ვინ არის მიქაელ მთავარანგელოზი?
ბიბლიის თვალსაზრისი
ვინ არის მიქაელ მთავარანგელოზი?
როგორც ბიბლიიდან ვგებულობთ ზეცაში მილიონობით სულიერი ქმნილებაა (დანიელი 7:9, 10; გამოცხადება 5:11). მთელ საღვთო წერილში ღვთის ასობით ერთგულ ანგელოზზეა საუბარი; მაგრამ სახელით მხოლოდ ორია მოხსენიებული. ერთი გაბრიელია, რომელმაც 600-ზე მეტი წლის განმავლობაში პირადად გადასცა ღვთის ცნობა სამ ადამიანს (დანიელი 9:20—22; ლუკა 1:8—19, 26—28). მეორე კი — მიქაელი.
მიქაელი ძალზე კარგად ცნობილი ანგელოზია. მაგალითად, წიგნ „დანიელში“ მიქაელზე ნათქვამია, რომ ის ბოროტ დემონებს ებრძოდა, როდესაც იეჰოვას ხალხს იცავდა (დანიელი 10:13; 12:1). „იუდას“ ღვთივშთაგონებულ წერილში ნათქვამია, რომ მიქაელი მოსეს სხეულის გამო ეშმაკს ეპაექრებოდა (იუდა 9). წიგნი „გამოცხადება“ მოგვითხრობს მიქაელი როგორ ებრძოდა ეშმაკს და მის დემონებს და როგორ გადმოყარა ისინი ზეციდან (გამოცხადება 12:7—9). ბიბლიაში სხვა არც ერთი ანგელოზი არ არის მოხსენიებული, რომელსაც ღვთის მტრებზე ასეთი დიდი ძალაუფლება ექნებოდა. მაშ, გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია მიქაელს „მთავარანგელოზად“ მოიხსენიებს, სადაც პრეფიქსი „მთავარი“ ნიშნავს „უფროსს“ ან „ძირითადს“.
დისკუსია მიქაელის ვინაობაზე
ქრისტიანულ რელიგიებს, ასევე იუდაიზმსა და ისლამს, ანგელოზებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვს. ზოგიერთი ახსნა-განმარტება ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად, ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Anchor Bible Dictionary) ნათქვამია, რომ „შეიძლება არსებობდეს ერთი უფროსი ანგელოზი და (ან) მთავარანგელოზების პატარა ჯგუფი (ოთხი ან შვიდი ანგელოზისგან შემდგარი). მეორე ბიბლიური ლექსიკონი კი (The Imperial Bible-Dictionary) ამბობს, რომ მიქაელი არის „ზებუნებრივი ქმნილების სახელი, რომელიც უმთავრესად ან ღვთის ძეს, უფალ იესო ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან შვიდი ეგრეთწოდებული მთავარანგელოზიდან რომელიმეს“.
ებრაული გადმოცემების მიხედვით ეს შვიდი მთავარანგელოზია: გაბრიელი, იერომიელი, მიქაელი, რაგუელი, რაფაელი, სარიელი და ურელი. ისლამის მიმდევრებს კი სწამთ, რომ არსებობს ოთხი მთავარანგელოზი: იბრილი, მიქალი, იზრაილი და ისრაფილი. კათოლიკეებსაც სწამთ, რომ არსებობს
ოთხი მთავარანგელოზი: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი. რას ამბობს ბიბლია? არსებობს რამდენიმე მთავარანგელოზი?ბიბლიის პასუხი
მიქაელის გარდა ბიბლიაში მთავარანგელოზად არავინ არის მოხსენიებული; საღვთო წერილში სიტყვა „მთავარანგელოზი“ მხოლოდ მხოლობით რიცხვშია გამოყენებული. ბერძნულ ორიგინალში იუდას 9-ში მთავარანგელოზის წინ განსაზღვრული არტიკლია დასმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ მიქაელს ეკუთვნის ეს წოდება. გონივრულია დავასკვნათ, რომ იეჰოვა ღმერთმა თავისი ზეციერი ქმნილებებიდან მხოლოდ ერთადერთს მისცა იმის სრული უფლება, სხვა დანარჩენი ანგელოზებისთვის ხელმძღვანელობა გაეწია.
შემოქმედის გარდა, მხოლოდ ერთი პიროვნებაა მოხსენიებული ბიბლიაში, რომელსაც ანგელოზები ემორჩილებიან და ეს პიროვნება იესო ქრისტეა (მათე 13:41; 16:27; 24:31). მოციქულმა პავლემ კონკრეტულად მოიხსენია „უფალი იესო“ და „თავისი [მისი] ძალის ანგელოზები“ (2 თესალონიკელთა 1:7). პეტრემ კი მკვდრეთით აღმდგარი იესოს მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა: „რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი“ (1 პეტრე 3:22).
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ მთავარანგელოზი მიქაელი იესოა, არის ერთი მუხლი, რომელიც იესოს მთავარანგელოზთან აიგივებს. თესალონიკელებისადმი მიწერილ წერილში პავლემ იწინასწარმეტყველა: «თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე [„ხმით“, აქ]და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან» (1 თესალონიკელთა 4:16). ამ მუხლში იესო წარმოდგენილია, როგორც ღვთის მესიანური სამეფოს მეფე, ძალაუფლების მქონე. გარდა იმისა, რომ ის ლაპარაკობს „მთავარანგელოზის ხმით“, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მას მკვდრების აღდგენის ძალა შესწევს.
დედამიწაზე ყოფნისას იესომ რამდენიმე მიცვალებული აღადგინა. ამას ის ყოველთვის ხმის საშუალებით აკეთებდა. მაგალითად, ქალაქ ნაინში მცხოვრები ქვრივის ვაჟის აღდგენისას მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ (ლუკა 7:14, 15). მოგვიანებით, როდესაც თავისი მეგობარი ლაზარე უნდა აღედგინა, იესომ „დიდი ხმით დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ (იოანე 11:43). მაგრამ ამ შემთხვევებში იესოს ხმა მხოლოდ სრულყოფილი მამაკაცის ხმა იყო.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზეცაში ‘ამაღლდა’, როგორც სულიერი ქმნილება (ფილიპელთა 2:9). ამ დროს ის კვლავ მთავარანგელოზის ხმით ამეტყველდა. ასე რომ, როდესაც ღვთის საყვირის ხმა გაისმა ‘ჯერ ქრისტეში მკვდართა აღდგენისთვის’, რომ ზეცად ამაღლებულიყვნენ, იესომ ‘ბრძანების სიტყვა’ ამჯერად ‘მთავარანგელოზის ხმით’ თქვა. ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მხოლოდ მთავარანგელოზს შეუძლია დაიძახოს „მთავარანგელოზის ხმით“.
არსებობენ სხვა მაღალი რანგის სულიერი ქმნილებები, სერაფიმები და ქერუბიმები (დაბადება 3:24; ესაია 6:2). მაგრამ საღვთო წერილი მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეზე მიუთითებს, როგორც ანგელოზთა მთავარზე — მიქაელ მთავარანგელოზზე.