არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი ოკულტიზმში?

რა არის ცუდი ოკულტიზმში?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა არის ცუდი ოკულტიზმში?

მართლა აინტერესებთ მოზარდებს ოკულტიზმი? მკვლევართა ერთმა ჯგუფმა სცადა ამის გამორკვევა და 115 არასრულ საშუალო და საშუალო სკოლაში მოსწავლეთა გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (54%-მა) აღნიშნა, რომ ოკულტიზმითა და ზებუნებრივი ძალებით იყო დაინტერესებული, მაშინ როდესაც მეოთხედმა (26%-მა) განაცხადა, რომ „ძალიან აინტერესებდათ“ ეს საკითხი.

ანკორიჯის (ალასკა) უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაწერეს, რომ „ჟურნალ-გაზეთებში სატანისტური კულტის გააქტიურების შესახებ სტატიები . . . ძალიან მომრავლდა ამ ბოლო წლებში“. ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ, რომ ახალგაზრდებში სატანიზმის გავრცელების რეალური სამხილი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, უეჭველია, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული სატანიზმით და ოკულტიზმის სხვადასხვა სახეობებით, მაშინაც კი, თუ ეს ინტერესი ზედაპირულია.

„რა არის ცუდი ოკულტიზმში?“ — შეიძლება იკითხოს ზოგმა ახალგაზრდამ. ამ კითხვაზე პასუხი რომ გავიგოთ, მოდი განვიხილოთ ის, თუ როგორ ებმებიან ახალგაზრდები ოკულტიზმის ხაფანგში.

ოკულტიზმის სატყუარა

ერთ-ერთ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში ნათქვამია, რომ „დღეს ბავშვებსა და მოზარდებს ისეთი შემაცბუნებელი და ხშირად თავგზის ამბნევი გამოსახულებებისა და ინფორმაციის დიდი რაოდენობით ადვილად მოპოვება შეუძლიათ, რომელთა შესახებაც ხალხს 20 წლის წინათ შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ“ (U.S.News & World Report). ცნობისმოყვარეობა უბიძგებს ბევრ ახალგაზრდას, იკითხოს ის წიგნები და ჟურნალები, უყუროს იმ ვიდეოფილმებს ან გახსნას ის ვებ-საიტები ინტერნეტში, რომლებიც ოკულტიზმთან დაკავშირებულ მასალას შეიცავს.

„BBC ნიუზ ონლაინის“ თანახმად, იმ პოპულარულ სატელევიზიო პროგრამებზე, რომლებიც ჯადოსნობასა და ვამპირიზმს აჩვენებენ „ფიქრობენ, რომ ისინი ბავშვებში ჯადოქრობისადმი ინტერესს აღვივებენ“. ხშირად ჰევი-მეტალის მუსიკაც ძალადობას ან დემონებს ეხება. ტორონტოში გამომავალი გაზეთის „სანდეი სტარის“ მუდმივმა მიმომხილველმა, ტომ ჰარფერმა დაწერა: „თავს ვალდებულად ვთვლი, გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რაც [მუსიკაში] ხდება . . . ასეთი გახრწნილება არასდროს მინახავს. სიმღერებში ხშირად ისეთი თემებია განდიდებული, რომლებიც სიგიჟეს, დემონებს, სისხლისღვრას, ლანძღვა-გინებას, ყოველგვარ ძალადობას, გაუპატიურებას, თვითდასახიჩრებას, მკვლელობასა და თვითმკვლელობას ეხება. სიკვდილი და განადგურება, უბედურების წინასწარმეტყველება, ყოველივე კარგის უარყოფა და ყოველივე სისაძაგლისა და ცუდის აღიარება — აი ასეთია ამ სიმღერების შინაარსი“.

ნამდვილად დამღუპველად მოქმედებს ასეთი მუსიკის მოსმენა? ეს მართლაც ასეა, რაშიც დავრწმუნდებით, თუ, სულ მცირე, ერთ შემთხვევას მაინც განვიხილავთ. შეერთებულ შტატებში 14 წლის ბიჭმა დედა სასიკვდილოდ გაიმეტა და შემდეგ თავი მოიკლა! მისი ოთახის კედლები დაფარული იყო ჰევი-მეტალის როკ მუსიკოსების სურათებით. მოგვიანებით მამამისი ამბობდა: „უთხარით მშობლებს, ყურადღება მიაქციონ თავიანთ შვილებს, თუ რა მუსიკას უსმენენ ისინი“. შემდეგ დასძინა, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მისი ვაჟი „სისხლისა და დედის მოკვლის შესახებ“ როკ-მუსიკას მღეროდა.

