რელიგიური ძალადობა საქართველოში — როდემდე?
რელიგიური ძალადობა საქართველოში — როდემდე?
შავი ზღვის თბილ სანაპიროზე და დათოვლილ კავკასიონთან მდებარეობს საქართველო. აქოჩრილი ტყეები და ხასხასა მდელოები, საამურად მოჩუხჩუხე ნაკადულები და სწრაფი მდინარეები ამშვენებს ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე მთაგორიან ქვეყანას. დედაქალაქ თბილისში თანამედროვე არქიტექტურა შესანიშნავად ერწყმის ხუროთმოძღვრების უძველეს ძეგლებს. მაგრამ საქართველოს უმთავრესი განძი ხალხია, რომელიც მტკიცე ოჯახებითა და უსაზღვრო სტუმართმოყვარეობით არის ცნობილი.
საუკუნეების მანძილზე საქართველო არაერთხელ მოექცა მჩაგვრელთა უღელქვეშ. რომსა თუ სპარსეთს, ბიზანტიასა თუ არაბეთს, თურქეთსა თუ მონღოლეთს, რუსეთსა თუ, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ სახელმწიფოს დაუპყრია ეს ქვეყანა. ერთ-ერთი მატიანის მიხედვით, თბილისი 29-ჯერ იქნა მიწასთან გასწორებული. და მაინც, ქართველმა არამარტო სიცოცხლის, ხელოვნების, სიმღერისა და ცეკვის სიყვარული შეინარჩუნა, არამედ შემწყნარებლის სახელიც დაიმკვიდრა *.
სამწუხაროდ, ახლა ყველაზე ვეღარ ითქმის ეს სიტყვები. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი სახელს უტეხს ქვეყანას თავისივე მოძმეებისადმი გამოვლენილი სისასტიკით. ისინი გაშმაგებით თავს ესხმიან და სცემენ უდანაშაულო ხალხს — ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ინვალიდებსაც კი. თავდამსხმელები არაადამიანურ მეთოდებს მიმართავენ: ხალხს ლურსმნიანი ხელკეტებითა და რკინის ჯვრებით სცემენ, სახეს აკაწრავენ და თმით ათრევენ. ასე ულმობლად რატომ ექცევიან უდანაშაულო ადამიანებს? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები, ქრისტიანები, არიან, რომელთა საქმიანობაც საქართველოში ჯერ კიდევ მაშინ
დაიწყო, როცა მათი შეურაცხმყოფელთა უმეტესობა დაბადებულიც კი არ იყო.ბრალდებები თავდასხმებში გადაიზარდა
საქართველოში რწმენის თავისუფლებაა, მაგრამ იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურას ხშირად აკავებდნენ ხოლმე. 1999 წლის აპრილში საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ლიტერატურას გაათავისუფლებდნენ მხოლოდ პატრიარქის ნებართვით *. მომდევნო თვეს კვლავ საუბრობდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მაგრამ ამჯერად ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში. პარლამენტარმა გურამ შარაძემ, რომელიც სათავეში უდგას პოლიტიკურ მოძრაობას „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომელშიც მოითხოვდა, რომ იეჰოვას მოწმეთა იურიდიული ორგანიზაციების რეგისტრაცია გაუქმებულიყო. მან იეჰოვას მოწმეები ანტიეროვნულ და საშიშ საქმიანობაში დაადანაშაულა. ვინ უმაგრებდა ზურგს შარაძეს? სარჩელს დართული ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის წერილი.
1999 წლის 20 მაისს საქართველომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, რითაც კონვენციით გათვალისწინებული საკითხების შესრულების ვალდებულება დაიკისრა. კონვენციის მე-10 მუხლში ნათქვამია: „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე საზღვრების მიუხედავად“. შეაჩერა ამ ფაქტმა იეჰოვას მოწმეთა მოწინააღმდეგენი, რომლებიც ცდილობდნენ მათი ლიტერატურის აკრძალვას? სულაც არა!
