობა ან სასოფლო-სამეურნეო პროგრამები.