როგორ გავხადოთ საკვები უფრო უსაფრთხო
როგორ გავხადოთ საკვები უფრო უსაფრთხო
სახიფათოა ჭამა? სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ასეც ვიფიქროთ. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით მოწამვლის შედეგად. 1998 წელს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში საკვებით მოწამვლის 100 000-ზე მეტი შემთხვევა იყო აღრიცხული, აქედან 200 — სიკვდილით დასრულდა. ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატებში საკვებით მოწამვლის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 76 მილიონი ადამიანი ავადდება; აქედან 325 000 შემთხვევაში საავადმყოფოში დაწვენაა საჭირო, 5 000 კი — ტრაგიკულად მთავრდება.
რთულია ზუსტი მონაცემების მიღება მთელი მსოფლიოდან. თუმცა, 1998 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ 2 200 000 ადამიანი მოკვდა დიარეის გამომწვევი დაავადებებისგან
— აქედან 1 800 000 ბავშვი იყო. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „ამ შემთხვევათა უმეტესობა საკვებისა და წყლის დაბინძურებით იყო გამოწვეული“.ეს ციფრები შეიძლება უშველებლად მოგეჩვენოთ. მაგრამ ღირს კი ამ სტატისტიკური მონაცემების გამო პანიკაში ჩავარდნა და საკვების ავკარგიანობაზე ფიქრი? ალბათ, არა. ვნახოთ სხვა მაგალითი. საკვების გამო ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 4 200 000 ადამიანი ავადდება — ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში 11 500-მდე! ერთი შეხედვით ეს უზარმაზარი რიცხვია. მაგრამ მოდით, ამას ახლა სხვა კუთხით შევხედოთ. წლის განმავლობაში ავსტრალიელები დაახლოებით 20 მილიარდ ულუფას მიირთმევენ, რომლის მხოლოდ ერთი პროცენტის ორ მეასედზე ნაკლები უქმნის ჯანმრთელობას საფრთხეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაავადების რისკი ძალზე მცირეა.
მაგრამ რისკი მაინც არსებობს. რატომ იწვევს საკვები დაავადებებს და რა ზომების მიღება შეიძლება ამ რისკის შესამცირებლად?
საკვებით მოწამვლის მიზეზები
როგორც ერთ-ერთ ჟურნალშია („Emerging Infectious Diseases“) ნათქვამი, საკვების მეშვეობით 200-ზე მეტი დაავადება გადადის. მაგრამ ამ დაავადებებს არც ისე ბევრი აღმძვრელი ჰყავს. კვების პროდუქტების საერთაშორისო საინფორმაციო სამსახურის (International Food Information Service)
თანამშრომლის, დ-რ იან სუადლინგის თქმით, საკვები პროდუქტებით გამოწვეულ დაავადებათა შემთხვევების დაახლოებით 90 პროცენტს, როგორც ჩანს, ოცამდე სახეობის მიკროორგანიზმი იწვევს. როგორ ხვდებიან საკვებში დაავადების გამომწვევი ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები, შხამები და ა. შ.?დ-რ სუადლინგი ასახელებს საკვების მოწამვლის ხუთ, ყველაზე გავრცელებულ მიზეზს: „მოწამლული უმი პროდუქტების გამოყენება; ინფიცირებული/დაავადებული ადამიანების მიერ საჭმლის მომზადება; საჭმლის მირთმევამდე რამდენიმე საათით ადრე მომზადებული კერძის არასწორად შენახვა; პროდუქტების ჯვარედინი დაბინძურება საჭმლის მომზადების დროს; არასაკმარის ტემპერატურამდე აყვანა საჭმლის მომზადებისა და ხელმეორედ გაცხელების დროს“. თუმცა ამ ჩამონათვალში სასიამოვნო ბევრი არაფერია, მიზეზი ოპტიმიზმისთვის მაინც არსებობს. უმეტეს შემთხვევაში საკვები პროდუქტებით მოწამვლის თავიდან არიდება შესაძლებელია. თუ რა ზომების მიღება შეგიძლიათ იმისათვის, რომ საკვები უფრო უსაფრთხო გახადოთ, იხილეთ მე-16 და მე-17 გვერდებზე მოთავსებული ჩარჩო.
