ვაითუ თანაკლასელს გადავეყარო!
ახალგაზრდების შეკითხვები
ვაითუ თანაკლასელს გადავეყარო!
„ორშაბათს სკოლაში წასვლა ჩემთვის წამება იყო. ვაითუ რომელიმე ჩემმა მეგობარმა დამინახა-მეთქი ქადაგებისას! თავი რომ მემართლებინა, წინასწარ დამაჯერებელ ზღაპრებს ვიგონებდი. მაგალითად, ვეუბნებოდი, პროფკავშირებისთვის ფულს ვაგროვებ-მეთქი“ (ჯეიმსი, ინგლისი).
„თუ ქადაგებისას სადმე თანაკლასელებს გადავეყრებოდი, სკოლაში დამცინოდნენ და მავიწროვებდნენ კიდეც“ (დებორა, ბრაზილია).
რატომ იპყრობდათ ამ ახალგაზრდებს იმის შიში, რომ თავიანთ მეგობრებს არ დაენახათ? განა რაიმე უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ? პირიქით, ისინი დღეისათვის მთელ მსოფლიოში ყველაზე დასაფასებელ და ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან. ისინი იესოს დავალებას ასრულებენ: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20).
გელაპის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 90%-ზე მეტ მოზარდს სწამს ღმერთი. გამოკითხულთაგან თითქმის ნახევარი ყოველკვირა დადის ეკლესიაში. ბევრი ჩაბმულია საეკლესიო მოღვაწეობაში; მაგალითად, გუნდში გალობს, მაგრამ ამათგან მხოლოდ რამდენიმე თუ ესაუბრება თანაკლასელებს ღვთის შესახებ. იეჰოვას მოწმეები კი მთელ მსოფლიოში კარდაკარ ქადაგებით არიან ცნობილი და ათასობით ახალგაზრდა მოწმე იღებს ამ საქმიანობაში მონაწილეობას.
თუ ახალგაზრდა მოწმე ხარ, უეჭველია, შენც ქადაგებ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ადვილად აკეთებ ამას. ზემოხსენებული ახალგაზრდების მსგავსად შეიძლება შენც გაწუხებს ის აზრი, ვაითუ კარდაკარ მსახურებისას თანაკლასელს გადაეყარო და მასხარად აგიგდოს. „ყველაზე მეტად, — აღიარებს ბრიტანელი ახალგაზრდა ჯენი, — ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი იმას ვერ იტანდა, ხელში ჩანთით რომ დამინახავდა უფრო მოკრძალებულად და კოხტად ჩაცმულს, ვიდრე სკოლაში მეცვა ხოლმე“.
ზოგ ახალგაზრდა ქრისტიანს ისე ძლიერ ეშინია თანაკლასელს არ გადაეყაროს, რომ ყველანაირ ხრიკს მიმართავს. ლიონი ამბობს: „ერთი ახალგაზრდა მოწმე კაპიშონიან ქურთუკსაც კი იცვამს ხოლმე, რომ, თუ სკოლის მეგობრებს წააწყდა, უცბად ჩამოიფხატოს“. ზოგიერთ ახალგაზრდას
კი საერთოდ ერიდება იმ ტერიტორიებზე ქადაგება, სადაც თანაკლასელებს შეხვდება. „მახსოვს სულ იმაზე ვლოცულობდი ხოლმე, ვინმესთან ერთად რომ წავიდოდი საქადაგოდ, იმ გზაზე არ გაგვევლო, — იხსენებს სიმონი, — რადგან ვიცოდი, იქ თანაკლასელებს გადავეყრებოდი“.არაფერია იმაში უჩვეულო, თუ ქადაგებისას ნაცნობებთან შეხვედრა გეუხერხულება. მაგრამ თუ ამ შიშს დაემონები, საკუთარ თავს ზიანის მეტს არაფერს მოუტან. „ისე არ მიყვარდა ქადაგება, — აღიარებს გერმანელი ახალგაზრდა ალისია, — რომ ამან ჩემს სულიერობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა“.
მაგრამ, მაინცდამაინც რატომ უნდა იქადაგო განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის გაკეთება გიძნელდება? თავდაპირველად განვიხილოთ, თუ რატომ დაგაკისრა ღმერთმა ეს მოვალეობა. შემდეგ კი ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა შემართებით შეძლებ შიშის დაძლევას.
ქადაგება ჩვენი მოვალეობაა
უპირველეს ყოვლისა, შეიძლება იმის გახსენებაც დაგეხმაროს, რომ სხვებთან საკუთარ რწმენაზე საუბარი ახალი ან უჩვეულო რამ არ არის. ამას ღვთისმოშიში ადამიანები უძველესი დროიდან მოყოლებული აკეთებენ; მაგალითად, ცნობილი კაცი, ნოე, რომელმაც უზარმაზარი კიდობანი ააშენა (დაბადება 6:14—16). მაგრამ, როგორც 2 პეტრეს 2:5-ში ვკითხულობთ, ის „სიმართლის მქადაგებელიც“ იყო. ნოე თავს ვალდებულად გრძნობდა, რომ ხალხი კარსმომდგარი განადგურების შესახებ გაეფრთხილებინა (მათე 24:37—39).
მოგვიანებით კი, თუმცა ებრაელებს პირდაპირ არ ჰქონდათ დავალებული, რომ არაებრაელებისთვის ექადაგათ, ბევრი უზიარებდა მათ თავის რწმენას. ასე გაეცნო უცხოელი რუთი იეჰოვას. რუთმა მადლიერება გამოხატა თავისი ებრაელი დედამთილის, ნაყომისადმი, როდესაც უთხრა: „შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). მოგვიანებით კი მეფე სოლომონმა მოიხსენია, რომ ბევრი არაებრაელი იგებდა იეჰოვას „დიდ სახელს“ და თაყვანს სცემდა მის ტაძარში (მესამე მეფეთა 8:41, 42).
