არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საბერძნეთი რელიგიურ უფლებებს იცავს

საბერძნეთი რელიგიურ უფლებებს იცავს

საბერძნეთი რელიგიურ უფლებებს იცავს

საბერძნეთის მთავრობამ გასულ წელს პირველად დართო იეჰოვას მოწმეებს ნება, რომ ოლიმპიურ სპორტკომპლექსში, — რომელიც 20 000-ზე მეტ ადამიანს იტევს, დიდი კონგრესი ჩაეტარებინათ. კონდინციონერებით აღჭურვილი ეს დარბაზი ათენის იმ სპორტკომპლექსის ნაწილია, სადაც 2004 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 1963 და 1988 წლებში იეჰოვას მოწმეებს დაგეგმილი ჰქონდათ ათენის ამ დიდ სპორტკომპლექსში კონგრესების ჩატარება. მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებმა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეგავლენით მოწმეებს სპორტკომპლექსის გამოყენებაზე ორჯერვე უარი განუცხადეს.

გარდატეხა

2001 წლის თებერვალშიც, იეჰოვას მოწმეებმა ოლიმპიური სპორტკომპლექსის — დახურულ დარბაზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი შენობის — გამოყენება ითხოვეს. ყველას აინტერესებდა, გამეორდებოდა თუ არა იგივე, რაც წარსულში ხდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც მთავრობის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

იეჰოვას მოწმეებმა დრო არ დაკარგეს და მაშინვე დაუკავშირდნენ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც თავიანთი სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით იყვნენ ცნობილი. მაგრამ მოისურვებდნენ კი ისინი, რომ მხარი დაეჭირათ თაყვანისცემისა და მშვიდობიანად შეკრების კონსტიტუციური უფლებისთვის? გაუძლებდნენ ისინი რელიგიურ ზეწოლას? დიახ, მათ ეს გააკეთეს და ახალი დადგენილება მიიღეს, რის საფუძველზეც იეჰოვას მოწმეებმა 2001 წლის 27—29 ივლისს ამ სპორტკომპლექსში კონგრესის ჩატარება დაგეგმეს.

ამავე დროს, მთავრობის წარმომადგენლებმა მოწმეებს სალონიკის სპორტის სასახლის გამოყენების უფლებაც მისცეს.

ძლიერი წინააღმდეგობა მარცხით მთავრდება

ახლოვდებოდა ათენში კონგრესის ჩატარების დღე და ყველას აინტერესებდა: შეასრულებდნენ კი მთავრობის წარმომადგენლები თავიანთ მოვალეობას მართლმადიდებელი სამღვდელოების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად? და შეძლებდნენ იეჰოვას მოწმეები, რომ რელიგიური ფანატიკოსების მხრიდან ხელის შეშლის გარეშე შეკრებილიყვნენ?

მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩვეულ ტრადიციას არც ახლა უღალატა და კონგრესის ჩასაშლელად თავისი გავლენის გამოყენება სცადა. ტელეარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელი მღვდლებისგან გაფრთხილება მიიღეს, რათა კონგრესის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გადაეცათ. მაგრამ ეკლესიის მცდელობები ფუჭი აღმოჩნდა.

პარადოქსია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იეჰოვას მოწმეებს საიდუმლო რელიგიად აცხადებს, მაგრამ სინამდვილეში თვითონ ცდილობდა, რომ ხალხს არ გაეგო იმის შესახებ, რაც სპორტდარბაზში ხდებოდა. საბედნიეროდ, გაბედული ჟურნალისტები არ შეუშინდნენ სამღვდელოების მუქარას და საკმაოდ ვრცლად და ობიექტურად გააშუქეს კონგრესის მსვლელობა.

გარდა ამისა, ათასობით დელეგატი, რომლებიც თავიანთი რწმენის შესახებ ესაუბრებოდნენ ხალხს, მათთვის კონგრესის შესახებ ინფორმაციის გადაცემასაც არ ივიწყებდნენ. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, დელეგატებს თავიანთი ყვითელი სამკერდე ნიშნებით ცნობდნენ. მოწმეების გარდა ბევრი გამოეხმაურა მოწვევას და კონგრესის ბოლო დღეს სპორტდარბაზში დამსწრეთა რიცხვი 15 760-მდე გაიზარდა. ივლისის ბოლო ორ შაბათ-კვირას სალონიკის სპორტის სასახლეში გამართულ კონგრესს კი 13 173 დელეგატი დაესწრო.

დამკვირვებლები აღფრთოვანებული დარჩნენ

როდესაც იეჰოვას მოწმეთაგან 2 604 მოხალისემ სპორტკომპლექსში მოიყარა თავი და დასუფთავებას, შეღებვასა და კონგრესისთვის მის მომზადებას შეუდგა, ადმინისტრაციამ აღნიშნა: „გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის, რაც აქ არასდროს მომხდარა“. ერთმა პიროვნებამ კი თქვა: „თქვენ ყოველწლიურად უნდა გამოიყენოთ ეს დარბაზი, რომ ყოველთვის მოწესრიგებული იყოს“.

ანდრეას ვარდაკისი, სპორტკომპლექსის პრეს-სამსახურის უფროსი, აღტაცებული იყო. „თქვენ გაალამაზეთ ეს შენობა,— თქვა მან.— ჩვენც კი გვყავს პერსონალი, რომელიც ზრუნავს ამ დარბაზზე, მაგრამ კონგრესის წარმატებით ჩატარებას თქვენმა ძალისხმევამ შეუწყო ხელი“.

როდესაც პოლიციის უფროსმა დაინახა, რომ თანამშრომლების გაგზავნა არ სჭირდებოდა მშვიდობიან ხალხს შორის წესრიგის დასამყარებლად, თქვა: „ასეთი თავაზიანი და წესრიგის მოყვარული ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს!“.

კონგრესის ყველაზე საინტერესო მომენტი

კონგრესის დასკვნით მოხსენებაში გამოცხადდა, რომ საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეები „ცნობილ რელიგიად“ აღიარა. გარდა ამისა, სამინისტრომ ოფიციალურად ცნო იეჰოვას მოწმეთა ათენში არსებული სამმართველო. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია:

«იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ქრისტიანები არიან, ქვეყნის მთავრობა ცნობილ რელიგიად აცხადებს. . . და შესაბამისი კანონიერი უფლებებითაც აღჭურავს. ზემოხსენებულ მუხლში კონსტიტუცია გარანტირებს თაყვანისცემის, ღვთისმსახურებისა და წეს-ჩვეულებების შესრულების თავისუფლებას და თითოეული ეკლესიისა თუ რელიგიური შეკრების მმართველობისა და ორგანიზების არჩევის თავისუფლებას. ცხადია, ეს მარუსის [იეჰოვას მოწმეთა ფილიალი] ადმინისტრაციულ ცენტრსა და მის შენობებსაც, როგორც ღვთისადმი მიძღვნილ წმინდა ადგილსაც, ეხება. ასეთ კომპლექსებს ბეთელს ანუ „ღვთის სახლს“ უწოდებენ».

იეჰოვას მოწმეები და აგრეთვე ყველა ისინი, ვინც რელიგიის თავისუფლებას უჭერენ მხარს, მადლიერნი არიან მოვლენების ასეთი განვითარებით. მათი ლოცვები შესმენილ იქნა და ახლა ქრისტიანები შეძლებენ იცხოვრონ „მშვიდად და წყნარად. . . სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით“ (1 ტიმოთე 2:1, 2).

[სურათები 24 გვერდზე]

ოლიმპიურ სპორტკომპლექსში შეკრებილი იეჰოვას მოწმეები.

[საავტორო უფლება]

Harry Bilios