არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მგლოვიარეთათვის ნუგეშისცემა

მგლოვიარეთათვის ნუგეშისცემა

მგლოვიარეთათვის ნუგეშისცემა

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა, მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ერთ დღეში ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ასობით მეხანძრე, პოლიციელი და მედპერსონალი, რომლებმაც გმირობა გამოავლინეს.

იეჰოვას მოწმეებმა არ დააყოვნეს და ერთობლივი ძალებით სცადეს მათთვის ნუგეშისცემა, ვინც ამ ტრაგედიის დროს საყვარელი ადამიანები დაკარგა. მათ ეს გააკეთეს „გულშემუსვრილთა განსაკურნებლად“ და „სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა“ (ესაია 61:1, 2).

იეჰოვას მოწმეებმა დიდი ხანია იციან, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, ხშირად ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები მოსვენებას არ აძლევთ. ამ კითხვებზე პასუხი კი ბიბლიაშია. მოდი საკუთარ ბიბლიებში შევამოწმოთ ეს პასუხები.

არსებობს ბედისწერა?

ეკლესიასტეს 9:11-ში ვკითხულობთ, რომ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“. თუ სიკვდილი გვიწერია, მაშ, რატომღა გვაფრთხილებს ბიბლია, უსაფრთხოების ზომები მივიღოთ (მაგალითად, იხილეთ მეორე რჯული 22:8).

რატომ კვდება ადამიანი?

ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, თავდაპირველად ედემის ბაღში დაასახლა ღმერთმა. თუ ისინი ღვთის მორჩილები იქნებოდნენ, არასოდეს მოკვდებოდნენ. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიხოცებოდნენ, თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდნენ (დაბადება 1:28; 2:15—17). სამწუხაროდ, ადამი და ევა თავიანთ შემოქმედს არ დაემორჩილნენ. რის გამოც, სასჯელად თავს სიკვდილი დაიტეხეს. რადგანაც მთელი კაცობრიობა ადამისა და ევას შთამომავალია, ყველამ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მიიღო. ბიბლია გვიხსნის: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (რომაელთა 5:12).

რა მდგომარეობაში იმყოფებიან მიცვალებულები?

დაუმორჩილებლობის შემდეგ ღმერთმა ადამს უთხრა: „მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). აქედან გამომდინარე, მკვდრებს არაფერი ესმით, ისინი არ არსებობენ. ბიბლია ამბობს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ, როდესაც ადამიანი კვდება, „დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:3, 4).

აქვს ადამიანს უკვდავი სული?

ბიბლიიდან ნათლად ვხედავთ, რომ სული თვითონ ადამიანია და არა სხვა რაღაც აბსტრაქტული რამ, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ აგრძელებს არსებობას (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884; იგავნი 2:10; იერემია 2:34, აქ). რადგან ეს ასეა, სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როდესაც კვდება ადამიანი, კვდება სული. ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი: „ცოდვილი სული [ანუ ადამიანი] უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4).

რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის?

ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთს განზრახული აქვს, მიცვალებულები აღდგომის მეშვეობით სიცოცხლეს დაუბრუნოს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე, სადაც ავადმყოფობა და სიკვდილი აღარასოდეს იქნება. იესომ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ“ (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:1—4).

თავისი გარდაცვლილი მეგობრის ლაზარეს შესახებ საუბრისას, იესომ სიკვდილი ძილს შეადარა (იოანე 11:11—13). უფრო მეტიც, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ უთქვამს, რომ სიკვდილის დროს სატანჯველში ან სამოთხეში იყო (იოანე 11:37—44). ეს გასაგებია, რადგან მიცვალებულები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. ისინი არ იტანჯებიან, არამედ მხოლოდ იმ „ჟამს“ ელიან, როდესაც მკვდრეთით აღდგებიან. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა იმას გვიჩვენებს, რომ მიცვალებულებს კვლავ შეუძლიათ იცოცხლონ. გარდა ამისა, იესოს მიერ მცირე მასშტაბით მოხდენილი ეს სასწაული იმაზე მიგვანიშნებს, თუ რა მოხდება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე (საქმეები 24:15). რაოდენ მანუგეშებელია ეს მათთვის, რომლებმაც ამ საზარელ დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს!