ჩემმა ბავშვმა მზის შუქი ვერ იხილა
ჩემმა ბავშვმა მზის შუქი ვერ იხილა
ორშაბათს, 2000 წლის 10 აპრილს, მზიანი, თბილი დღე იდგა და გადავწყვიტე, ქალაქში გავსულიყავი. თითქმის ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი და, თუმცა თავს სუსტად ვგრძნობდი, მიხაროდა, რომ სახლს თავი დავაღწიე. მაღაზიის სალაროსთან რიგში დგომისას ვიგრძენი, რომ რაღაც მთლად კარგად ვერ მქონდა საქმე.
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი შიში გამართლდა. არ შევმცდარვარ, დიახ, სისხლის დენა დამმართნოდა. ასეთი რამ პირველი ორი ფეხმძიმობის დროს არ მქონია და ძალიან შემეშინდა! მაშინვე ჩემს ექიმს დავურეკე; მან კი მირჩია, რომ, რადგან მომდევნო დღეს ისედაც უნდა მივსულიყავი, მომეცადა. სანამ მე და ჩემი ქმარი ბავშვებს დასაძინებლად დავაწვენდით, იეჰოვას მივმართეთ ერთად ლოცვით და ვთხოვეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გავეძლიერებინეთ. ბოლოს, როგორც იქნა ჩამეძინა.
ღამის ორი საათი იქნებოდა, რომ საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. შემდეგ ტკივილმა გადამიარა და ის-ის იყო ჩამთვლიმა, რომ ხელმეორედ წამომტკივდა მუცელი და აღარ გაყუჩდა. სისხლის დენაც გამიძლიერდა და მივხვდი, რომ ჭინთვები დამეწყო. მაშინვე გონებით თვალი გადავავლე განვლილ დღეებს, ვცდილობდი, გამეხსენებინა, რაიმე ისეთი ხომ არ გავაკეთე, რასაც შეიძლებოდა ასეთი რამ მოჰყოლოდა, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე.
დილის ხუთი საათისთვის საავადმყოფოში მიმიყვანეს. აქ, მედპერსონალმა ჩემ მიმართ დიდი ყურადღება და მზრუნველობა გამოავლინა. ორი საათის შემდეგ კი ექიმმა მე და ჩემს ქმარს სწორედ ის გვითხრა, რასაც ვშიშობდით: მუცელი მომეშალა და ბავშვი დავკარგე.
სიმპტომებმა შემამზადა, რომ ჩემს ფეხმძიმობას შეიძლება ასეთი დასასრული ჰქონოდა და ამბავს შედარებით მშვიდად შევხვდი. გარდა ამისა, მეუღლეც ერთი წუთით არ მტოვებდა და მამხნევებდა. მაგრამ ახლა სხვა სიძნელის წინაშე ვიდექით, როგორ დავბრუნებულიყავი სახლში ბავშვის გარეშე და რა გვეთქვა ჩვენი ორი ბავშვისთვის, ექვსი წლის კეტლინისა და ოთხი წლის დეივიდისთვის.
რა ვუთხრათ ბავშვებს?
დასაძინებლად რომ მიმყავდა იმ საღამოს ბავშვები, ხვდებოდნენ, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ როგორ უნდა გვეთქვა ის, რომ მათი პაწაწინა ძამიკო თუ დაიკო მოკვდა? გადავწყვიტეთ, არაფერი დაგვემალა. დედაჩემიც დაგვეხმარა ბავშვების შემზადებაში და უთხრა, რომ ჩვენ სახლში ბავშვის გარეშე დავბრუნდებოდით. ბავშვებმა დაგვინახეს თუ არა, მაშინვე ჩვენკენ გამოექანნენ, ჩაგვეხუტნენ და გვკოცნიდნენ; პირველი, რაც იკითხეს, ეს იყო: „როგორ არის ბაია?“. მე ხმის ამოღება ვერ შევძელი. ჩემმა ქმარმა ყველას ერთად შემოგვხვია ხელი და თქვა: „ბავშვი დაიღუპა“. კარგა ხანს ვიდექით ასე და ვტიროდით, რის შემდეგაც ცოტა გულს მოგვეშვა.
