გაწონასწორებული თვალსაზრისი მუშაობაზე
გაწონასწორებული თვალსაზრისი მუშაობაზე
თავისი საქმის ერთგული ოფიცერი შესვენებაზე არ წავიდა, რათა თავისი უფროსისთვის საჭირო სასწრაფო საქმე დაესრულებინა. შესვენებიდან დაბრუნებულ კოლეგებს ის საწერ მაგიდაზე გაშლილ სამუშაოზე დამხობილი — მკვდარი — დახვდათ.
ორიოდე საათი არც კი იყო გასული, რომ თანამშრომლები გააოგნა ტელეფონით მოსმენილმა სიტყვებმა; დარეკა უფროსმა და თქვა: „ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ ხვალ დილისთვის უკვე გარდაცვლილის შემცვლელი მჭირდება!“ ამ ამბის შემსწრეებს დაებადათ კითხვა: ნუთუ უფროსისთვის მხოლოდ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ჰქონდა ფასი და არა თვით ადამიანს?
აღნიშნული ცხოვრებისეული შემთხვევა ხაზს უსვამს ყოფით რეალობას — პიროვნების ღირებულება ხშირად მხოლოდ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად გამოადგება ის დამსაქმებელს. ამან შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს: განა იმისთვის ვცხოვრობ, რომ ვიმუშაო, თუ იმისთვის ვმუშაობ, რომ ვიცხოვრო? რას ვწირავ სამუშაოს?
გონივრული არჩევნის გაკეთება
ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში, ზოგის აზრით, ორ უმნიშვნელოვანეს — ცხოვრების თანამგზავრისა და სამუშაოს არჩევის — საკითხში გადაწყვეტილებას ხშირად ნაჩქარევად იღებენ. ოდესღაც, ორივე — ოჯახის შექმნაცა და სამუშაოზე მოწყობაც — ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტ საქმედ ითვლებოდა. ამიტომ თითოეულის არჩევას დიდი ყურადღება ექცეოდა. ხშირად მხედველობაში იღებდნენ უფროსი მეგობრებისა და მშობლების რჩევას.
მაგრამ დღეს ცხოვრების თანამგზავრს მხოლოდ ფიზიკური მომხიბვლელობის მიხედვით ირჩევენ და ფიქრობენ, თუ მეუღლე არ გამომადგება, სხვას მოვძებნიო. მსგავსად ამისა, მრავალი სამუშაოს ძირითადად იმის მიხედვით ირჩევს, თუ რამდენად მიმზიდველად ეჩვენებათ ის და სულაც არ ფიქრობენ იმ
უარყოფით მხარეებზე, რომლებიც შეიძლება მას ახლდეს. ან, უკეთეს შემთხვევაში, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე აზრს მალევე იშორებენ თავიდან, რადგან ფიქრობენ: მე ამას ავიტან.სამწუხაროდ, ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ქალები ხშირად სარეკლამო განცხადებების ანკესზე წამოეგებიან ხოლმე; ამ განცხადებებში მოცემული დაპირებების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ სამუშაოს იშოვიან, რომ ცხოვრებას ჩინებულად მოიწყობენ. მაგრამ აღნიშნულ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ ხშირად საროსკიპოებში აგზავნიან, სადაც მათი, როგორც მეძავების, ცხოვრება ბევრად უარესია, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში. World Press Review-ში მოცემული სტატიის თანახმად, მონობის ეს თანამედროვე შემაძრწუნებელი ფორმა არის „უბედურება, რომელსაც ვერ მოვიცილებთ“.
შეიძლება თუ არა ისეც მოხდეს, რომ ადამიანი თითქოს ნორმალურ სამუშაოზე მოეწყოს, შემდეგ კი თავი დამონებულად იგრძნოს? ჩვეულებრივ, სწორედ ასე ხდება ხოლმე! მაგალითად, ზოგი კომპანია თანამშრომლებს ათასგვარ კომფორტს უქმნის. ამაში შეიძლება შედიოდეს მთელი ოჯახით ან მეგობრებთან ერთად სადილობისთვის სპეციალური ოთახების მოწყობა, ტაქსით უფასოდ მომსახურება და უფასო ქიმწმენდა; აგრეთვე შეიძლება ამ ფირმას ჰყავდეს თავისი დანტისტები მუშაკთა მოსამსახურებლად, ჰქონდეს სპორტდარბაზები, სადაც უფასოდ ივარჯიშებდნენ და შესაძლოა ის ფულად დახმარებასაც უწევდეს მუშაკებს, რომ პრესტიჟულ რესტორნებში ისადილონ.
