მასაი უნიკალური და ძალიან საინტერესო ხალხი
მასაი უნიკალური და ძალიან საინტერესო ხალხი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კენიაში
მასაი ბიჭის სიმღერის ხმის ექო მთელ ველზე ვრცელდება და გარიჟრაჟის მძიმე, ნესტიან ჰაერს შორს, შორს მიაქვს. მზე მაღლა იწვერება; ბიჭის მხიარული ხმა გარიჟრაჟზე თავდაუზოგავად მოჭიკჭიკე ფრინველის ხმასავით აპობს ჰაერს.
მზის ამოსვლის შემდეგ დავინახე ეს მწყემსი ბიჭი, რომელიც მამამისის საქონელს ედგა. ტანზე შემოხვეული გრძელი, წითელი ქსოვილი უფარავდა სხეულს; მწყემსის ჯოხზე დაყრდნობილი, ყარყატივით ერთ ფეხზე იდგა და თავის ნახირს უმღეროდა, რომელიც კმაყოფილი იცოხნებოდა. ნება მომეცით, უფრო მეტი მოგითხროთ ამ უნიკალური ხალხის შესახებ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მასაის სამყოფელში
მასაი, რომელიც მესაქონლეობას მისდევს, აღმოსავლეთ აფრიკაში რიფტ-ველის ვრცელ ტერიტორიაზე სახლობს. ეს ხალხი უძველესი დროიდან არის შემორჩენილი კენიისა და ტანზანიის ტერიტორიაზე და დღეს, ძირითადად, საუკუნეების წინათ მცხოვრები წინაპრების კვალს მისდევს. მათ დროის მსვლელობა სულაც არ აღელვებთ და მზის ამოსვლის, ჩასვლისა და წელიწადის დროების ცვლილებების შესაბამისად განსაზღვრავენ თავიანთ ცხოვრებას.
მასაი დახელოვნებულია იმაში, რომ რიფტ-ველის მკაცრ გარემოსა და ოღროჩოღრო ლანდშაფტში სიცოცხლე შეინარჩუნოს. საძოვრებისა და სასმელი წყლის ძებნაში ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. მათ თავიანთი საქონელი ანტილოპა გნუს, ზებრების, ჟირაფებისა და ტრამალების სხვა ცხოველების ჯოგებთან ერთად ჰყავთ, რომლებიც თავიანთ სამფლობელოს შინაურ ცხოველებსაც უნაწილებენ.
მესაქონლე ხალხი
ამ ხალხს სწამს, რომ დედამიწის მთელი საქონელი მათ ეკუთვნით. მათი რწმენა დაფუძნებულია ლეგენდაზე, რომლის მიხედვითაც ღმერთმა თავის სამ ვაჟს საჩუქარი უბოძა. უფროსს ისარი მისცა სანადიროდ, შუათანას თოხი — მიწის დასამუშავებლად, ნაბოლარას კი — ნახირის დასამწყემსი ჯოხი. როგორც ამბობენ, სწორედ ეს მესამე ვაჟი გახდა მასაი ხალხის წინაპარი. თუმცა სხვა ხალხებსაც ჰყავს საქონელი, ამ ერის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ეს საქონელი, სინამდვილეში, მათ ეკუთვნით.
მასაის თემში ადამიანის მდგომარეობას საქონლისა და შვილების სიმრავლე განსაზღვრავს. მაგალითად, თუ ვინმეს 50 სულზე ნაკლები საქონელი ჰყავს, ღარიბად ითვლება. თუ ოჯახის თავს ბევრი შვილი და ცოლი ჰყავს, მათი დახმარებით შეიძლება საქონლის რაოდენობა ათას სულამდე გაზარდოს.
ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ თავიანთი საქონელი. თითოეული პირუტყვი განსხვავებულ ხმას გამოსცემს და დამახასიათებელი თვისებები აქვს, რაც ოჯახის თითოეულმა წევრმა კარგად იცის. საქონელს ხშირად დაღს ასვამენ ან გასალამაზებელ სამკაულად სხვა რამეს უკეთებენ. საქონლიდან ყველაზე ლამაზს უძღვნიან სიმღერებს, რომლებშიც მათდამი სიყვარულს აქსოვენ. განსაკუთრებით აფასებენ დიდრქიან ხარებს; ხბოებს კი ახალდაბადებული ბავშვივით უვლიან და დაჰფოფინებენ.
სახლებს ტრადიციისამებრ ქალები აშენებენ: წნელისა და ბალახისგან ლასტებს წნავენ, შემდეგ აბათქაშებენ და საქონლის ნაკელით ლესავენ. მოგრძო, მომრგვალებული სახლები წრეს ქმნიან, შუაში კი საქონელი ჰყავთ დაბინავებული; ეს შინაურ ცხოველებს ღამღამობით უსაფრთხო გარემოს უქმნის. მთელი ბანაკი კი ეკლით არის შემოღობილი, რაც როგორც სახლის პატრონს, ისე მის საქონელს იცავს აფთრების, ლეოპარდებისა და ლომებისგან.
მასაის არსებობა მათი ნახირის ჯანმრთელობასა და ძლიერებაზეა დამოკიდებული. რძეს საკვებად იყენებენ, ნაკელს კი — სახლების გასალესად. მსხვილფეხა საქონელს იშვიათად იყენებენ საკვებად; ამ მიზნისთვის რამდენიმე ცხვარი და თხა ჰყავთ მოშენებული. მაგრამ, როდესაც მსხვილფეხა საქონელს კლავენ, მის ყველა ნაწილს იყენებენ — რქებს რაიმეს ჩასასხმელად, ჩლიქებსა და ძვლებს კი ორნამენტების გასაკეთებლად. ტყავისგან ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, საწოლის გადასაფარებლებსა და თოკებს ამზადებენ.
უნიკალური და საოცარი ხალხი
მასაი მაღალი, ტანწერწეტა მშვენიერი ნაკვთების მქონე ლამაზი ხალხია. ისინი მრავალფეროვან ტანსაცმელს იცვამენ. ხასხასა წითლად და ლურჯად შეღებილი ქსოვილი თავისუფლად აქვთ მოქნილ ტანზე შემოხვეული. ქალები ძირითადად ირთვებიან მძივებით გაწყობილი ფირფიტის მსგავსი ყელსაბამებითა და მრავალფეროვანი თავსაბურავებით. მკლავებსა და წვივებზე სპილენძის თხელ სალტეებს იკეთებენ.
ხშირად მამაკაცებიც და ქალებიც მძიმე საყურეებითა და მძივებით გაწყობილი სხვა სამკაულებით იგრძელებენ ყურის ბიბილოებს. ჟანგმიწას, რომელიც წითელ ფხვნილს წარმოადგენს, ხშირად ძროხის ცხიმში ურევენ და ტანზე წასასმელად იყენებენ.ერთ საღამოს კოცონის შუქზე საცეკვაოდ შეკრებილ ამ ხალხს ვუყურებდი. ჯერ წრე შემოარტყეს კოცონს, შემდეგ რიტმულად აცეკვდნენ. როდესაც ცეკვა უფრო ცეცხლოვანი გახდა, გოგონების ყელზე ჩამოკიდებული მძიმე სამკაულებიც კი აცეკვდნენ. მოცეკვავეები მონაცვლეობით შედიოდნენ წრეში და სხვადასხვა ილეთებს ასრულებდნენ, სულ უფრო და უფრო მაღლა ხტებოდნენ. ცეკვამ შეიძლება გვიან ღამემდე გასტანა, სანამ ყველას ქანცი არ გაუწყდა.