1999 წლის 21 ივნისს საპატრიარქომ წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, რომელშიც მოითხოვა, რომ „რელიგიური შინაარსის უცხოური ლიტერატურის გავრცელება უნდა აიკრძალოს“. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ანდრიაძემ, განაცხადა, რომ იეჰოვას მოწმეების საზოგადოება საშიში სექტაა და უნდა აიკრძალოს. ეს ბრალდებები უყურადღებოდ არ დარჩენილა. რელიგიურმა ფანატიკოსებმა, რომლებიც აქამდე უკვე წვავდნენ იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურას, დაასკვნეს, რომ ახლა შეეძლოთ თვითონ მოწმეებისთვის შეეტიათ და ეს მოსაწონ საქციელად ჩაეთვლებოდათ. 1999 წლის 17 ოქტომბერს დაუნდობელი თავდასხმა მოაწყვეს.
„ლინჩის სამართალი“ მისაღებად ითვლება
იმ კვირადღეს 120-ოდე მამაკაცი, ქალი და ბავშვი შეკრებილიყო იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ შეხვედრაზე თბილისში, გლდანის რაიონში. მოულოდნელად, განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდელი ვასილ მკალავიშვილი და მისი მრევლის 200-მდე წევრი შეიჭრნენ შეხვედრის ადგილას *. მათ მოიმწყვდიეს იეჰოვას მოწმეები და, გააფთრებულებმა, ცემა დაუწყეს ხელკეტებითა და რკინის ჯვრებით. ოთხმა მათგანმა დაიჭირა ერთ-ერთი მოწმე, ხელები გადაუგრიხეს და თავი გადაპარსეს. ბრბო კი ამ დროს თავს ირთობდა მსხვერპლის დამცირებით. მათ მიერ გატარებული „სადამსჯელო აქციის“ შემდეგ 16 მოწმის საავადყოფოში დაწვენა გახდა საჭირო. ერთ მამაკაცს სამი ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. 40 წლის ქალბატონი, სახელად ფატი, ამ მოვლენების შემდეგ იხსენებდა: „მიყვიროდნენ. მერე ერთმა გამეტებით დამარტყა. ის სახეში, თვალებში მირტყამდა. სახეზე ხელები ავიფარე. სისხლი თქრიალით ჩამომდიოდა თითებზე“. ამის შემდეგ ფატი მარცხენა თვალიდან ვეღარ ხედავდა. სამწუხაროდ, დღემდე ვერ აღუდგა მხედველობა.
ეს უმოწყალო თავდასხმა, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ დაგმო. მომდევნო დღეს მან განაცხადა: „მე ვგმობ ყველანაირ დარბევას. უნდა ჩატარდეს გამოძიება და აღიძრას შესაბამისად სისხლის სამართლის საქმე“. ბრბოს წინამძღოლი და სხვა თავდამსხმელები კარგად ჩანან ვიდეოფირზე, ამიტომ დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა არ უნდა ყოფილიყო რთული. მაგრამ უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ და ყველა თავდამსხმელი დაუსჯელი რჩება.
დაუსჯელობით წაქეზებულნი
გასაკვირი არ არის, რომ საერო და სასულიერო ხელისუფალთა მხრიდან უმოქმედობა თავდამსხმელებმა ისე აღიქვეს, თითქოს ძალადობა მიზანშეწონილ მოვლენად ითვლება. დაუსჯელობით წაქეზებულებმა, გააძლიერეს იეჰოვას მოწმეების ძარცვა და ცემა სახლებში, ქუჩებსა და თაყვანისმცემლობის ადგილებზე. 1999 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის აგვისტოს ჩათვლით დაფიქსირდა 80-ზე მეტი თავდასხმა, რომელთა შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ამისდა მიუხედავად, 2001 წლის 9 თებერვალს თბილისის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ვასილ მკალავიშვილის საქმის გამოძიება. სამწუხაროდ, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია არანაირი ზომა იეჰოვას მოწმეთა მოწინააღმდეგეების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებების აღსაკვეთად (იხილეთ ჩარჩო «„ლინჩის სამართალი“ გრძელდება»).
