არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავსტრალიაში მასობრივი დაპატიმრებების სამარცხვინო ერა

ავსტრალიაში მასობრივი დაპატიმრებების სამარცხვინო ერა

ავსტრალიაში მასობრივი დაპატიმრებების სამარცხვინო ერა

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

ჯონ ჰილი: დააპატიმრეს ექვსი პენის ღირებულების მქონე სელის ცხვირსახოცის მოპარვისთვის და შვიდი წლით ავსტრალიაში გადაასახლეს.

ელიზაბეტ ბეისონი: დააპატიმრეს ექვს მეტრზე ოდნავ მეტი მიტკლის მოპარვისთვის. თუმცა თავდაპირველად მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, მოგვიანებით ეს სასჯელი შვიდწლიანი გადასახლებით შეუცვალეს.

ჯეიმზ ბარტლეტი: ამხილეს 450 კილოგრამი თოკის მოპარვაში და ავსტრალიაში შვიდი წლით გადასახლება მიუსაჯეს.

ჯორჯ ბარსბი: დამნაშავედ ცნეს ბატონ უილიამ უილიამსზე თავდასხმაში და მისთვის აბრეშუმის საფულის, ერთი ოქროს საათისა და ექვსი გინეას (დაახლოებით ექვსი გირვანქა სტერლინგი) წართმევაში. მას თავდაპირველად ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ სასჯელი სამუდამო გადასახლებით შეუცვალეს.

ეს სულ რაღაც ოთხი მაგალითია XVIII საუკუნის მიწურულს ინგლისში დაპატიმრებულთა და შემდეგ ავსტრალიაში გადასახლებულთა შემთხვევებიდან. ისტორიის ამ სამარცხვინო პერიოდის დროს დაახლოებით 160 000 ადამიანი აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში. ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ქალებისთვის, ბევრჯერ შვილებთან ერთად, 7—14 წელი მიესაჯათ.

„ავსტრალიის ეგრეთ წოდებული კრიმინალებიდან ბევრი ათწლამდე ასაკის გოგო-ბიჭები იყვნენ“, — წერს ბილი ბითი თავის წიგნში (Early Australia—With Shame Remembered). ის მოიხსენიებს, რომ ერთი პატიმარი ბიჭი, სულ რაღაც, შვიდი წლის იყო. ამ ბავშვს ავსტრალიაში „სამუდამო გადასახლება“ ჰქონდა მისჯილი.

თუმცა კი ზოგიერთ პატიმარს ეს სულაც არ უწურავდა მთელ იმედს. ზოგიერთისთვის გადასახლება უფრო უკეთეს ცხოვრებას მოასწავებდა. ეს პერიოდი წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. იყო დაუნდობელი სისასტიკე და თანაგრძნობა, სიკვდილი და იმედი. ეს ყველაფერი კი დიდ ბრიტანეთში დაიწყო.

მასობრივი დაპატიმრებების ერა იწყება

XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი ცვლილებები მოხდა, რის გამოც დანაშაულობების რიცხვი გაიზარდა, რაც ხშირად სიღატაკის მიზეზით ხდებოდა. ამის აღსაკვეთად მთავრობამ მკაცრი კანონები და სასჯელები დააწესა. XIX საუკუნის დამდეგს 200-მდე დამნაშავეს მიესაჯა სიკვდილი. „უმნიშვნელო ქურდობისთვისაც კი, — აღნიშნავს ერთი მოგზაური, — სიკვდილით სჯიან“. ცხვირსახოცის მოპარვისთვის 11 წლის ბიჭი ჩამოახრჩვეს!

XVIII საუკუნის დასაწყისში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ბევრ შემთხვევაში სიკვდილმისჯილებს სასჯელს ჩრდილოეთ ამერიკაში არსებულ ბრიტანეთის კოლონიებში გადასახლებით უცვლიდა. ამიტომ წელიწადში თითქმის 1 000 მსჯავრდებულს უყენებდნენ ამ გზას. თავდაპირველად მათ უმთავრესად ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში ასახლებდნენ. მაგრამ, როდესაც 1776 წელს ამ კოლონიებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, იქ მსჯავრდებულთა გადასახლება თანდათან შეწყდა. მას შემდეგ პატიმრებს იმ გემებში სვამდნენ, რომლებიც ლონდონში მდინარე ტემზაზე იყვნენ მიმოფანტული. ამ მოტივტივე ციხეებში პატიმრების ტევა არ იყო. რა უნდა ეღონათ?

