მსოფლიო, სადაც აღარავინ იქნება ლტოლვილი
მსოფლიო, სადაც აღარავინ იქნება ლტოლვილი
„ვინაიდან ლტოლვილთა არსებობა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მისი გადამწყვეტი გზების ძიებამაც გლობალური ხასიათი უნდა შეიძინოს“
(გილ ლოშერი, პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში).
ახალგაზრდა წყვილი ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი ჰყავდათ, ქმარს, რომელსაც ოჯახის უსაფრთხოება ადარდებდა, დრო არ დაუკარგავს. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ქვეყნის სასტიკი მმართველი ქალაქში უმწეო არსებების ამოჟლეტას აპირებდა. ქანცგამწყვეტი მოგზაურობა, რომლის დროსაც ასორმოცდაათ კილომეტრზე მეტი გაიარეს, იმით დასრულდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, საზღვარი გადაკვეთეს და სამშვიდობოს გავიდნენ.
ეს უბრალო ოჯახი მოგვიანებით ყველასათვის ცნობილი გახდა. ჩვილი იყო იესო, მშობლები კი — მარიამი და იოსები. ამ ლტოლვილებს თავიანთი მხარე იმიტომ კი არ მიუტოვებიათ, რომ მატერიალურ კეთილდღეობას ეძებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ძალზე საშიშ მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილი — ქვეყნის მმართველს მათი ბავშვის მოკვლა უნდოდა!
სხვა ბევრი ლტოლვილის მსგავსად, იოსები და მისი ოჯახი, საბოლოო ჯამში, მაინც დაბრუნდნენ სამშობლოში, როდესაც პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგრამ მათმა დროულმა გაქცევამ ნამდვილად იხსნა ბავშვის სიცოცხლე (მათე 2:13—16). ეგვიპტე — ქვეყანა, სადაც ისინი გაიქცნენ — ცნობილი იყო იმით, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების გამო გამოქცეულ ლტოლვილებს თავშესაფარს აძლევდა. მრავალი საუკუნის წინ იესოს წინაპრებმაც შეაფარეს თავი ეგვიპტეს, როდესაც ქანაანში შიმშილი იყო (დაბადება 45:9—11).
გადარჩენილნი, მაგრამ მაინც „შავ დღეში“
როგორც ბიბლიური, ისე ცხოვრებისეული მაგალითებიდანაც ჩანს, რომ სხვა ქვეყანაში გაქცევით შეიძლება თავს უშველო. მაგრამ ნებისმიერი ოჯახისთვის მაინც მტკივნეულია საკუთარი კერის მიტოვება. როგორი უბრალო სახლის პატრონიც უნდა იყოს ადამიანი, წლების მანძილზე ალბათ დიდ დროსა და სახსრებს ხარჯავს მის მოსაწყობად. შესაძლოა, ოჯახური მემკვიდრეობაც, რომლის მიტოვებაც უხდებათ, საკუთარ კულტურასა და სამშობლოსთან აკავშირებთ კიდეც. გარდა ამისა, გაქცევისას ლტოლვილებს, თუ საერთოდ ახერხებენ ამას, ცოტა რამ თუ მიაქვთ პირადი ნივთებიდან, რის გამოც, უარეს დღეში ვარდებიან და სიღარიბეს შეიძლება ვეღარც კი დააღწიონ თავი.
როდესაც ლტოლვილები უსაფრთხო ადგილს მიაღწევენ, თავდაპირველად შვებას გრძნობენ. მაგრამ ეს გრძნობა შეიძლება მალე გაქრეს, თუკი ჩანს, რომ მთელი ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკში უნდა გაატარონ. და რაც უფრო დიდხანს უწევთ ადამიანებს ლტოლვილებად ყოფნა, მით უფრო ძნელი ასატანი ხდება ეს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მოსახლეობისგან გარიყულები არიან. ლტოლვილებს, ისევე როგორც ყველას, სურთ, რომ სადმე საკუთარი კერა ჰქონდეთ. ლტოლვილთა ბანაკს კი ნამდვილად ვერ ვუწოდებთ საუკეთესო ადგილს ოჯახის საცხოვრებლად. მოვა კი ისეთი დრო, როდესაც ყველას ექნება საკუთარი სახლი?
