არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხომ არ სცდიდით წერას „ხანგილზე“?

ხომ არ სცდიდით წერას „ხანგილზე“?

ხომ არ სცდიდით წერას „ხანგილზე“?

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კორეის რესპუბლიკაში

მსოფლიოში არსებულ ყველა დამწერლობას თავისი ისტორია აქვს და, ხშირად, ეს ისტორია სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. მაგრამ არსებობს ანბანი, რომელიც სულ რაღაც ხუთასი წლის წინათ შეიქმნა, და შეიქმნა იმ მიზნით, რომ ადამიანს სულ რამდენიმე საათში შეძლებოდა მისი შესწავლა! ეს არის კორეული ანბანი — ხანგილი. რაც შეეხება ამ ანბანის განვითარებასა და გამოყენებას, მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

ხანგილის შექმნამდე კორეულ ენას საკუთარი დამწერლობა არ ჰქონია. ათასზე მეტი წლის განმავლობაში განათლებული კორეელები წერისას ჩინურ იეროგლიფებს იყენებდნენ. მაგრამ წლების მანძილზე კორეელები მაინც ცდილობდნენ, შეემუშავებინათ დამწერლობის საკუთარი, უკეთესი სისტემა. მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც, ყოველი მათგანი ჩინურ იეროგლიფებზე დაყრდნობით იყო შექმნილი, მათი გამოყენება მხოლოდ განათლებულებს შეეძლოთ.

მეფის ბრძანებით შექმნილი ანბანი

ახ. წ. XV საუკუნეში მცხოვრებ მეფე სეჯონს, რომელიც კორეელი მეფეების, ლის, დინასტიის წარმომადგენელი იყო, გული შესტკიოდა წერა-კითხვის უცოდინარ ხალხზე. უმრავლესობას მხოლოდ სიტყვიერად შეეძლო ძალაუფლებით აღჭურვილი პირებისთვის რაიმე საჩივრით მიმართვა. ეს პრობლემა ძალიან აწუხებდა მეფეს, რომელიც, როგორც ცნობილია, უბრალო ხალხის სატკივარს ყოველთვის დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდა.

ამ მიზეზით მეფე სეჯონი სათავეში ჩაუდგა ანბანის შექმნას, რომელიც სალაპარაკო კორეულისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდებოდა და სასწავლებლად და გამოსაყენებლადაც იოლი იქნებოდა. ამ პროექტის დასრულება 1446 წელს მოხდა. ხალხისადმი ოფიციალური მიმართვის წინასიტყვაობაში მეფე სეჯონმა განაცხადა: „ჩინური იეროგლიფები უცხოური წარმოშობისაა და ამიტომაც მათ არ ძალუძთ კორეულად აზრების ზუსტი მნიშვნელობების გადმოცემა. ამის გამო უმრავლესობას უბრალო ხალხიდან თავიანთი აზრებისა და გრძნობების გამოხატვის საშუალება არა აქვს. ამ სირთულეების გამო მათ დიდად თანავუგრძნობ და ამიტომაც შევქმენი 28 ასოსგან შემდგარი ანბანი. ეს ასოები ძალიან ადვილია სასწავლებლად და ვიმედოვნებ, რომ მათი დახმარებით ყველას ცხოვრება გაუმჯობესდება“.

სამწუხაროდ, ბევრმა სწავლულმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ხანგილი სწორედ იმის გამო, რომ ის სასწავლებლად იოლი იყო! მათ ამ ანბანს დაცინვით უწოდეს „ამგილი“, რაც „ქალების დამწერლობას“ ნიშნავს. ისინი ზიზღის თვალით უყურებდნენ სისტემას, რომლის ათვისება იმ ქალებსაც კი შეეძლოთ, რომელთაც მანამდე კითხვა საერთოდ არ უსწავლიათ. ხანგილისადმი შექმნილი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება გარკვეული ხნის მანძილზე ბატონობდა კორეელ დიდგვაროვანთა შორის. ფაქტობრივად, 400 წელზე მეტმა ხანმა განვლო, სანამ კორეის მთავრობამ არ ცნო ხანგილი და განაცხადა, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში მისი გამოყენება შეიძლებოდა.

