არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა მოელოდეს ქრისტიანი, რომ ღმერთი ყოველთვის დაიცავს?

უნდა მოელოდეს ქრისტიანი, რომ ღმერთი ყოველთვის დაიცავს?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა მოელოდეს ქრისტიანი, რომ ღმერთი ყოველთვის დაიცავს?

ბიბლია ხშირად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ღმერთს თავის მსახურთა ზიანისგან დაცვა შეუძლია. „მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე“, — თქვა მეფე დავითმა (ფსალმუნი 139:2). დღეს ღვთის მრავალმა მსახურმა გამოსცადა ძალადობ, ბოროტმოქმედება ან სტიქიური უბედურება და ძლივს გადაურჩა სიკვდილსა და დასახიჩრებას. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთმა ისინი სასწაულებრივად დაიცვა ასეთ სიტუაციებში. არის შემთხვევები, როდესაც ღვთისმოშიშ ადამიანებს დიდი ტრაგედია ატყდებათ თავს და შეიძლება ძალადობის მსხვერპლიც კი ხდებიან.

ნუთუ იეჰოვა ღმერთი ზოგს იცავს და ზოგს არა? უნდა გვქონდეს დღეს სასწაულებრივი ხსნის იმედი რაიმე ძალადობის ან უბედურების დროს?

ბიბლიური მაგალითები

ბიბლიაში მრავალი ისეთი შემთხვევაა ჩაწერილი, როდესაც ღმერთი თავისი თაყვანისმცემლების სასარგებლოდ ერეოდა მოვლენების განვითარებაში (ესაია 38:1—8; საქმეები 12:1—11; 16:25, 26). მასში იმის შესახებაც არის მოთხრობილი, რომ ღვთის მსახურები ყოველთვის ვერ აღწევდნენ თავს უბედურებას (მესამე მეფეთა 21:1—16; საქმეები 12:1, 2; ებრაელთა 11:35—38). მაშ, როგორც ჩანს, იეჰოვა წყვეტს, რომ განსაკუთრებული მიზეზის ან მიზნის გამო დაიცვას თავისი მსახურები. ამიტომ, როდესაც ქრისტიანები განსაცდელს ვერ აღწევენ თავს, არ უნდა იფიქრონ, რომ ღმერთმა მიატოვა ისინი. იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც კი შეიძლება შეემთხვეთ უსიამოვნო ამბები და ამიტომ საჭიროა სინამდვილეს თვალებში შევხედოთ. რატომ ხდება ეს ასე?

რატომ ატყდებათ ღვთის ერთგულ მსახურებს თავს უბედურება?

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით ცოდვა და არასრულყოფილება მივიღეთ. ამიტომ ტკივილის, ტანჯვისა და სიკვდილისგან დაზღვეულები არა ვართ (რომაელთა 5:12; 6:23). მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ბიბლია დღეს მცხოვრებ ხალხს შემდეგნაირად აღწერს: „მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი“ (2 ტიმოთე 3:1—5). ეს რომ მართლაც ასეა, გაუპატიურების, ადამიანის მოტაცების, მკვლელობისა და სხვა სასტიკი ბოროტმოქმედებების გამრავლებიდან ჩანს.

ღვთის ბევრი ერთგული მსახური ცხოვრობს და მუშაობს მოძალადე ხალხის გარემოცვაში და ზოგჯერ მათი თავდასხმის სამიზნე ხდება. ზოგჯერ კი სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში შეიძლება სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდეთ. გარდა ამისა, სოლომონის მიერ ნათქვამი სიტყვების რეალობაშიც ვრწმუნდებით: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11).

მოციქულმა პავლემაც თქვა, რომ ქრისტიანებს ჭეშმარიტი ღვთის მსახურების გამოც განდევნიდნენ: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). ზოგიერთ ქვეყნებში ამ ბოლო წლებში მართლაც ასე ხდება.

ამიტომ ღვთისმოშიში ხალხი დაზღვეული არ არის ძალადობის, ბოროტების, სტიქიური უბედურებისა და უცაბედი სიკვდილისგან. სატანა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ იეჰოვას თავისი ხალხი დაცული ჰყავს და ამიტომაც მათ ვერაფერი ვნებს (იობი 1:9, 10). თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მართალია, იეჰოვა სასწაულებრივ ხსნას არ მოუვლენს ხოლმე თავის ხალხს რაიმე ვითარებაში, ის მათ მაინც იცავს.

როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს დღეს

იეჰოვა თავის ხალხს ბიბლიის საშუალებით უწევს ხელმძღვანელობას. ეს კი იცავს მათ. სულიერობამ და ბიბლიურმა შემეცნებამ შეიძლება კარგი განსჯის უნარი და აზრიანობა შეგვმატოს, რაც შეიძლება შეცდომების დაშვებისგან თავის არიდებასა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმაროს (ფსალმუნი 37:5; იგავნი 3:21; 22:3). მაგალითად, სექსუალურ მორალთან, სიხარბესთან, რისხვასა და ძალადობასთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევისთვის ყურის დაგდება ქრისტიანებს უამრავი უბედურებისგან იცავს. აგრეთვე, თუ ახლო ურთიერთობა არ გვექნება ბოროტ ხალხთან, ნაკლებად შესაძლებელია, რომ იმ ადგილას აღმოვჩნდეთ, სადაც უბედურება შეიძლება შეგვემთხვეს (ფსალმუნი 25:4, 5; იგავნი 4:14). ისინი, ვინც ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობენ, ჩინებული ცხოვრებით ტკბებიან და მათ უფრო უკეთესი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობაც აქვთ.

ყველაზე მანუგეშებელი კი ის არის, რომ მაშინაც კი, როდესაც ღმერთი უშვებს, რომ ცუდი რამ შეემთხვას მის თაყვანისმცემელს, ამის ასატანად საჭირო ძალებსაც აძლევს. მოციქული პავლე გვარწმუნებს: „სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“ (1 კორინთელთა 10:13). ბიბლია უბედურებების ასატანად ‘აღმატებულ ძლიერებასაც’ გვპირდება (2 კორინთელთა 4:7).

ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს

უნდა მოელოდეს ქრისტიანი იმას, რომ ღმერთი კარსმომდგარ ნებისმიერ უბედურებას სასწაულებრივად აარიდებს თავიდან? ბიბლია ამგვარი მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.

რა თქმა უნდა, იეჰოვა ღმერთმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს თავისი რომელიმე მსახურის სასარგებლოდ ჩაერიოს რომელიმე საქმეში. და თუ ვინმეს სწამს, რომ ღვთის მეშვეობით აარიდა უბედურებას თავი, არ უნდა გააკრიტიკონ. მაგრამ, როდესაც იეჰოვა ჩაურევლობას ამჯობინებს, ეს მისი უკმაყოფილების მაჩვენებლად არ უნდა ჩავთვალოთ.

მოდი ყოველთვის გვჯეროდეს, რომ რა განსაცდელსა თუ ვითარებაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, იეჰოვა ყოველთვის დაიცავს თავის ერთგულ მსახურებს; ის ან თავიდან აარიდებს მათ ამ სიტუაციებს, ან ამტანობისთვის ძალებს მისცემს, ან სიკვდილის შემთხვევაში ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლისთვის აღადგენს (ფსალმუნი 36:10, 11, 29; იოანე 5:28, 29).