ჩვენ მომზადებულები არ ვიყავით ბავშვების იმ რეაქციისთვის, რომელიც ამ
შემთხვევას მოჰყვა. მაგალითად, ორი კვირის შემდეგ, რაც მუცელი მომეშალა, იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრაზე გამოაცხადეს, რომ ერთი ხანდაზმული მოწმე, ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი, გარდაიცვალა. ოთხი წლის დეივიდი ისე გულამოსკვნილი აქვითინდა, რომ ჩემმა მეუღლემ გარეთ გაიყვანა. დეივიდმა, როგორც კი დაწყნარდა, მაშინვე იკითხა, რატომ გარდაიცვალა მისი მეგობარი. შემდეგ კი დაინტერესდა ბავშვის სიკვდილის მიზეზით. ბოლოს კი, მამამისს ჰკითხა: „შენც მოკვდები?“. მას აგრეთვე აინტერესებდა, თუ რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ აქამდე ეშმაკი და რატომ არ დაიწყო „მდგომარეობის გამოსწორება“. გვიკვირდა, პატარას საიდან მოსდიოდა ასეთი აზრები თავში.კეტლინიც ბევრს გვეკითხებოდა. ხშირად თოჯინებით ასე თამაშობდა: ერთი თოჯინა ავად ხდებოდა, სხვა თოჯინები კი ექიმები და ოჯახის წევრები იყვნენ. მუყაოს ყუთი თოჯინას საავადმყოფოდ აქცია და ხანდახან თამაშობდა, თითქოს ერთი თოჯინა უკვდებოდა. ამ შეკითხვებმა და თამაშებმა იმის საშუალება მოგვცა, რომ მათთვის დაგვენახვებინა, რა იყო ცხოვრებაში მთავარი და როგორ გვეხმარება ბიბლია განსაცდელის ატანაში. ყოველთვის ვახსენებდით, რომ ღმერთს განზრახული აქვს დედამიწა მშვენიერ სამოთხედ აქციოს, სადაც აღარ იქნება არანაირი ტანჯვა, ტკივლი და სიკვდილიც კი (გამოცხადება 21:3, 4).
როგორ გადავიტანე დანაკარგი
საავადმყოფოდან, რომ დავბრუნდი გაოგნებული ვიყავი და თავგზა მქონდა აბნეული. საქმე ბევრი მქონდა, მაგრამ საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. გადავურეკე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც იგივე გადახდათ და მათთან საუბარმა ძალიან მანუგეშა. ჩვენმა ერთმა მეგობარმა კი ყვავილები გამოგვიგზავნა და შუადღისას ბავშვების წაყვანა შემოგვთავაზა. ასეთი მზრუნველობისა და პრაქტიკული დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი მას!
ერთ დღეს საოჯახო ალბომში სურათები გადავახარისხე. ვხედავდი და ვეხებოდი ბავშვის სულ ახალთახალ ტანსაცმელს. მხოლოდ ესღა დამრჩენოდა ჩემი დაკარგული ბავშვის მოსაგონრად. კვირების განმავლობაში ხასიათი გამუდმებით მეცვლებოდა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერის მიუხედავად, რამდენიმე დღე გადაბმულად ვტიროდი. ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ ჭკუიდან შევიშლებოდი. განსაკუთრებით კი ძნელი იყო იმ მეგობრებთან ერთად ყოფნა, რომლებიც ფეხმძიმედ იყვნენ. წინათ მეგონა, რომ მუცლის მოშლა ქალისთვის უმნიშვნელო რამ იყო, რომლის გადატანაც მას პრობლემების გარეშე შეეძლო. რა თქმა უნდა, ამაში მწარედ ვცდებოდი! *
სიყვარული საუკეთესო მკურნალია
რა თქმა უნდა, დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ მე ჩემი ქმრისა და თანაქრისტიანების სიყვარულიც დიდად დამეხმარა. ერთხელ ერთმა მოწმემ სადილი მოამზადა და მოგვიტანა. კრების ერთმა უხუცესმა და მისმა ცოლმა ყვავილები და ღია ბარათი მოგვართვეს და საღამო ჩვენთან ერთად გაატარეს. ვიცოდით, რომ მათ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ და მათმა ასეთმა ყურადღებამ ჩვენზე დიდად იმოქმედა. სხვა მეგობრებიც გვიგზავნიდნენ ღია ბარათებსა და ყვავილებს. „მუდამ გვახსოვხართ“ — ეს უბრალო სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის! ერთმა თანამორწმუნემ კი დაგვიწერა: „ჩვენთვისაც ისეთივე ძვირფასია სიცოცხლე, როგორც იეჰოვასთვის. თუ იეჰოვამ ის იცის, როდის ეცემა მიწაზე ბეღურა, განა ის არ იცის, როდის სწყდება დედის საშოში ნაყოფი?“. ბიძაშვილის ცოლმა კი მომწერა: „ძალიან გვაოცებს პატარა არსების დაბადება და სიცოცხლე და ასევე გვიკვირს, როდესაც რაღაცა მიზეზების გამო ეს ასე არ ხდება“.