ხანგილი და ბიბლია

ხანგილის ისტორიაში ბიბლიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა ჩინური იეროგლიფებით დაწერილი კორეული რელიგიური ნაშრომები კორეაში უხვად მოიპოვებოდა, მისიონერებს არ შეუტანიათ იქ ჩინური ბიბლიები მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ 1887 წელს კორეულ ენაზე ითარგმნა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები („ახალი აღთქმა“) და დაიბეჭდა ხანგილზე მუკდენში (ჩინეთი) *.

საბოლოო ჯამში, იწყო არსებობა კორეულ ანბანზე დაწერილმა ბიბლიამ, რომლის წაკითხვაც თითქმის ყველას შეეძლო — იმ ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ ჩინური იეროგლიფების სწავლის საშუალება. დღესდღეობით თანამედროვე ხანგილზე არსებობს ბიბლიის თარგმანის, სულ მცირე, რვა ვერსია — მათ შორისაა „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

სასწავლებლად ადვილი

ერთ-ერთმა სწავლულმა, რომელიც კორეული ანბანის შექმნაში მონაწილეობდა, ხანგილის შესახებ თქვა: „ბრძენს მისი სწავლა ერთ დილას შეუძლია, ხოლო უმეცარს — ათ დღეში“. სინამდვილეში, ხანგილის პირველმა კრიტიკოსებმაც ამ ანბანს დამამცირებლად უწოდეს „აჩიმგილი“ — „დილის დამწერლობა“. ისინი თვლიდნენ, რომ ხანგილი მათთვის მეტისმეტად მარტივი იყო, რადგან მის სწავლას ერთი დღეც არ დასჭირდებოდა!

ნებისმიერ შემთხვევაში, ხანგილის ათვისების სიადვილემ პრაქტიკულად აღმოფხვრა წერა-კითხვის უცოდინარობა კორეაში. მართლაც, იმ დროისთვის, როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, უმეტესობას ეს ანბანი ათვისებული აქვს. ამასთანავე, კორეულ სკოლებში არ ტარდება საკონტროლოები მართლწერაში. რატომ? იმიტომ, რომ ხანგილი იმდენად ზუსტად გადმოსცემს კორეულ ბგერებს, რომ მათი სწორად დაწერა სირთულეს არ წარმოადგენს.

ხანგილის გამოყენება არაკორეული სიტყვების დასაწერადაც კი შეიძლება. ხომ არ სცდიდით? მართალია, თანმხლები ცხრილები ყველა წვრილმანს არ გადმოსცემს, მაგრამ მათი დახმარებით თქვენი სახელის დაწერას მაინც მოახერხებთ ხანგილზე. ასე რომ, თავად დაინახავთ, თუ რამდენად უნივერსალურია ანბანი, რომლის სწავლაც რამდენიმე საათში შეიძლება!

[სქოლიო]

^ აბზ. 10 პირველი სრული ბიბლია კორეულ ენაზე გამოიცა 1911 წელს.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

ხანგილის თანხმოვნები და ხმოვნები

თანხმოვნები:

ㄱ (ქ)

ㄴ (ნ)

ㄷ (თ)

ㄹ (რ, რბილი ლ)

ㅁ (მ)

ㅂ (ფ)

ㅅ (ს)

ㅇ *

ㅈ (ჭ)

ㅊ (ჩჰ)

ㅋ (ქჰ)

ㅌ (თჰ)

ㅍ (ფჰ)

ㅎ (ჰ)

ხმოვნები:

ㅏ (ა)

ㅑ (ია, როგორც რუსული я)

ㅓ (მოკლე ო)

ㅕ (მოკლე იო, როგორც რუსული ё)

ㅗ (ო)

ㅛ (იო)

ㅜ (უ)

ㅠ (იუ, როგორც რუსული ю)

ㅡ (ი, როგორც რუსული ы)

ㅣ (ი)

ორმაგი ხმოვნების ერთ-ერთი ნიმუშია

ㅓ (ა) + ㅣ (ი) = ㅔ (ე)

*თანხმოვანი „ㅇ“ საერთოდ არ გამოითქმის გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის სიტყვის ბოლოშია მოქცეული — მაშინ ის იკითხება როგორც „ნგ“.

