არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება

მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება

მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება

„მეცნიერება და რელიგია მეტად აღარ მიიჩნევა ორ შეუთავსებელ სფეროდ“ („დეილი ტელეგრაფი“, ლონდონი, 26 მაისი, 1999).

მეცნიერებაცა და რელიგიაც კეთილსინდისიერად ცდილობენ ჭეშმარიტების მიკვლევას. მეცნიერულმა აღმოჩენებმა შეგვახედა გასაოცარი წესრიგის სამყაროში, რომელსაც აშკარად უმაღლესი ინტელექტის ხელი ატყვია. ჭეშმარიტი რელიგია წონას მატებს ამ აღმოჩენებს, როცა ასწავლის, რომ ხილული სამყარო, რომელშიც ყველაფერი გონივრულად არის გათვლილი, შემოქმედის შექმნილია.

„ვატყობ, რომ რელიგია ძალიან ამდიდრებს ჩემს მეცნიერულ თვალსაწიერს“, — ამბობს ფრანსის კოლინზი, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი. იგი დასძენს: „როდესაც ადამიანის გენომთან დაკავშირებით რაიმე ახალ აღმოჩენას ვაკეთებ, სიცოცხლის საიდუმლოებაზე ფარდის ახდა მოწიწების გრძნობას იწვევს ჩემში და ვფიქრობ: რა სასწაულია! დღემდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა ამის შესახებ! ეს უჩვეულოდ ლამაზი და ამაღელვებელი განცდაა, რაც მეხმარება, უფრო კარგად ჩავწვდე ღვთის პიროვნებას და მეტი პატივისცემით მოვეკიდო მას. ასეთნაირად, მეცნიერულ მოღვაწეობასაც მეტი კმაყოფილება მოაქვს ჩემთვის“.

რა დაგვეხმარება იმაში, რომ მეცნიერებასა და რელიგიას, ასე ვთქვათ, საერთო ენა გამოვანახვინოთ?

მუდმივ ძიებაში

ვაღიაროთ, რომ ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდულია. სამყაროს, სივრცისა და დროის უსასრულობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების ძიებას ბოლო არ უჩანს. ბიოლოგმა ლუის ტომასმა თქვა: „ძიების ეს პროცესი არასოდეს დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანები, საშინლად ცნობისმოყვარენი ვართ; ვიკვლევთ, ვეძიებთ და ვცდილობთ ყველაფერს ჩავწვდეთ. სამყაროს ვერასდროს გავუგებთ თავსა და ბოლოს. არა მგონია, ისეთი დრო დადგეს, როცა ყველა შვებით ამოისუნთქებს და იტყვის, ახლა უკვე ყველაფერი ვიცითო. ეს ჩვენს ძალებს აღემატება“.

როდესაც საქმე რელიგიურ მრწამსს ეხება, შემეცნების მიღების პროცესი ამ შემთხვევაშიც ამოუწურავია. აი, რა თქვა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, პავლემ: „ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში. . . ახლა ნაწილობრივ ვიცი“ (1 კორინთელთა 13:12, სსგ).

თუმცა ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს როგორც სამეცნიერო, ისე რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმაში სულაც არ გვიშლის ხელს, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით გონივრული დასკვნები გავაკეთოთ. ნუთუ მაინცდამაინც დაწვრილებით უნდა ვიცოდეთ, როგორ წარმოიშვა მზე, რათა ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ ხვალ იგი უსათუოდ ამოვა?

საჭიროა უტყუარი ფატქებით ხელმძღვანელობა. პასუხების ძიებისას მართებული პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. თუ ჩვენი დასკვნები მაქსიმალურად ზუსტ და დასაბუთებულ ფაქტებზე არ იქნება დაფუძნებული, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რელიგიური და მეცნიერული ჭეშმარიტების ძიებისას შეცდომაში შევიდეთ. რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, ნუთუ რომელიმე ჩვენგანი შეძლებდა მთელი იმ მეცნიერული გამოცდილებისა და თეორიების შეფასებას, რომლებსაც დღეს უზარმაზარი ბიბლიოთეკები იტევს? სხვა მხრივ კი, ბიბლია შეიცავს სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ სწავლებებს, რომელთა გამოკვლევა ძნელი არ არის. ბიბლიის სიზუსტეს მხარს უჭერს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი უტყუარი ფაქტები *.