ამ კითხვაზე პასუხი მას შემდეგ იპოვეს, როდესაც მეზღვაურმა ჯეიმზ კუკმა ჰოლანდია — ახლანდელი ავსტრალია — ბრიტანეთის კოლონიად გამოაცხადა. მალე ავსტრალია ინგლისის სამფლობელოდ იქცა. 1786 წელს ინგლისის მთავრობამ ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო მსჯავრდადებულთა კოლონიების ადგილად შეარჩია. მომდევნო წელს ინგლისიდან „პირველი ფლოტი“ დაიძრა ახალ სამხრეთ უელსში კოლონიის საძებნელად *. მას სხვა გემებიც მიჰყვა და მალე კატორღელების ახალშენებით აივსო ავსტრალია და კუნძული ნორფოკი, რომელიც სიდნეიდან 1500 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

განსაცდელი ზღვაში

პირველ წლებში ზღვით მგზავრობა საშინელება იყო პატიმრებისთვის, რომლებიც ნესტიან, აშმორებულ ტრიუმებში ჰყავდათ ჩაყრილი. ასობით მათგანი გზაში იღუპებოდა; ზოგი ჩასვლისთანავე კვდებოდა; ბევრს კი სურავანდმა გაავლო მუსრი. ბოლოს ამ გემებს ექიმებს აყოლებდნენ, განსაკუთრებით კი იმათ, რომლებზეც პატიმარი ქალები იყვნენ. შედეგად კი გადარჩენილთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ბოლოს და ბოლოს, უფრო სწრაფმა გემებმა მგზავრობის დრო შვიდი თვიდან ოთხ თვემდე შეამცირეს და გზაში დახოცილ პატიმართა რიცხვიც შემცირდა.

არსებობდა გემის დაღუპვის საშიშროებაც. მაგალითად, პატიმრებით დატვირთული გემი „ამფიტრიტე“ ინგლისის პორტის დატოვებიდან ხუთი დღის შემდეგ, როდესაც ის ჯერ კიდევ საფრანგეთის სანაპიროდან მოსჩანდა, შტორმში მოხვდა. ორი დღის განმავლობაში ერკინებოდა გემი აბობოქრებულ ტალღებს, მაგრამ ბოლოს, 1883 წლის 31 აგვისტოს საღამოს ხუთ საათზე, სანაპიროდან ერთი კილომეტრით მოშორებით მეჩეჩზე დაჯდა.

მაშველი ნავები კი არსად ჩანდა. რატომ? ეშინოდათ, რომ პატიმრები — 120 ქალი და ბავშვი — არ გაქცეულიყვნენ! საშინელებით აღსავსე სამი საათის შემდეგ კი დამსხვრეული გემიდან ადამიანები ზღვის ზედაპირზე გაიფანტნენ. ეკიპაჟის უმეტესობა და ასოცივე პატიმარი ქალი და ბავშვი კი დაიღუპა. რამდენიმე დღის განმავლობაში ზღვის ტალღებმა 82 გვამი გამორიყა სანაპიროზე; ერთ ქალს ძლიერ ჩაეკრა გულში თავისი შვილი და ისე დაეხუჭათ ორივეს სამუდამოდ თვალები.

ზოგჯერ სიკვდილი სანატრელი იყო

ახალი სამხრეთ უელსის მმართველის, სერ ტომას ბრიზბენის, განკარგულებით ახალ სამხრეთ უელსისა და ტასმანიის ყველაზე საშიში პატიმრები ნორფოკის კუნძულზე უნდა გაეგზავნათ. „დამნაშავეს, რომელიც იქ არის გაგზავნილი, — თქვა მან, — სამუდამოდ მოჭრილი აქვს უკან დასაბრუნებელი გზა“. მოგვიანებით კი სხვა მმართველმა სერ რალფ დარლინგმა დაიფიცა, რომ ამ კუნძულს „ყველაზე საშიშ ადგილად აქცევდა, სადაც პატიმრებს, თუ არ ჩავთვლით სიკვდილს, უსასტიკესი სასჯელები ელოდათ“. ნორფოკის კუნძული მართლაც ასეთად იქცა განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არისტოკრატული წარმოშობის ჯონ პრაისი გახდა მმართველი.

