არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ღიმილი უკიდურესად აუცილებელია

„მეგობრების შესაძენად და ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ღიმილი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. „სამეფო ფოსტისთვის“ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ადამიანების უმეტესობა უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის ღიმილს ამჩნევენ. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ არასდროს დაიჭერდნენ მოღუშულ ადამიანთან საქმეს. დირექტორი ქალები განსაკუთრებით მომღიმარ მუშებს აწინაურებენ. ბრაიენ ბეიტსი, „ჰიუმენ ფეისის“ თანაავტორი ამბობს: „ეს გამოკითხვა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ღიმილი. ხშირად ვამჯობინებთ, ვენდოთ და გავუზიაროთ ჩვენი იმედი და ფული მომღიმარ ადამიანებს“. ღიმილს ერთი კარგი თვისებაც აქვს, ის ორგანიზმში ტკივილგამაყუჩებელი ენდროფინების გამოყოფას აძლიერებს. შემდეგ კი ის დასძენს, რომ ისინი, ვინც იცინიან, „უფრო წარმატებულნი არიან პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში“.

კრაზანები ბუდეებს მაგნიტებით იშენებენ

„კრაზანები ხელმარჯვე მშენებლები არიან, რომლებიც იყენებენ მწერების თარაზოს, რომ თავიანთი ბუდეები ერთ მწკრივში ზუსტად განალაგონ“, — აღნიშნავს ლონდონში გამომავალი გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“. ისრაელში თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც კრაზანებს შეისწავლიდა, აღმოაჩინა, რომ მწერები თითოეული ექვსკუთხა ცვილის უჯრედის სახურავს აწებებენ პაწაწინა მაგნიტის კრისტალს, რომელიც 0,1 მილიმეტრია, და ტიტანს, რკინასა და ჟანგბადს შეიცავს. „კრაზანების ბუდეები, ჩვეულებრივ, ჰორიზონტალურად განლაგებული ცვილის უჯრედებითაა აგებული, რომლებიც ვერტიკალური მისაბჯენებით არის გამაგრებული“, — ნათქვამია ზემოხსენებულ ცნობაში. ის, თუ ზუსტად როგორ იწყებს მაგნიტი მუშაობას, ჯერაც უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, „კრისტალთა ქსელი მწერებს სიბნელეში გზის პოვნაში ეხმარება და უჩვენებს, რომ კრაზანების ბუდეები სახიფათოდ არ არის დახრილი. ახლა მეცნიერები იკვლევენ, რომ გაიგონ, სხვა კრაზანები ან ფუტკრები თუ იყენებენ ანალოგიურ მეთოდებს“.

ახალგაზრდა ქალები და ოსტეოპოროზი

სულ უფრო იზრდება იმ ახალგაზრდა ქალების რიცხვი, რომლებიც მკაცრი დიეტის დაცვით, მომავლისთვის ოსტეოპოროზით დაავადების საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს, იუწყება ერთ-ერთი იაპონური გაზეთი Asahi Shimbun. ოსტეოპოროზი, დაავადება, რომელიც ბევრ ხანდაზმულ მანდილოსანს აწუხებს, ძვლებს სიმტკიცეს უკარგავს, რის გამოც ეს უკანასკნელი ძალიან ადვილად ტყდება. ქალში ძვლების ჩამოყალიბება ქალის ჰორმონებთან მტკიცედ არის დაკავშირებული. მენსტრუაციის დაწყებიდან ქალის ძვლები სწრაფად მაგრდება 20 წლის ასაკამდე; 40 წლის ასაკისთვის კი უკუპროცესი იწყება. „რაც უფრო მაგარია ძვალი, მაშინაც კი, თუ ის დასუსტებას იწყებს, მით უფრო გვიან გახდება მყიფე,“ — გვიხსნის იაპონიის ქალთა უნივერსიტეტის პროფესორი იკუკო ეზავა. შემდეგ კი დასძენს: „დიდად მნიშვნელოვანია, რომ 20 წლამდე ძვლების რაც შეიძლება მაქსიმალურად გამაგრების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ“. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქალები უყურადღებოდ ტოვებენ ოსტეოპოროზით დაავადების საშიშროებას. „ისინი, ჩვეულებრივ, საკმარისად არ იკვებებიან, — ამბობს ეზავა. — განსაკუთრებით კი კალციუმისა და ვარჯიშის ნაკლებობა პირდაპირ ძვლებზე მოქმედებს“.

მარტო ცხოვრება

საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა აღწერამ ცხადყო, რომ ყოველი 8 ადამიანიდან 1 მარტო ცხოვრობს. საფრანგეთში გამომავალი გაზეთი „მონდი“ იუწყება, რომ ეს თანაფარდობა ორჯერ აღემატება 30 წლის წინანდელ მონაცემებს. ესენი არიან როგორც ის ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ არ დაქორწინებულან, ისე უფროსებიც. ქალები უფრო მეტნი ცხოვრობენ მარტოდ-მარტო, ვიდრე მამაკაცები. ზემოთმოხსენიებულ გაზეთში ნათქვამია, რომ „რაც უფრო მაღალია ქალის სოციალური სტატუსი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მარტო იცხოვროს“. ამ აღწერამ აგრეთვე ცხადყო, რომ 1990 წლიდან მარტოხელა მშობლიანი ოჯახების რიცხვი 22 პროცენტით და უშვილო ოჯახების რიცხვი კი 16 პროცენტით გაიზარდა. „საერთო ჯამში კი, —ასკვნის გაზეთი, — ახლა უშვილო და მარტოხელა ოჯახები უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი ოჯახები“.

მთვლემარე მძღოლები

ექსპერტები და უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობის სპეციალისტები ავტომობილისტებს ურჩევენ, რომ საჭეს არ მიუჯდნენ, როდესაც ძალიან დაღლილები არიან, — იუწყება ერთ-ერთი ჟურნალი (Fleet Maintenance & Safety Report). თუმცა სპეციალისტები ურჩევენ ადამიანს, რომ ღამეში სულ მცირე 8 საათი იძინოს, გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ბევრი ამ რჩევას უგულებელყოფს. გამოკითხვამ ისიც ცხადყო, რომ 19—29 წლის ასაკის მძღოლები უფრო ხშირად ატარებენ ავტომობილს მთვლემარე მდგომარეობაში და უფრო უმატებენ სიჩქარეს, როდესაც გრძნობენ, რომ ძილი ერევათ, ვიდრე სხვები. „ალკოჰოლური სასმელებიც ზრდის საჭესთან ჩაძინების საშიშროებას“, — ნათქვამია იმავე ცნობაში. „ამერიკის საავტომობილო ასოციაციასთან არსებული უსაფრთხო მოძრაობის ფონდის“ პრეზიდენტი დეივიდ ვილესი აღნიშნავს, რომ რადიოს ჩართვა და ფანჯრების ჩაწევა კი არა, ცოტაოდენი წაძინება გამოგაფხიზლებთ. ბატონი ვილესი აღნიშნავს, რომ: „თვლემის ერთადერთი წამალი ძილია“.