გაწონასწორებულობა პროდუქტების არჩევისას
საკვები პროდუქტების უსაფრთხოებით დაინტერესებულთ ახალი პროდუქტების ყიდვა და საჭმლის თავად მომზადება ურჩევნიათ. თუკი ასეთი მეთოდი თქვენთვისაც ხელსაყრელია, ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ახალი პროდუქტები, რომელთაც სპეციალური დამუშავება არ გაუვლიათ. მომხმარებელთათვის გამოცემულ ერთ ცნობარში ნათქვამია: „ახალი პროდუქცია რომ შეიძინონ და იცოდნენ, სად ხდება მისი წარმოება, ბევრი მომხმარებელი კონტაქტს ამყარებს სხვადასხვა მწარმოებელთან ბაზარზე [სადაც ყველაფერს ქორფასა და ახალს ყიდიან] ან საკვები პროდუქტების უშუალო წარმოების ადგილზე“. ეს შეიძლება პრაქტიკული აღმოჩნდეს ხორცის ან მისგან დამზადებული პროდუქტების ყიდვისას.
ამასთანავე, კარგი იქნებოდა ადგილობრივი სეზონური პროდუქტების ყიდვა, რადგან მათში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებათა არსებობის ალბათობა მეტია. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ მხოლოდ სეზონური პროდუქტებით შემოვიფარგლებით, უარის თქმა მოგვიწევს იმ ხილსა და ბოსტნეულზე, რომლებიც წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
გადავალთ თუ არა ნატურალურ საკვებზე, ჩვენივე გადასაწყვეტია. ნატურალურ პროდუქტებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთაგანაც ზოგი კვების მრეწველობაში გამოყენებად ახალ ტექნოლოგიებს ეჭვის თვალით უყურებს. მაგრამ ყველა არ ეთანხმება იმას, რომ ნატურალურად მოყვანილი პროდუქტები უფრო უსაფრთხოა.
როგორიც უნდა იყოს თქვენი არჩევანი საკვების მხრივ, ყურადღებით შეამოწმეთ ის, რასაც ყიდულობთ. გაზეთ „ცაიტში“ მოყვანილი ერთი სპეციალისტის სიტყვები გვიჩვენებს, რომ „როცა საქმე ეხება საკვებს, მომხმარებელი მხოლოდ ფასს უყურებს“. კარგია, ყურადღება მიაქციოთ ფასს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოცემული ინგრედიენტების ჩამონათვალის შემოწმებაც. ვარაუდობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში მყიდველების თითქმის ნახევარი არ კითხულობს ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას პროდუქტის ყუათიანობის შესახებ. მართალია, ზოგ ქვეყანაში ეტიკეტებზე არ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ თუკი გსურთ, რომ თქვენი საკვები უსაფრთხო იყოს, მაშინ მის შემადგენლობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
რა გადაწყვეტილებასაც უნდა იღებდეთ საკვებთან დაკავშირებით, ზოგჯერ მოქნილობა დაგჭირდებათ, რათა შეეწყოთ იმ ქვეყნის პირობებს, სადაც ცხოვრობთ. ჩვენს დროში ბევრისთვის უბრალოდ შეუძლებელია ყოველმხრივ უსაფრთხო პროდუქტების შეძენა, რადგან ეს ძალზე ძვირია, დიდ დროს მოითხოვს და პრობლემებთან არის დაკავშირებული.
დაბოლოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში მდგომარეობა ამ მხრივ სავალალოა? თუ ასეა, ეს სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს — მალე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
[ჩარჩო⁄სურათები 16, 17 გვერდებზე]
რა უნდა გავითვალისწინოთ
▪ გარეცხეთ და ხელები დაიბანეთ. საჭმლის მომზადებამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით. საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ, ბავშვის ჰიგიენურ საგნებზე (სახვევებზე, ცხვირსახოცებზე და ა.შ.) შეხების, საქონლის მოვლის ან შინაურ ცხოველებთან თამაშის შემდეგ ხელები აუცილებლად დაიბანეთ ხოლმე. საჭმლის მომზადების შემდეგ ჭურჭელი, სამზარეულოს დაფები და მაგიდები ყოველთვის გარეცხეთ ცხელი წყლითა და სპეციალური სარეცხი საშუალებებით, განსაკუთრებით კი უმ ხორცთან, ფრინველსა და ზღვის პროდუქტებთან მუშაობის შემდეგ. ჟურნალ „ტესტში“ გვთავაზობენ, რომ მწერებისა და პესტიციდების ნარჩენების მოსაშორებლად ხილ-ბოსტნეული ნელთბილ წყალში გავრეცხოთ. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია პროდუქტების გაფცქვნა ან მოხარშვა. სალათასა და კომბოსტოს ზედა ფურცლები მოაცალეთ და გადაყარეთ.
