არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვუქადაგო თანაკლასელებს?

როგორ ვუქადაგო თანაკლასელებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვუქადაგო თანაკლასელებს?

„ქადაგებისას მოულოდნელად ნაცნობს გადავეყარე. გავშრი! ხმა რომ ვეღარ ამოვიღე, ვისთან ერთადაც ვქადაგებდი, იმას მოუწია საუბრის დაწყება“ (ალბერტო).

„ვიცოდი, რომ ამ ქუჩაზე ჩემი თანაკლასელი ცხოვრობდა. ამიტომაც ყველა კართან ჩემს ძმას ვალაპარაკებდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ის დაიღალა და მთხოვა, შენ იქადაგეო. კარზე დავაკაკუნე და მაინცდამაინც ჩემს კლასელს არ გადავეყარე?! ენა ჩამივარდა!“ (ჯეიმზი).

ახალგაზრდები ხშირად ფიქრობენ, რომ რელიგიაზე საუბარი „ჩამორჩენილობის“ მაჩვენებელია. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები ასე არ თვლიან — ისინი აფასებენ იმ შესაძლებლობას, რომ სხვებს თავიანთი რწმენის შესახებ მოუთხრონ, მით უმეტეს რომ ეს ღვთისგან გამომდინარე დავალებაა. ამგვარად, იეჰოვას ათასობით ახალგაზრდა მოწმე იღებს მონაწილეობას კარდაკარ მსახურებაში. მაგრამ ამ დროს ზოგიერთი შიშობს, რომ თანაკლასელებს არ გადაეყაროს. „დღემდე ვნერვიულობ, როდესაც რომელიმე თანაკლასელს ვხვდები“, — ამბობს ჯენიფერი, რომელმაც საშუალო სკოლა უკვე რამდენიმე წელია, რაც დაამთავრა.

თუ ახალგაზრდა ქრისტიანი ხარ, შეიძლება შენთვისაც ნაცნობი იყოს ეს გრძნობები. რასაკვირველია, არავის სურს, რომ სხვების მიერ უარყოფილი იყოს, ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ თანაკლასელთან რელიგიის შესახებ საუბრისას ცოტათი ნერვიულობდე *. მაგრამ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ შიშმა დაგამუნჯოს. გახსოვს ბიბლიაში მოხსენიებული მამაკაცი — „იოსებ არიმათიელი“? მას სწამდა იმისა, რასაც იესო ასწავლიდა, მაგრამ ბიბლია მის შესახებ ამბობს, რომ იოსები „იესოს მოწაფე კი იყო, ოღონდ ფარულად, იუდეველთა შიშის გამო“ (იოანე 19:38). რას იგრძნობდი, თუკი შენთან მეგობრობას ვინმე გაასაიდუმლოებდა? (ლუკა 12:8, 9). ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ყველა ქრისტიანისგან მოელის, თავიანთი რწმენა „ბაგით აღიარონ“ (რომაელთა 10:10). ამაში ისიც იგულისხმება, რომ შენი მრწამსის შესახებ თანაკლასელებთანაც ისაუბრო.

იოსებ არიმათიელმა იმდენად დაძლია შიში, რომ იესოს სხეულის დამარხვის ნებაც კი ითხოვა. როგორ შეგიძლია დაძლიო შენი შიში?

მზად იყავი ქადაგებისთვის

მოციქულ პავლეს არ ერიდებოდა იმისა, რომ სხვებთან თავისი რწმენის შესახებ ელაპარაკა. რომაელთა 1:15-ში ის ამბობს საკუთარ თავზე, რომ მზად იყო, ყველასთვის ეხარებინა ბიბლიური ცნობა. რით აიხსნებოდა მისი ასეთი მზადყოფნა? მე-16 მუხლში შეგვიძლია წავიკითხოთ, თუ რას ამბობს ამის თაობაზე თავად პავლე: „მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად“. შენც შეგიძლია იგივეს თქმა? ნამდვილად შეისისხლხორცე ჭეშმარიტება? (რომაელთა 12:2). ნამდვილად გჯერა, რომ ბიბლიური ცნობა ‘ღვთის ძალაა სახსნელად’?

მშობლებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე უბრალოდ დასწრება საკმარისი როდია. „კრების შეხვედრებზე სიარულს რა უნდა, — ამბობს მოზარდი, სახელად დებორა, — როდესაც ამას მშობლები გაკეთებინებენ. მაგრამ, ვაი ჩემი ბრალი, თუ ვინმემ ბიბლიურ თემაზე შეკითხვა დამისვა — წარმოდგენა არა მაქვს, რა ვუპასუხო“. ახალგაზრდა, სახელად მი იონგი, ასკვნის: „თავად უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ჭეშმარიტებაა“.