არსებობს აგრეთვე ისეთი თამაშები, რომლებშიც ზოგიერთ მოთამაშეს ჯადოქრის ან ოკულტიზმის სხვა რომელიმე ფიგურის როლის შესრულება უხდება. ბევრი ასეთი თამაში დემონური ძალადობით ხასიათდება *.

მიუხედავად ამისა, კვლევითი ორგანიზაცია „მედიასკოპი“ იუწყება: „გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჰევი-მეტალის მუსიკის მოსმენა შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადამიანი თავს გარიყულად გრძნობს, ალკოჰოლური სასმელებითა და ნარკოტიკებით არის გატაცებული, ფსიქიკურად არის მოშლილი, მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ . . . ან მოზარდობისას თავს საფრთხეში იგდებს, თუმცა მუსიკა არაფერ შუაშია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ მოზარდებს ეს პრობლემები უკვე ჰქონდათ და ჰევი-მეტალის მუსიკის მოსასმენად სწორედ ამან მიიზიდა, რადგან ის მათ დამთრგუნველ გრძნობებს გამოხატავს“.

მკვლევარები შეძლება ყოველთვის არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სატანური მუსიკის მოსმენა საშიშია. განა შეიძლება, რომ იმ ვიდეოფილმებით, მუსიკით და თამაშებით „კვება“, რომლებიც ძალადობასა და თვითმკვლელობას უსვამენ ხაზს, მომწამლავი არ იყოს? მაგალითად, ქრისტიანისთვის ოკულტიზმით ზედაპირულად დაინტერესებაც კი შეიძლება ძალიან საშიში იყოს.

ღვთის აზრი ოკულტიზმზე

1 კორინთელთა 10:20-ში მოციქულმა პავლემ ქრისტიანები გააფრთხილა: „არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ“. სინამდვილეში ვინ არიან დემონები და რატომ არის ასე საშიში მათთან დაკავშირება? მარტივად რომ ვთქვათ, დემონები არიან ყოფილი ანგელოზები, რომლებმაც სატანა ეშმაკის მიმდევრობა ირჩიეს. სიტყვა სატანა ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“, ეშმაკი კი — „ცილისმწამებელს“. როგორც ბიბლიიდან ვგებულობთ, ამ ყოფილმა ანგელოზმა, ღვთის ძემ, ღვთის წინააღმდეგ ამბოხებით მოწინააღმდეგედ და ცილისმწამებლად იქცია თავი. დროთა განმავლობაში, მან სხვა ანგელოზებიც გადაიბირა, რომ ამბოხებაში შეერთებოდნენ. ამიტომ ეს მოკავშირეები დემონები გახდნენ (დაბადება 3:1—15; 6:1—4; იუდა 6).

იესომ სატანას „წუთისოფლის მთავარი“ უწოდა (იოანე 12:31). სატანა და მისი დემონები თავიანთი მოახლოებული განადგურების გამო ‘დიდად მძვინვარებენ’ (გამოცხადება 12:9—12). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ის, ვინც მათ უკავშირდება, აგრესიული და ბოროტი ხდება. ერთი სურინამელი ქალი, რომლის ოჯახიც სპირიტიზმში იღებდა მონაწილეობას, საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ „ტანჯავდნენ თავიანთ მსხვერპლს“ დემონები *. ამ ულმობელ სულიერ ქმნილებებთან ნებისმიერი სახით კონტაქტის დამყარება უკიდურესად საშიშია!

ამიტომ ღმერთმა თავისი ხალხი, ისრაელი, გააფრთხილა ძველად, რომ ოკულტიზმის არანაირ ფორმაში არ მიეღოთ მონაწილეობა. „საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი“, — გვაფრთხილებს მეორე რჯულის 18:10—12. ასევე გაფრთხილებული არიან ქრისტიანებიც, რომ ‘გრძნეულებს’ ღმერთი გაანადგურებს (გამოცხადება 21:8). ღმერთი ოკულტიზმით უბრალო დაინტერესებასაც კი განსჯის. „უწმიდურს ნუ მიეკარებით“, — ბრძანებს ბიბლია (2 კორინთელთა 6:17).

