საკუთარი სახლის ძიებაში
საკუთარი სახლის ძიებაში
„როგორი უბრალოც უნდა იყოს, საკუთარ კერას არაფერი შეედრება“ (ჯონ ჰოვარდ პეინი).
ჯერ ომი დაიწყო, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. შემდეგ გვალვა მოვიდა, რომელიც არ შესუსტებულა. გვალვას ფეხდაფეხ შიმშილი მოჰყვა. ხალხს ერთი გამოსავალიღა დარჩენოდა — წყლის, საკვებისა და სამუშაოს მოსაძებნად სახლები უნდა მიეტოვებინათ და გააკეთეს კიდეც ასე.
ათასობით ადამიანი მიადგა სასაზღვრო პუნქტს. მაგრამ მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო წლებში უკვე მილიონობით ლტოლვილი შეიფარეს, მეტის შეშვება აღარ ისურვეს. საზღვრის დამცველი ხელკეტმომარჯვებული პოლიციელები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ხელიდან არავინ გასხლტომოდათ.
საემიგრაციო სამსახურის ადგილობრივმა თანამშრომელმა პირდაპირ დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც არ სურთ ლტოლვილთა მოზღვავებული მასის შეშვება. „ისინი გადასახადებს არ იხდიან, გზებს აფუჭებენ, ხე-ტყეს ჩეხავენ, წყლის მარაგს ამცირებენ. არა, მეტის ატანა აღარ შეგვიძლია!“ *.
ასეთი ტრაგიკული მოვლენები ძალზე გახშირდა. სახლს მოწყვეტილი ხალხი ხედავს, რომ საკუთარი „ნავსაყუდელის“ პოვნა უფრო და უფრო ურთულდებათ. „რაც უფრო მატულობს თავშესაფრის მაძიებელი ხალხის რაოდენობა, მით უფრო უქრება სახელმწიფოებს მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის სურვილი“, — ნათქვამია „ემნისთი ინთერნეიშნლის“ მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ცნობაში.
ისინი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ლტოლვილთა ბანაკამდე მიაღწიეს, მაინცდამაინც უსაფრთხოდ არ გრძნობენ იქ თავს, თანაც ეს ადგილი სახლის მაგივრობასაც ვერ სწევს. გარდა ამისა, ბანაკის საცხოვრებელი პირობები შეიძლება იდეალურისგან საკმაოდ შორს იყოს.
ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკებში
„[სახლში] შეიძლება ტყვიას ემსხვერპლო, მაგრამ აქ [ლტოლვილთა ბანაკში] შვილები შიმშილისგან მოგიკვდებიან“, — ჩიოდა ერთი აფრიკელი ლტოლვილი. როგორც ამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მამის სიტყვებიდანაც ჩანს, ბევრ ბანაკში მუდმივად მწვავედ დგას საკვებისა და წყლის უკმარისობის პრობლემა, ჰიგიენის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო და არც ნორმალური თავშესაფარი აქვს ხალხს, რაც უბრალო მიზეზებით აიხსნება. განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოულოდნელად ათასობით ლტოლვილმა მოიყარა თავი, მთელ ძალებს შეიძლება მხოლოდ იმასღა ახმარენ, რომ როგორღაც საკუთარი მოქალაქეები გამოკვებონ. კარს მომდგარი ზღვა ხალხისთვის სახელმწიფოს დიდი დახმარების გაწევა არ შეუძლია; შედარებით მდიდარ ქვეყნებს კი, რომლებიც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული, შეიძლება მაინცდამაინც არ ეხალისებოდეთ სხვა ქვეყნებს შეკედლებული ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენა.
1994 წელს, როდესაც აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა, სახელდახელოდ შექმნილ ლტოლვილთა ბანაკებში მყისვე იჩინა თავი უწყლობისა და არასათანადო სანიტარულ პირობებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. შედეგად ამისა, იფეთქა ქოლერამ, რომელმაც ამ დაავადების საწინააღმდეგო ზომების მიღებამდე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შექმნილი მდგომარეობა იმანაც გააუარესა, რომ შეიარაღებული მებრძოლები ლტოლვილთა რიგებში მოჩვენებით შეიჭრნენ და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება მაშინვე თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს. ასეთი პრობლემა მხოლოდ ამ ქვეყნიდან გაქცეულ პირებს არ შეხებიათ. „ლტოლვილთა შორის შეიარაღებული პირების ყოფნამ მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდო. ძალიან ადვილი გახდა მათი დაშინება, მათში შეშფოთების გრძნობის გაჩენა და კონფლიქტში იძულებით ჩაბმა“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.