არის თუ არა სამშობლოში დაბრუნება გამოსავალი?
გასული საუკუნის 90-იან წლებში ცხრა მილიონამდე ადამიანი დაუბრუნდა თავის სახლს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს სასიხარულო მოვლენა იყო და ისინი გატაცებით შეუდგნენ ცხოვრების განახლებას. მაგრამ სხვების დაბრუნებას ასეთი სიხარული არ ახლდა; ისინი მხოლოდ იმიტომ დაბრუნდნენ, რომ მიმღებ ქვეყანაში მათი მდგომარეობა აუტანელი გახდა. გადასახლებაში ყოფნისას პრობლემები
იმდენად გაუმწვავდათ, რომ თავიანთ ქვეყანაში არსებული საშიში მდგომარეობის მიუხედავად, დაბრუნება გადაწყვიტეს.სამშობლოში დაბრუნება საუკეთესო ვითარებების დროსაც კი პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მეორეჯერ მთლიანად უნდა აიკრიფო გუდა-ნაბადი. «არც ერთი გადაადგილება დანაკარგების გარეშე არ ხდება: ტოვებ ქვეყანას, კარგავ სამუშაოს, სახლსა და პირუტყვს, — ნათქვამია გამოცემაში „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში — 1997—1998 წლები“, — გარდა ამისა, ყოველი გადაადგილება რთული აღდგენითი პროცესის დაწყებას უკავშირდება». ცენტრალურ აფრიკაში ჩატარდა სამშობლოში დაბრუნებული ლტოლვილების გამოკითხვა. ამ გამოკითხვამ უჩვენა, რომ „ლტოლვილებისთვის, რომელთაც გადასახლებაში ყოფნისას დახმარება აღმოუჩინეს, დაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავად გადასახლებაში ყოფნა“.
მაგრამ სამშობლოში იძულებით დაბრუნებული მილიონობით ლტოლვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. რა ელის მათ? „დაბრუნებულები ვარდებიან ისეთ სიტუაციაში, სადაც კანონი თითქმის არ კანონობს, სადაც ბანდიტიზმი და ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, სადაც დემობილიზებული ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს და სადაც იარაღი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში. ცხადია, რომ გატანჯული ხალხისთვის, რომლებიც ასეთ სასტიკ პირობებში არიან ჩავარდნილი, უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
მსოფლიო, სადაც ყველა უსაფრთხოდ იცხოვრებს
სამშობლოში იძულებითი დაბრუნება არასოდეს გადაწყვეტს ლტოლვილთა პრობლემებს, თუკი ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები არ აღმოიფხვრება. ქ-ნმა სადაკო ოგატამ, გაეროს ლტოლვილთა ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა, 1999 წელს განაცხადა: „ამ ათწლეულის, და განსაკუთრებით გასული წლის, მოვლენებმა ცხადყო, რომ შეუძლებელია, ვიმსჯელოთ ლტოლვილთა მდგომარეობაზე უსაფრთხოების საკითხის გაუთვალისწინებლად“.
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება საშიშ გარემოში ცხოვრებით. გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ამბობს: „მსოფლიოს ზოგი სახელმწიფო თავის ქვეყანაში მიმდინარე თუ საერთაშორისო კონფლიქტებშია ჩაბმული, რის გამოც თავიანთ მოქალაქეებს წესიერად ვერ იცავენ. სხვაგან კი თავად სახელმწიფოები აგდებენ მოქალაქეებს საფრთხეში, როდესაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. თავიანთ მოწინააღმდეგეებს დევნიან და უმცირესობათა ჯგუფების უდანაშაულო წევრებს სჯიან“.
ომები, დევნა-შევიწროება და ეთნიკური წმენდა — რაც, კოფი ანანის სიტყვებისამებრ, ხალხის საფრთხეში ჩამგდები ძირითადი მიზეზებია — ჩვეულებრივ, სიძულვილიდან და უსამართლობიდან გამომდინარეობს და კიდევ იქიდან, რომ ხალხს სხვებზე წინასწარშექმნილი უარყოფითი აზრები აქვს. ამ ბოროტების აღმოფხვრა ადვილი საქმე არ არის. ნიშნავს ეს იმას, რომ ლტოლვილთა პრობლემა მხოლოდ გამწვავდება?