რას აკეთებს ამ დროს პოლიცია? ახალი ამბებიდან და ვიდეომასალებიდან ცხადი ხდება, რომ პოლიცია არა მარტო არაფერს აკეთებს თავდასხმების შესაჩერებლად, არამედ მონაწილეობს კიდეც მათში! მაგალითად, 2000 წლის 8 სექტემბერს, ზუგდიდში, ხელკეტებით შეიარაღებულმა პოლიციელებმა დაარბიეს იეჰოვას მოწმეთა 700-კაციანი მშვიდობიანი შეხვედრა. თვითმხილველები
აღნიშნავენ, რომ პოლიციელები „ყველაფერს ანადგურებდნენ, რაც კი ხელში მოხვდებოდათ“ და 50-მდე ადამიანი სცემეს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. „გული გვეწვოდა“, — თქვა შეხვედრის ჩასატარებლად განკუთვნილი ტერიტორიის მფლობელმა, როცა იხსენებდა ბავშვების სახეებზე აღბეჭდილ შიშს, რომელიც იმით იყო გამოწვეული, რომ შეკრებილთა თავს ზემოთ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს აფეთქებდნენ. პოლიცია ძალით შეიჭრა კერძო ტერიტორიაზე და იქაურობა გაავერანა. ამჯერადაც არავინ დასჯილა.ეს აღმაშფოთებელი შემთხვევა გამონაკლისი არ არის (იხილეთ ჩარჩო «პოლიციის „წვლილი“»), ამიტომ 2001 წლის 7 მაისს „გაეროს კომიტეტმა წამების წინააღმდეგ“ სამართლიანად გამოთქვა შეშფოთება „საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დამსჯელი“ ქმედებების გამო. კომიტეტმა აგრეთვე დაგმო ხელისუფლების „უუნარობა, უზრუნველყოს ყველასთვის გადაუდებელი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიება წამების თაობაზე შეტანილ არაერთ საჩივარზე“ *. მართლაც, იეჰოვას მოწმეთა მიერ პოლიციაში შეტანილ 400-ზე მეტი საჩივრიდან არც ერთ საჩივარს არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეთა ვინაობა ცნობილია! საქართველოს სახალხო დამცველმა, ქალბატონმა ნანა დევდარიანმა განაცხადა: „სამწუხაროდ, საქართველოში ეს უფლებები [ადამიანის უფლებები] ირღვევა იმ ადამიანების მიერ, ვისაც უპირველესად ევალება მათი დაცვა. მათთვის ეს უფლებები ჯერაც ფარატინა ქაღალდად რჩება“.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებრობას ქმნის
თითქოს ბრბოს თავდასხმები არ კმაროდა, უზენაესმა სასამართლომ ამას წინათ გამოიტანა განჩინება, რომელმაც იეჰოვას მოწმეთა უფლებების თაობაზე გაუგებრობა გამოიწვია.
მოდი თვალყური გავადევნოთ იმას, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. პარლამენტარმა გურამ შარაძემ ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სასარჩელო განცხადება შეიტანა, რომელშიც მოითხოვდა, რომ იეჰოვას მოწმეთა იურიდიული გაერთიანებების რეგისტრაცია გაეუქმებინათ. 2000 წლის 29 თებერვალს სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შარაძემ აპელაცია შეიტანა საოლქო სასამართლოში და პროცესი მოიგო. იეჰოვას მოწმეებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 2001 წლის 22 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა საწინააღმდეგო განჩინება გამოიტანა; განჩინებას საფუძვლად, უმთავრესად, კანონის ფორმალური მხარეები დაედო. სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, რელიგიური გაერთიანებები რეგისტრაციაში უნდა გატარდეს როგორც საჯარო
სამართლის იურიდიული პირები, მაგრამ კანონი, რომელიც არეგულირებს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხს, ჯერ არ არის მიღებული. სასამართლომ დაადგინა, რომ, სანამ არ არსებობს ეს კანონი, იეჰოვას მოწმეების გაერთიანებები ვერ გატარდებიან რეგისტრაციაში სხვა ფორმით. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დაახლოებით სხვა 15 რელიგია გატარებულია რეგისტრაციაში.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა: „ეს გადაწყვეტილება იურიდიულად ძალიან საეჭვო გახლავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ყველაზე წარმატებული ფურცელი თავად უზენაესი სასამართლოს ისტორიაში“. პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ადეიშვილმა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „კესტონ ნიუს სერვისს“, რომ „ძალიან აფიქრებს“ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ის „აქეზებს ჩვენს [მართლმადიდებელ] ეკლესიაში არსებულ ექსტრემისტულ ძალებს, შეავიწროონ რელიგიური უმცირესობები“. ბატონი ზურაბის წუხილი უმიზეზო არ აღმოჩნდა. უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძალადობა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განახლდა. 2001 წლის განმავლობაში ისინი არაერთხელ დაარბიეს ბრბომ, პოლიციამ და მართლმადიდებელმა მღვდლებმა; მაგალითად, 27 თებერვალს, 5 მარტს, 6 მარტს, 27 მარტს, 1 აპრილს, 7 აპრილს, 29 აპრილს, 30 აპრილს, 7 მაისს, 20 მაისს, 8 ივნისს, 17 ივნისს, 11 ივლისს, 12 აგვისტოს, 28 სექტემბერს, 30 სექტემბერს — და ეს ჩამონათვალი არ არის სრული.
