არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ მიჭირს სხვასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?

რატომ მიჭირს სხვასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ მიჭირს სხვასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?

„ძალიან მიყვარს სისუფთავე, მაგრამ სახლში დაბრუნებისას ვხედავ, რომ ადამიანი, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, იატაკზე გაშხლართულა და ტელევიზორს უყურებს, აქეთ-იქით კი ქაღალდები და ბატიბუტი მიუყრ-მოუყრია. ყოველთვის, როდესაც სახლში უნდა დავბრუნდე, გონებაში ეს სურათი ამომიტივტივდება ხოლმე და ფეხები უკან მრჩება“ (დავითი).

„გოგონას, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, ეტყობოდა, რომ ბავშვობიდანვე ზედმეტად ანებივრებდნენ. როგორც ჩანს, ეგონა, რომ ყველა მას უნდა მომსახურებოდა. ყოველთვის უნდოდა, რომ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, როგორც თვითონ ესიამოვნებოდა“ (რენა *).

ხვა ადამიანის ხასიათთან შეგუება. . . მოთმინებისა და დათმობაზე წასვლის ხელოვნებას გვასწავლის, — ნათქვამია ჟურნალ „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“, — მაგრამ სწავლის პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს». ისინი, რომლებსაც ოდესმე მოუწიათ სხვასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, შეიძლება ამ სიტყვებს დაეთანხმონ.

სწავლის ხარჯების შესამცირებლად ბევრი სტუდენტი ვინმესთან ერთად ცხოვრობს ერთ ბინაში. სხვა ახალგაზრდებს კი მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება სურთ და ამ მიზეზით ვინმესთან ერთად ცალკე სახლდებიან. ქრისტიანი ახალგაზრდებიდან ბევრი ასეთ არჩევანს სულიერი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს (მათე 6:33). ვინმესთან ერთად საცხოვრებელი ხარჯების გაყოფა მათ სრული დროით მსახურებაში ეხმარებათ. ზოგჯერ მისიონერებს და იეჰოვას მოწმეთა სხვადასხვა ფილიალის წევრებს უწევთ ხოლმე ერთად ცხოვრება *.

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი გაესაუბრა რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც სხვასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ის პიროვნებაა, რომელიც შენთან ერთად იხდის ქირას, არამედ ის შეიძლება გახდეს შენი მეგობარი, რომელთანაც ისაუბრებ და სხვადასხვა საქმეს გააკეთებ. „ღამეები ლაპარაკში ან კინოფილმების ყურებაში გაგვყავდა ხოლმე“, — იხსენებს ლინი. „მან შეიძლება გაგამხნევოს კიდეც, — ამბობს რენა, — ზოგჯერ, როდესაც ცდილობ, დაფარო ყველა ხარჯი, იმუშაო და თანაც იქადაგო, სასიამოვნოა, ისეთი ადამიანი გყავდეს გვერდში, რომელიც გაგამხნევებდა“.

და მაინც, სხვასთან — განსაკუთრებით კი შენთვის სრულიად უცხო ადამიანთან — ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შეიძლება დიდ სირთულეს წარმოადგენდეს. იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიტუაციაა ამ მხრივ შექმნილი კოლეჯებში, „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“ ნათქვამია: „სკოლებში გაწეული იმ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომ ერთად ისეთ მოსწავლეებს ეცხოვრათ, რომლებიც ერთმანეთს მაქსიმალურად გაუგებდნენ, უთანხმოებები მაინც ხშირად ხდება მათ შორის“. სინამდვილეში, საქმე ზოგჯერ ძალადობამდეც კი მისულა! ამიტომაც, ინტერნეტის ვებ-საიტებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხშირად ეძლევათ იმის საშუალება, რომ თანამობინადრის მიმართ დაგროვილი უკმაყოფილება გამოხატონ. რატომ ხდება ისე, რომ სხვა ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძნელია?

უცხო ადამიანთან ერთად ცხოვრება

„უცხო ადამიანთან ერთად სადმე დასახლება გარკვეულწილად საინტერესოა, — ამბობს მარკი, — ნამდვილად არ იცი, რას უნდა ელოდო მისგან, რა მოეწონება“. მართლაც, იმ ადამიანთან ცხოვრება, რომელთანაც თითქმის არაფერი გაქვს საერთო, შეიძლება საკმაოდ ამაფორიაქებელი იყოს. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ქრისტიანებს ბევრი საერთო უნდა ჰქონდეთ და ბევრ რამეზე უნდა შეეძლოთ ლაპარაკი. მაგრამ დავითი გულახდილად აღიარებს: „ძალიან ვღელავდი იმის გამო, რომ ვინმესთან ერთად ერთ ოთახში უნდა მეცხოვრა“.