მასაის ოჯახური ცხოვრება
ზაფხულის ერთ პაპანაქება დღეს, მასაი ქალების ერთ ჯგუფთან ერთად ვიჯექი აკაციის ხის ჩრდილში და გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, თუ როგორ გულდასმით აკერებდნენ დამუშავებულ ტყავზე მძივებს. ერთმანეთში იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ და თითქმის ვერც ამჩნევდნენ ხეზე შემომსხდარ მოღუღუნე ფეიქარებს, რომლებიც გამხმარი ბალახებით ბუდეებს იკეთებდნენ. საღამოს ქალებმა წყალი და შეშა წაიღეს სახლში; შემდეგ კი სახლებსა და პატარებს მიხედეს.
როცა მზე მთის კალთებიდან სხივების აკრეფას იწყებს, მწყემსები ნახირს სახლებისკენ მიერეკებიან. ნახირი ზანტად მიიზლაზნება სახლისკენ და მათ მიერ წითელი მტვრისგან დაყენებული ბუღი მზის ქარვისფერ შუქზე ბუხრიდან ამომავალი კვამლივით მიიკლაკნება. როგორც კი ქალები შორიდანვე შეამჩნევენ მტვრისგან დაყენებულ ამ ბუღს, მაშინვე თავიანთ საქმიანობას თავს ანებებენ და ნახირის დასახვედრად ემზადებიან.
საღამოს მამაკაცები თავიანთ სადგომში დაბინავებულ ნახირს ათვალიერებენ, ხარებს რქებზე ეფერებიან
და მათი სილამაზით ტკბებიან. ერთი პატარა ბიჭი პირდაპირ ძროხის ცურიდან ისხურებს თბილ რძეს პირში, რის გამოც დედა მაშინვე ტუქსავს მას. გოგონები კი დიდი ოსტატობით წველიან ძროხებს და პირამდე ავსებენ სარძევეებს.საღამოს, როცა გრილდება, ყველანი ერთად ვიკრიბებით კოცონის გარშემო. ჰაერში შებოლილი და შემწვარი ხორცის სუნი ტრიალებს. არც ახლო მყოფი ნახირი გვავიწყებს თავს სუნით. უხუცესი ზის და მასაისა და ძველი გმირების ისტორიას გვიყვება. ის მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც დროდადრო შორიდან ლომის ღრიალი ისმის და შემდეგ აუღელვებლად უბრუნდება ისტორიის დაწვრილებით თხრობას, რასაც გაფაციცებული მსმენელები დიდი ინტერესით ელოდებიან. ბოლოს კი ყველა სათითაოდ მიდის თავიანთ სახლებში დასაძინებლად. მძინარე საქონლის ფშვინვის გარდა ღამის მყუდროებას არაფერი არღვევს; ქვეყანას მოწყვეტილი სოფელი ღამის სიბნელეში იკარგება.
მასაის ბავშვობა
სოფელი მზის ამოსვლისთანავე იღვიძებს. პატარები მძივებით გაწყობილი გულქანდისა და ქამრის ამარა თამაშობენ დილის სიგრილეში. მათი სიცილი და ჟივილ-ხივილი მშობლებს სიმშვიდეს ჰგვრის; მათ ძალიან უყვართ თავიანთი შვილები და მომავალს მათი იმედით შესცქერიან.
ბავშვების აღზრდა საერთო საქმეა — თემის თითოეულ ხანდაზმულ ადამიანს შეუძლია ცელქი ბავშვი დაარიგოს და დასაჯოს კიდეც. ბავშვებს ასწავლიან, რომ უფროსებს პატივი სცენ და ისინიც მაშინვე უღებენ მასაის ოჯახის ცხოვრებას ალღოს. პატარაობისას უზრუნველი ბავშვობა აქვთ, მაგრამ როგორც კი წამოიზრდებიან გოგონებს საოჯახო საქმეებს ასწავლიან, ბიჭებს კი — შინაური საქონლის მოვლა-პატრონობას. მშობლები თავიანთ შვილებს გადასცემენ ხალხური მედიცინის საიდუმლოებას; ასწავლიან თავიანთი ხალხის რიტუალებსა და ტრადიციებს, რომლებიც მათი ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება.
