არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ვუშვრებით ჩვენს საკვებს?

რას ვუშვრებით ჩვენს საკვებს?

რას ვუშვრებით ჩვენს საკვებს?

საკვებში რაიმე ცვლილებების შეტანა ახალი იდეა როდია. თაობიდან თაობაში ადამიანები უფრო და უფრო იწაფებოდნენ ამ მხრივ. საგულდაგულო სელექციის შედეგად ადამიანმა მარცვლეულისა და ხილ-ბოსტნეულის, აგრეთვე მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის ახალი ჯიშები გამოიყვანა. შეერთებული შტატების კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი ორგანიზაციის (U.S. Food and Drug Administration) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „თითქმის ყოველი პროდუქტი, რომელსაც ყიდულობთ, სელექციის ნაყოფს წარმოადგენს“.

მხოლოდ სელექციის შედეგად არ ხდება საკვებ პროდუქტებში ცვლილებების შეტანა. კვების მრეწველობა, პროდუქციის გემოსა თუ ფერის გასაუმჯობესებლად ან მისი სტანდარტიზაციისა და შენახვისთვის, დამზადებისა და გადამუშავების მრავალგვარ ხერხს მიმართავს. ხალხი უკვე შეეჩვია ისეთი საკვები პროდუქტების შეძენას, რომელშიც ამა თუ იმ სახითაა შეტანილი ცვლილებები.

ამავე დროს იზრდება მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც შეშფოთებული არიან საკვების დამზადებისას გამოყენებული მეთოდებით. რატომ? ზოგიერთი შიშობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამო საკვების უვნებლობა სათუო ხდება. აქვს თუ არა ასეთ შიშს საფუძველი? მოდით განვიხილოთ ის სამი მხარე, რომლებიც დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს *.

ჰორმონები და ანტიბიოტიკები

1950 წლიდან დაწყებული, ზოგან შინაური ფრინველის, ღორისა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საკვებში ანტიბიოტიკების მცირე დოზით დამატება დაიწყეს. მიზანი ის გახლდათ, რომ შემცირებულიყო იმ ცხოველთა დაავადების რისკი, რომლებსაც ერთსა და იმავე სადგომში უყრიდნენ თავს. ზოგ ქვეყანაში კი პირუტყვთა ზრდის დასაჩქარებლად მათ საკვებში ჰორმონების შერევა დაიწყეს. ამბობენ, რომ ჰორმონები და ანტიბიოტიკები პირუტყვს ინფექციებისგან იცავს და მეცხოველეობასაც უფრო რენტაბელურს ხდის — ეს კი მომხმარებელსაც აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქციას ფასი აკლდება.

კეთილი, მაგრამ ამ დანამატებით გამოკვებილი ცხოველების ხორცი მავნებელი ხომ არ იქნება მომხმარებლისთვის? ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმის ალბათობაზე, რომ შესაძლოა ბაქტერია გადაურჩეს ანტიბიოტიკს და ხორციდან მომხმარებლის ორგანიზმში გადავიდეს. აქვე ნათქვამია, რომ „თუ ამ ბაქტერიებიდან ზოგი, მაგალითად: სალმონელა და Campylobacter jejuni, კვების ჯაჭვის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდება, შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს“. მაგრამ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კვების ჯაჭვის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში არა მხოლოდ ბაქტერია მოხვდება, არამედ ანტიბიოტიკების ნარჩენებიც? მაშინ, ჩნდება იმის საშიშროება, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მიკრობებმა შეიძლება თანდათანობით ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა შეიძინონ.

ახლა რაც შეეხება იმ ცხოველების ხორცს, რომელთაც საკვებში ჰორმონებს უმატებენ; მიუნხენის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, დ-რი ჰაინრიხ კარკი, ამბობს: „ყველა სპეციალისტი ეთანხმება იმ აზრს, რომ ჰორმონებზე გაზრდილი ცხოველების ხორცი ჯანმრთელობისთვის უვნებელია იმ შემთხვევაში, თუ ჰორმონებს ინსტრუქციის მიხედვით იყენებენ“. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „ვოხე“-ში ითქვა, რომ „ბოლო 15 წლის მანძილზე მკვლევარებმა ვერ შეძლეს ერთ საერთო აზრამდე მისვლა“. საფრანგეთში კი ხორცში ჰორმონების არსებობაზე ერთხმად გამოთქვამენ პროტესტს: „არა! ჰორმონები არ უნდა იქნეს გამოყენებული!“. ნათელია, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაუჭრელია.

