არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

სიძულვილი. ამას წინათ ჩემი ღვიძლი ძმა მესტუმრა და გულახდილად მითხრა, რომ რასისტი იყო და სხვა რასის წარმომადგენლებზე დიდი ზიზღით საუბრობდა. მინდოდა რამენაირად დავხმარებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ამ თემაზე საუბარი. როგორც კი ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2001 წლის 8 აგვისტოს ნომერი დავინახე სტატიების სერიით „სიძულვილის დამარცხება“, მივხვდი, რომ ეს ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო.

ლ.ბ. (შეერთებული შტატები).

იმას, რაც თქვენ დაწერეთ, გონიერი ადამიანი ვერაფრით ვერ დაეთანხმება. თქვენ განაცხადეთ: „ბიბლია ამბობს, რომ ადამიანები ცუდი თვისებებითა და დეფექტებით იბადებიან (დაბადება 6:5; მეორე რჯული 32:5). რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ყველა ადამიანს ეხება“. მაგრამ საღვთო წერილის ეს მონაკვეთი ხომ კონკრეტულ ადგილსა და დროში მცხოვრებ ორ კონკრეტულ ჯგუფს ეხებოდა და არა მთელ კაცობრიობას.

დ. ც. (ჩეხეთის რესპუბლიკა).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: მართალია, ეს სიტყვები უშუალოდ წარღვნის წინ მცხოვრებ ხალხს და შემდეგ ისრაელებს ეხებოდა, მაგრამ ბიბლია არაერთხელ ამბობს, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23; 5:12; იობი 14:4; ფსალმუნი 50:7). ამიტომაც ისრაელები და წარღვნის წინ მცხოვრები ხალხი ადამიანის არასრულყოფილების მაგალითებად არიან მოყვანილი.

დღიურები. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც წავიკითხე სტატია „დღიური — სანდო მეგობარი“ (8 აგვისტო, 2001). 20 წლის ვარ და 9 წელია, რაც დღიურს ვავსებ. წარმოიდგინეთ, რას ვგრძნობ, როდესაც ჩემი ოინებისა და მოზარდობის დროინდელი გატაცებების შესახებ ვკითხულობ; ვიხსენებ, დროდადრო როგორი აფორიაქებული ვიყავი; როდესაც თვალს ვავლებ ჩემს ლექსებს და იმ სტრიქონებს ვკითხულობ, რომლებიც ჩემი ნათლობის დღეს მოზღვავებულმა გრძნობებმა დამაწერინა.

ლ. ჩ. (იტალია).

ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა და ჩემი დღიური დამეხმარა საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და ემოციურ ტკივილთან თავის გართმევაში. დღიურის მეშვეობით ვხედავ, რომ სულიერად წინ წავწეულვარ.

ე. ლ. (შეერთებული შტატები).

ლოცვა. დიდ მადლობას გიხდით რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ დაბეჭდილი სტატიისთვის „როგორ დამეხმარება ლოცვა?“ (8 აგვისტო, 2001). იმის წაკითხვამ, თუ როგორ დაეხმარა ბევრ ახალგაზრდას პრობლემების გამკლავებაში ლოცვები, იეჰოვასთან უფრო თავისუფალი და გულახდილი ურთიერთობისკენ მიბიძგა.

დ. ბ. (იტალია).

ამ სტატიამ დამანახვა, თუ რამდენად უფრო ახლო ურთიერთობა უნდა მქონდეს ღმერთთან. თექვსმეტი წლის ახალგაზრდისთვის ეს ძალიან ძნელია. ჩვენ ძალიან ბევრი ცდუნებები გვაქვს და, ამასთანავე, თანატოლებიც დიდ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე. შეიძლება რამენაირად ბიბლია მივიღო?

მ. ა. (შეერთებული შტატები).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: იეჰოვას მოწმეებმა ამ გოგონას მიაკითხეს და ბიბლიაც მიუტანეს.

ძალიან მომეწონა ახალგაზრდა პავლეს ნათქვამი, რომ მან იეჰოვას სულის სიმშვიდე სთხოვა. მე კი იეჰოვას ყოველთვის ვთხოვდი დახმარებას, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში გაწონასწორებული ვყოფილიყავი და ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიმეღო. ახლა სულის სიმშვიდეც უნდა ვთხოვო. ჩვენი ახალგაზრდებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. თავად მე 62 წლის ვარ.

მ. ფ. (ავსტრალია).