ადგილობრივ მოსახლეობაზეც შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს დამშეული ლტოლვილების მოზღვავება. აფრიკის „დიდ ტბებად“ წოდებულ ერთ-ერთ რეგიონში ზოგი ოფიციალური პირი წუხილს გამოთქვამდა: „[ლტოლვილებმა] მოგვისპეს საკვების მარაგი, გაგვიჩანაგეს მინდვრები, გაგვინადგურეს საქონელი, ნაკრძალები;
შიმშილისა და ეპიდემიების გავრცელების მიზეზი გახდნენ . . . [თავად] ჰუმანიტარული დახმარებით სარგებლობენ, მაშინ როცა ჩვენ არაფერი გვრჩება“.მაგრამ ყველაზე რთულ პრობლემას წარმოადგენს ალბათ ის, რომ ლტოლვილთა ბევრი დროებითი ბანაკი მუდმივი საცხოვრებელი ხდება. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში დაახლოებით 200 000 ლტოლვილი საშინელ სივიწროვეში ცხოვრობს. მიზეზი ისაა, რომ ისინი ისეთ ბანაკში იმყოფებიან, რომელიც თავდაპირველად ამ რიცხვის მეოთხედისთვის იყო გათვალისწინებული. „ყველა გზა მოჭრილი გვაქვს“, — გულისტკივილით ახსენა ერთ-ერთმა მათგანმა. „მასპინძელ“ ქვეყანაში ეს მრავალტანჯული ლტოლვილები რაიმე სამუშაოზე მოწყობისას დისკრიმინაციას ხვდებიან, რის გამოც მათი 95 პროცენტი უმუშევარია ან არასრული სამუშაო დღით მუშაობს. „ნამდვილად არ ვიცი, როგორ გააქვთ [მათ] თავი“, — აღიარა ლტოლვილთა სტატუსის განმსაზღვრელმა ოფიციალურმა პირმა.
მაგრამ თუკი ლტოლვილთა ბანაკებში ასეთი მძიმე სიტუაციაა, იმ ადამიანების მდგომარეობა უფრო უარესია, ვისაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ და იძულებული არიან, ქვეყნის შიგნითვე ეძებონ თავშესაფარი.
გადაადგილებით გამოწვეული ტკივილი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თქმით, „ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებულ პრობლემას საფუძვლად ადამიანთა ტანჯვა უდევს. ის აგრეთვე უარყოფით გავლენას ახდენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ პრობლემის მასშტაბურობამ ქვეყნის შიგნით ადამიანთა იძულებითი გადაადგილება ისეთ გადაუჭრელ საკითხად აქცია, რომელმაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება საგონებელში ჩააგდო“. რამდენიმე მიზეზის გამო ეს უსახლკარო ადამიანები, ჩვეულებრივ, ლტოლვილებზე უარეს მდგომარეობაში ცვივიან.
არც ერთი საერთაშორისო საზოგადოება არ ზრუნავს დევნილების კეთილდღეობაზე და მათ სავალალო მდგომარეობას მასმედიაშიც ხშირად მცირე ყურადღება თუ ექცევა. ქვეყნის მთავრობასაც, რომელიც ამა თუ იმ სახის შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩაბმული, შეიძლება არც სურდეს და არც შეეძლოს მათი დაცვა. საშიში ზონიდან გაქცევისას ოჯახის წევრები ხშირად ერთმანეთს კარგავენ. ხშირ შემთხვევაში ხალხს მთელი გზის ფეხით გავლა უწევს, რის გამოც ზოგი ვერც კი აღწევს უფრო უსაფრთხო ადგილამდე და გზაშივე კვდება.