რამდენიმე კვირის შემდეგ სამეფო დარბაზში ტირილი ამივარდა და, მართალია, შეხვედრა იწყებოდა, იძულებული გავხდი, გარეთ გამოვსულიყავი. ორმა მეგობარმა შეამჩნია, რომ თვალცრემლიანი გავედი და გამომყვა; მანქანაში ჩემთან ერთად ჩასხდნენ, მომეფერნენ და გამამხიარულეს. მალე სამივე დარბაზში დავბრუნდით. რა ბედნიერებაა, გყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებიც „ძმაზე მოყვარულები“ არიან (იგავნი 18:24).
როდესაც ჩემი ამბავი გავრცელდა, გაოცებული ვიყავი იმის გაგებით, რომ ბევრ თანაქრისტიან მოწმეს იგივე ჰქონდა გადატანილი. ისინიც კი, რომლებთანაც ადრე არც თუ ისე ახლოს ვიყავი, მანუგეშებდნენ და მამხნევებდნენ. გაჭირვებისას მათმა გულთბილმა დახმარებამ ბიბლიური სიტყვები გამახსენა: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).
ღვთის სიტყვიდან მიღებული ნუგეში
ბავშვის დაკარგვიდან ერთი კვირის შემდეგ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო იყო. ერთ საღამოს, როდესაც იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღეების შესახებ ბიბლიურ მუხლებს ვკითხულობდით, უეცრად თავში გამიელვა: „იეჰოვამ იცის, რა ძნელია, როდესაც ვინმეს კარგავ. მას ხომ საკუთარი შვილი მოუკვდა!“. რადგან იეჰოვა ჩვენი ზეციერი მამაა, ზოგჯერ მავიწყდება, თუ როგორ უგებს და თანაუგრძნობს თავის მსახურებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. მომენტალურად ჩემში დიდმა შვებამ დაისადგურა და ვიგრძენი, რომ იეჰოვასთან ისე ახლოს ვიყავი, როგორც არასდროს.
ბიბლიური პუბლიკაციებიც დიდად მამხნევებდნენ, განსაკუთრებით კი „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ის ნომრები, რომლებშიც საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე იყო საუბარი. მაგალითად, ძალიან დაგვეხმარა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 1987 წლის 8 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი სტატიები „შვილის სიკვდილი“ (ინგლ.) და ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ *.
დარდის ჩამოშორება
რაც დრო გადიოდა, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს და, როდესაც ვიცინოდი, თავს აღარ ვტუქსავდი და აღარც ხშირად ვიხსენებდი საუბრისას ბავშვის სიკვდილს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გული მეკუმშებოდა, როდესაც იმ მეგობრებს ვხვდებოდი, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ მე მუცელი მომეშალა, ან, თუ ვინმე სამეფო დარბაზში ახალშობილს შემოიყვანდა.
ერთ დილას კი გავიღვიძე და ეს გრძნობაც ღრუბელივით გადაეცალა ჩემს გონებას. სანამ თვალს გავახელდი ვიგრძენი, რომ სრულიად განვიკურნე. ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომელიც თვეების მანძილზე ჩემთვის უცხო იყო. მაგრამ, მუცლის მოშლიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ დავფეხმძიმდი, რის გამოც მუცლის მოშლის ალბათობის საშიშროებაზე ფიქრი თავიდან არ მცილდებოდა. საბედნიეროდ, 2001 წლის ოქტომბერში ჯანმრთელი ბიჭუნა შემეძინა.
