დანაშაულის გრძნობა — ყოველთვის ცუდია?
ბიბლიის თვალსაზრისი
დანაშაულის გრძნობა — ყოველთვის ცუდია?
დღეს ბევრი დანაშაულის გრძნობას არასასურველად მიიჩნევს. ისინი გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს, მსგავსად ფიქრობენ, რომ „დანაშაულის გრძნობა ადამიანის ყველაზე საშინელი სენია“.
მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს მკვლევართა აზრები ზემოხსენებულისგან მკვეთრად განსხვავდება. „დანაშაულის გრძნობა მგრძნობიარე, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, — ამბობს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქვეყნოდ აღიარებული თერაპევტი და მწერალი, სუზან ფორვარდი, — იგი სინდისის განუყოფელი ნაწილია“. მაშ, არის ყველა სახის დანაშაულის გრძნობა ცუდი? შეიძლება თუ არა, რომ გარკვეულ სიტუაციაში ის სასარგებლო და დამხმარეც კი აღმოჩნდეს?
რა არის დანაშაულის გრძნობა?
დამნაშავედ მაშინ ვგრძნობთ თავს, როდესაც ვხვდებით, რომ ახლობელს გული ვატკინეთ ან ისე არ მოვიქეცით, როგორც უნდა მოვქცეულიყავით. როგორც ერთ ნაშრომში არის აღნიშნული, დანაშაულის გრძნობა შეიძლება მაშინ დაგვეუფლოს, როდესაც „ვიღაცის წინაშე ვალდებულებას ვგრძნობთ, რადგან შეცდომა დავუშვით, ვიღაცას ვაწყენინეთ ან ცოდვა ჩავიდინეთ“.
ებრაულ წერილებში დანაშაული ისრაელის მიერ ღვთის კანონის დარღვევასთან იყო დაკავშირებული; ის ბევრჯერ არის მოხსენიებული ბიბლიურ წიგნებში „ლევიანნი“ და „რიცხვნი“. საინტერესოა, რომ სიტყვა დანაშაული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ძალზედ იშვიათად არის გამოყენებული. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ღვთის წინაშე ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს ეხება (მარკოზი 3:29; 1 კორინთელთა 11:27).
სამწუხაროდ, ზოგჯერ შეიძლება უმიზეზოდ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ. მაგალითად, თუ ადამიანი მაქსიმალისტია და არარეალურ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს, ნებისმიერმა უსიამოვნებამ შეიძლება უმიზეზოდ აგრძნობინოს თავი დამნაშავედ (ეკლესიასტე 7:16). ან შეიძლება შეცდომის დაშვების გამო სინდისი ქენჯნის, ან რცხვენია და უმიზეზოდ სჯის საკუთარ თავს. მაშ, რატომღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანაშაულის გრძნობა სასარგებლოა?
დანაშაულის გრძნობა შეიძლება სასარგებლო იყოს
დანაშაულის გრძნობა სულ მცირე სამ შემთხვევაში მაინც შეიძლება იყოს სასარგებლო. პირველი — გვიჩვენებს, რომ ვიცით რა არის სწორი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სინდისი გაგვაჩნია (რომაელთა 2:15). „ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებული წიგნი აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია, საზოგადოებისთვის საშიშია. უსინდისო ადამიანს არ შეუძლია სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გარჩევა და ეს საშიშია (ტიტე 1:15, 16).
მეორე — სინდისი, რომელიც დანაშაულზე რეაგირებს, შეიძლება არასასურველი მოქმედებებისთვის თავის არიდებაში დაგვეხმაროს. ფიზიკურმა ტკივილმა შეიძლება დაგვანახვოს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, დანაშაულის გრძნობასთან დაკავშირებული ემოციური ტკივილი კი იმაზე მიგვითითებს, რომ ზნეობრივ და სულიერ პრობლემას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ პირად სისუსტეებს ვხედავთ, უფრო მეტად ვერიდებით, რომ საკუთარ თავს, ახლობლებსა თუ კიდევ სხვებს ტკივილი არ მივაყენოთ (მათე 7:12).
