ველოსიპედით სეირნობა სასიამოვნოა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
ველოსიპედით სეირნობა სასიამოვნოა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დიდ ბრიტანეთში
შედარებით იაფი, ზოგჯერ ავტომობილზე სწრაფი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სასიამოვნო — ტრანსპორტის რომელ სახეობაზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, ველოსიპედზე. ველოსიპედით სეირნობა სასარგებლოც არის და სასიამოვნოც. ხანში შესულთა უმეტესობისთვის, როდესაც ისინი საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო აქტიურად ზრუნავენ, ველოსიპედით სეირნობა საუკეთესო არჩევანია.
სათამაშოდან ტრანსპორტამდე
ველოსიპედის გამოგონება გერმანელ გამომგონებელს ბარონ კარლ დრაიზს მიეკუთვნება. მაშინდელი ველოსიპედი, რომელიც 1817 წლისათვის გამოჩნდა და გამომგონებლის პატივსაცემად დრაიზენი უწოდეს, მარტივი აგებულების იყო და უფრო საბავშვო სათამაშოს წააგავდა. ჰქონდა ორი თვალი, დასაჯდომი ადგილი, საჭე, მაგრამ უპედლებო იყო. თვითმგორავი ველოსიპედი კი 1839 წელს გამოჩნდა, როდესაც შოტლანდიელმა მჭედელმა, კერკპატრიკ მაკმილანმა, საჭედან სატერფულებიანი ბერკეტი ჩამოუშვა და ბარბაცას საშუალებით უკანა თვალზე დაამაგრა. ფრანგმა მამა-შვილმა პიერ და ერნესტ მეშოებმა კი წინა თვალს ბარბაცა და პედლები მიამაგრეს და თავიანთ გამოგონებას ველოსიპედი (ლათინური სიტყვიდან ველექს — „სწრაფი“ და პედალ — „ფეხი“) უწოდეს. აი, ასე გახდა ის უფრო სწრაფი და ადვილად
სამართავი ტრანსპორტი, რომელმაც თანდათანობით პოპულარობა მოიპოვა.წინა თვლის ზომის გაზრდამ ველოსიპედის სიჩქარეც გაზარდა. მაგალითად, ინგლისში გამოგონებულ ველოსიპედს, რომელსაც პენი-ფართინგსაც ეძახდნენ, ვეებერთელა წინა თვალი ჰქონდა, რომლის დიამეტრიც მეტრ-ნახევარი იყო და უკანა თვლისგან კონტრასტულად განსხვავდებოდა. ამ ველოსიპედს პენი-ფართინგი ინგლისური ფულის მონეტების, პენისა და ფართინგის, კონტრასტული სხვაობის გამო დაარქვეს.
პენი-ფართინგის შემდეგ გამოიგონეს უსაფრთხოების ველოსიპედი, რომელიც ჩვეულებრივი ზომის იყო და უფრო მოხერხებულიც გახლდათ, თანაც ორივე თვალი თანაბარი ან თითქმის თანაბარი ზომის ჰქონდა, რის გამოც სიმძიმის ცენტრმა უფრო დაბლა დაიწია. 1879 წელს ინგლისელმა ჰენრი ლევსონმა პარიზში მოწყობილ გამოფენაზე წარმოადგინა თავისი მოდელი, რომელსაც ჯაჭვური გადაცემის მექანიზმი ჰქონდა დამატებული. ეს მოდელი საბოლოოდ ცნობილი გახდა, როგორც ველოსიკლეტი.
თანამედროვე ველოსიპედებს ერთი ზომის თვლები აქვს; ძირითადი კონსტრუქცია ცოტაოდენ მაინც შეიცვალა, რის გამოც ჩვეულებრივი, საოჯახო, ტურისტული, სპორტული და სამთო ველოსიპედები საკმაოდ მოხერხებული გახდა, რასაც რეზინის სალტეებიანი ორი მსუბუქი წონის თვალი განაპირობებს.
სასარგებლოც და სასიამოვნოც
ველოსიპედი უხმაუროა, გარემოს არ აბინძურებს, ხშირად მოკლე მანძილზე წასასვლელად ავტომობილზე სწრაფია და ბევრ ქვეყანაში უფრო მოხერხებულ და საიმედო ტრანსპორტადაც ითვლება. აფრიკაში, აზიაში და არა მხოლოდ ამ კონტინენტებზე, ბაზარებსა თუ მაღაზიებში მოვაჭრეთათვის ველოსიპედი გადამზიდ საშუალებად იქცა. საკმაოდ ხშირად ველოსიპედით მხოლოდ ერთი ადამიანი არ მგზავრობს, ველოსიპედისტმა შეიძლება უკანა სკამზე შემოისვას ვინმე ან წინ ხიდზეც კი დაისვას.
