რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
სვიტრები პინგვინებისთვის
მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ მოქსოვილი 1 000-ზე მეტი სვიტრი გააგზავნეს ტასმანიაში (ავსტრალია). ვინ ჩაიცვამს ამ სვიტრებს? ვინ და, ის პატარა პინგვინები, რომლებიც ერთ კილოგრამს იწონიან და იმ ზონაში ცხოვრობენ, სადაც ნავთობის ჩაღვრის გამო გარემო ხშირად ბინძურდება. «როდესაც ნისკარტით ბუმბულებს ისუფთავებენ,— ნათქვამია კანადის გაზეთ „ნეშნლ პოსტში“,— ბუმბულზე წაცხობილი ტოქსიკური ნავთობი ეყლაპებათ. მოხალისეები ნათვთობში ამოსვრილ პინგვინებს სვიტრებს აცმევენ, რომ ისინი ნავთობით არ მოიწამლონ». გარდა ამისა, როგორც გაზეთი დასძენს, სვიტრები პინგვინებს ათბობს კიდეც. „ტასმანიის ბუნების დაცვის ფონდის“ წარმომადგენელი ჯო კასტლე ამბობს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სვიტრებს ყოველთვის იყენებდნენ ზღვის ფრინველებისთვის, მაგრამ ამ სვიტრების მოდელი „სამხრეთ ნახევარსფეროში მცხოვრები პატარა პინგვინებისთვის გადააკეთეს“.
ალკოჰოლური სასმელები საშიშროებას ქმნის
„ევროპაში ახალგაზრდებს შორის სიმთვრალეში მიღებული ტრამვების, დაინვალიდებისა და სიკვდილიანობის რიცხვი ამ ბოლო წლებში საგანგაშოდ გაიზარდა“, — იუწყება ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“. ევროპაში, სადაც ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ყოველწლიურად სმისგან 55 000 ახალგაზრდა იღუპება. ბრიტანეთში, გრენლანდიაში, დანიაში, ირლანდიასა და ფინეთში გამოკითხული სტუდენტებიდან ყოველმა მესამემ აღიარა, რომ წინა თვის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ მაინც დათვრა. ევროპის 30 ქვეყანაში 15-16 წლის 100 000 ახალგაზრდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად ლიტვაში, პოლონეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სლოვენიაში მცხოვრები ახალგაზრდები ეტანებიან ალკოჰოლურ სასმელს. ლონდონში გამომავალი გაზეთი „ინდეპენდენტი“ იუწყებოდა ბრიტანეთის „ექიმთა სამეფო კოლეჯის“ გაფრთხილების შესახებ, რომ „ღვიძლის დაჩქარებული ციროზი, რომელსაც ჩვეულებრივ 40—60 წლის უზომოდ მსმელ მამაკაცებს უდგენდნენ ხოლმე, ახლა 20—30 წლის ქალებს დაუდგინეს. ამ კოლეჯმა „ალკოჰოლის სმას, ჯანმრთველობის დაცვის პრობლემებს შორის, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოგვარებადი პრობლემა უწოდა“.
პაციენტთან მეგობრული დამოკიდებულება გამოჯანმრთელების საწინდარია
„გულთბილი ექიმი, რომელიც პაციენტს მეგობრულად ეპყრობა და არწმუნებს, რომ მალე გამოჯანმრთელდება, გაცილებით წარმატებულია თავის საქმიანობაში“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“. ამ საკითხთან დაკავშირებით 25 სხვადასხვა გამოკვლევაზე ჩატარებული ანალიზის შემდეგ, ინგლისში იორკის, ექსეტერისა და ლიდზის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასეთი დასკვნა გააკეთეს: „ექიმები, რომლებსაც თავიანთ პაციენტებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ და, ამასთანავე, არწმუნებენ მათ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან, გაცილებით წარმატებული არიან, ვიდრე ის ექიმები, რომლებიც ზერელედ, ფორმალურად და უგულოდ ეკიდებიან თავიანთ პაციენტებს“. შვედეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ პაციენტები „უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ და უფრო კმაყოფილებიც იყვნენ მაშინ, როდესაც ექიმი არწმუნებდა მათ, რომ მალე გამოკეთდებოდნენ; იმის საშუალებას აძლევდა, შეკითხვები დაესვათ მისთვის და რამდენიმე წუთით უფრო დიდხანს რჩებოდა მათთან“.
რეგულარული ვარჯიშის მნიშვნელოვნება
ბევრი ადამიანი სიმსუქნის, კორონარული დაავადებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რომლებსაც ოფისებში ჯდომითი მუშაობა იწვევს, ძალ-ღონეს არ იშურებს და დროგამოშვებით თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მაგრამ, როგორც გერმანული ჟურნალი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ იუწყება, ამასწინანდელი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის ხშირი და ხანმოკლე ვარჯიში უფრო უკეთესია, ვიდრე თავდაუზოგავი, მაგრამ იშვიათი. ჰოლანდიელმა მკვლევარმა, დოქტორ კლას ვესტერთორფმა 30 მოხალისეზე დაკვირვებით დაადგინა, თუ რამდენ ენერგიას ხარჯავდნენ ისინი თითოეულ წუთში. ეს შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ პიროვნება „არააქტიური მდგომარეობიდან გამოსვლას უკიდურესი აქტიურობით“ კი არა, ყოველდღიურად ფიზიკური მოძრაობით შეძლებს. ცნობაში ნათქვამია: „ჯდომითი სამუშაო გაქვთ თუ ფეხზე გიხდებათ მთელი დღე დგომა, შეძლებისდაგვარად ხშირად ისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით“.