საკვები პროდუქტების დასხივება

1916 წლიდან შვედეთში და შემდეგ, სულ მცირე, 39 სხვა ქვეყანაში დაიწყეს კარტოფილის, სიმინდისა და ხორცის მცირე დოზებით დასხივება. რატომ? ითვლება, რომ დასხივების შედეგად ბაქტერიების, მწერებისა და პარაზიტების უმრავლესობა იხოცება, რითაც კვების პროდუქტების მეშვეობით დაავადებების გადაცემის რისკი მცირდება. დასხივების შედეგად პროდუქტის შენახვის ვადაც იზრდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იდეალურ ვარიანტში ეკოლოგიურად სუფთა და ახლად მომზადებულ კერძს უნდა მივირთმევდეთ. მაგრამ ვის აქვს იმდენი დრო, რომ საჭმელი რეგულარულად ახალი პროდუქტებისგან მოამზადოს ხოლმე? „ათი წუთი საუზმისთვის, თხუთმეტი — სადილისა და ვახშმისთვის“, — ჟურნალ „ტესტის“ თანახმად ადამიანი საშუალოდ ამდენ დროს უთმობს საჭმლის მომზადებას. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას მზა ნაწარმს ანიჭებს, რომელსაც შენახვის ვადაც უფრო ხანგრძლივი აქვს. მაგრამ უსაფრთხოა კი პროდუქტები, რომელთაც ასხივებენ?

1999 წელს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგები გამოაქვეყნა. მათი აზრით, დასხივებული პროდუქტები „საზიანო არ არის, თანაც საკვებ ნივთიერებებსაც საკმარისი ოდენობით შეიცავს“. ამ მეთოდის მხარდამჭერები პროდუქტების დასხივებას ადარებენ სამედიცინო ბინტების სტერილიზაციას (რომლებსაც აგრეთვე ასხივებენ) ან აეროპორტში ელექტროსკანერის მეშვეობით ბარგის შემოწმებას. მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დასხივების შედეგად პროდუქტები ნაკლებად ყუათიანი ხდება და, შესაძლოა, ეს მეთოდი ჯერჯერობით უცნობი რისკის მატარებელიც კი იყოს.

გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები

საკმაოდ დიდი ხანია, რაც გენეტიკოსები ერთი და იმავე სახეობის რომელიმე ორგანიზმის დნმ-დან აღებულ გენს სხვა ორგანიზმის დნმ-ში ნერგავენ. მაგრამ დღესდღეობით ისინი უფრო შორს წავიდნენ. მაგალითად, თევზისგან აღებული გენის მეშვეობით მათ მარწყვისა და პამიდვრის შედარებით უფრო ყინვაგამძლე ჯიშები გამოიყვანეს.

ბევრი რამ ითქვა გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების სასიკეთოდ და საწინააღმდეგოდ *. ამ მეთოდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სელექციური მემცენარეობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ადვილია იმის განსაზღვრა, თუ რას მოიტანს ბიოტექნოლოგიის ეს დარგი მომავალში. ისინი იმასაც ამბობენ, რომ საკვების გენეტიკური მოდიფიკაცია მოსავლიანობის ზრდასა და შიმშილის აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს. მაგრამ არის კი უსაფრთხო გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები?

ინგლისის, შეერთებული შტატების, აგრეთვე ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკისა და ზოგიერთი სხვა განვითარებადი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენელთა ჯგუფმა მოდიფიცირებული საკვების ავკარგიანობასთან დაკავშირებით თავისი დასკვნები გამოიტანა და ეს დასკვნები 2000 წლის ივლისში გამოქვეყნდა: „დღეისათვის ტრანსგენური კულტურებისთვის 30 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობია გამოყოფილი და ჩანს, რომ გენეტიკურად შეცვლილი მცენარეების ან მათგან დამზადებული საკვების გამო ხალხს ჯანმრთელობა არ შერყევია“. ზოგან გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები ისევე უსაფრთხოდ ითვლება, როგორც რომელიმე ტრადიციული კერძი.

მაგრამ არსებობს ისეთი რეგიონებიც, სადაც ამ საკვებს ეჭვის თვალით უყურებენ. ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გენეტიკურად შეცვლილი პროდუქტები ზოგიერთებში უნდობლობას იწვევს. ერთმა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა თქვა მათ შესახებ: „არსებობს ისეთი სახის პროდუქტები, რომლებიც უბრალოდ არ მოგვწონს“. მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ საკვებში ცვლილებების შეტანა არაეთიკურია და, შესაძლოა, ეკოლოგიასაც აზიანებდეს.

ზოგი მეცნიერი თვლის, რომ საკვების გენეტიკურად მოდიფიცირების მეთოდი ახლა იკიდებს ფეხს და ჯერ კიდევ ბევრი გამოკვლევაა ჩასატარებელი იმის დასადგენად, სარისკოა თუ არა მომხმარებლისთვის ასეთი მეთოდით დამზადებული პროდუქტები. მაგალითად, ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია თვლის, რომ გენური ინჟინერია მოსახლეობას დიდ სარგებლობას მოუტანს. თუმცა, მისივე აზრით, ზოგიერთი კითხვიდან — მაგალითად, შეუძლია თუ არა ასეთ საკვებს ალერგიის გამოწვევა — ჩანს, რომ „ამ კუთხით უკვე შემდგომი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო“.