ამბობენ, რომ პრაისმა „როგორც ჩანდა, უკიდურესი სიზუსტით იცოდა, თუ როგორ აზროვნებდნენ კრიმინალები და მის მიერ კანონების ულმობლად დაცვასთან ერთად პატიმრები სრულ მორჩილებაში ჰყავდა“. პრაისის კანონი სულ მცირე 50 შოლტის დაკვრას ან ათი დღე ისეთ საკანში ჯდომას ითვალისწინებდა, სადაც 13 სხვა პატიმარიც იყო და მხოლოდ ფეხზე დგომა შეეძლოთ, ისეთი დანაშაულობების შემთხვევაშიც კი, როგორიცაა სიმღერა, საკმარისზე ოდნავ ნელი სიარული ან ქვით დატვირთული ურმის არასაკმარისად მიწოლა.

ბევრი პატიმარი სიკვდილს ნატრობდა. 31 აჯანყებულის შესახებ, რომელთაგანაც 13 სიკვდილით დასაჯეს და 18 დროებით შეიწყალეს, ერთ-ერთი მღვდელი წერდა: „ისინი, რომლებმაც გაიგეს, რომ შეწყალებულნი იყვნენ მწარედ აქვითინდნენ; ისინი კი, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, მუხლებზე დაეცნენ, ცრემლიც კი არ მორევიათ თვალზე და ღმერთს მადლობდნენ. — შემდეგ კი დასძენს, — როდესაც ბორკილები მოხსნეს და სიკვდილის განაჩენი წაუკითხეს, მუხლებზე დაეცნენ და ეს ღვთის ნებად მიიღეს. შემდეგ უნებლიედ დაემხნენ და ფეხებზე ეამბორნენ მას, ვინც ამ ჯოჯოხეთური ცხოვრებისგან ათავისუფლებდა“.

მხოლოდ სამღვდელოება, რომელიც ხელშეუხებელი იყო, ბედავდა ასეთი სისასტიკის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას. „პატიმრების მიმართ გამოვლენილი ბარბაროსული სისასტიკის აღსაწერად სიტყვებიც არ მყოფნის, — წერდა ერთი სასულიერო პირი. — ამაზე ფიქრიც კი შემაძრწუნებელია; ამაზე პასუხს კი არავინ აგებს“.

იმედის ნაპერწკალი

კაპიტან ალექსანდრე მაკონეკის ჩასვლამ 1840 წელს კუნძულ ნორფოკზე მდგომარეობა შედარებით გამოასწორა. მან შეიმუშავა შეფასების სისტემა, რომელმაც პატიმრების ხვედრი ნაწილობრივ შეამსუბუქა, რადგან კარგი ქცევით პატიმრები იღებდნენ შეფასებას და დაგროვილი ქულების საფუძველზე თავისუფლების მოპოვება შეეძლოთ. „მჯერა, — დაწერა მაკონეკმა, — რომ სათანადო მეთოდების გამოყენებით ადამიანის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. ადამიანის გონებას, თუ მისი აზროვნება სწორი მიმართულებით წარიმართება, უფრო დავეხმარებით გამოსწორებაში, ვიდრე სასტიკი მოპყრობითა და ციხეში ამოლპობით“.

მაკონეკის რეფორმები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით ინგლისში, ირლანდიასა და შეერთებულ შტატებშიც გაატარეს. მაგრამ იმ დროს მაკონეკმა მხოლოდ ახალი მეთოდები კი არ შემოიღო, არამედ გავლენიანი ადამიანებიც გაანაწყენა, რომელთა მეთოდებიც უარყო. ამის გამო ის, საბოლოოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი წასვლისთანავე ნორფოკის კუნძულზე სისასტიკე კვლავ ჩვეულებრივი რამ გახდა. მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. 1854 წელს სამღვდელოების წარმომადგენელთა ძლიერი ჩივილის შემდეგ, ეს კუნძული მიატოვეს როგორც კატორღა და პატიმრები ტასმანიის ქალაქ პორტ-არტურში გადაიყვანეს გემით.

