ეშმაკი ნამდვილად არსებობს?
ეშმაკი ნამდვილად არსებობს?
მრავალ რელიგიაში ეშმაკს უკვე ძირითადად ცრურწმენისა და ადამიანის ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევენ. გენუელი არქიეპისკოპოსის, დიანიჯი თეთამანზის, იტალიის ერთ-ერთი მთავარი კარდინალის მიერ სამღვდელოებისადმი მიწერილ 40-გვერდიან წერილს, იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა, დიდი აურზაური მოჰყვა. წერილში ჩამოთვლილი იყო „10 აღთქმა“.
პირველი: „არ დაივიწყოთ ეშმაკის არსებობა“, რადგან მისი „პირველი სიცრუე“ სწორედ ის არის, „რომ თავისი არ არსებობა დაგაჯეროთ“.
მეორე: „არ დაივიწყოთ, რომ ეშმაკი მაცდურია. . . არ იფიქროთ, რომ დაცული და შეუვალი ხართ“.
მესამე: „არ დაგავიწყდეთ, რომ ეშმაკი ჭკვიანი და მზაკვარია. ის დღესაც ისევე მაცდურად იქცევა, როგორც პირველ ადამიანებს მოექცა“.
მეოთხე: „იფხიზლეთ, სულით ძლიერნი იყავით და უმწიკვლობა გამოავლინეთ“.
მეხუთე: „მტკიცედ გწამდეთ, რომ ქრისტემ გაიმარჯვა მაცდურზე“, რადგან ეს „ყველაზე საშინელი თავდასხმის დროსაც კი სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“.
მეექვსე: „გახსოვდეთ, რომ იესოს გამარჯვების თანაზიარი ხართ“.
მეშვიდე: „უსმინეთ ღვთის სიტყვას“.
მერვე: „იყავით თავმდაბლები და თავს ნუ აიმაღლებთ“.
მეცხრე: „ილოცეთ გამუდმებით“, რომ ცდუნებებმა არ დაგძლიოთ.
მეათე: „თაყვანი ეცით უფალს თქვენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურეთ“.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ წერილს? მილანის თეოლოგიური კვლევითი ცენტრი უარყოფითად გამოეხმაურა ამ რჩევებს და ამტკიცებს, რომ ამგვარ „თეოლოგიურ ფორმულირებებს შუა საუკუნეების სუნი უდის“. მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვების თანახმად, „ეშმაკისთვის ყველაფრის გადაბრალება ხალხს პასუხისმგებლობის გრძნობას დააკარგვინებს“.
თუმცა ბიბლია ადამიანებს თავიანთ მოქმედებებზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, სატანა ეშმაკს „წუთისოფლის ღმერთს“ უწოდებს, რომელიც იესოს ცდუნებას ცდილობდა. ბიბლია აგრეთვე გვიჩვენებს, თუ რა ძლიერია სატანა და რომ მისი განზრახვაა, ურწმუნოებს ‘დაუბრმავოს გონება’ (2 კორინთელთა 4:4; მათე 4:1—11).
სინამდვილეში, მოციქულმა პეტრემ დაწერა, რომ „ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). მაშ, სულაც არ არის გასაკვირი მოციქულ იოანეს მიერ მორწმუნეებისთვის მიცემული შეხსენება, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). კარგს ვაკეთებთ, თუ ბიბლიურ გაფრთხილებებს არ უგულებელვყოფთ.