მოზარდობაში შებიჯება
მოზარდები სწავლობენ ადათ-წესებსა და ცერემონიებს, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მოზარდობის ასაკიდან უკვე გამოვიდნენ. რიტუალები, რომელსაც ისინი სწავლობენ, ეხება ავადმყოფობას, უბედობას, ქორწინებასა და სიკვდილს. მასაის სწამს, რომ რიტუალების შეუსრულებლობით თავს წყევლას დაიტეხენ.
მშობლებმა შეიძლება თავიანთი გოგონა ჯერ კიდევ სულ პატარა დანიშნონ ვინმეზე. მას მხოლოდ ისეთ კაცს ატანენ, რომელსაც საკმარისი საქონელი ჰყავს, რომ საპატარძლოს მამას სანაცვლოდ გადაუხადოს. ხშირად მათ თავისზე ბევრად უფროს და რამდენიმეცოლიან კაცზე ათხოვებენ.
როდესაც ბიჭები იზრდებიან თავიანთ თანატოლ ბიჭებს უმეგობრდებიან. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა შეიძლება მთელი მათი ცხოვრება ასე გაგრძელდეს. ისინი გამოუცდელი ბავშვობიდან გამოცდილ მეომრად ჩამოყალიბებამდე ერთად არიან. როგორც მეომრები, ისინი საკუთარ თავზე იღებენ თავიანთი ტერიტორიის, დასახლების წყლით მომარაგებისა და საქონლის გარეული ცხოველებისა და ქურდებისგან დაცვის პასუხისმგებლობებს. გულად და მამაც მასაის ბასრი შუბის გარეშე ვერასდროს ნახავ.
თითქმის 30 წლის ასაკში ისინი საბოლოოდ ვაჟკაცდებიან. დიდი სიხარულითა და ცერემონიალებით მათ მოწიფულ მამაკაცთა რიგებში იღებენ. ახლა მათ უკვე დაქორწინების უფლება აქვთ, საპატივცემულო მდგომარეობა უკავიათ და მთელ ყურადღებას საპატარძლოს ძებნასა და ნახირის გამრავლებაზე ამახვილებენ; თანაც მოელიან, რომ ვინმეს რჩევას მისცემენ და თემის საქმეების გარჩევაში მონაწილეობას მიიღებენ.
როგორი მომავალი აქვს მასაის?
დღეს მასაის უნიკალური ადათ-წესები და კულტურა დავიწყებას ეძლევა. ზოგიერთ ადგილებში მათ წინანდელივით ადვილად აღარ შეუძლიათ საძოვრების ძიებაში მომთაბარეობა. მათი სამშობლოს ვრცელ მიწებს ახლა ნაკრძალებად აცხადებენ, სახლებს აშენებენ და სოფლის მეურნეობას ავითარებენ მზარდი მოსახლეობისთვის. გვალვისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ბევრი იძულებულია, საქონელი გაყიდოს. დიდ ქალაქებში საცხოვრებლად გადასული მასაი კი დღეისათვის თანამედროვე მსოფლიოში არსებულ პრობლემებს აწყდება.
დღეს აღმოსავლეთ აფრიკაში მცხოვრებ ამ ხალხამდეც კი მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა. მასაი ენაზე ბროშურის „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ 6 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ეს ბროშურა მათ ცრურწმენასა და ბიბლიურ ჭეშმარიტებას შორის სხვაობის დანახვაში ეხმარება. მართლაცდა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ამ უნიკალურ და ძალიან საინტერესო ხალხსაც აძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა „ხალხისა და ტომისაგან, და ერისა და ენისაგან“ შემდგარი უამრავი ხალხის ნაწილი იყვნენ, რომლებიც გადარჩებიან ამ საზარელი წუთისოფლის განადგურებისას (გამოცხადება 7:9).
[სურათი 25 გვერდზე]
მასაის სახლი.
[სურათი 26 გვერდზე]
მასაი საცეკვაოდ იკრიბება.
[სურათები 26 გვერდზე]
იეჰოვას ორი მასაი მოწმე.