ისე მოხდა, რომ დავითის თანამობინადრეც იგივე გარემოში იყო აღზრდილი, როგორც დავითი, ასე რომ, მათ გაუგეს ერთმანეთს. მაგრამ ყველას ასე როდი უმართლებს. მარკი ამბობს: „ჩემი პირველი თანამობინადრე ლაპარაკის მოყვარული არ იყო. როდესაც ვინმესთან ასეთი უშუალო შეხება გაქვს, ნამდვილად გინდა მასთან საუბარი. მაგრამ მას ასეთი სურვილი არ გასჩენია, ეს კი უკვე მაღიზიანებდა“.

განსხვავებულ წარმოშობასაც შეუძლია დაძაბულობის გამოწვევა. ლინი ამბობს: „როდესაც პირველად გიწევს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, გინდა, რომ ყველაფერი შენებურად აკეთო. მაგრამ მალე ხვდები, რომ სხვების აზრიც უნდა გაითვალისწინო“. მართლაცდა, როდესაც მშვიდ და უსაფრთხო ოჯახურ კერას ტოვებ, შეიძლება გაგაოგნოს იმ ფაქტმა, რომ სხვები ყველაფერს სულ სხვა თვალით უყურებენ.

განსხვავებული წარმოშობა, განსხვავებული ქცევები

ბევრი რამ ადამიანის აღზრდაზე არის დამოკიდებული (იგავნი 22:6). ახალგაზრდა ფერნანდო ამბობს: „მე სისუფთავე მიყვარს, თანამობინადრე კი ფეთხუმი შემხვდა. გარდერობში, მაგალითად, ყველაფერი ერთმანეთზე ჰქონდა დაყრილი, მე კი ყველაფერს თავის ადგილზე ვკიდებდი“. ზოგჯერ ქცევებში დიამეტრალურად საპირისპირო განსხვავებები ვლინდება ხოლმე.

რენა იხსენებს: „ჩემი თანამობინადრის საწოლი ოთახი პირდაპირი გაგებით სანაგვეს ჰგავდა! ისეთებთანაც მიცხოვრია, რომელთაც ჭამის შემდეგ მაგიდის გადაწმენდა სულ აღარ ახსოვდათ ან გასარეცხ ჭურჭელს სამზარეულოს ბაკანში ორი-სამი დღით ტოვებდნენ“. როდესაც საშინაო საქმეებია ხოლმე გასაკეთებელი, ზოგზე ამ დროს იგავნის 26:14-ში ჩაწერილი სიტყვებია ზედგამოჭრილი: „კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი — თავის ლოგინზე“.

მეორე მხრივ, არც ისეთ ადამიანთან ცხოვრებაა დიდად სასიამოვნო, რომელიც ზედმეტად იცავს სისუფთავესა და წესრიგს. თავისი თანამობინადრის შესახებ ახალგაზრდა ლი ამბობს: „მისი აზრით სახლი საათში ერთხელ უნდა ალაგებულიყო. ჩემზე ნამდვილად ვერ იტყვი, უსუფთაო არისო, მაგრამ ზოგჯერ მიყვარდა ხოლმე ლოგინზე წიგნის ან რაღაც მსგავსის დატოვება, ის კი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ყველაფერი გაეკონტროლებინა“.

ერთად მცხოვრებ ორ სხვადასხვა ადამიანს თავისებური წარმოდგენა აქვთ ჰიგიენაზე. მარკი ყვება: „ჩემი თანამობინადრე ბოლო წუთს დგება. ის მხოლოდ იმასღა ასწრებს, რომ ბაკანთან მიირბინოს და ცოტაოდენი წყალი თმებზე შეისხას, მერე კი თავქუდმოგლეჯილი გარბის“.

წარმოშობასა და პიროვნულ თვისებებს შორის არსებულმა განსხვავებამ შეიძლება დასვენებასა და გართობასთან დაკავშირებულ საკითხებშიც იჩინოს თავი. „ჩვენ სხვადასხვა სახის მუსიკა მოგვწონს“, — ამბობს მარკი თავისი თანამობინადრის შესახებ. მაგრამ, როდესაც ორ, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ, ადამიანს ურთიერთპატივისცემა გააჩნია, განსხვავებულობა შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს იმ მხრივ, რომ ორივეს ინტერესების სფერო გააფართოოს. მაგრამ ხშირად ეს სხვაობები უთანხმოებების მიზეზიც ხდება. „მე ესპანური მუსიკა მომწონს, — ამბობს ფერნანდო, — მაგრამ ჩემი თანამობინადრე მას ვერ იტანს“.