ძალადობის ახალმა ტალღამ უზენაეს სასამართლოს უჩვეულო ნაბიჯი გადაადგმევინა. სასამართლოს პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა თავისი განჩინება: „სამწუხაროდ, იეჰოვას მოწმეთა კავშირისთვის. . . უზენაესი სასამართლოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმამ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია. . . როცა გაუქმდა მოპასუხეთა კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია, ამით, არც პირადად და არც ირიბად, მათი აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება არ აღკვეთილა და არც შეზღუდულა. არ შეზღუდულა მათი რწმენის შეცვლის თავისუფლება არც მარტო, არც სხვებთან ერთად კავშირში, არც საჯარო ან კერძოდ. . . სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეუზღუდავს უფლება მოპასუხეთა მოსაზრებების, ინფორმაციის, იდეების მიღებისა და გავრცელების შესახებ.
არ აუკრძალავს მათთვის მშვიდობიანი შეკრებების ან სხვებთან გაერთიანების უფლება. . .“საქართველოს ათასობით მოქალაქე გმობს ძალადობას
იქმნება შთაბეჭდილება, რომ უზენაესი სასამართლოს ამ განაცხადმა ვერაფერი დიდი გავლენა მოახდინა მოძალადეებზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ დაგმო ძალადობა. 2001 წლის 8 იანვარს იეჰოვას მოწმეებმა გაავრცელეს პრეზიდენტისა და მთავრობისადმი მიმართვის ტექსტი, რომელშიც ითხოვდნენ თავდასხმებისგან დაცვას და დამნაშავეთა დასჯას. ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხეში მიმართვას 133 375-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში იეჰოვას მოწმეებს სულ 15 000 წევრი ჰყავთ, ხელმომწერთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, მართლმადიდებლები იყვნენ. მაგრამ 2001 წლის 22 იანვარს ხელმოწერილი მიმართვა სადღაც გაქრა. რა მოხდა?
იმ დღეს სახალხო დამცველის ოფისში მოეწყო პრეს-კონფერენცია, რომელზეც ოფიციალურად უნდა წარედგინათ მიმართვა. მოულოდნელად, პრეს-კონფერენციის მსვლელობის დროს, დარბაზში ვასილ მკალავიშვილი თავის 10 მომხრესთან ერთად შეიჭრა. როგორც აღმოჩნდა, მათ მიმართვის ხელში ჩაგდება ჰქონდათ განზრახული. კავკასიის მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი შეეცადა, ხელი შეეშალა მათთვის, მაგრამ პასუხად შეურაცხყოფა მიიღო. იმ დროს, როცა მკალავიშვილი რისხვას ანთხევდა დამსწრე საზოგადოებაზე, მისმა მომხრეებმა ხელი დაავლეს 14 ტომად აკინძული მიმართვის 12 ტომს და სწრაფად დატოვეს დარბაზი. ამის შემხედვარე ერთ-ერთმა უცხოელმა დიპლომატმა ვერ დამალა განცვიფრება: „ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს!“ საბედნიეროდ, 2001 წლის 6 თებერვალს მიმართვა იეჰოვას მოწმეებს დაუბრუნეს; 2001 წლის 13 თებერვალს კი პრეზიდენტს გადაეცა.
„დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე“
იეჰოვას მოწმეები საქართველოსა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოელიან საქართველოს პრეზიდენტისგან შესაბამისი ზომების მიღებას. ჯერ კიდევ ადრე, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ არაერთხელ დაგმო იეჰოვას მოწმეთა დევნა. მაგალითად, 1999 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც საუბრობდა იეჰოვას მოწმეებზე მოწყობილ თავდასხმებზე, აღნიშნა, რომ ასეთი „დარბევები. . . მიუტევებელია“. 2000 წლის 20 ოქტომბერს მან იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრს მისწერა: „ყოველ ღონეს ვიხმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“. შემდეგ დასძინა: „მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც მტკიცედ დაიცავს ადამიანის უფლებებსა და სინდისის თავისუფლებას“. 2000 წლის 2 ნოემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მისიის მიმართ წერილში პრეზიდენტმა შევარდნაძემ კვლავ განაცხადა: „ეს საკითხი [რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში] ჩვენი ხალხისა და მთავრობის სერიოზულ შეშფოთებასაც იწვევს“. მან აღუთქვა ეუთოს მისიას: „ყოველგვარ სასტიკ და მოძალადეობრივ ქმედებაზე ჩატარდება გამოძიება და დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე“.
ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხი იმედოვნებს, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძის მტკიცედ ნათქვამი სიტყვები მალე შესრულდება. როგორც უნდა იყოს, იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში გამუდმებით ლოცულობენ საქართველოში მცხოვრები თანამორწმუნეებისათვის, მაშინ როცა ეს შეუპოვარი მოწმეები, სასტიკი დევნის მიუხედავად, განაგრძობენ იეჰოვასთვის მსახურებას (ფსალმუნი 108:3, 4; იგავნი 15:29).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 „გამოიღვიძეთ!“-ში 1998 წლის 8 თებერვლის ნომერშიც (მე-16 გვერდი) გამოქვეყნდა სტატია საქართველოზე, სათაურით „საქართველო — ძველთაძველი მემკვიდრეობა შემონახულია“.
^ აბზ. 6 2001 წელს საბაჟო დეპარტამენტმა შეწყვიტა იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის კონფისკაცია.
^ აბზ. 10 ვასილ მკალავიშვილი ეკლესიამ რამდენიმე წლის წინ განკვეთა, რადგან კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო საეკლესიო საბჭოში გაწევრიანების გამო (თუმცა ამის შემდეგ ეკლესიამ დატოვა მსოფლიო საეკლესიო საბჭო). თავად მკალავიშვილი კი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილ მიტროპოლიტ კიპრიანეს დაუკავშირდა.
^ აბზ. 15 საქართველო ერთ-ერთია 123 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც მოახდინეს რატიფიკაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ. საქართველომ დაიკისრა ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება.
[ჩანართი 24 გვერდზე]
„ყოველგვარ სასტიკ და მოძალადეობრივ ქმედებაზე ჩატარდება გამოძიება და დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე“. ედუარდ შევარდნაძე (2000 წლის 2 ნოემბერი).
[ჩანართი 24 გვერდზე]
„ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი [ძალადობა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ] გადაწყდება და საქართველოში ყველა რელიგიური ჯგუფი საკუთარი რწმენის გამოხატვის შეუზღუდავი თავისუფლებით ისარგებლებს“. დავით სუმბაძე, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი (2001 წლის 3 ივლისი).
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
„ლინჩის სამართალი“ გრძელდება
საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობამ კიდევ უფრო წააქეზა იეჰოვას მოწმეთა მტრები.
მაგალითად, 2001 წლის 22 იანვარს თბილისში (სვანეთის უბანი) ვასილ მკალავიშვილმა და მისმა მრევლმა იეჰოვას მოწმეთა 70-კაციანი შეხვედრა დაარბია. თავდამსხმელებმა გამეტებით სცემეს შეკრებილები, მათ ხისა და რკინის ჯვრებითაც ურტყამდნენ. ერთმა მათგანმა ისეთი ძალით ჩაარტყა იეჰოვას მოწმე მამაკაცს ხის ჯვარი თავში, რომ ჯვარი გადატყდა. ზოგი საცემრად ბნელ ოთახში გაიყვანეს. მოხუცებიც კი გარეთ გამოყარეს და გზადაგზა გამეტებით ურტყამდნენ. ორი კაცი 14 წლის ბიჭს გაეკიდა და მუშტებითა და წიხლებით სცემეს. 30 წლის თავდამსხმელმა კი 12 წლის ბავშვს დიდი ბიბლია ჩაარტყა თავში. იეჰოვას ერთი მოწმე შეეცადა, პოლიციაში გაქცეულიყო, მაგრამ დაეწივნენ და ისე სასტიკად სცემეს, რომ პირიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი. ბოლოს, გამძვინვარებული ბრბო გაეცალა იქაურობას. ისინი დღემდე არ დასჯილან.