ამ უსახლკარო ადამიანებიდან ბევრი თავს აფარებს ქალაქებს, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა უწევთ ცხოვრება. აქ ისინი ბარაკებსა თუ მიტოვებულ შენობებში სახლდებიან. სხვები დროებით ბანაკებში იყრიან თავს, სადაც ზოგჯერ თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათში, ჩვეულებრივ, უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფში.
დევნილების ტანჯვის შესამსუბუქებლად მიმართულმა გულწრფელმა ძალისხმევამაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. გამოცემაში „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში — 2000 წელი“ ნათქვამია: „XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ომისგან გაპარტახებული ქვეყნების დასახმარებლად ამოქმედებულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს და ხალხის ტანჯვა-წვალების შესამსუბუქებლად მრავალი რამ განახორციელეს. მაგრამ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც გასული
ათწლეულიდან ვსწავლობთ, ისაა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მეომარი მხარეები შეიძლება ადვილად დაეპატრონონ ჰუმანიტარულ ტვირთს და მათი გადანაწილებაც თავად აკონტროლონ. ეს კი, თავის მხრივ, ძალაუნებურად ისეთ შედეგს გამოიღებს, რაც კონფლიქტის გამჩაღებელთა პოზიციებს გააძლიერებს. გარდა ამისა, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ მოწოდებულმა დახმარებამ შეიძლება ომის საწარმოებლად აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოს ქვეყანა, რითაც ომის არათუ შეწყვეტას, არამედ გაგრძელებას შეუწყობს ხელს“.უკეთესი ცხოვრების ძიებაში
ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა გარდა არსებობენ ისეთები, რომლებიც ეკონომიკური გაჭირვების გამო ტოვებენ სახლებს. ასეთი პირების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის უფსკრული იზრდება; პლანეტის უღატაკეს მაცხოვრებლებს კი სატელევიზიო პროგრამებში მდიდრული ცხოვრების ჩვენებით თავბრუს ახვევენ. მოგზაურობა მსოფლიოში უფრო გაადვილდა და საზღვრების გადალახვაც დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. გარდა ამისა, სამოქალაქო ომებისა და ეთნიკური თუ რელიგიური დისკრიმინაციის გამო, ხალხი ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყნებისკენ ისწრაფვის.
მაგრამ მაშინ, როცა ზოგ მიგრანტს — განსაკუთრებით კი მათ, ვისი ნათესავებიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ — მოგზაურობა მშვიდობიანად უმთავრდებათ, სხვებს სიცოცხლე უმწარდებათ. განსაკუთრებული საშიშროება ემუქრება მათ, ვინც მიგრანტებით მოვაჭრეთა ხელში ვარდება (იხილეთ თანდართული ჩარჩო). კარგი იქნებოდა, თუ გაჭირვების გამო გამგზავრებამდე ოჯახი გადასვლასთან დაკავშირებულ საშიშროებებსაც მხედველობაში მიიღებდა.
1996 წელს ხმელთაშუა ზღვაში ძველი ნავი გადაბრუნდა და 280 კაცი დაიხრჩო. სავარაუდოა, რომ დაღუპულები ინდოეთის, პაკისტანისა და შრი-ლანკას მკვიდრნი იყვნენ, რომლებმაც ევროპაში გასამგზავრებლად 6000-დან 8000-მდე აშშ დოლარი გადაიხადეს. სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, კვირების მანძილზე მათ შიმშილის, წყურვილისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა უწევდათ. „აყვავებული ცხოვრებისკენ მგზავრობა“ კოშმარად ექცათ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტრაგედიით დასრულდა.
ფაქტობრივად, ყველა ლტოლვილს, ადგილნაცვალ პირსა თუ უკანონო მიგრანტს თავისებური კოშმარი გადააქვს. რის გამოც უნდა ტოვებდეს ეს ხალხი სახლებს — იქნება ეს ომი, დევნა თუ სიღარიბე — იბადება კითხვები: გადაწყდება ოდესმე ეს პრობლემა? თუ ლტოლვილთა ნაკადი მუდმივად გაიზრდება?