რამ შეიძლება აღგძრას იმისკენ, რომ ბიბლიური ცოდნა სხვებს გაუზიარო? პირადმა შესწავლამ. ახალგაზრდა შონი ამბობს: „როდესაც ბიბლიის პირადი შესწავლა გაქვს, ჭეშმარიტებას ითავისებ და ისისხლხორცებ“. მაგრამ ყველა როდია ბუნებით ბეჯითი. «კითხვა არ მიყვარს, — აღიარებს შევონი, — ამიტომაც თავიდან ძალიან გამიჭირდა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა, ბიბლიის ყოველდღიურად კითხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მაგრამ დროთა განმავლობაში როგორღაც მოვაბი ამას თავი».

რა შედეგები მოსდევს ასეთ გულმოდგინე შესწავლას? პავლე მოციქული ამბობს: „რწმენა — მოსმენისაგან [მოდის]“ (რომაელთა 10:17). რწმენის ზრდისთანავე შეხედულებებიც შეგეცვლება. ბრაზილიელმა გოგონამ, სახელად ელისანჯელამ, ასეთი დასკვნა გამოიტანა: „ქრისტიანად ყოფნა უდიდესი პატივია და არა სამარცხვინო რამ“. მართლაც, რამდენადაც გაიზრდება შენი რწმენა, იმდენად გაგიძლიერდება საკუთარი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბრის სურვილი — მათ შორის თანაკლასელებთან. პავლემ თქვა: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი“ (2 კორინთელთა 4:13). ამასთანავე, როგორ იქნებოდი ‘ყველას სისხლისგან სუფთა’, თუკი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდები, სიცოცხლის მომცემ შემეცნებას დაუმალავდი? (საქმეები 20:26, 27, აფ).

ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ სხვებთან ბიბლიის შესახებ სასაუბროდ მოუმზადებელია. „თუკი არ იცი, რა თქვა, — ამბობს ჯოშუა, — ქადაგება სიამოვნებას არ მოგანიჭებს“. ისევ და ისევ, ბიბლიის უფრო ღრმა გაგება დაგეხმარება ასეთ სიტუაციაში, რომ დამაჯერებლად იქადაგო (2 ტიმოთე 2:15). იეჰოვას მოწმეთა კრებებში ახალგაზრდებს შეუძლიათ უხუცესებს მიმართონ რჩევისთვის და სთხოვონ დახმარება სწავლების უნარის გასაუმჯობესებლად. გერმანელი ახალგაზრდა, სახელად მათეასი, ამბობს: „მას შემდეგ, რაც ქადაგებისას ხალხთან საუბარი დავიწყე, და არა მხოლოდ ბიბლიური ლიტერატურის შეთავაზება, დიდ სიამოვნებას ვიღებ“.

და კიდევ, სთხოვე ღმერთს, გამბედაობა შეგმატოს (საქმეები 4:29). ამ მხრივ მოციქულმა პავლემ პირადად გამოსცადა ღვთის დახმარება. 1 თესალონიკელთა 2:2-ში ის ამბობს: «გავბედეთ ჩვენს ღმერთში [„ღვთის დახმარებით“, აქ], რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით». ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ ამ სიტყვების თარგმნა შემდეგნაირადაც შეიძლება: „ღმერთმა უკუაგდო შიში ჩვენი გულებიდან“. ასე რომ, სთხოვე იეჰოვას, შენი გულიდანაც უკუაგდოს შიში.

არ დამალო, რომ იეჰოვას მოწმე ხარ

ლოცვის შესაბამისად გაბედული ნაბიჯის გადადგმაც შეგიძლია. ინგლისელი მოზარდი, სახელად შიკი, იძლევა რჩევას: „უთხარი თანაკლასელებს, რომ იეჰოვას მოწმე ხარ“. ხომ არ გინდა, რომ ‘ფარული მოწაფე’ იყო? ახალგაზრდა რებეკა აღიარებს, რომ ქადაგების დროს ვინმე ნაცნობთან შეხვედრა ადრე თავზარს სცემდა. მაგრამ შემდეგ შეამჩნია, რომ, როდესაც ეუბნებოდა მათ, ქრისტიანი ვარო და კარდაკარ დავდივარ და ვქადაგებო, ზოგჯერ ეკითხებოდნენ, ჩვენთან როდისღა მოხვალო.

მაგრამ რაღა მაინცდამაინც მოულოდნელი შეხვედრის დროს დაელაპარაკო თანაკლასელებს საკუთარი რწმენის შესახებ? ეცადე, სკოლაშივე გამონახო ამის საშუალება. გახსოვდეს პავლე მოციქულის მიერ დასმული კითხვები: „როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:14). შენ იმის საუკეთესო შესაძლებლობა გაქვს, რომ თანაკლასელებს ჭეშმარიტება გააცნო. ახალგაზრდა ირაიდა ამბობს: „სკოლა ისეთი სამქადაგებლო ტერიტორიაა, სადაც მხოლოდ ჩვენ, მოსწავლეებს, გვაქვს ქადაგების საშუალება“. ამიტომაც ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს ამ სიტუაციით და არაფორმალურად ქადაგებს.