ოკულტიზმთან კავშირის გაწყვეტა

დაუძლევიხარ ოდესმე ოკულტიზმისადმი ინტერესს? მაშინ გაიხსენე, რა მოხდა პირველ საუკუნეში ქალაქ ეფესოში. იქ ბევრი „ჯადოსნობას ეწეოდა“. მაგრამ პავლეს ძლევამოსილმა საქმეებმა, რომელიც მან სულიწმიდის დახმარებით გააკეთა, ზოგს აზროვნება შეაცვლევინა. რა შედეგი მოჰყვა ამას? „მრავალმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა. ასე ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა“ (საქმეები 19:11—20).

რას გვასწავლის ეს ჩვენ? თუ ადამიანს სურს, რომ დემონთა კლანჭებს დააღწიოს თავი, სატანის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ყოველი ნივთი უნდა გაანადგუროს, იქნება ეს წიგნები, ჟურნალები, პლაკატები, იუმორისტული წიგნები, ვიდეოფილმები, თილისმები თუ ინტერნეტში ჩატვირთული დემონისტური მასალა (მეორე რჯული 7:25, 26). უნდა გადააგდოს ნებისმიერი ის ნივთი, რომელიც შეიძლება მკითხაობისას გამოიყენონ, მაგალითად, ბროლის ბურთი ან სამკითხაო დაფები. აგრეთვე თავიდან უნდა მოიცილოს ის მუსიკალური ჩანაწერები და ვიდეოფილმები, რომლებიც სატანისტურ თემებს ეხება.

ამ ნაბიჯის გადადგმა სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. მაგრამ სარგებელი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ერთმა ქრისტიანმა ქალმა, ჯენმა *, იყიდა კომპიუტერული თამაში, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანდა. როდესაც ამ თამაშით ერთობოდა, მიხვდა, რომ სპირიტიზმთან ჰქონდა კავშირი. მალე კოშმარები დასჩემდა! „ერთხელაც შუაღამისას ავდექი, — ამბობს ჯენი, — და ის დისკი, რომელზეც ეს თამაში იყო ჩაწერილი, გავანადგურე“. როგორი შედეგი ჰქონდა ამას? „მას შემდეგ კოშმარები აღარ მქონია“.

თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ თავი დააღწიო მათ, ამის გაკეთებას შეძლებ. გაიხსენე, თუ როგორ მტკიცედ მოქმედებდა იესო, როდესაც ეშმაკი ცდილობდა, რომ იესოს მისთვის ეცა თაყვანი. «იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა» (მათე 4:8—11).

არ იბრძოლოთ მარტომ

მოციქული პავლე გვახსენებს, რომ თითოეული ქრისტიანი ‘იბრძვის . . . ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ’ (ეფესელთა 6:12). მაგრამ ნუ ეცდები, რომ სატანას და მის დემონებს მარტომ ებრძოლო. დახმარება სთხოვე შენს ღვთისმოშიშ მშობლებს და ქრისტიანული კრების უხუცესებს. შეიძლება გეუხერხულება, გაამხილო, თუ რა გემართება, მაგრამ გახსოვდეს, რომ შენთვის აუცილებელ დიდ მხარდაჭერას მიიღებ (იაკობი 5:14, 15).

აგრეთვე გახსოვდეს, რას ამბობს ბიბლია: „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:7, 8). დიახ, შენ იეჰოვა ღმერთი გიდგას მხარში! ის დაგეხმარება ოკულტიზმის მახისგან თავის დაღწევაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 იხილეთ სტატია „საშიშია ისეთი თამაშები, რომლებშიც როლის შესრულება გიწევს?“ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (22 აგვისტო, 1999 [რუს.]).

^ აბზ. 15 ამის შესახებ უფრო დაწვრილებითაა მოთხრობილი სტატიაში „სპირიტიზმის უღლის გადაგდება“, რომელიც დაიბეჭდა 1987 წლის 1 სექტემბერს, იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).

^ აბზ. 20 სახელები შეცვლილია.

[სურათი 26 გვერდზე]

თავიდან მოიშორე სატანის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ყოველი საგანი.

[სურათი 26 გვერდზე]

მოერიდეთ სპირიტულ ვებ-საიტებს.