[სქოლიო]
^ აბზ. 5 ზემოთ აღწერილი სიტუაცია 2001 წლის მარტში აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში იყო შექმნილი. მაგრამ მსგავსი პრობლემები აფრიკის ზოგ ქვეყანაშიც გვხვდება.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
უკანონო მიგრანტთა გასაჭირი
ლტოლვილებისა და დევნილების გარდა მსოფლიოში 15-დან 30 მილიონამდე „უკანონო მიგრანტია“. აქედან უმრავლესობას იმის იმედი აქვს, რომ უფრო მდიდარ ქვეყანაში გადასვლით სიღარიბესა და შევიწროებას გაექცევა.
რაკი კანონიერი მიგრაცია უკანასკნელ წლებში შეიზღუდა, ფეხი მოიკიდა ახალმა საქმიანობამ — „თრეფიქინგმა“ ანუ მიგრანტებით ვაჭრობამ. დღესდღეობით, „თრეფიქინგი“ საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატებისთვის სარფიან ბიზნესს წარმოადგენს. ზოგმა მკვლევარმა გამოთვალა, რომ ამ საქმიანობას ყოველწლიურად 12-მილიარდდოლარიანი მოგება მოაქვს, თანაც მოვაჭრეთათვის ძალზე მცირე რისკით. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პინო არლაკიმ ამას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფმზარდი კრიმინალური ბიზნესი“ უწოდა.
უკანონო მიგრანტებს კანონი, ფაქტობრივად, არ იცავს, და მოვაჭრეები განუწყვეტლივ ართმევენ მათ პასპორტებს. ამ მიგრანტების პოვნა შეიძლება სახელოსნოებში, სადაც ერთი ლუკმა პურისთვის მძიმედ შრომობენ; სხვები შინამოსამსახურეებად მუშაობენ; აგრეთვე მეთევზეობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. ზოგი მეძაობამდეც კი დაეცა. და თუკი სახელმწიფო მოხელეები მათ დაიჭერენ, შეიძლება სამშობლოში უკაპიკოდ გააბრუნონ. მძიმე სამუშაო პირობების გამო უკმაყოფილებას თუ გამოთქვამენ, შეიძლება ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხყოფაც მიაყენონ ან დაემუქრონ კიდეც, რომ მის ოჯახს არ დაინდობენ.
ხშირად კრიმინალური დაჯგუფებები პოტენციურ მიგრანტებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დაპირებებით იტყუებენ. შედეგად, გაღატაკებულმა ოჯახმა ერთი წევრის ევროპაში ან შეერთებულ შტატებში გასაგზავნად შეიძლება მთელი ქონება დააგირაოს. თუკი მიგრანტს ხარჯების დაფარვის საშუალება არა აქვს, ვალის გადასახდელად, რომელიც შეიძლება 40 000 აშშ დოლარსაც კი შეადგენდეს, მოუწევს მუშაობა. დაპირებული „ახალი ცხოვრება“ უფრო მონურ შრომად ექცევა.
[სურათი]
უკანონო მიგრანტები ესპანეთში.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
დაკარგული უმანკოება
ზირის ოჯახი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდა, სადაც მისი მშობლები ბრინჯის მინდვრებს უვლიდნენ. ერთხელ ერთმა ქალმა ზირის მშობლებს უთხრა, რომ გოგონას ქალაქში კარგად ანაზღაურებად სამუშაოს უშოვნიდა. გორაკებზე მომუშავე ფერმერებისთვის ძნელი იყო შემოთავაზებულ 2000 დოლარზე უარის თქმა — მათთვის ეს მთელი ქონება იყო. მაგრამ მალე ზირი საროსკიპოს მეპატრონეთა ხელში ჩავარდა. მათ უთხრეს, რომ გათავისუფლებას თუ მოინდომებდა, 8000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. იმ დროისთვის ზირი მხოლოდ 15 წლის იყო.
ზირის ამ თანხის გადახდა არაფრით არ შეეძლო. „მუშაობას“ კი ფიზიკური შეურაცხყოფითა და გაუპატიურებით აიძულებდნენ. მანამ, სანამ მისი გამოყენება შეეძლოთ, არაფრით არ გაუშვეს. მწარე სინამდვილე კი ისაა, რომ ბევრი ასეთი მეძავი, საბოლოო ჯამში, თავისუფლდება და ბრუნდება თავის სოფელში, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ შიდს-ისგან მოკვდეს.