დაბოლოს, დანაშაულის აღიარება შეიძლება როგორც დამნაშავეს, ისე მის მსხვერპლს დაეხმაროს. მაგალითად, მეფე დავითს დანაშაულის გამო სინდისი ისე ძლიერ აწუხებდა, რომ სულიერად იტანჯებოდა. „როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა“, — დაწერა მან. მაგრამ, როდესაც ღვთის წინაშე ყველაფერი აღიარა, ის სიხარულით მღეროდა: „ხსნის სიხარული შემომარტყი გარს“ (ფსალმუნი 31:3, 7). დანაშაულის აღიარებამ მსხვერპლზე შეიძლება უკეთესად იმოქმედოს, რადგან ეს იმაში დაარწმუნებს, რომ უყვართ და ძალიან ნანობენ, რომ ამდენი ტკივილი მიაყენეს (2 მეფეთა 11:2—15).
გაწონასწორებული თვალსაზრისი
დანაშაულის გრძნობასთან დაკავშირებით გაწონაწორებული თვალსაზრისისთვის ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ იესოსა და ფარისევლებს შემცოდეებსა და ცოდვაზე. ლუკას 7:36—50-ში ვკითხულობთ იმ ცოდვილი ქალის შესახებ, რომელიც ფარისევლის სახლში შევიდა. სწორედ ამ სახლში სადილობდა იესო. ის შევიდა ოთახში და პირდაპირ იესოსთან მივიდა, ფეხები ცრემლებით დაჰბანა და ძვირად ღირებული ნელსაცხებელი სცხო.
ერთი ფარისეველი ამ ქალს ზიზღით უყურებდა, ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა და თანაც გულში ამბობდა: „ეს [იესო] რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“ (ლუკა 7:39). იესომ მაშინვე შეუსწორა ამ კაცს თვალსაზრისი: „შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს. ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა“. უეჭველია, ამ თბილმა სიტყვებმა ეს ქალი გაამხნევა და გაახარა (ლუკა 7:46, 47).
იესო ამით უზნეობაზე კი არ ხუჭავდა თვალს, არამედ ამაყ ფარისევლებს ასწავლიდა, რომ ღვთისადმი სიყვარულით უნდა ემსახურათ (მათე 22:36—40). რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს ქალი წარსულში ჩადენილი უზნეობების გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა. როგორც ჩანს, ინანიებდა, ტიროდა, თავს არ იმართლებდა წარსული უზნეო საქციელის გამო და ცდილობდა, იესოსთვის საქვეყნოდ ეცა პატივი. ამის შემხედვარე იესომ უთხრა მას: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით“ (ლუკა 7:50).
ეს ფარისეველი კი ამ ქალს კვლავ ზიზღით უყურებდა, როგორც ცოდვილს. შეიძლება ის იმედოვნებდა, „ღმერთით დაეშინებინა“ და შეერცხვინა ეს ქალი. მაგრამ გამუდმებით იმის მცდელობა, რომ სხვებმა თავი დამნაშავედ იგრძნონ იმის გამო, რომ ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ გვინდა, შეიძლება სიყვარულით არ იყოს ნაკარნახები და არასასურველი შედეგები მოაქვს (2 კორინთელთა 9:7). ყველაზე უკეთესია მივბაძოთ იესოს — კარგი მაგალითი მივცეთ სხვებს, გულთბილად შევაქოთ ისინი და მათდამი ნდობა გამოვავლინოთ მაშინაც კი, როდესაც საყვედურსა და მითითების მიცემას იმსახურებენ (მათე 11:28—30; რომაელთა 12:10; ეფესელთა 4:29).
მაშასადამე, თუ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს და აუცილებელიც კი. „ბრიყვები დანაშაულზე იცინიან,“ — ნათქვამია იგავნის 14:9-ში. სინდისის ქენჯნა აღგვძრავს, რომ დანაშაული ვაღიაროთ და სხვა აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ. მაგრამ იეჰოვასადმი ჩვენი მსახურების ძირითადი მიზეზი მის წინაშე დანაშაულის გრძნობა კი არა, მისადმი სიყვარული უნდა იყოს (იობი 1:9—11; 2:4, 5). ბიბლია გვარწმუნებს, რომ, როდესაც კარგ ადამიანებს ახსოვთ ეს, ყველაფერს გააკეთებენ, რაც კი შეუძლიათ. უფრო მეტიც, ამის კეთება მათ ბედნიერებას მოჰგვრის.