რა ხდის სამუშაო ადგილს სახიფათოს?
რა ხდის სამუშაო ადგილს სახიფათოს?
„სამუშაო ადგილებზე გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს“. ასეთი თვალში საცემი სათაურით გამოირჩეოდა საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც, ახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციამ, გაავრცელა.
სიკვდილის გამომწვევი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ხშირად პრობლემის მხოლოდ გარკვეული ნაწილია. მილიონები ყოველწლიურად ისეთ სერიოზულ ტრავმებსაც კი იღებენ სამუშაო ადგილებზე, რაც რადიკალურად ცვლის მათ ცხოვრებას. სხვა მრავალი უდროოდ კვდება სამუშაოზე მავნე ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლისა თუ სტრესის შედეგად.
სამუშაო ადგილის სპეციფიკით გამოწვეული სიკვდილიანობა და სერიოზული ტრავმები ინდუსტრიისა თუ კომერციის თითქმის ყველა სფეროში ხდება. ამიტომაც მართებულია, შემდეგი კითხვების დასმა: რამდენად უსაფრთხოა თქვენი სამუშაო ადგილი? რა სამუშაო გარემო შეიძლება დაემუქროს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს?
უკიდურესად დამძაბველი გარემო
შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად ხშირად მუშახელზე უდიდეს ზეწოლას ახდენენ. იაპონური სიტყვა „კაროში“ (გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილი) პირველად ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაში გამოიყენეს; ამ მოთხოვნას დაქვრივებული მეუღლე ავსებდა. სამი წლის წინათ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოფისებში მომსახურე იაპონელთა 40 პროცენტს ეშინოდა გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილის. ადვოკატმა, რომელიც კონკრეტულად ასეთ მოთხოვნებზე მუშაობდა, გამოთვალა, რომ „იაპონიაში ყოველწლიურად, სულ მცირე, 30 000 ადამიანი ხდება კაროშის მსხვერპლი“.
იაპონელი პოლიციელების აზრით, 50—59 წლის ასაკში თვითმკვლელობის ზრდის ძირითადი მიზეზი სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემებია. ერთ-ერთი წიგნის (The Violence-Prone Workplace) თანახმად, სასამართლომ დამსაქმებელს პასუხი აგებინა მოსამსახურის თვითმკვლელობაზე, რადგან ეს მოსამსახურე სამუშაოსთან დაკავშირებული ათასგვარი საზრუნავით იყო შეწუხებული.
ავსტრალიურ გაზეთ „კანბერა ტაიმში“ ნათქვამია: „ამერიკელებმა გაუსწრეს იაპონელებს, რომელთაც სამუშაო დღის ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველი ადგილი ეჭირათ“. ამგვარად, საგაზეთო სტატია „სამუშაო დღის საგრძნობლად გახანგრძლივებას ადამიანები სიკვდილამდე მიჰყავს“ გვიყვება გადაღლილი მუშაკების, მაგალითად, სასწრაფო დახმარების გადაღლილი მძღოლების, გადაქანცული პილოტების, მშენებლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების, აგრეთვე ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანების შესახებ, რომლებიც სამსახურში ყოფნისას გარდაიცვალნენ.
მომგებიანობის შესანარჩუნებლად კომპანიების რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების დროს, დიდი ზეწოლა მუშაკებზე ხდება და უნდათ, რომ ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ. „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი“ იუწყება, რომ კადრების შემცირება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მუშაკების ჯანმრთელობაზე
ძალადობა სამუშაო ადგილებზე
გადამეტებით მომუშავე, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსამსახურეები მხოლოდ თავიანთ თავს როდი უქმნიან საშიშროებას. ბრიტანეთში გამოკითხვამ ცხადყო, რომ ოფისში მომსახურეთაგან მრავალი მთელ სამუშაო დღეს თანამშრომლებისგან გაღიზიანებული ატარებს და ხშირად კონფლიქტები ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე.
„ამერიკაში სამუშაო ადგილებზე ყოველკვირეულად დაახლოებით 15 მკვლელობა ხდება“, — აღნიშნავს ჟურნალი Business Week. „მენეჯერებს არ უყვართ სამუშაო ადგილებზე ძალადობის შესახებ ლაპარაკი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყოველწლიურად ასობით მოსამსახურე თავდასხმის მსხვერპლი ხდება ან კოლეგები ერთმანეთს ხოცავენ კიდეც“, — აღნიშნავს Harvard Business Review.
მეორე მხრივ, სამუშაო ადგილებზე ხშირად მოსამსახურეებს კლიენტები ესხმიან თავს. კრიმინალური მდგომარეობის შესახებ ავსტრალიიდან მიღებული ცნობის თანახმად, ზოგ ექიმს იმდენად ეშინია თავდასხმის, რომ გამოძახებაზე დაცვის თანხლებით დადის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ემუქრებათ პოლიციელებსაც და მასწავლებლებსაც.
სამუშაო ადგილზე ძალადობის სხვა ფორმა თანამშრომლის მიერ თანამშრომლის ემოციურად დათრგუნვაა. „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ განაცხადის თანახმად, ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. ძირითადად, ასეთი ძალადობა ლანძღვითა და ყვირილით გამოიხატება.
მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ვენინგა გვამცნობს, რომ „მომსახურეთა შორის სტრესი და მასთან დაკავშირებული დაავადებები მსოფლიოში ყველგან გვხვდება“. მანვე აღნიშნა: „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1993 წლის ანგარიშის თანახმად, ძირითადი პრობლემა გაურკვევლობით, მუდმივი ცვალებადობითა და ხშირად სამუშაო ადგილზე მტრული განწყობილებით გამოწვეული სტრესია“.
ამიტომ, იბადება კითხვა: რის გაკეთება შეუძლიათ დამსაქმებელსა და მუშაკებს თავიანთი სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.