დასავლეთის ქვეყნებში, სადაც გადასაადგილებლად ავტომობილს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ჯანმრთელობაზე სულ უფრო და უფრო ზრუნვისა და, ამასთანავე, გადატვირთულ ქუჩებში სიარულისთვის თავის არიდების მიზნით, ველოსიპედებით სარგებლობამ პოპულარობა დაიბრუნა. ბევრგან მთავარი საავტომობილო გზების გასწვრივ ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი გზები გაიყვანეს. მაგალითად, ბრიტანეთის მთავრობის ბევრი წარმომადგენელი ამაყობს იმით, რომ ველოსიპედებით მოსიარულეთათვის კილომეტრიანი გზატკეცილები გადაჭიმეს.
გამონაბოლქვის უქონლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ველოსიპედი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ის „ბრიტანელებს ნაადრევი სიკვდილისა და, საერთოდ, სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზისგან — გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს“, — აღნიშნავს ადრიან დევისი, მრჩეველი სატრანსპორტო საკითხებში. ველოსიპედის ტარებას ადამიანი მაქსიმალური შესაძლებლობის 60—85 პროცენტს ახმარს, მაშინ როდესაც ფეხით სიარულისთვის 45—50 პროცენტი სჭირდება. რადგან ველოსიპედისტის კიდურებს მინიმალური სიმძიმე აწვება, მოტეხილობის რისკი ველოსიპედისტთა შორის უფრო ნაკლებია, ვიდრე სწრაფად მოსიარულეთა შორის.
გარდა ამისა, ველოსიპედით სიარული სხვა მხრივაც სასარგებლო და სასიამოვნოა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ველოსიპედით სიარული ტვინს ისეთი ქიმიკალიებით ამარაგებს, როგორიცაა ენდროფინები, რომელიც ადამიანს კარგ გუნება-განწყობილებაზე აყენებს და ხელს უწყობს, უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს. როგორ? „საშუალო სიჩქარით მავალი ველოსიპედისტი წუთში დაახლოებით 7 კალორიას ანუ ნახევარ საათში 200 კალორიას ხარჯავს“, — იუწყება გაზეთი „გარდიანი“. შედეგი კი ის იქნება, რომ უფრო გამოყვანილი წელი და მოქნილი ბარძაყები გექნებათ.
უსაფრთხო სიამოვნება
განვითარებულ ქვეყნებში ავტომობილებით არის გზები გადატვირთული, ამიტომ ველოსიპედით სიარულისას უსაფრთხოების ზომების მიღება ძირითადი საზრუნავი ხდება. მაგალითად, საჭიროა, ველოსიპედისტმა უსაფრთხოების ჩაფხუტი დაიხუროს? სიფრთხილეს თავი არ სტკივა. უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღება ურიგო სულაც არ იქნებოდა. მეორე მხრივ კი, უბრალოდ, უსაფრთხოების ჩაფხუტის ტარება იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ველოსიპედისტი ტრავმას
არ მიიღებს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, სელი ჰოლმა, ყურადღება მიაქცია 1 700 ველოსიპედისტის გამოკვლევას, რომლებიც უსაფრთხოების ჩაფხუტს ატარებდნენ. საოცარი შედეგებიდან ერთ-ერთი ის იყო, რომ ველოსიპედისტებს, რომლებსაც უსაფრთხოების ჩაფხუტი ეხურათ, სიფრთხილე უდუნდებათ. უფრო მეტიც, 6 პროცენტს ისეთი ჩაფხუტი ეხურა, რომელიც მათი ზომა არ იყო. თუ ველოსიპედისტს სათანადო ზომის ჩაფხუტი არ ახურავს, უბედური შემთხვევის დროს ტრავმის მიღების ალბათობა 50 პროცენტით მეტია. თუ უსაფრთხოების ჩაფხუტს ხმარობთ, ის აუცილებლად თქვენი ზომა უნდა იყოს. შვილებსაც რეგულარულად შეუმოწმეთ ჩაფხუტები. დიდი ზომის ჩაფხუტი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.ავტომობილის მძღოლები ხშირად ათვალწუნებით უყურებენ ველოსიპედისტებს და შეიძლება თავი ისეც დაიჭირონ, ვითომ ვერ ხედავენ მათ. ამიტომაც, ისე გააკეთე, რომ კარგად გხედავდნენ. მაგალითად, დღისით თვალშისაცემი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვი, ღამით კი — ისეთი, რომ სინათლე აირეკლოს. გარდა ამისა, სიბნელეშიც შესამჩნევი უნდა იყოს შენი ველოსიპედი. ხშირად კანონითაც გათვალისწინებულია, რომ ველოსიპედს წინ და უკან ფარები, ხოლო პედლებზე რეფლექტორები ჰქონდეს დაყენებული, რაც, უდავოდ, გონივრული ნაბიჯია. ყოველთვის გაამახვილე ყურადღება იმაზე, რომ შენს ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული აღჭურვილობა შეარჩიო.