მსგავსი სახის ვაჭრობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ითბობენ ხელს. 1999 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ქალებით საერთაშორისო ვაჭრობა შეერთებულ შტატებში“ ნავარაუდები იყო, რომ ყოველწლიურად მიმდინარეობს ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა, რომელთა რიცხვი 700 000-დან 2 000 000-მდე აღწევს და ეს ვაჭრობა, უმთავრესად, პროსტიტუციის მიზნით ხორციელდება. ზოგს შეიძლება ატყუებენ, ზოგს — იტაცებენ, მაგრამ პრაქტიკულად ყველას იძულებით ამუშავებენ. აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებმა მოზარდმა, რომელიც პროსტიტუციის ბიზნესით დაკავებული ბანდისგან იხსნეს, თავისი დამტყვევებლების შესახებ თქვა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან“.
ეს „ბიზნესმენები“ ლტოლვილთა ბანაკებიდანაც კი იტყუებენ საცოდავ ადამიანებს. ისინი არწმუნებენ მათ, რომ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში სამუშაოსა და ბევრ ფულს აშოვნინებენ. უკეთესი ცხოვრების ძიებაში უამრავი ქალი მეძავად იქცა.
[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]
ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადასახლებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ
მიგრანტებით მოვაჭრე კრიმინალური დაჯგუფებების არსებობისა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად შესვლასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ქმრები და მამები გადაწყვეტილების მიღებამდე ყურადღებით უნდა მოეკიდონ შემდეგ საკითხებს.
1. ნამდვილად ისეთი უიმედოა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ერთი ჩვენგანი ან მთელი ოჯახი უნდა გადასახლდეს ქვეყანაში, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია?
2. გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად რა ოდენობის ვალის აღება მოგვიწევს და როგორ გადავიხდით მას?
3. ღირს ოჯახს მოწყვეტა უკეთესი ეკონომიკური პირობებისთვის, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება იმედები არ გაამართლოს? ბევრმა, ვინც ქვეყანაში არალეგალურად შევიდა, დაინახა, რომ განვითარებულ ქვეყანაში მუდმივი სამუშაოს შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
4. უნდა დავუჯერო ყველაფერს, რასაც მაღალი ანაზღაურებისა და სოციალური დახმარების შესახებ ყვებიან? ბიბლიაში ნათქვამია, რომ «სულელს [„გამოუცდელს“, აქ] ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება» (იგავნი 14:15).
5. რა გარანტია მაქვს, რომ ოჯახი კრიმინალური ორგანიზაციის ხელში არ ჩავარდება?
6. თუკი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება აწყობს მოგზაურობას, ვხედავ თუ არა იმ საშიშროებას, რომ ჩემი ცოლი ან ქალიშვილი შეიძლება მეძავად აქციონ?
7. მესმის თუ არა, რომ თუკი ქვეყნის საზღვრებს არალეგალურად გადავკვეთ, მუდმივი სამსახური შეიძლება საერთოდ ვერ ვიშოვო და, შესაძლოა, უკანაც გამომაბრუნონ, თანაც ისე, რომ ამ მოგზაურობაში ჩადებულ ფულს სულ დამაკარგვინებენ?
8. მინდა თუ არა, გავხდე უკანონო მიგრანტი ან უპატიოსნო გზებით მივიღო უფრო აყვავებულ ქვეყანაში შესვლის უფლება? (მათე 22:21; ებრაელთა 13:18).
[დიაგრამა⁄რუკა 8, 9 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ლტოლვილებისა და შრომითი მიგრანტების გადაადგილება
ტერიტორიები, სადაც ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დიდი დასახლებებია.
შრომითი მიგრანტების გადაადგილების ძირითადი მარშრუტი.
[საავტორო უფლებები]
წყაროები: „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში“; „მიგრაციის გლობალური კრიზისი“; და „ლტოლვილთა მდგომარეობის მიმოხილვა — 1999 წელი“.
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 7 გვერდზე]
ლტოლვილი გადასახლების მოლოდინშია.
[საავტორო უფლება]
UN PHOTO 186226/M. Grafman