მოკლე ხმოვნების „ო“-ს, „იო“-ს და „უ“-ს წარმოთქმა მომრგვალებული ბაგეებით ხდება; ხოლო ჩვეულებრივი „ო“, „იო“ და „უ“ თითქმის მოკუმული ბაგით გამოითქმის. არის კიდევ თანხმოვნები „ჩ“, „ქ“, „თ“ და „ფ“, რომლებიც ბგერა „ჰ“-სთან ერთად წარმოითქმება.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

კორეული სიტყვების წერა

კორეულ ენაზე ყველა მარცვალი ორი ან სამი ნაწილისგან შედგება: საწყისი ბგერა, შუალედური ბგერა (ხმოვანი ან ხმოვნები) და, ჩვეულებრივ, დამაბოლოებელი ბგერა. სიტყვები ერთი ან მეტი მარცვლისგან შედგება. ყოველი მარცვალი წარმოსახვით ჩარჩოში იწერება, როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები. საწყისი ბგერა (თანხმოვანი ან მუნჯი „ㅇ“) იწერება სულ თავში ან ზემოთ მარცხნივ. თუკი შუალედური ხმოვანი ვერტიკალური ფორმისაა, ის საწყისი ბგერის მარჯვნივ იწერება, მაშინ როცა ჰორიზონტალური ფორმის ხმოვნები — მის დაბლა. მახვილის გასაკეთებლად ასოები შეიძლება გაორმაგდეს, ხოლო უკვე გაორმაგებული ხმოვნები შეიძლება შეიკუმშოს და გვერდიგვერდ ჩაისვას. თუკი მარცვლის ბოლოში თანხმოვანია, ის ყოველთვის ქვემოთ იწერება. ამგვარად, ათასობით მარცვალი შეიძლება გამოიხატოს ხანგილის მეშვეობით.

მაგალითები:

ㅅ (ს) + ㅗ (ო) = 소 (სო) ძროხა

ㅅ (ს) + ㅏ (ა) + ㅇ (ნგ) = 상 (სანგ) ჯილდო

ㄱ (ქ) + ㅗ (ო) + ㅁ (მ) = 곰 (ქომ) დათვი

ㅁ (მ) + ㅗ (ო) + ㄱ (ქ) = 목 (მოქ) კისერი

ㅅ (ს) + ㅏ (ა),

ㄹ (რ) + ㅏ (ა) + ㅇ (ნგ) = 사랑 (სა-რანგ) სიყვარული

[ჩარჩო⁄დიაგრამა 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კორეული ანბანი

მეფე სეჯონის დღეებში ხანგილის ანბანი 28 ასოსგან შედგებოდა, რომელთაგანაც 24 ამჟამადაც გამოიყენება. ამ ასოებიდან 14 თანხმოვანია, ხოლო 10 ხმოვანი. ხუთი ძირითადი თანხმოვანი მიმსგავსებულია პირისა და ხორხის იმ ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი გამოითქმის: ㄱ („ქ“), მორკალული ენა სასის ზურგს ეხება; ㄴ („ნ“), მოკუნტული ენის წვერი სასის წინა ნაწილს ეხება; ㅁ („მ“), წინიდან დანახული პირი; ㅅ („ს“), კბილები; ㅇ („ნგ“), ღია ხორხი. როდესაც ამ ძირითად თანხმოვნებს ხაზებს უმატებენ, წარმოისახება მათი მონათესავე სხვა თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმაც პირის დაახლოებით იგივე პოზიციიდან ხდება.

ზოგი ხმოვანი სხვადასხვა რამეს ასიმბოლოებს, მაგალითად, მრგვალი ცის სიმბოლო წერტილია (•)*, ბრტყელ მიწას ჰორიზონტალური ხაზი (ㅡ) გამოხატავს, ხოლო ფეხზე მდგომი კაცის სიმბოლო ვერტიკალური ხაზია (ㅣ). ასეთნაირად იყო წარმოდგენილი ხმოვნები, რომლებიც ენის წვერის, მისი შუა ნაწილისა და ზურგის მეშვეობით წარმოითქმებოდა.

*თანამედროვე ხანგილში ეს ასო აღარ გამოიყენება.

[დიაგრამა]

[სურათი 13 გვერდზე]

მეფე სეჯონი.