ამ პრობლემის გადაწყვეტა ადამიანებს რომ ჰქონოდათ მინდობილი, შედეგი უცილობლად სავალალო იქნებოდა. მაგრამ ბიბლიაში ღმერთი გვპირდება, რომ „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნი 45:10). წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ის იმ დროსაც აღგვიწერს, როდესაც ადამიანები „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. . . ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან“ (ესაია 65:21—23). ასეთ პირობებში ლტოლვილთა პრობლემა ნამდვილად გადაიჭრებოდა. რამდენად რეალურია ასეთ პირობებში ცხოვრება?
„რადგან ომი ომზე ფიქრით იწყება, ამიტომ ადამიანთა აზროვნებაში უნდა განვამტკიცოთ მშვიდობის დაცვის იდეა“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პრეამბულაში. ჩვენმა შემოქმედმა კარგად უწყის, რომ აუცილებელია აზროვნების შეცვლა. იმავე წინასწარმეტყველებაში ახსნილია, თუ რატომ იცხოვრებს ყველა უსაფრთხოდ: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).
იეჰოვას მოწმეებმა პრაქტიკულად დაინახეს, რომ იეჰოვას შესახებ შემეცნებას წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრისა და სიძულვილის დაძლევა შეუძლია. თავიანთი საერთაშორისო სამქადაგებლო საქმიანობით ისინი ქრისტიანული პრინციპების დანერგვას ცდილობენ, პრინციპებისა, რომლებიც ომით გაპარტახებულ ქვეყნებშიაც კი სიძულვილის ნაცვლად ადამიანთა გულებში სიყვარულს აღვივებს. ისინი ისეთ დახმარებასაც სთავაზობენ ლტოლვილებს, როგორის აღმოჩენაც შეუძლიათ.
მათ ისიც შეგნებული აქვთ, რომ ლტოლვილთა პრობლემას სრულად ღვთის ცხებული მეფე, იესო ქრისტე, გადაწყვეტს. მას კარგად ესმის, თუ რა ადვილად შეუძლია სიძულვილსა და ძალადობას ადამიანთა სიცოცხლის გამწარება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ თავმდაბლებს ის სიმართლით განიკითხავს (ესაია 11:1—5). მისი ზეციდან მმართველობის დროს ღვთის ნება დედამიწაზეც ისევე შესრულდება, როგორც ზეცაში შესრულდა (მათე 6:9, 10). ამ დღის დადგომისას აღარავინ იქნება ლტოლვილი და ყველას საკუთარი კერა ექნება.
[ჩარჩო 12 გვერდზე]
რა არის საჭირო ლტოლვილთა პრობლემის გადასაჭრელად?
„მსოფლიოს ლტოლვილთა და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე და დახმარების აღმოჩენაზე ბევრად უფრო მეტს მოიცავს. ამისათვის საჭიროა დევნის, ძალადობისა და შეიარაღებული კონფლიქტების აღმოფხვრა, რომელთა გამოც, უპირველეს ყოვლისა, ხალხი საცხოვრებელი ადგილებიდან გარბის. საჭიროა ყველა მამაკაცის, ქალისა და ბავშვის უფლებების აღიარება, რათა მათ შეეძლოთ მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება ისე, რომ არც ღირსების გრძნობა შეელახოთ და არც სახლიდან გაქცევა მოუწიოთ“ („ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში“ — 2000 წელი“).
[ჩარჩო⁄სურათები 13 გვერდზე]
როგორ გადაწყვეტს პრობლემას ღვთის სამეფო?
„იმ მიწაზე ყველგან სიმართლე და სამართლიანობა იმეფებს. მშვიდობა და უსაფრთხოება მარადიულად დამკვიდრდება, რადგან ყველა იმას გააკეთებს, რაც სწორია. ღვთის ხალხს აღარაფერი შეაწუხებს და მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ თავიანთ სახლებში“ (ესაია 32:16—18, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).