მეცნიერება და რელიგია — ორი მეტოქე
მეცნიერება და რელიგია — ორი მეტოქე
„რელიგია გონების დამღუპველი გადამდები დაავადებაა — ამაზე კარგ განმარტებას მას, ალბათ, ვერავინ მოუძებნის“ (ბიოლოგი რიჩარდ დოკინსი).
რელიგიასა და მეცნიერებას ზოგჯერ დაუძინებელ მტრებად მიიჩნევენ. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთზე გადაკიდებული; სანამ ერთ-ერთი მათგანი სრულად არ განადგურდება, მეორე ვერ იქნება გამარჯვებული.
პირველ ჯგუფში თავმოყრილია ზოგი მეცნიერი, რომელთა შორისაა, მაგალითად, ქიმიკოსი პიტერ ატკინსი, რომლის აზრითაც შეუძლებელია, რელიგიამ და მეცნიერებამ საერთო ენა გამონახონ. ატკინსის თქმით, რწმენა იმისა, „რომ ღმერთია შემოქმედი (თუნდაც რაიმე ერთისა, სხვა დანარჩენზე რომ უკვე აღარაფერი ვთქვათ), ინტელექტუალური თვალსაზრისით სრულიად მიუღებელია“.
მეორე ჯგუფში მყოფი მორწმუნე ადამიანები კი მეცნიერებას რელიგიური მრწამსისთვის საძირკვლის გამოცლაში ადანაშაულებენ. ამ ადამიანების აზრით თანამედროვე მეცნიერება თაღლითობის მეტი არაფერია; მის მიერ მოყვანილი ფაქტები სწორია, მაგრამ ამ ფაქტების არასწორი ახსნა ძირს უთხრის მორწმუნეთა მრწამსს. მაგალითად, ბიოლოგი უილიამ პროვაინი ამბობს, რომ დარვინის მოძღვრება „ვერ ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელზეც ზნეობრივი პრინციპები იქნებოდა დაფუძნებული; ის ვერ ხსნის, რა არის სიცოცხლის აზრი“.
მაგრამ, ამ ორ მეტოქეს შორის მტრობის ჩამოვარდნის მიზეზი ზოგჯერ ორივე მხრიდან მომდინარე მცდარი და დაუსაბუთებელი მტკიცებები იყო. რელიგიური წინამძღოლები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ მითებს და ხალხს მცდარ დოგმებს უნერგავდნენ, რომლებიც ვერც თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს ეთვისება და არც ღვთივშთაგონებულ საღვთო წერილზეა დაფუძნებული. მაგალითად, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მსჯავრი დასდო გალილეო გალილეის. მერე და რისთვის? იმისთვის, რომ, როგორც მან სწორად დაასკვნა, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავდა. გალილეოს შეხედულება სულაც არ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას, მაგრამ ეკლესიის იმდროინდელი მოძღვრების საპირისპირო კი იყო. მეორე მხრივ კი, მეცნიერებიც ცდებიან, როდესაც, როგორც ფაქტს, ისე ასწავლიან დაუსაბუთებელ თეორიას, რომ სიცოცხლე ღვთისგან დამოუკიდებლად, უსიცოცხლო მატერიისგან, წარმოიშვა. მათ სიცილადაც არ ყოფნით რელიგიური მრწამსი და ამბობენ, რომ ის არამეცნიერულია.
მაშ, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა, რომ მეცნიერებამ და რელიგიამ საერთო ენა გამონახონ? დიახ, ეს შესაძლებელია. სინამდვილეში, მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები და ჭეშმარიტი რელიგია კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ კიდეც ერთმანეთს.
[სურათი 2, 3 გვერდებზე]
გალილეო ზუსტ მეცნიერულ ფაქტს ასწავლიდა, რის გამოც იგი ეკლესიამ გაკიცხა.