მაგრამ ზოგადად ცოდნას რაც შეეხება, გულმოდგინე მცდელობაა საჭირო, რათა ფაქტები უბრალო ვარაუდებისგან და რეალობა სიცრუისგან განვასხვავოთ — ასეთი მიდგომა საჭიროა როგორც მეცნიერულ, ისე რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში. როგორც ბიბლიის დამწერმა პავლემ გვირჩია, უნდა უარვყოთ ყოველივე ის, «რასაც ცრუდ არქმევენ „ცოდნას“» (1 ტიმოთე 6:20, აქ). თუ გვინდა, რომ მეცნიერებასა და ბიბლიას საერთო ენა გამოვანახვინოთ, საჭიროა, უტყუარი ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ და ვარაუდებზე დასკვნების გაკეთებას მოვერიდოთ, ამასთანავე, უნდა დავუკვირდეთ, როგორ ავსებს და ამყარებს ერთი ფაქტი მეორეს.

მაგალითად, როდესაც ვიგებთ, რომ ბიბლიაში სიტყვა „დღე“ სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდის აღსაწერად გამოიყენება, ნათელი ეფინება ყველაფერს: წიგნ „დაბადებაში“ ექვსი შემოქმედებითი დღის შესახებ ჩაწერილი მონათხრობი სულაც არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწის ასაკი დაახლოებით ოთხნახევარი მილიარდი წელიწადია. ბიბლიის თანახმად, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე დედამიწა ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში არსებობდა (იხილეთ ჩარჩო „შემოქმედებითი დღეები — მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა თითოეული მათგანი?“). მეცნიერული შეხედულება რომც გადაისინჯოს და მეცნიერებმა დედამიწის სხვა ასაკი შემოგვთავაზონ, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ ჭეშმარიტებად დარჩება. მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, არამედ პირიქით, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც იგი ვრცელ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ფიზიკური სამყაროს როგორც აწმყოს, ისე წარსულის შესახებ.

რწმენა და არა გულუბრყვილობა. ბიბლია ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ გვაძლევს შემეცნებას, რასაც ვერცერთ სხვა წყაროში ვერ ვიპოვით. რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას? ბიბლია თავადვე გვთავაზობს, რომ შევამოწმოთ, ზუსტია თუ არა ის. მისი გამოკვლევა დაგვარწმუნებს, რომ ის ისტორიულად ზუსტია და პრაქტიკული, მისი დამწერები გულწრფელები იყვნენ და რომ ეს წიგნი საერთოდ წუნდაუდებელია. ბიბლიის სიზუსტის — აგრეთვე მასში ჩაწერილი სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციის და, რაც უფრო დამაჯერებელია, საუკუნეების განმავლობაში და თვით ჩვენს დროშიც შესრულებული ასობით ბიბლიური წინასწარმეტყველების — გამოკვლევით ადამიანს მტკიცე რწმენა უჩნდება ბიბლიისადმი, როგორც ღვთის სიტყვისადმი. ბიბლიისადმი რწმენა გულუბრყვილობა არ არის; ეს არის ნდობა მასში ჩაწერილი ინფორმაციისადმი, რომლის სიზუსტეც საგულდაგულოდაა შემოწმებული.