ტელეფონი — პრობლემების წყარო

ტელეფონი შეიძლება უთანხმოებების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცეს. მარკი ამბობს: „მიყვარს თავის დროზე დაძინება. მაგრამ ჩემი თანამობინადრე გვიანობამდე გააბამს ხოლმე ტელეფონზე ლაპარაკს. მე კი თანდათანობით ვღიზიანდები“. ლინი კი იხსენებს: „ჩემს თანამობინადრეს მეგობრები ზოგჯერ დილის სამ ან ოთხ საათზე ურეკავდნენ ხოლმე. თუკი ის სახლში არ იყო, მე მიწევდა ადგომა და პასუხის გაცემა“. რა გამოსავალი გამონახეს მათ? „ორივემ საკუთარი ტელეფონი შევიძინეთ“.

მაგრამ ყველას როდი აქვს საკუთარი ტელეფონის შეძენის საშუალება, ამიტომაც ისინი ერთი აპარატით სარგებლობენ. ეს კი ზოგჯერ დიდ დაძაბულობას იწვევს. რენა იხსენებს: „ჩემი ერთ-ერთი თანაოთახელი გოგონა ერთ ბიჭს ხვდებოდა და ხშირად ტელეფონზე საათობით იყო ხოლმე ჩამოკიდებული. ერთხელაც მას 90 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადი მოუვიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ორივე გავიყოფდით ამ გადასახადს, რადგან თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით, რომ ყველაფერში თანაბარ ხარჯებს გავწევდით“.

კიდევ ერთ პრობლემას შეიძლება ტელეფონით სარგებლობაზე ნებართვის მიცემა წარმოადგენდეს. „ჩემი ოთახის მეზობელი ასაკით ჩემზე უფროსი იყო, — იხსენებს ლი. — ორივეს ერთი ტელეფონი გვქონდა. ბევრი მეგობარი მყავდა და ამიტომ ტელეფონითაც ბევრს ვლაპარაკობდი, ჩემს თანამობინადრეს კი არასოდეს არაფერი უთქვამს. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ თუ ტელეფონით სარგებლობა უნდა, შეუძლია მითხრას-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რომ უყურადღებოდ ვექცეოდი“.

როდესაც განმარტოების საშუალება არა გაქვს

„დროდადრო ყველას გვჭირდება განმარტოება, — ამბობს დავითი. — ზოგჯერ უბრალოდ მინდა, რომ ყველაფრისგან დავისვენო“. მაგრამ ასეთი წუთების გამოძებნა შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს, თუკი სხვასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობ. „მინდა მქონდეს დრო, როდესაც საკუთარ თავთან დარჩენას შევძლებდი, — ამბობს მარკი, — მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს მიქმნის ის, რომ განმარტოების შესაძლებლობა არა მაქვს. ჩემს თანამობინადრესა და მე, ორივეს, ერთი გრაფიკი გვაქვს. ამიტომაც მიჭირს სასურველი დროის გამოძებნა“.

ზოგჯერ იესო ქრისტესაც კი სჭირდებოდა დრო განმარტოებისთვის (მათე 14:13). ამიტომაც, თანამობინადრეს სახლში ყოფნა თუ კითხვის, შესწავლის ან ფიქრის საშუალებას არ გაძლევს, შეიძლება ცუდ გუნებაზე დადგე. მარკი ამბობს: „ძნელია, თავში რამე შეგივიდეს, როდესაც წამდაუწუმ რაღაც ხდება: ჩემს თანამობინადრეს ან მეგობრები ჰყავს დაპატიჟებული, ან ტელეფონზე ლაპარაკობს, ან ტელევიზორს უყურებს, ან კიდევ რადიოს უსმენს“.

მიუხედავად იმისა, რომ სხვასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არც ისე იოლია, ათასობით ახალგაზრდამ შესანიშნავად გაართვა თავი ამ სიტუაციას. ამ სერიის მომდევნო სტატიებში საუბარი იქნება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 6 თუმცა ეს რჩევა ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, ის, შესაძლოა, დამხმარე აღმოჩნდეს უფროსი ასაკის ხალხისთვისაც, ვინც შეცვლილი ვითარებების (მაგალითად დაქვრივების) გამო სხვა ადამიანთან ერთად ერთ ბინაში იწყებს ცხოვრებას.

[სურათი 15 გვერდზე]

რთულია, როდესაც სხვადასხვა სახის მუსიკა მოგწონთ.

[სურათი 17 გვერდზე]

უყურადღებობამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.