მაგრამ კვლავ ვწუხვარ დაკარგულ ბავშვზე. მიუხედავად ამისა, ეს ისტორია დამეხმარა, უფრო დამეფასებინა სიცოცხლე, ჩვენი მანუგეშებელი ღმერთი, ოჯახი და თანაქრისტიანები. ამ შემთხვევამ ის მწარე სინამდვილე კიდევ ერთხელ დამანახვა, რომ ღმერთს კი არ მიჰყავს ჩვენი შვილები, არამედ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11).
მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ღმერთი მოსპობს ყოველგვარ გლოვას, გოდებას და ტკივილს, მათ შორის იმ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს, რომელიც მუცლის მოშლას სდევს თან (ესაია 65:17—23). მაშინ ყველა მორჩილ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, თქვას: „სად არის სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ (1 კორინთელთა 15:55; ესაია 25:8). გამოგზავნილია.
[სქოლიოები]
^ აბზ. 13 გამოკვლევა ცხადყოფს, რომ თითოეული პიროვნება სხვადასხვაგვარად რეაგირებს მუცლის მოშლაზე. ზოგი დაბნეულია, სხვები გულგატეხილები არიან, ზოგიერთი კი უზომოდ ნაღვლობს. როგორც მკვლევარები ამბობენ, ისეთი სერიოზული დანაკარგისას, როგორიცაა მუცლის მოშლა, მწუხარება და დარდი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას თან სდევს.
^ აბზ. 20 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
რატომ გახშირდა მუცლის მოშლის შემთხვევები და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები
«გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფეხმძიმობის 15—20 პროცენტი მუცლის მოშლით მთავრდება, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. — მუცლის მოშლის ყველაზე დიდი რისკი კი ჩასახვიდან პირველი ორი კვირის განმავლობაშია, მაშინ, როდესაც ქალების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ფეხმძიმედ არის». სხვა ნაშრომში კი ნათქვამია, რომ „მუცლის მოშლის 80 პროცენტზე მეტი შემთხვევა ფეხმძიმობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ხდება“ და აქედან თითქმის 40 პროცენტის მიზეზი, როგორც ფიქრობენ, ჩანასახის ქრომოსომათა დეფექტია. მაგრამ ეს დეფექტები დედისა და მამის ქრომოსომებში არსებული მსგავსი დეფექტების საფუძველზე არ ვითარდება.
სხვა მიზეზი კი შეიძლება დედის ჯანმრთელობის ბრალი იყოს. როგორც მედიკოსები ამბობენ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დედის ჰორმონალური და იმუნური სისტემის მოშლა, ინფექციები და საშვილოსნოს ყელის ან თვით საშვილოსნოს ანომალიები. მუცლის მოშლა შეიძლება ისეთმა ქრონიკულმა დაავადებებმაც განაპირობოს, როგორიცაა დიაბეტი (არასრულფასოვანი მეთვალყურეობის გარეშე) და მაღალი წნევა.
ექსპერტთა აზრით ვარჯიში, მძიმეების აწევა და სქესობრივი კავშირი არ არის მუცლის მოშლის მიზეზი. აგრეთვე საეჭვოა, რომ დაცემამ, უმნიშვნელო დარტყმამ ან შეშინებამ მუცელი მოუშალოს ქალს. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ნაკლებად სარწმუნოა, რომ ტრამვამ, თუ ეს ისევ თქვენი სიცოცხლისთვის არ არის საშიში, საფრთხე შეუქმნას ჩანასახს“. განა საშვილოსნოს კონსტრუქცია შემოქმედის სიბრძნესა და სიყვარულზე არ მიუთითებს?! (ფსალმუნი 138:13, 14).
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
როგორი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს
ზოგჯერ არც კი იცი, რა უთხრა და რით დაეხმარო ოჯახის წევრს თუ მეგობარს, რომელიც მუცლის მოშლის გამო წუხს და იტანჯება. ასეთ დანაკარგზე ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ და ამიტომ ყველას ერთგვარად ვერ გაამხნევებ და დაეხმარები. მიუხედავად ამისა, მოდი ქვემოთ მოცემულ რჩევებს გადავავლოთ თვალი *:
როგორ შეგიძლიათ პრაქტიკული დახმარება:
◆ მიეხმარეთ უფროსი ბავშვების მოვლა-პატრონობაში.
◆ მოუმზადეთ ამ ოჯახს რაიმე საჭმელი.