პატივისცემით მოეკიდეთ მეცნიერებას, ამავდროულად, აღიარეთ რელიგიური მრწამსიც. იეჰოვას მოწმეები სთავაზობენ როგორც მეცნიერებით ისე რელიგიით დაინტერესებულ გულწრფელ ადამიანებს, რომ მათთან ერთად ორივე მიმართულებით გულწრფელად ეძიონ ჭეშმარიტება. თავიანთ კრებებში იეჰოვას მოწმეები ხალხს მეცნიერებისა და დასაბუთებული მეცნიერული აღმოჩენებისადმი სათანადო პატივისცემას ასწავლიან და, ამასთანავე, ღრმა რწმენას უნერგავენ ბიბლიისადმი — ერთადერთი წიგნისადმი, რომელშიც რელიგიური ჭეშმარიტების პოვნაა შესაძლებელი და რომელიც დაუფარავად აცხადებს, რომ ღვთის სიტყვას წარმოადგენს და ამის დამადასტურებელ უამრავ ფაქტსაც შეიცავს. პავლე მოციქულმა თქვა: „როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია“ (1 თესალონიკელთა 2:13).

ისევე როგორც მეცნიერებაში, საზიანო ცრუ სწავლებებმა და ჩვეულებებმა რელიგიაშიც შეაღწიეს. ამრიგად, ჭეშმარიტ რელიგიასთან ერთად დღეს ცრუ რელიგიაც არსებობს. ამიტომ მრავალმა ადამიანმა მიატოვა დღეს არსებული ორგანიზებული, სახელმწიფო რელიგიები და იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული კრების წევრი გახდა. ამ ადამიანებმა ნდობა დაკარგეს თავიანთი ადრინდელი რელიგიებისადმი იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი ვერ ელეოდნენ ადამიანთა ტრადიციებსა და მითებს და არ აღიარებდნენ აღმოჩენილ ფაქტებსა თუ გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას.

გარდა ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრების ნამდვილ აზრს პოულობენ, როდესაც ბიბლიის ფურცლების მეშვეობით საფუძვლიან შემეცნებას იღებენ შემოქმედზე და არა მარტო მასზე, კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებულ მის განზრახვებზეც. იეჰოვას მოწმეებმა დამაკმაყოფილებელი და გონივრული პასუხები მიიღეს ბიბლიიდან შემდეგ კითხვებზე: რატომ ვარსებობთ? რა გველის მომავალში? ისინი თქვენც დიდი სიხარულით გაგიზიარებენ ამ ცოდნას.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) და ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო 10 გვერდზე]

შემოქმედებითი დღეები — მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა თითოეული მათგანი?

ზოგი ფუნდამენტალისტი უარყოფს ევოლუციის თეორიას და სჯერა, რომ ადამიანის გაჩენამდე შემოქმედებით საქმიანობას ღმერთი ეწეოდა. მათი მტკიცებით ყველა ფიზიკური ქმნილება ზუსტად ექვს 24 საათიან დღეში შეიქმნა სადღაც 6 000—10 000 წლის წინათ. მაგრამ, რასაც ისინი ასწავლიან, არაბიბლიურია და ამან საღვთო წერილი მრავალი ადამიანის დასაცინი გახადა.

გამოიყენება თუ არა სიტყვა „დღე“ ბიბლიაში ყოველთვის 24 საათიანი პერიოდის გაგებით? დაბადების 2:4-ში „დღედ“ არის მოხსენიებული მთელი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ღმერთი დედამიწასა და ცას ქმნიდა (ბერეშით 2:4, თორა, 1995). ეს ერთი დღე წიგნ „დაბადების“ 1-ლ თავში მოხსენიებულ ექვსივე შემოქმედებით დღეს მოიცავს. ბიბლიური გაგებით დღე არის დროის რაღაც განსაზღვრული პერიოდი და შეიძლება ათას ან რამდენიმე ათას წელს მოიცავდეს. ამიტომ, დასაშვებია, რომ ბიბლიაში მოხსენიებულმა თითოეულმა შემოქმედებითმა დღემ რამდენიმე ათასი წელი გასტანა. თანაც, დედამიწა უკვე არსებობდა შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე (დაბადება 1:1). მაშასადამე, ბიბლიური მონათხრობი მთლიანად ეთანხმება ჭეშმარიტ მეცნიერებას (2 პეტრე 3:8).