გაწონასწორებულობა გადაწყვეტილების მიღებისას

ზოგ ქვეყანაში კვების პროდუქტების 80 პროცენტი დამუშავებას ექვემდებარება. პროდუქციის გემოსა და ფერის გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე მისი სტანდარტიზაციის მიზნითა და შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ხშირად იყენებენ დანამატებს. ერთ ცნობარში აღინიშნება, რომ „მრავალი სახის თანამედროვე პროდუქტი — მაგალითად, დაბალკალორიული საკვები, მზა პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები — დანამატების გარეშე ვერ დამზადდება“. ასეთი პროდუქტების შემადგენლობაში უფროა გენეტიკურად შემცვლელი ინგრედიენტები.

კარგა ხანია, რაც მთელ მსოფლიოში ისეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიმართავენ, რომლებსაც ბევრი საზიანოდ მიიჩნევს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ტოქსიკური პესტიციდების გამოყენებაა. გარდა ამისა, კვების მრეწველობაში უკვე დანამატებსაც იყენებენ. მათ კი, თავის მხრივ, ზოგ მომხმარებელში ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ. მაგრამ ამ მეთოდებთან შედარებით გაცილებით მეტი ხიფათი ხომ არ მოაქვს ახლად დანერგილ კვების ტექნოლოგიებს? ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებსაც კი არა აქვთ საერთო აზრი. ავტორიტეტული სამეცნიერო წყაროებიდან ზოგი ერთს უჭერს მხარს, ზოგი კი — მეორეს, რითაც უფრო მეტ გაუგებრობას იწვევენ.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებულ საკვებს ვერსად გაექცევა. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი; ასე რომ, არ უღირთ იმაზე ფიქრი, რომელი მეთოდით დამზადებული საკვები პროდუქტები შეიძინონ. მაგრამ არის ხალხის ისეთი კატეგორიაც, რომელსაც ეს საკითხი დიდად აღელვებს. რის გაკეთება შეგვიძლია, თუკი ვშიშობთ ჩვენი ან ჩვენი ოჯახის რაციონში ისეთი პროდუქტების შეტანას, რომლებიც შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადამეტებულად იყო დამუშავებული? არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი, რომელთა შესახებაც მომდევნო სტატიაში გვექნება საუბარი. მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი ვიქონიოთ.

ისევე როგორც დღესდღეობით შეუძლებელია სრულყოფილი ჯანმრთელობის მიღწევა, ასევე შეუძლებელია საკვების უსაფრთხოების საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტა. გერმანულ ჟურნალ „ბუნება და კოსმოსის“ (Natur & kosmos) თანახმად, მათაც კი, ვინც საკვები პროდუქტების არჩევისა და მომზადების საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდება, მაინც უწევთ კომპრომისზე წასვლა. რაც ერთს არგებს, სხვას შეიძლება ავნოს. განა უმჯობესი არ იქნება, გაწონასწორებული თვალსაზრისი ვიქონიოთ და მოვერიდოთ რადიკალურ შეხედულებებს?

ცხადია, ბიბლია არ იძლევა რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, მივირთვათ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული საკვები. მაგრამ მასში ვპოულობთ რჩევას, თუ რა თვისება უნდა განვივითაროთ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ფილიპელთა 4:5-ში ნათქვამია: «თქვენი თავმდაბლობა [„კეთილგონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის». კეთილგონიერება დაგვეხმარება, გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და უკიდურესობებში არ გადავვარდეთ. ის აგრეთვე თავს შეგვაკავებინებს იმისგან, რომ სხვებს ვუკარნახოთ, როგორ მოიქცნენ, და გვიხსნის უაზრო დებატებისგან მათთან, ვისაც ჩვენგან განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია.

მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ საკვებთან დაკავშირებული ბევრი საფრთხისთვის გვერდის ავლა შეგვიძლია. რომელი სხვადასხვა საფრთხე გვაქვს მხედველობაში და რა ზომების მიღება შეგვიძლია მათ საწინააღმდეგოდ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ის, თუ რას შევჭამთ, ძირითადად, ჩვენივე გადასაწყვეტია. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არ იძლევა რეკომენდაციას იმის თაობაზე, ვჭამოთ თუ არ ვჭამოთ ამ სტატიებში მოხსენიებული საკვებიდან რომელიმე, რა ტექნოლოგიითაც უნდა იყოს ის დამზადებული. ჟურნალის მიზანია, მკითხველს დღეისათვის არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

^ აბზ. 15 იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 22 აპრილის გამოცემა (რუს.).

[სურათი 14 გვერდზე]

ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტებზე მოცემული ინფორმაცია.