◆ მხარში ამოუდექით მამასაც. როგორც ერთი მამა ამბობს: „ასეთ შემთხვევებში, ხშირად, მათ ივიწყებენ“.
რა შეგიძლიათ თქვათ ასეთ შემთხვევაში?
◆ „ძალიან მეწყინა, ასეთი ამბავი რომ შეგემთხვა“.
დამწუხრებული ადამიანისთვის უბრალო სიტყვები ხშირად ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ სიტყვებმა შეიძლება იმის საშუალებაც კი მისცეს ადამიანს, რომ ანუგეშონ.
◆ „თავს ნუ შეიკავებ, იტირე“.
ხშირად მუცლის მოშლის შემთხვევაში დედა შეიძლება რამდენიმე კვირა და შეიძლება რამდენიმე თვეც კი ტიროდეს. დაარწმუნეთ ის, რომ კვლავინდებურად გიყვართ და პატივს სცემთ.
◆ „მომავალ კვირასაც რომ გადმოგირეკო იმის გასაგებად, თუ როგორ ხარ, პრობლემა ხომ არ იქნება?“.
დამწუხრებულ ადამიანებს პირველ დღეებში შეიძლება ძალიან ბევრმა უთანაგრძნოს, მაგრამ თუ დრო გადის და ჭრილობები არ უშუშდებათ, შეიძლება იფიქრონ, რომ ყველამ დაივიწყა. კარგი იქნება, თუ ყოველთვის აღმოუჩენთ დახმარებას. ასეთი გრძნობები შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში ჰქონდეთ მათ. და შეიძლება ისინი მაშინაც კი დაეუფლოს ადამიანს, როდესაც ფეხმძიმობა წარმატებით ჩაივლის.
◆ „არ ვიცი, რა გითხრა“.
ხშირად სულ არაფრის თქმას ამის თქმა სჯობს. მაგრამ ასეთი გულწრფელობა და ის ფაქტი, რომ მის გვერდით ხარ, შენი მზრუნველობის მაჩვენებელი იქნება.
რა არ უნდა თქვათ:
◆ „კიდევ გეყოლება სხვა ბავშვი“.
ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ თქვენი სიტყვები შესაძლოა თანაგრძნობად არ ჩათვალონ. მშობლებს ზუსტად ის ბავშვი უნდოდათ, რომელიც დაკარგეს. სანამ კვლავ ბავშვის გაჩენაზე იფიქრებენ, ჯერ დაკარგული უნდა გამოიგლოვონ.
◆ „ალბათ, ჯანმრთელი არ იყო“.
ეს შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ამით ვერ ანუგეშებთ. დედა ყოველთვის ფიქრობს, რომ ჯანმრთელ შვილს ატარებდა მუცლით.
◆ „ყოველ შემთხვევაში, ბავშვი ჯერ ნანახი არც კი გყავდა. ეს რომ მოგვიანებით მომხდარიყო, უფრო უარესი იქნებოდა“.
დედების უმეტესობას თავიანთი ბავშვი ჩასახვისთანავე უყვარდება. და როდესაც ბავშვი კვდება, დედები ძალიან დარდობენ. ამ დარდს ისიც უორმაგებთ, რომ მათ გარდა ბავშვს არავინ „იცნობდა“.
◆ „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა შვილები გყავს“.
დამწუხრებული მშობლისთვის ასეთი რამის თქმა იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ადამიანს, რომელმაც უბედურ შემთხვევაში ხელი დაკარგა, უთხრა: „არა უშავს, მეორე ხელი ხომ გაქვს“.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხანდახან მზრუნველ და გულწრფელ ადამიანებსაც კი ისეთი რამ წამოსცდებათ ხოლმე, რაც არ უნდა ეთქვათ (იაკობი 3:2). აქედან გამომდინარე, ქალმა, რომელიც მუცლის მოშლის გამო იტანჯება, ქრისტიანული სიყვარული უნდა გამოავლინოს და გულისწყრომა არ უნდა დაიტოვოს მათ მიმართ, რომლებსაც კეთილი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ უტაქტოდ გამოსდით შენიშვნა (კოლასელთა 3:13).
[სქოლიო]
^ აბზ. 36 ეს რჩევები მომზადებულია უელინგტონის (ახალი ზელანდია) „მუცლის მოშლის შემდეგ დედისთვის მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით (A Guide to Coping With Miscarriage).