პორტ-არტურიც შიშის ზარს სცემდა პატიმრებს, განსაკუთრებით კი პირველ წლებში. მიუხედავად ამისა, აქ ისეთი სისასტიკე არ მძვინვარებდა, როგორც ნორფოკის კუნძულზე. მაგალითად, 1840 წლისთვის ამ კუნძულზე ხშირად გაროზგვას უკვე აღარ მიმართავდნენ.

ტასმანიის ერთ-ერთ მკაცრ მმართველს, ჯორჯ ართურს, სურდა, რომ ეს კოლონია „იდეალური წესრიგით ყოფილიყო ცნობილი“, — წერს იან ბრენდი თავის წიგნში („პორტ-არტური 1830—1877“). ართურს ამასთანავე სურდა, რომ თითოეულ პატიმარს სცოდნოდა, თუ „რა ჯილდოს მიიღებდა კარგი ქცევისთვის და როგორ დაისჯებოდა ცუდის კეთებისთვის“. ამ მიზნით მან პატიმრები შვიდ კლასად დაყო: დაწყებული მათგან ვინც სანიმუშო ქცევისთვის უფრო მეტი თავისუფლება მიიღო და დამთავრებული მათით, რომლებსაც ბორკილდადებულთ იძულებითი მუშაობა ჰქონდათ მისჯილი.

ბევრისთვის სასჯელი კურთხევად იქცა

„იმ პატიმრების გარდა, რომლებიც პორტ-ართურის, ნორფოკის კუნძულის და იმ დაუნდობელ დროს არსებულ სხვა მსგავს ადგილებში მდებარე კატორღებში იმყოფებოდნენ, — წერს ბითი, — მსჯავრდებულებს ხშირად აქ უფრო უკეთესი პერსპექტივები ჰქონდათ, ვიდრე თავიანთ სამშობლოში. . . მათ იმის საშუალებაც კი ჰქონდათ, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ“.

მართლაცდა, იმ პატიმრებისთვის, რომლებიც შეწყალებულ იქნენ ან თავიანთი სასჯელი მოიხადეს, მალე ნათელი გახდა, რომ მრავალი პერსპექტივისკენ გაეხსნათ კარი როგორც მათ, ისე მათ ოჯახებს. ამიტომ გათავისუფლების შემდეგ ძალიან ცოტანი თუ დაბრუნდნენ ინგლისში.

ერთ-ერთმა მმართველმა, ლაკლენ მაკვარმა, რომელიც ყოფილ პატიმართა უფლებებს იცავდა, თქვა: „განთავისუფლების შემდეგ ადამიანს მისი წარსული აღარ უნდა შეახსენოთ და აღარ უნდა ეცადოთ მასზე კვლავ გავლენის მოხდენას; საშუალება მიეცით, რომ თავი სასურველად იგრძნოს ნებისმიერ ვითარებაში, რადგან დიდი ხნის მანძილზე კარგი ქცევით ამის უფლება მოიპოვა“.

მაკვარი თავისი სიტყვების ერთგული დარჩა, რადგან გათავისუფლებულ პატიმრებს მიწა მისცა. შემდეგ მან პატიმრებს დაავალა, რომ სასჯელმოხდილებს დახმარებოდნენ მიწის დამუშავებაში და სახლებში სხვადასხვა სამუშაოები შეესრულებინათ.

დროთა განმავლობაში ბევრმა შრომისმოყვარე და ფხიანმა ყოფილმა პატიმარმა სიმდიდრე დააგროვა, პატივისცემა დაიმსახურა და სახელიც კი მოიხვეჭა. მაგალითად, სამუელ ლაითფუთმა დიდი როლი შეასრულა სიდნეისა და ჰობარტში პირველი საავადმყოფოების დაარსებაში. უილიამ რედფერნი ცნობილი ექიმი გახდა, ფრანსის გრინვეიმ კი თავისი კვალი დაამჩნია სიდნეის უჩვეულო არქიტექტურას.