„ერთი კომპანია თავის მოწინავე მუშაკებს გაცნობის სააგენტოს მომსახურებისთვისაც უხდიდა თანხას“, — გვამცნობს ჟურნალისტი რიჩარდ რივზი. მაგრამ ფრთხილად იყავით! იგივე ჟურნალისტი დასძენს: „ამ ფირმებმა თავიანთი მუშაკებისთვის ცხოვრების გასაადვილებლად გარკვეული პროგრამები შეიმუშავეს, მაგრამ ერთი პირობით — მუშაკები მთლიანად მათ განკარგულებაში უნდა ყოფილიყვნენ; მათ დღის განმავლობაში 18 საათი უნდა ემუშავათ, არ უნდა ჰქონოდათ დასვენების დღეები; ეჭამათ, ევარჯიშათ, ეთამაშათ და ეძინათ კიდეც ოფისში, ოღონდ იქ ყოფილიყვნენ და ფირმის სასარგებლოდ ეღვაწათ“.
უკეთესი არჩევანი
ერთი ძველი იგავი ამბობს: „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია“ (ეკლესიასტე 9:4). ამ იგავის წაკითხვის შემდეგ გვებადება კითხვა: ღირს კი, რომ სამუშაოს მთელი ცხოვრება ან ჯანმრთელობა ვანაცვალოთ? შედეგად მრავალმა გადაამოწმა თავისი მდგომარეობა და გამონახა საშუალებები, რითაც საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც (თუ ჰყავთ ისინი) უზრუნველყოფდა სათანადოდ და ბედნიერადაც იცხოვრებდა.
მართალია, ამის გასაკეთებლად მცირედით დაკმაყოფილების სწავლაა საჭირო; აგრეთვე აუცილებელია, ადამიანმა განსაზღვროს, თუ რა სჭირდება სინამდვილეში, ნაცვლად იმისა, თუ რა არააუცილებელი რამ სურს, რომ ჰქონდეს. საზოგადოებრივ მდგომარეობასა და პრესტიჟს გამოდევნებულმა ადამიანმა, შესაძლოა, არ ისურვოს მცირედით დაკმაყოფილება და ისინი, ვინც ამას ირჩევენ, სულელებადაც კი ჩათვალოს. მაგრამ, რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში? ხომ არ დაფიქრებულხართ ამაზე?
ზემოთ მოხსენიებული იგავის დამწერს, ბრძენ მეფე სოლომონს, ოდესმე მცხოვრებ ადამიანთაგან ყველაზე მეტი მატერიალური სიმდიდრე ჰქონდა. მაგრამ თავისი საქმეების შეჯამებისას და ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმის გამოყოფისას, ღვთის შთაგონებით დაწერა: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).
ამავე დროს სოლომონი შრომასაც აფასებდა. „კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, — წერდა ის, — რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით“ (ეკლესიასტე 2:24). იესო ქრისტეც, დიდი სოლომონიც, ისევე აფასებს შრომას, როგორც თავისი ზეციერი მამა: „მამა ჩემი აქამდე შრომობს, და მეც ვშრომობ“ (იოანე 5:17, აქ; მათე 12:42).
მოგეხსენებათ, დღეს ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა შეზღუდულია (ფსალმუნი 89:10). მაგრამ ქრისტემ იცოდა, რომ სამეფოს მმართველობის დროს — რომლის შესახებ ლოცვასაც თავის მიმდევრებს ასწავლიდა — ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ. ამიტომაც მოუწოდებდა მთაზე ქადაგებისას თავის მსმენელებს: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:9, 10, 33).
სამეფოს მმართველობის დროს ცხოვრების შესახებ ბიბლია გვპირდება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად. . . და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).
რა საოცარი პერსპექტივაა — ვიცხოვროთ მარადიულად და გვქონდეს საინტერესო, დამაკმაყოფილებელი სამუშაო! ჩვენი მდგომარეობის სერიოზულად შეფასებამ შეიძლება დაგვანახვოს, რომ საჭიროა, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი სამუშაოს გარკვეულ მხარეებს, რათა ავირიდოთ საშიშროებები, რომლებმაც შეიძლება დამღუპველად იმოქმედოს ჩვენზე და მოგვისპოს შესაძლებლობა, დავტკბეთ ‘ჭეშმარიტი სიცოცხლით’, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობისას გველის (1 ტიმოთე 6:19). ამიტომ დაე სამუშაოსა თუ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, გამოვავლინოთ, რომ ვაფასებთ მას, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა (კოლასელთა 3:23).
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით ადამიანებს უსაფრთხო და დამაკმაყოფილებელი სამუშაო ექნებათ.