ზოგჯერ მოსწავლეებს ისეთ დავალებებსაც აძლევენ ხოლმე, როდესაც ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარების საშუალება ეძლევათ. ინგლისელი გოგონა, სახელად ჯეიმი, მოგვითხრობს: „გაკვეთილზე ევოლუციის თეორია განიხილებოდა და მომეცა საშუალება, ხმა ამომეღო და ჩემი მრწამსის შესახებ ორიოდე სიტყვა მეთქვა. ერთმა ბიჭმა დამცინა და თქვა, იეჰოვას მოწმეები დაბალი დონის ხალხიაო და არ იმსახურებენ იმას, რომ სკოლაში სწავლობდნენო. ამ სიტყვების გაგონებაზე სხვა ბავშვები მაშინვე გამომექომაგნენ“. ასე რომ, მის, როგორც სამაგალითო ქრისტიანის, რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგა. ჯეიმი განაგრძობს: «ამის შედეგად მომეცა იმის საშუალება, რომ თანაკლასელისთვის შემეთავაზებინა წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“» *.

14 წლის რუმინელი გოგონა როქსანა მსგავს შემთხვევას მოგვითხრობს: «მასწავლებელმა გამოგვიცხადა, რომ მომდევნო გაკვეთილზე ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების შესახებ ვიმსჯელებდით, ამიტომაც წავიღე „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 8 აპრილის გამოცემა, რომელშიც ირჩეოდა თემა „როგორ შეგიძლიათ თამბაქოზე უარის თქმა“. ერთმა თანაკლასელმა რომ დაინახა ეს ჟურნალი, გამომართვა და აღარ დამიბრუნა. წაკითხვის მერე კი ამ გოგონამ მითხრა, რომ გადაწყვიტა, თამბაქოს წევისთვის თავი დაენებებინა».

შესაძლოა, ყოველთვის არ ხვდები ასეთ დადებით გამოხმაურებას. მაგრამ გახსოვდეს ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი მოწოდება: „დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა“. სხვა თუ არაფერი, სკოლაში ქადაგება საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ უფრო სასიამოვნოდ წარმართო საუბარი შენს თანაკლასელთან, როდესაც კარდაკარ მსახურებისას შეხვდები. ინგლისელი ახალგაზრდა, სახელად ჯესიკა, ამბობს: „თანაკლასელებთან ქადაგება გაცილებით ადვილია იმიტომ, რომ იცნობ მათ და მათთან ურთიერთობა გაქვს“. შეიძლება შენდა გასაოცრად ზოგი თანაკლასელი დაინტერესდეს კიდეც შენი რწმენით.

მართალია, ყველა არ მიგიღებს კეთილგანწყობით, მაგრამ გახსოვდეს იესოს მიერ მოცემული პრაქტიკული რჩევა: „ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან . . . გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან“ (მათე 10:14). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უარყოფით რეაქციას საკუთარი მისამართით ნუ მიიღებ, უბრალოდ, მშვიდად დაემშვიდობე და მოძებნე სხვა ვინმე, ვინც უფრო კეთილგანწყობით მოგისმენს. ადრე თუ გვიან იპოვი ჭეშმარიტებას მოწყურებულ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც სიხარულით მოგისმენენ. განა სასიამოვნო არ იქნებოდა, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი შენი თანაკლასელი რომ ყოფილიყო? თუკი შენც ასე ფიქრობ, დაძლევ შიშს და შეძლებ თანაკლასელებთან ქადაგებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იხილე ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ გამოქვეყნებული სტატია „ვაითუ თანაკლასელს გადავეყარო!“ (8 მარტი, 2002).

^ აბზ. 18 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 27 გვერდზე]

„ვიცოდი, რომ ამ ქუჩაზე ჩემი თანაკლასელი ცხოვრობდა. ამიტომაც ყველა კართან ჩემს ძმას ვალაპარაკებდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ის დაიღალა და მთხოვა, შენ იქადაგეო. კარზე დავაკაკუნე და მაინცდამაინც ჩემს კლასელს არ გადავეყარე?! ენა ჩამივარდა!“ (ჯეიმზი).

[ჩანართი 28 გვერდზე]

„როდესაც ბიბლიის პირადი შესწავლა გაქვს, ჭეშმარიტებას ისისხლხორცებ და რწმენას იძლიერებ“ (შონი).

[სურათი 26 გვერდზე]

არ შეგრცხვეს იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე ხარ.

[სურათი 26 გვერდზე]

საკლასო დავალებები ხშირად იმის საშუალებას გაძლევს, რომ სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტება გაუზიარო.