ბოლოს, 1868 წელს, 80 წლის შემდეგ, ავსტრალიაში დასჯის მიზნით პატიმართა გადასახლება შეწყდა. დღეს ავსტრალიის თანამედროვე, მრავალი კულტურისგან შემდგარ საზოგადოებას ამ ადრეული წლების კვალი თითქმის აღარ აჩნია. იმ კატორღების დასახლებები ახლა მხოლოდ ტურისტებს თუ იზიდავს. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ბევრი რამ შეგახსენებთ ამ საშინელი დროის შესახებ: ხიდები, ძველი ნაგებობები და ეკლესიებიც კი — რომლებიც პატიმართა მხრებით არის აზიდული. ზოგიერთი მათგანი ჩინებულ ფორმაშია და დღემდე იყენებენ.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ბოტანის კოლონიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ 2001 წლის 8 თებერვალი, გვერდი 20 (რუს.).

[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]

პატიმრის შთამომავლის მონათხრობი

ორი პატიმრის შთამომავალთაგან მეხუთე თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყვება, თუ როგორ მოხვდა მის დიდი პაპა ავსტრალიაში:

«ერთ-ერთი ჩემი წინაპარი 19 წლის ასაკში საფულის მოპარვისთვის გაასამართლეს. მან 1834 წლის 12 დეკემბერს დატოვა ინგლისი გემ „ჯორჯ III“-ით, რომელზეც 308 მგზავრიდან 220 პატიმარი იყო. როდესაც გემი 1835 წლის 12 აპრილს ტასმანიის სანაპიროს მიადგა, 50 პატიმარი უკვე სურავანდით იყო დაავადებული. ერთ-ერთ ჯარისკაცს მეუღლე და სამი შვილი დაეღუპა. იგივე ბედი ეწია 12 სხვა ადამიანსაც. ამ გრძელი მოგზაურობის დროს გემზე ორი ბავშვიც დაიბადა.

ექვსკვირიანი ცურვის შემდეგ გემზე ცეცხლი გაჩნდა. მაგრამ ორი მამაცი პატიმრის წყალობით უბედურებამ გვერდი აუარათ; მათ იყოჩაღეს, რომ დენთის ორ კასრს ცეცხლი არ გასჩენოდა. მიუხედავად ამისა, უამრავი სურსათ-სანოვაგე განადგურდა და ძალიან ცოტა რამე დარჩათ დანარჩენი გზისთვის. დანიშნულების ადგილამდე სწრაფად რომ მიეღწია, გემის კაპიტანმა გადაწყვიტა ტასმანიის სამხრეთ კონცხთან ახლოს მდებარე დანტკრასტოს არხით გაევლოთ. დილის 9 საათსა და 30 წუთზე გემი წყალქვეშა კლდეს შეასკდა, ეს იყო მეფე ჯორჯის რიფი, რომელიც ნაპირიდან 5 კილომეტრით იყო დაშორებული, და ჩაიძირა. 133 დამხრჩვალიდან უმეტესობა ის პატიმრები იყვნენ, რომლებიც გემბანის ქვეშ იყვნენ ჩამწყვდეული. 220 პატიმრიდან მხოლოდ 81 გადარჩა. აქედან ერთ-ერთი ჩემი წინაპარი იყო. 1843 წელს ის დაქორწინდა მაშინ უკვე გათავისუფლებულ პატიმარზე და ორი წლის შემდეგ თვითონაც შეწყალებულ იქნა. 1895 წელს კი გარდაიცვალა».

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

სერ ტომას ბრიზბენი.

მმართველი ლაკლენ მაკვარი.

პატიმრების გადამყვანი ბრიტანეთის გემი „ამფიტრიტე“.

[საავტორო უფლებები]

Convicts: By Courtesy of National Library of Australia; F. Schenck’s Portrait of Sir Thomas Brisbane: Rex Nan Kivell Collection, NK 1154. By permission of the National Library of Australia; Macquarie: Mitchell Library, State Library of New South Wales; ship: La Trobe Picture Collection, State Library of Victoria

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

პორტ-ართურის ციხის ერთ-ერთი საკანი.

[საავტორო უფლება]

Chains and cell block: La Trobe Picture Collection, State Library of Victoria

[სურათი 23 გვერდზე]

სიდნეის პორტის ეს შუქურა ყოფილი პატიმრის, ფრანსის გრინვეის, შექმნილი შუქურის ზუსტი ასლია.

[სურათი 23 გვერდზე]

ნორფოკის კუნძულის მიუვალი სანაპირო.

[სურათი 23 გვერდზე]

ძველი სამხედრო ყაზარმები ნორფოკის კუნძულზე.