2001 წლის 30 აპრილს მკალავიშვილის მომხრეები კვლავ ესტუმრნენ იეჰოვას მოწმეთა ამავე ჯგუფს. მათ გარეთ გამოათრიეს ყველა და ლურსმნიანი ხელკეტებით სცემეს. იეჰოვას ერთ-ერთ მოწმეს, სახელად თამაზს, ჭრილობები მიაყენეს ორივე ხელზე, მარცხენა ფეხსა და სახეზე. გარდა ამისა, თავის არეშიც მიაყენეს ჭრილობა, რომელსაც ხუთი ნაკერის დადება დასჭირდა. ბრბომ დაარბია და გაძარცვა სახლი, სადაც შეხვედრა ტარდებოდა, დააზიანა ავეჯი, მრავალი სხვა ნივთი და ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. შემდეგ კი იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა დაწვეს. 2001 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „ჰუმან რაიტს უოტჩმა“ ოფიციალურად მოსთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს და საქართველოს გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილს თუ რა ზომები იქნა მიღებული ამ და სხვა თავდასხმებში მონაწილეთა პასუხისგებაში მისაცემად. დღემდე არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
პოლიციის „წვლილი“
2000 წლის 16 სექტემბერს მარნეულის პოლიციამ გადაკეტა ქალაქისკენ მიმავალი გზები, რათა არ მიეშვათ იეჰოვას მოწმეები მარნეულში დაგეგმილ კონგრესზე. მათ იეჰოვას მოწმეთა 19 ავტობუსი გააბრუნეს. ერთ-ერთ პიკეტზე ბრბომ იეჰოვას მოწმეებს ქვები დაუშინა, რითაც ერთ მგზავრს თავის არეში ჭრილობა მიაყენეს. რამდენიმე მათგანი ჩამოათრიეს ავტობუსებიდან და სცემეს, სხვები კი გაძარცვეს. თუმცა ამავე დროს პოლიციამ შეუფერხებლად გაატარა ვასილ მკალავიშვილი თავის მრევლთან ერთად, რომლებსაც მარნეულში საკონგრესოდ მომზადებული ადგილის დარბევა ჰქონდათ განზრახული. ბრბომ იეჰოვას მოწმეთა ტონა-ნახევარი რელიგიური ლიტერატურა დაწვა. პოლიციაც მონაწილეობდა იეჰოვას მოწმეთა ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
კავკას-პრესი იტყობინებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებდა აღნიშნულ საქმეს და „შესაბამის ზომებს“ მიიღებდა. გამოძიებას საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს დამნაშავეთა გამოსავლენად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჯაროდ შეკრების უფლებას. მიუხედავად ამისა, არც ერთი თავდამსხმელი არ დასჯილა. ამ მოვლენიდან ხუთი თვის შემდეგ „კესტონ ნიუს სერვისი“ იტყობინებოდა, რომ, როგორც ბ-ნ გურამ შარაძის ადვოკატმა აღიარა, შარაძემ გავლენა მოახდინა მარნეულისა და ზუგდიდის ხელისუფლებებზე, რათა არაფრის დიდებით არ მიეცათ იეჰოვას მოწმეებისთვის კონგრესების ჩატარების საშუალება.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
საქართველოს კონსტიტუცია იცავს პიროვნების უფლებებს
1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში აღიარებულია რწმენის თავისუფლება და დაუშვებლად არის მიჩნეული ადამიანის უფლებების ხელყოფა. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი:
მუხლი 17, 1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება.
მუხლი 19, 1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო.
მუხლი 24, 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
მუხლი 25, 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
მსოფლიო თვალყურს ადევნებს
რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოებრიობა იმაზე, რომ საქართველო ზომებს არ იღებს იეჰოვას მოწმეებზე ძალადობის შესაჩერებლად?
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: „ქალაქ ზუგდიდში დაარბიეს იეჰოვას მოწმეთა შეკრება, მონაწილეთა დიდ ნაწილს უხეშად მოექცნენ, ხოლო ნაწილი არ მიუშვეს შეხვედრის ადგილამდე. ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ამ კონკრეტული ინციდენტისა და საქართველოში რელიგიური თავისუფლების დარღვევის სხვა ფაქტების გამო.. . . ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს და უზრუნველყოს ადამიანის რელიგიური თავისუფლების დაცვა და პატივისცემა“.
ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ურზულა შლაიხერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ევროპის პარლამენტის დელეგაციის სახელით მინდა გამოვთქვა აღშფოთება ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებსა და იეჰოვას მოწმეებზე არაერთი სასტიკი თავდასხმებიდან ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით. . . ასეთი ქმედება მიმაჩნია საშინელ თავდასხმად ადამიანის ძირითად უფლებებზე, რის დაცვაც საქართველომ დაიკისრა, როცა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციას“.
ევროპის უშიშროებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციის აშშ-ის მისიამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმების თაობაზე ბატონ ედუარდ შევარდნაძეს მისწერა: „ამ ბოლო დროს მომხდარი მოვლენები უაღრესად შემაშფოთებელია და გვაფიქრებს, რომ საქართველოში მდგომარეობა უმართავი ხდება. თუ არაფერს იღონებთ, ისინი, ვინც სხვებს ძალადობისკენ მოუწოდებენ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, კვლავაც განაგრძობენ თავიანთ სასტიკ აქციებს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მაგალითს მისცემთ საზოგადოებას და თანამდებობის პირებს და გააკეთებთ ორ მკაცრ, ნათელ განცხადებას: როგორიც უნდა იყოს პიროვნების თვალსაზრისი სხვა რელიგიებზე, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა; ისინი, რომლებიც მონაწილეობენ ასეთ ძალადობაში — განსაკუთრებით პოლიციელები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ სამარცხვინო ქმედებებს ან მონაწილეობენ მათში — დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით“. წერილს აშშ-ის კონგრესის შვიდი წევრი აწერს ხელს.
ევროპის უშიშროებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, აშშ-ის კონგრესის წევრმა, ქრისტეფერ სმიტმა განაცხადა: „რატომ არ იცავს საქართველო რელიგიურ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს, როგორც ეს აღგვითქვა?. . ლიტერატურის დაწვა სრულიად ეწინააღმდეგება ჰელსინკის ხელშეკრულებას და ეს ქმედება ჩვენი ორგანიზაციის ზოგ წევრს ნაცისტების მიერ წიგნების დაწვას ახსენებს“.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაიტს უოტჩის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აღნიშნა: „სერიოზულად გვაფიქრებს, რომ მოსალოდნელია ძალადობის კიდევ უფრო გამძაფრება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავრობამ არ მისცა პასუხისგებაში რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ აქამდე მოწყობილი მოძალადეობრივი თავდასხმების მონაწილენი. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღკვეთოთ ამგვარი თავდასხმები და პასუხი აგებინოთ დამნაშავეებს“.
მსოფლიო თვალყურს ადევნებს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. შეასრულებს საქართველო ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებს? ამაზე ქვეყნის ავტორიტეტია დამოკიდებული.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
საჩივარი ევროპის სასამართლოში
2001 წლის 29 ივნისს იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი შეიტანეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. საჩივარი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობას შეეხება. რამდენიმე დღის შემდეგ 2001 წლის 2 ივლისს ევროპის სასამართლომ უპასუხა იეჰოვას მოწმეებს. პასუხში აღნიშნულია, რომ სასამართლო პალატის პრეზიდენტის აზრით, ეს გადაუდებელი საქმეა.
[რუკა 18 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რუსეთი
საქართველო
შავი ზღვა
თურქეთი
[სურათი 18 გვერდზე]
2001 წლის 13 მაისი: შამოიანების ოჯახს სახლი დაუწვეს.
[სურათი 18 გვერდზე]
2001 წლის 17 ივნისი: გიორგი ბაღიშვილს მხეცურად მოექცნენ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრის დარბევისას.
[სურათი 19 გვერდზე]
2001 წლის 11 ივლისი: დავით სალარიძეს ხელკეტი ურტყეს თავში, ზურგსა და ნეკნებში იეჰოვას მოწმეთა შეხვედრის დარბევისას.
[სურათი 23 გვერდზე]
2000 წლის 28 ივნისი: თბილისში იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის საწყობი დაწვეს.
[სურათი 23 გვერდზე]
2000 წლის 16 აგვისტო: გლდანი-ნაძალადევის სასამართლო დარბაზში ვასილ მკალავიშვილის ერთ-ერთი მომხრე თავს ესხმის უორენ შუფელტს, იეჰოვას კანადელ მოწმეს.
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
AP Photo/Shakh Aivazov