არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭიანჭველად „გადაცმული“ ობობა

ჭიანჭველად „გადაცმული“ ობობა

ჭიანჭველად „გადაცმული“ ობობა

არსებობს ერთი პატარა ობობა Myrmarachne formicaria, რომელიც ჭიანჭველების ბუდეში ძვრება და თავის მტრებს შორის ნიღაბამოფარებული ბინადრობს. რომ არ შეამჩნიონ, ის თავის გარეგნობასა და ქცევას ცვლის და მსახიობობს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჭიანჭველები, თუკი ისინი ვინმემ შეაწუხა, ძალიან ბრაზდებიან და „ანჩხლდებიან“. იმის გამო, რომ ობობას ჭიანჭველებისგან განსხვავებული სხეული აქვს, მათგან დამალვა არცთუ ისე იოლია.

ჭიანჭველას ექვსი კიდური და ორი ულვაში აქვს, მაშინ როცა ობობას ულვაშები საერთოდ არ გააჩნია და რვა კიდური აქვს. მაშ, როგორ ახერხებს ობობა ჭიანჭველად თავის გასაღებას? ის ეშმაკობას მიმართავს — ჭიანჭველების ბუდის ახლო-მახლო დარბის ექვს კიდურზე და წინა ორ კიდურს ულვაშებივით აცეცებს.

გარდა ამისა, ობობა ისე მოხერხებულად ამოძრავებს ამ ორ „ულვაშს“, რომ მართლა ჭიანჭველა გეგონებათ. შენიღბვის ეს უბადლო ოსტატი ჭიანჭველების „სიარულის“ ჯაყჯაყა და მიხვეულ-მოხვეულ მანერასაც კი ჰბაძავს!

ობობა ყველანაირად ცდილობს, ნამდვილ ჭიანჭველას დაემსგავსოს, რადგან მისავე უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ის იქაურ მობინადრედ ჩათვალონ. ჭიანჭველების ბუდეში ის თავისი უშუალო მტრებისგანაა დაცული, მაგალითად, გზის კრაზანისგან. მგალობელი ფრინველებიც, რომლებისთვისაც ობობა ერთობ გემრიელი ლუკმაა, ხახამშრალი რჩებიან. ის ობობებიც კი, რომლებიც სხვა ობობებზე ნადირობენ, „მსახიობის“ „ულვაშებით“ ტყუვდებიან.

მაგრამ თუკი ფრინველი, ხვლიკი ან სხვა რომელიმე არსება ჭიანჭველების დასახლებას თავს ესხმის, ობობა სასწრაფოდ იძრობს ნიღაბს და იპარება. ობობებს ჭიანჭველებზე გაცილებით უკეთესი მხედველობა აქვთ, თანაც მათგან განსხვავებით ხტუნვაც შეუძლიათ — ყოველივე ეს კი გაქცევის დროს დიდად შველით.

დღის განმავლობაში ობობა ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ ჭიანჭველების ბუდეში ეჭვის თვალით არავინ შეხედოს. მაგრამ, ჩამოღამდება თუ არა, ნადირობის ხასიათზე დგება და ჭიანჭველებს თავიანთ ჭერქვეშვე იჭერს! თუკი მის ხრიკებს ფარდას ახდიან, მაშინვე თავის რვავე კიდურს მოიშველიებს და იქიდან სასწრაფოდ „მოკურცხლავს“.

ჭიანჭველების ბუდეში მამრს შეიძლება მდედრი ობობაც შემოუერთდეს. მდედრი ავლენს არა მხოლოდ ერთგულებას თავისი „მეუღლის“ მიმართ, არამედ დიდ საზრიანობასაც. ჭიანჭველების ბუდის შიგნით ის დამცავ ქსელს აბამს, რომელშიც როგორც მისი „მეორე ნახევარია“ შეფარებული, ასევე მათი შთამომავლობაც.

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ამ ობობას შესახებ. იგივეს თქმა შეიძლება დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებათა უამრავ სხვა სახეობაზეც. და რა სასიამოვნო იქნება მომავალში უფრო მეტის გაგება ღვთის ამოუცნობი ქმნილებების შესახებ!

[სურათი 31 გვერდზე]

ობობა ორ ჭიანჭველას შორის.

[საავტორო უფლება]

Bill Beatty