რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ერთი დიდი თვალი
ფიქრობდნენ, რომ ოკეანის წყვდიადით მოცულ სიღრმეებში მობინადრე ოფიურას Ophiothrix spiculata, რომელიც გველკუდას სახელითაც არის ცნობილი, თვალები არ ჰქონდა. მკვლევარების გაოცებას იწვევდა ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებდა ზღვის ვარსკვლავის ეს მონათესავე არსება მტრების მიახლოების შემჩნევას და მათგან დამალვას. «ახლახანს მეცნიერებმა ფარდა ახადეს მის საიდუმლოებას, — იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმზი“, —მთელი მისი ჩონჩხი ერთი დიდი თვალია». ოფიურას მძივის მარცვლისებრი ლინზები წარმოქმნიან ერთ დიდ რთულ თვალს. გარდა ამისა, „ლაბორატორიაში დამზადებულ მიკროლინზებთან შედარებით ოფიურას პაწაწინა ლინზები, სულ მცირე, 10-ჯერ უკეთესად მაინც ახდენენ სინათლის ფოკუსირებას“, — ნათქვამია ამ გაზეთში. „ეს გამოკვლევა უჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შედარებით ბუნება გაცილებით აღმატებულ ფორმებს ქმნის“, — აცხადებს ამ გამოკვლევის ხელმძღვანელი, დ-რი ჯოანა აიზენბერგი.
ძილის დაავადების დაბრუნება
„მკვლევარები შეშფოთებით იტყობინებიან, რომ აფრიკის ზოგ ადგილას კვლავ იფეთქა ძილის დაავადებამ, თანაც გაცილებით დიდი მასშტაბებით“, — იუწყება „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი“. აფრიკის ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაციის წარმომადგენელი, პიერ კატანი, ამბობს: „სამოცი მილიონი ადამიანი რეალური საფრთხის წინაშეა, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მხოლოდ სამიდან ოთხ მილიონამდე პირი იმყოფება, რის შედეგადაც ყოველწლიურად დაავადების დაახლოებით 45 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ვარაუდობენ, რომ ამჟამად სულ მცირე 300 000 — 500 000-მდე ადამიანია ინფიცირებული“. ეს დაავადება, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში თითქმის აღმოფხვრილად ითვლებოდა, ბუზ ცეცეს გადააქვს. ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და საერთაშორისო დახმარებას საჭიროებენ ანგოლა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სუდანის სამხრეთი ტერიტორია.
ჩეხებმა ზურგი აქციეს რელიგიას
ჩეხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩეხებმა ზურგი აქციეს რელიგიას. მაგალითად, 1991 წელთან შედარებით, როდესაც რომის კათოლიკურ ეკლესიას 4 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, 2001 წელს ამ რელიგიას მხოლოდ 2 700 000 ჩეხმა მიაკუთვნა თავი. ამავე პერიოდში ევანგელისტურმა და ჰუსიტურმა ეკლესიებმაც შესაბამისად მრევლის 32 და 46 პროცენტი დაკარგეს. რა იწვევს მორწმუნეთა რიგების ასეთ შეთხელებას? კომუნიზმის დაცემიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ჩეხებს მიეცათ იმის საშუალება, რომ საკუთარი თავი რომელიმე ეკლესიის წევრად თავისუფლად ეღიარებინათ. მაგრამ დღეს ჩეხეთის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აცხადებს, რომ არარელიგიურია. ასე რომ, ჩეხეთის რესპუბლიკა, სადაც ერთ დროს ცნობილი რელიგიური რეფორმატორის იან ჰუსის აკვანი დაირწა, ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად რელიგიურ ქვეყნად იქცა.
იცვლება შრომისადმი დამოკიდებულება
„[შეერთებულ შტატებში] შედგა მაღალი თანამდებობის პირთა გამოკითხვა, რომელთაგანაც ორმოცდათხუთმეტი პროცენტი ამბობს, რომ შრომისადმი დამოკიდებულების გაუარესება მომავალში ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ხალხის ერთობლივ მუშაობაზე“, — იუწყება ჟურნალი „ფუტურისტი“. ჟურნალში ნათქვამია, რომ მდგომარეობის ასეთ გაუარესებას შეიძლება მთელი რიგი ფაქტორები იწვევდეს; ბავშვებმაც კი შეიძლება შეუწყონ ამას ხელი, როდესაც „ხედავენ მშობლებს, რომლებიც კადრების შემცირების გამო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაშიც კი თავიანთი დამსაქმებლების ერთგული რჩებიან“. ასეთ სიტუაციას მოჰყვა ის, რომ XX საუკუნის 60-იან წლებში და ცოტა მოგვიანებით დაბადებული ადამიანები სამუშაოს უყურებენ, როგორც „იმის საშუალებას, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ — იშოვონ ფული, გაერთონ და დაისვენონ“. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ მიზეზით „საიმედო სამსახური და მაღალი ანაზღაურება აღარ არის ისეთივე სტიმულის მომცემი, როგორც უწინ“. დღესდღეობით სამსახურისადმი დამოკიდებულების გაუარესების ორ სიმპტომად მომუშავეთა შორის სამსახურში დაგვიანებისა და ავადმყოფობის გამო შვებულების აღების მზარდ ტენდენციებს ასახელებენ.