▪ საგულდაგულოდ შეწვით ან მოხარშეთ. თუ პროდუქტის შიგნით ტემპერატურა 70°C ცოტა ხნითაც გადააჭარბებს, თითქმის ყველა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი დაიხოცება. ფრინველის ხორცი 80°C-ზე მეტ ტემპერატურაზე უნდა მომზადდეს. საჭმლის ხელახალი გაცხელებისას ტემპერატურა 75°C-მდე უნდა ავიდეს. არ ჭამოთ: ფრინველის ხორცი, თუკი შიგნით ის ჯერ კიდევ ვარდისფერია; თოხლო კვერცხი; ან თევზი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს გამჭვირვალება და კანიცა და ფხაც ძნელად ეცლება.
▪ პროდუქტები ცალ-ცალკე შეინახეთ. უმი ხორცი ან ზღვის პროდუქტები სხვა პროდუქტებისგან ყოველთვის ცალკე გქონდეთ — ყიდვისას, შენახვისას თუ მომზადებისას. თანაც ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ პროდუქტებიდან არც ერთის წვენი სხვა პროდუქტებზე არ მოხვდეს. არასოდეს დადოთ კერძი ჭურჭელზე, თუკი მასზე მანამდე უმი ხორცი ან თევზი იდო — ჯერ კარგად გარეცხეთ ჭურჭელი ცხელი წყლითა და სპეციალური სარეცხი საშუალებებით.
▪ საჭმელი სწორად შეინახეთ და გააცივეთ. მაცივარს შეუძლია ხელი შეუშალოს საშიში ბაქტერიების გამრავლებას, თუკი ტემპერატურა მასში ცელსიუსის სკალის მიხედვით 4 გრადუსზე მეტი არ იქნება, ხოლო საყინულეში — არა უმეტეს მინუს 17°C-ის. მალფუჭებადი პროდუქტები მაცივრის გარეთ ორ საათზე მეტხანს არ გააჩეროთ. თუკი მაგიდას წინასწარ აწყობთ, ბუზებისგან დასაცავად ყველა კერძს რაიმე გადააფარეთ.
▪ სიფრთხილით მოეკიდეთ სახლის გარეთ დამზადებულ საკვებს. ერთი შეფასების თანახმად, ზოგ განვითარებულ ქვეყანაში საკვებით მოწამვლის შემთხვევათა 60-დან 80 პროცენტამდე საზოგადოებრივი კვების ადგილებზე მომზადებული საჭმლით არის გამოწვეული. ყოველთვის დარწმუნდით ხოლმე იმაში, რომ სასადილო ან კაფე, სადაც მიდიხართ, კანონით დადგენილ სანიტარულ ნორმებს იცავს. ხორცი კარგად მომზადებული შეუკვეთეთ ხოლმე. თუ მზა პროდუქტს ყიდულობთ, ყიდვიდან ორი საათის განმავლობაში მიირთვით. თუ მეტი დრო გავიდა, საჭმელი 75 გრადუსამდე გააცხელეთ.
▪ გადაყარეთ საეჭვო საჭმელი. თუ რომელიმე კერძი გაეჭვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ მას გადააგდებთ. თუმცა კარგი პროდუქტების გადაყრა არასწორია. მაგრამ გაფუჭებული საჭმლით თუ დაავადდებით, ეს შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ.
[საავტორო უფლება]
დაფუძნებულია შეერთებული შტატების კვების პროდუქტების უსაფრთხოების ტექნოლოგიის საბჭოს (Food Safety Technology Council in the United States) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე „რჩევები საკვების უსაფრთხოებისთვის“ (Food Safety Tips).