იმ მოსაზრების თაობაზე, რომ შემოქმედებითი დღეები მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა ფრანსის კოლინზმა ასეთი აზრი გამოთქვა: „ჩვენს ეპოქაში კრეაციონიზმა [ფუნდამენტალისტურმა მოძღვრებამ შემოქმედების შესახებ] უფრო დიდი ზიანი მიაყენა საღად მოაზროვნე ადამიანების რწმენას, ვიდრე სხვა რამემ“.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

გახდა თუ არა მეცნიერება უფრო მაღალზნეობრივი?

როდესაც მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ რელიგია მეცნიერულ პროგრესს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ცნობილია მისი სახელით ჩადენილი არაერთი შემზარავი ფაქტი, აგრეთვე მისი თვალთმაქცობა და სისასტიკე, გასაგებია, თუ რატომ უარყო ზოგმა მეცნიერმა რელიგიური მრწამსი. პროფესორი მიკრობიოლოგიის დარგში, ჯონ პოსტგეითი შენიშნავს: „მსოფლიოში არსებულმა რელიგიებმა. . . თავზარი დასცეს კაცობრიობას; მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მოაწყვეს ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიციები და გამართეს ხოცვა-ჟლეტა. რელიგიის ამ ბნელმა მხარემ დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ უფრო საშიში ხასიათი მიიღო. მეცნიერებისგან განსხვავებით რელიგია არ იცავს ნეიტრალიტეტს“.

პოსტგეითი დარწმუნებულია, რომ რელიგიის ამ ბნელ მხარესთან შედარებით მეცნიერება უფრო რაციონალური, მიუკერძოებელი და წესრიგიანია. იგი ასკვნის, რომ „მეცნიერება უფრო მაღალზნეობრივი გახდა“.

მართლაც ასეა თუ არა ეს? უნდა ვუპასუხოთ, რომ არა. თავად პოსტგეითიც არ მალავს, რომ „ზოგჯერ მეცნიერთა შორისაც თავს იჩენს მეტოქეობა, სიხარბე, წინასწარ აკვიატებული აზრები და შური“. იგი დასძენს, რომ „რამდენიმე მეცნიერმა სამეცნიერო კვლევა-ძიების გულისთვის მკვლელობაზეც კი არ დაიხია უკან; ასეთი რამ ხდებოდა, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიასა და პატიმართა იაპონურ ბანაკებში“. ერთხელ, როდესაც ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ მცდარი ინფორმაცია გაიპარა, რედაქციამ ერთ-ერთ კორესპონდენტს ამ ამბის გამოძიება დაავალა. კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ამ უზუსტობის მიზეზი იყო „მცდარი გასაიდუმლოება და უმართებულო მიმნდობლობა, თავისნათქვამა ადამიანებს შორის გაჩაღებული შეხლა-შემოხლა, თავმომწონეობა, არარეალური ოცნებები, გულუბრყვილო ვარაუდები, ადამიანური შეცდომები, სიჯიუტე, მანიპულირება, ზურგს უკან ქირდვა, მოტყუება, [და] კორუფცია“.

და რა თქმა უნდა, სწორედ მეცნიერების „დამსახურებაა“ თანამედროვე მსოფლიოში ისეთი საშინელი საბრძოლო იარაღების არსებობა, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღი, მომწამლავი გაზი, რეაქტიული ჭურვები, მართული რაკეტები და ატომური ბომბები.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ჭიანჭველას ნისლეული (მენზელ 3), გადაღებულია ჰაბლის ორბიტული ტელესკოპით.

[საავტორო უფლება]

NASA, ESA and The Hubble Heritage Team (STScI/AURA)

[სურათები 9 გვერდზე]

მეცნიერული აღმოჩენები აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო გონიერი პიროვნების ჩანაფიქრია.

[სურათი 10 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები პატივისცემით ეკიდებიან ჭეშმარიტ მეცნიერებას და სწამთ ბიბლიის.