რამდენად უსაფრთხოა ჩვენი საკვები?
რამდენად უსაფრთხოა ჩვენი საკვები?
თუკი დღეში სამჯერ ვიკვებებით, გამოვა, რომ 70 წლისთვის 75 000-ჯერ მოგვიწევს საჭმლის ჭამა. ტიპიური ევროპელისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ის დაახლოებით 10 000 კვერცხს, 5 000 მთლიან პურს, 100 ტომარა კარტოფილს, 3 ძროხასა და 2 ცხვარს მიირთმევს. მიუხედავად ამისა, ჭამის პროცესი სულაც არ არის დამამძიმებელი. პირიქით! ხომ გვსიამოვნებს ასეთი ფრაზის მოსმენა: „ღმერთმა შეგარგოს!“. ერთი კულინარული სასწავლებლის დირექტორმა ისიც კი თქვა, რომ „საჭმელი სიცოცხლის დედაბოძია“!
ჩვეულებრივ, ჩვენ ვთვლით, რომ საჭმელი, რომელსაც მივირთმევთ, უსაფრთხო და სასარგებლოა. მაგრამ ამ 75 000 ულუფიდან მხოლოდ ერთში რომ ყოფილიყო რაიმე საზიანო, შესაძლოა სერიოზულად დავავადებულიყავით. ამიტომაც გვიჩნდება კითხვა: შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ჩვენი საჭმელი უვნებელია? ჩანს, რომ დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეპარება ამაში ეჭვი. ზოგ ქვეყანაში საკვების უსაფრთხოების საკითხი მთავარ საზრუნავად არის ქცეული. რატომ?
რა იწვევს შეშფოთებას
არაჯანსაღი საკვების მიღების შედეგად ყოველწლიურად ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი ავადდება. მაგალითად, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საჭმელში გამოყენებული ტოქსიკური მცენარეული ზეთისგან ესპანეთში 1 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 000 — სერიოზულად დაავადდა. 1999 წელს ბელგიის მოსახლეობას თავზარი დაეცა, როდესაც შეიტყვეს, რომ კვერცხში, შინაური ფრინველების ხორცში, ყველსა და კარაქში, შესაძლოა, ყოფილიყო შხამიანი ნივთიერება დიოქსინი. მოგვიანებით, ბრიტანეთის მოსახლეობა შეძრა იმ ცნობამ, რომ საქონელი ენცეფალოპათიით („ძროხის ცოფით“) იყო ინფიცირებული, რამაც საქონლის ხორცის წარმოებას დიდი დარტყმა მიაყენა. შემდეგ იფეთქა თურქულის ეპიდემიამ, რის გამოც მილიონობით ძროხა, ცხვარი, ღორი და თხა დახოცეს.
ასეთი დიდი საფრთხის გარდა ხალხს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით სხვა ფაქტორებიც აფიქრებს. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ახალი ტექნოლოგიების გამო, რომლებსაც ამჟამად კვების პროდუქტების მოსაყვანად და დასამუშავებლად იყენებენ. 1998 წელს ევროკომისია წერდა: „ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა სასურსათო კულტურების დასხივება და გენური ინჟინერია, დიდ კამათს იწვევს“. გვიუმჯობესებენ თუ გვიუარესებენ ასეთი თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიები საკვებს? და რა გავაკეთოთ, მაქსიმალურად რომ გავაუვნებელვყოთ საკვები პროდუქტები?