თუ უძველეს დროში მცხოვრები ღვთის მსახურები ესაუბრებოდნენ სხვებს — მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს პირდაპირ დავალებული არ ჰქონდათ — განა დღეს უფრო ვალდებულად არ უნდა გრძნობდნენ თავს ქრისტიანები, რომ იქადაგონ?! ბოლოს და ბოლოს, ჩვენ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგება გვაქვს დავალებული (მათე 24:14, აქ). მოციქულ პავლეს მსგავსად, სასიხარულო ცნობის გავრცელება ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა (1 კორინთელთა 9:16). როგორც რომაელთა 10:9, 10-ში ვკითხულობთ, ჩვენი გადარჩენა ქადაგებაზეა დამოკიდებული: «თუ შენი ბაგით [„საჯაროდ“, აქ] აღიარებ, რომ იესო უფალია, . . გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით [„საჯაროდ“, აქ] აღიარებენ გადასარჩენად».
სად შეგიძლია „საჯაროდ აღიარო“ შენი რწმენა? თუმცა არაფორმალურადაც ვქადაგებთ, კარდაკარ მსახურება სხვებთან დაკავშირების ყველაზე საუკეთესო საშუალებად რჩება (საქმეები 5:42; 20:20). როგორ ფიქრობ, თავისუფლდები ქადაგებისგან იმის გამო, რომ ჯერ არასრულწლოვანი ხარ? სრულებითაც არა. ამას ბიბლია ფსალმუნის 148:12, 13-დან გვატყობინებს: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა“.
თანატოლებთან ქადაგების პრობლემა
უნდა აღინიშნოს, რომ ქადაგებისას თუ თანაკლასელს შეხვდები, შეიძლება თავი უხერხულად იგრძნო. ბოლოს და ბოლოს არავის უნდა, რომ სხვების თვალში დამცირდეს. არავის უნდა, რომ დასცინონ, მასხარად აიგდონ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ. სკოლის მოსწავლე ტანია აბობს, რომ „სკოლაში ბავშვები ძალიან გაბოროტებულები არიან!“ ალბათ, ისიც გაფიქრებს, თუ რას იტყვიან შენი თანაკლასელები, თუ კარგად ჩაცმულს და ხელში ბიბლიით დაგინახავენ. სამწუხაროა, რომ ადვილად შეიძლება დაგცინონ. „ჩემი თანაკლასელი მეზობლად ცხოვრობდა, — იხსენებს ბრაზილიელი ფილიპი, — და, როცა კი დამინახავდა, მეძახდა: აი, დაგიჭირე შენი ბიბლიით! აბა მანახე, რა გაქვს ჩანთაშიო?“.
ასეთი დაცინვის მსხვერპლად გახდომა უბრალო საქმე არ არის. ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ აბრაამის ვაჟს, ისააკსაც დასცინოდა თავის ნახევარძმა, ისმაილი (დაბადება 21:9). მოციქული პავლე დაცინვას უმნიშვნელოდ არ მიიჩნევდა. გალატელთა 4:29-ში მოციქულმა ამას ‘დევნა’ უწოდა.
ასევე იესოც გვაფრთხილებდა, რომ მის მიმდევრებს ზოგი სამტროდაც კი გადაეკიდებოდა: „თუ თქვენ წუთისოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“ (იოანე 15:18, 19).
მაშასადამე, როგორც ქრისტიანს, გარკვეული სახის დევნის ატანა მოგიხდება (2 ტიმოთე 3:12). მაშინაც კი, თუ შენს თანატოლებს ბიბლიის შესახებ ერთ სიტყვასაც კი არ ეუბნები, ზოგი შეიძლება მაინც გდევნიდეს, უბრალოდ იმის გამო, რომ წესიერი ხარ და მათსავით უწესოდ არ იქცევი (1 პეტრე 4:4). იესომ შემდეგი სიტყვებით გვანუგეშა: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო“ (მათე 5:11). როგორ შეიძლება გაღიზიანებამ და დაცინვამ ნეტარი გაგხადოს? როგორ და, როდესაც იეჰოვას გამო დაგცინიან, იცი, რომ იეჰოვა ღმერთის ნების შესრულებით მის გულს გაახარებ (იგავნი 27:11). ღმერთს კი თუ ასიამოვნებ, მარადიული სიცოცხლით გაკურთხებს (ლუკა 10:25—28).
საბედნიეროდ, დაუჯერებელია, რომ თანაკლასელებიდან ყველა — ან უმრავლესობა — რომლებსაც მსახურების დროს შეხვდები, შენ მიმართ მტრულად იყოს განწყობილი. ბრიტანელი ახალგაზრდა ანჟელა გვიზიარებს: „როდესაც კარდაკარ მსახურებისას თანაკლასელს ხვდები, ხშირად ისინი უფრო უხერხულად გრძნობენ თავს, ვიდრე შენ!“. შეიძლება ისინი დიდი ინტერესითაც კი მოელოდნენ იმას, თუ რას ეტყვი. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრ ახალგაზრდა ქრისტიანს კარგად გამოსდის თანატოლებთან ქადაგება. იმაზე, თუ როგორ შეძლებ შენც იგივეს გაკეთებას, ამ სერიის შემდეგ სტატიაში იქნება საუბარი.
[სურათი 21 გვერდზე]
ბევრ ახალგაზრდას ეშინია, ქადაგების დროს თანაკლასელს არ გადაეყაროს.
[სურათი 23 გვერდზე]
არასდროს შეგრცხვეს რწმენის გამო დაცინვის.