უსაფრთხო საკვები ყველასთვის
უსაფრთხო საკვები ყველასთვის
ჯანსაღი საკვები სიამოვნებას გვგვრის. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ასეთი საკვები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. და რაც უფრო უარესია, მილიონობით ადამიანს ლუკმაპური ენატრება და ცხადია, რომ საკვების უსაფრთხოებით დაინტერესების თავიც აღარ აქვს. ისინი მხოლოდ იმაზეღა ფიქრობენ, რომ როგორმე თავი გაიტანონ. სურდა თუ არა ღმერთს, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო?
აბა დაფიქრდით: როდესაც ღმერთმა მამაკაცი და ქალი დედამიწაზე დაასახლა, ჰქონდათ თუ არა მათ საფიქრალი საკვების გამო? სრულებითაც არა! ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „დაბადებაში“, შემდეგი რამ არის მოთხრობილი: „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“ (დაბადება 2:9). ასე რომ, ადამსა და ევას უხვად ჰქონდათ მიცემული მრავალნაირი საკვები. შემოქმედმა ღმერთმა ზუსტად იცოდა, თუ საჭმელად რა დასჭირდებოდათ მათ და რა მიანიჭებდათ სიამოვნებას. მართალია, დღეს ჩვენ არ ვიმყოფებით ედემის ბაღში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა შეცვალა თავისი თავდაპირველი განზრახვა კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ?
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მალე დედამიწის ყველა მოსახლე
გაიხარებს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით, რომელიც უხვად ექნებათ! ეს რწმენა დღეს ძალიან გვეხმარება საკვების მიმართ გაწონასწორებული დამოკიდებულების შენარჩუნებაში. მტკიცე იმედი იმაშიც გვეხმარება, რომ ფანატიკოსებად არ ვიქცეთ და მოვერიდოთ რადიკალურ შეხედულებებს.რატომ ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ცხოვრება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება? ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარებმა იციან, რომ ამჟამად ჩვენ ამ წუთისოფლის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. ამჟამინდელი ქვეყნიერება ეყრდნობა ადამიანთა სიბრძნეს, რომელიც მრავალჯერად ცდებსა და შეცდომებზეა დაფუძნებული და ხშირად უსუსური აღმოჩენილა ცხოვრების მრავალ სფეროში. როდესაც საქმე საკვების სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებას ეხება, ადამიანური სიბრძნით ძნელია იმის განსაზღვრა, უსაფრთხოა თუ არა ეს მეთოდები. ეს გაურკვევლობა კი, თავის მხრივ, შიშის, უთანხმოებისა და განხეთქილების მიზეზი ხდება (2 ტიმოთე 3:1—5).
კაცობრიობის შემოქმედი დაგვპირდა, რომ ამჟამინდელ წუთისოფელს სრულიად ახლით შეცვლის. მისი თავდაპირველი განზრახვა — რომ მთელი დედამიწა ედემის ბაღის მსგავს სამოთხედ იქცეს და ბედნიერი და ჯანმრთელი ოჯახებით აივსოს — უსათუოდ შესრულდება. მაშინ ღვთის სრულყოფილი სიბრძნით აივსება დედამიწა (ესაია 11:9). ადამიანთა საეჭვო სიბრძნე დავიწყებას მიეცემა. ღვთის მიერ შექმნილ ახალ ქვეყნიერებაში საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე ფიქრი აღარ იქნება საჭირო. განა ღმერთმა, ადამიანთა შემქმნელმა, არ იცის, თუ რა სახის საკვები გვჭირდება?
სრულყოფილი საკვები შემოქმედისგან
ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ცოცხლად არის აღწერილი ის საცხოვრებელი პირობები, რომლებიც მომავალ ახალ ქვეყნიერებაში იარსებებს. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „მოსცემს [ღმერთი] წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს — მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე. ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, გადარჩეულს ნიჩბითა და სანიავებლით“.
ესაიას წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამია: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“ (ესაია 25:6; 30:23, 24).
განა სასიამოვნო არ არის ამის გაგება? ესაიას წინასწარმეტყველება გვარწმუნებს იმაშიც, რომ ყველას, ვინც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებს, საკვები უხვად ექნება. იქნება ის უსაფრთხო? უეჭველად. სხვა წინასწარმეტყველება კი იმაში გვარწმუნებს, რომ ღვთის ხალხი „თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4). ასეთი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა ღვთის მესიანური სამეფო, რომელიც ახლო მომავალში დედამიწაზე მმართველობას დაიწყებს (ესაია 9:6, 7).
აღარავის შეაწუხებს ის საკითხი, არის თუ არა საკვები უსაფრთხო. უფრო მეტიც, სიამოვნებით ვეტყვით ერთმანეთს: „ღმერთმა შეგარგოს!“.
[ჩანართი 20 გვერდზე]
მალე დედამიწის ყველა მოსახლე გაიხარებს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით, რომელიც უხვად ექნებათ!
[სურათი 18 გვერდზე]
ღმერთი გვპირდება, რომ ყველას უსაფრთხო, ჯანსაღი საკვები გვექნება.