უსაფრთხოებისთვის ველოსიპედის კარგად მოვლაც აუცილებელია. შეამოწმე, რეგულარულად გაწმინდე, გარეცხე და მწყობრში მოიყვანე. უსაფრთხოების ყველა ამ ზომის მიღების შემდეგ შეგიძლია უკვე მშვიდად წახვიდე სასეირნოდ. მაგრამ უსაფრთხოდ რომ ისეირნო, სათანადო ველოსიპედი გჭირდება (იხილეთ ჩარჩო „სწორედ ესაა სათქვენო“).
ველოსპორტი
ზოგიერთისთვის ველოსიპედით სიარული სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. ახლახან ცნობილი „ტურ დე ფრანსის“ ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა ველორბოლა ნარკომანიასა და გაიძვერობასთან დააკავშირა. ჟურნალ „ტაიმში“ დაბეჭდილ სტატიაში, „დაე საუკეთესო ნარკოტიკმა
გაიმარჯვოს!“, ნათქვამი იყო, რომ შეჯიბრს წესრიგის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. სტიმულირების მიზნით დოპინგისა და სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ გამართულმა დისკუსიამ ბევრის თვალში სპორტის ეს სახეობა არაპოპულარული გახადა.გონიერი ველოსიპედისტი უფრო მართებულად უდგება იმ საკითხს, თუ რამდენი დრო და ძალ-ღონე მოახმაროს სპორტის ამ სახეობას. ხშირად ველოსპორტი ჯანმრთველობის შესანარჩუნებლად იზიდავს ხალხს, მაგრამ დაფიქრებული ადამიანი ხვდება, რომ ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლისთვის მხოლოდ ვარჯიში არ არის საკმარისი. მიუხედავად ამისა, როდესაც გადაწყვეტ ველოსიპედით გასეირნებას, დატკბი ამ სასიამოვნო შესაძლებლობით!
[ჩარჩო⁄სურათები 31 გვერდზე]
სწორედ ესაა სათქვენო
სამთო ველოსიპედები „ყველგან მავალი“ სპეციალური მოდელებია — პატარა, მტკიცე ჩონჩხით, სწორი საჭეთი; ჩვეულებრივ ველოსიპედთან შედარებით ზემოთ აწეული პედლებითა და ფართე სალტეებით, რომლებიც უსწორმასწორო გზაზე სიარულში უწყობს ხელს. სიჩქარის გადამრთველი კი აღმართებზე ადვილად ასვლაში ეხმარება.
თუ მაგარზედაპირიან გზაზე ან უსწორმასწორო ზედაპირის მქონე მიწაზე დადიხარ, მაშინ ისეთი მოდელი გინდა, რომელიც ორივე გზისთვის შესაფერისი იქნება. ასეთი მოდელი განსხვავდება როგორც სამთო, ისე ჩვეულებრივი ველოსიპედისგან. მას უფრო ვიწრო სალტეები აქვს და პედლებიც ოდნავ დაბლა აქვს დაყენებული. ჩვეულებრივ ველოსიპედს კი უფრო ვერტიკალურ მდგომარეობაში მართავ და უფრო ნაკლები სიჩქარის გადამრთველი აქვს.
რომელი მოდელიც უნდა აირჩიო, აუცილებლად შენი ზომა უნდა იყოს. პირველ რიგში მოსინჯე; მოერგე საჭეს, სკამს, მოირგე პედლებიც. ველოსიპედის ხიდი არ უნდა გიშლიდეს ხელს, რომ მიწაზე ფეხები თავისუფლად დადგა (იხილეთ ზემოთ).
უსაფრთხოდ და უფრო მოხერხებულად ისეირნებ, თუ სკამს იმ სიმაღლეზე დააყენებ, რომ პედლების გადატრიალებისას ფეხის ბოლომდე გაშლას შეძლებ (იხილე მარცხნივ). ჩვეულებრივ, საჭე სკამის სიმაღლეზე უნდა იყოს დაყენებული. (აღებულია ჟურნალიდან „რომელი?“)
[სურათი 28, 29 გვერდებზე]
პენი-ფართინგი.
[საავტორო უფლება]
Police Gazette, 1889
[სურათი 29 გვერდზე]
ერთ-ერთი პირველი ველოსიპედი.
[საავტორო უფლება]
Men: A Pictorial Archive from Nineteenth-Century Sources/ Dover Publications, Inc.
[სურათი 30 გვერდზე]
ველოსიპედი ბევრ ქვეყანაში მუშა ტრანსპორტია.
[სურათები 30 გვერდზე]
ზოგ ქვეყანაში უსაფრთხოების ჩაფხუტის ტარება კანონითაა გათვალისწინებული.